ჰიპერქოლესტერინემია – XXI საუკუნის პრობლემა

გააზიარე:

ქოლესტერინის სიჭარბე დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური პრობლემაა. მას XXI საუკუნის სენსაც უწოდებენ, ვინაიდან იგი მრავალი დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორია. რა მივირთვათ, რომ ქოლესტერინის დონის მატება და ამით გამოწვეული დაავადებები თავიდან ავიცილოთ? ამ და სხვა კითხვებზე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი შოთა ჯანჯღავა გვიპასუხებს.

  • – რას წარმოადგენს ქოლესტერინი?

– ქოლესტერინი არის ორგანული წარმოშობის ცხიმოვანი სპირტი, რომელიც უჯრედთა აუცილებელი კომპონენეტია – მათი მემბრანის ძირითადი საშენი მასალა. ქოლესტერინი მაღალმოლეკულური ნივთიერებაა, რომელიც მუდმივად ცირკულირებს ჩვენს ორგანიზმში. იგი ძირითად ცხოველური წარმოშობისაა, მაგრამ მისი სინთეზი მიმდინარეობს რამდენიმე მცენარეშიც. ჩვენს ორგანიზმში კი იგი საკვების საშუალებით ხვდება.
ორგანიზმში ქოლესტერინის გადატანა აკისრია სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებსაც ლიპოპროტეინებს უწოდებენ. არსებობს რამდენიმე სახის ლიპოპროტეინი: დაბალი სიმკვრივისა – ე. წ. ცუდი ქოლესტერინი, მაღალი სიმკვრივისა – ე. წ. კარგი ქოლესტერინი – და ტრიგლიცერიდები.

  • – რა ფუნქცია აკისრია ქოლესტერინს ჩვენს ორგანიზმში?

– ამ ნივთიერებას უამრავი ფუნქცია აქვს. უკვე გითხარით, რომ ის უჯრედთა მემბრანის ერთ-ერთი ძირითადი საშენი მასალაა; გარდა ამისა, პასუხს აგებს მემბრანაში ზოგიერთი ნივთიერების ტრანსპორტზე, მონაწილეობს სასქესო ჰორმონების – ანდროგენებისა და ესტროგენების – სინთეზში, ღვიძლის მუშაობაში, დამხმარე ნივთიერებაა ნაღვლის წარმოქმნისას, მონაწილეობს D ვიტამინის სინთეზში მზის სხივებთან ერთად, ხელს უწყობს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, E, K, D) შეწოვას და სხვა. მინდა, ხაზი გავუსვა მის მნიშვნელობას ნერვული სისტემისთვის – ნერვული ბოჭკოების იზოლირებას ხომ სწორედ ქოლესტერინი უზრუნველყოფს.

  • – როგორი უნდა იყოს სისხლში ქოლესტერინის დონე?

– დავიწყებ იმით, რომ შესაძლოა არასასურველი შედეგი გამოიღოს ქოლესტერინის დონის არა მარტო მატებამ, არამედ დაქვეითებამაც. ჩვენს ორგანიზმში ის 3.6-დან 5.1 მმოლ`ლ-მდე უნდა მერყეობდეს. ქოლესტერინის დონის მატების გრადაცია ამგვარია: მსუბუქად მომატებული, როდესაც ქოლესტერინის დონე მერყეობს 5.1-6.4 მმოლ`ლ-ის ფარგლებში, საშუალოდ მომატებული – 6.5-7.8 მმოლ`ლ და ძალიან მაღალი, როცა მაჩვენებელი აღემატება 7.8 მმოლ`ლ-ს.

  • – რამდენად სახიფათოა ჰიპერქოლესტერინემია? რას იწვევს იგი?

– ჰიპერქოლესტერინემია, ქოლესტერინის სიჭარბე, მრავალი დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. იგი აზიანებს სისხლძარღვის კედელს, იწვევს ათეროსკლეროზს, ათეროსკლეროზული ფოლაქები ავიწროებს სისხლძარღვის სანათურს და სისხლძარღვს ელასტიკურობას აკარგვინებს. შესაძლოა, საქმე სისხლძარღვის სრული დახშობამდეც კი მივიდეს, რასაც ხშირად გულის იშემიური დაავადება მოჰყვება. როდესაც ზიანდება გულის სისხლითა და ჟანგბადით მომმარაგებელი არტერია, ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი. ჰიპერქოლესტერინემიის დროს ხშირია სტენოკარდიული შეტევა (ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში), არტერიული წნევის მკვეთრი მატება. ჰიპერქოლესტერინემიამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის, თირკმლის, ნერვული სისიტემის მძიმე დაავადებები, სიმსუქნე, პანკრეატიტი, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპოთირეოზი.
როცა ქოლესტერინის დონე ნორმაზე დაბალია, მცირდება სასქესო ჰორმონების, კერძოდ, ანდროგენებისა და ესტროგენების სინთეზი, რასაც საბოლოოდ სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებამდე მივყავართ. სუსტდება უჯრედის დამცავი გარსიც, რის გამოც უჯრედში აქტიურად შედის მავნე ნივთიერებები. ხშირად ქოლესტერინის დაბალი დონე ცხიმში ხსნადი ვიტამინების, განსაკუთრებით კი D ვიტამინის, დონის დაქვეითებასაც იწვევს.

  • – რისი ბრალია სისხლში ქოლესტერინის დონის მატება?

– ქოლესტერინის მატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია კვება. ცხოველური წარმოშობის ცხიმიანი საკვები ორგანიზმს აქტიურად ამარაგებს ამ ნივთიერებით, ამიტომ ჰიპერქოლესტერინემიის დროს აუცილებელია კვების რაციონის შერჩევა და დიეტის დაცვა.მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობაც. დამტკიცებულია, რომ მათ, ვინც ცხოვრების დუნე, მჯდომარე წესს მისდევს, სისხლის პლაზმაში მომატებული აქვთ ცუდი ქოლესტერინის, ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე.
ქოლესტერინის დონის მატებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს სიმსუქნე და მეტაბოლური დარღვევები, თუმცა ვერც გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობას უგულებელვყოფთ.

  • – რატომ გახდა XXI საუკუნეში ეს პრობლემა ასეთი აქტუალური და შეინიშნება თუ არა მატების ტენდენცია?

– რამდენიმე წლის წინ ეს პრობლემა მართლაც არ იყო ასეთი აქტუალური, ბოლო ხანს კი ახალგაზრდებშიც საკმაოდ გახშირდა მიოკარდიუმის ინფარქტი და სხვა მძიმე გართულებები, რომელთა ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჰიპერქოლესტერინემიაა. ამ უმძიმესი შედეგების თავიდან ასაცილებლად დროულად უნდა მივაგნოთ მიზეზს და ვებრძოლოთ მას. ერთ-ერთი ამ პრობლემათაგანია ქოლესტერინის სიჭარბეც.

  • – უკავშირდება თუ არა მისი დონის მატება ასაკს? როდის უნდა დავიწყოთ მისი კონტროლი?

– ორგანიზმში ქოლესტერინის სინთეზი აქტიურად მიმდინარეობს და ასაკთან ერთად ძლიერდება, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკოვან პაციენტებში ქოლესტერინის კონტროლს. 40 წლიდან მისი შემოწმება რეკომენდებულია წელიწადში 1-2 ჯერ, ხოლო 50 წლიდან – წელიწადში 2-3-ჯერ. რეგულარული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე ან მეტაბოლური სინდრომი. აქვე გეტყვით, რომ მწეველთა ორგანიზმში ქოლესტერინის დონე არამწეველებზე თითქმის 2-ჯერ მეტია. 

  • – შესაძლებელია თუ არა მედიკამენტებით მისი კონტროლი?

– ქოლესტერინის და, საზოგადოდ, დარღვეული ლიპიდური სპექტრის მოსაწესრიგებლად სადღეისოდ უამრავი მედიკამენტი არსებობს. მათ შორის დანსაკუთრებული ადგილი უკავია შემდეგ ჯგუფებს: სტატინებს, რომელთაც მკვეთრად აქვთ გამოხატული ქოლესტერინისა და მისი წარმოებულების სინთეზის ბლოკირების უნარი, მაგრამ ვნებენ ღვიძლს; ფიბრატებს, რომელთაც უფრო ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითების უნარი შესწევთ; ნიაცინს ანუ ვიტამინ B3-ს (აუცილებლად დიდი დოზით) და ე.წ. თევზის ქონის წარმოებულებს, ანუ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წარმოებულებს, რომლებსაც ამზადებენ როგორც მცენარეულ ცხიმებზე, ასევე თევზის ქონისგან. ბოლო ხანს მკვეთრად გაიზარდა მათი გამოყენება დისლიპიდემიური ცვლილებების დროს. მრავალი კვლევით არის დადასტურებული, რომ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აქვეითებს ჩვენს ორგანიზმში ტრიგლიცერიდებისა და ე.წ. ცუდი ქოლესტერინის დონეს, ხოლო კარგი ქოლესტერინისას ზრდის. ამავე დროს, დადებით გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. დაბოლოს, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას, აჯანსაღებს სისხლძაღვებს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს სასქესო ჰორმონების წარმოქმნას.

  • – როგორ ავიცილოთ თავიდან ქოლესტერინის დონის მატება?

– ქოლესტერინით მდიდარია ცხოველური წარმოშობის პროდუქტები: კვერცხი (განსაკუთრებით – მისი გული), არაჟანი, კარაქი, ცხიმიანი ყველი, ლორი, თევზი, ხორცი და მისი პროდუქტები.
როგორც უკვე ვთქვით, ქოლესტერინის დონის შესამცირებლად უნდა მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, სწორად შევადგინოთ კვების რაციონი და რეჟიმი, მოვიწესრიგოთ ძილის რეჟიმი, შევზღუდოთ ალკოჰოლის, თამბაქოსა და ყავის მოხმარება – რა გასაკვირიც უნდა იყოს, დუღილის დროს ყავაში წარმოიქმნება ნივთიერებები, რომლებიც ქოლესტერინის დონეს მაღლა სწევს. გარდა ამისა, უნდა ერიდოთ ნაჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარ პროდუქტებს: ღორის, ცხვრის ხორცს, კარაქს, მაიონეზს, ძეხვეულს, ტკბილეულს. უმჯობესია მიირთვათ კარგად მოხარშული ძროხის მჭლე ხორცი, კანგაცლილი ქათმისა და ინდაურის თეთრი ხორცი, ბურღული. რაციონი გაიმდიდრეთ ხილითა და ბოსტნეულით. ზეთი, სასურველია, ზეითუნისა გამოიყენოთ. ხშირად მიირთვით პროდუქტები, რომლებიც პირდაპირ ამცირებს ქოლესტერინის დონეს: ალუბალი, მოცვი, ლობიო, ნიგოზი. აუცილებელია ხაჭოც – მისი ცილა შეიცავს შეუცვლელ ამინმჟავებს: მეთიონინს, ტრიპტოფანს, ლიზინსა და ქოლინს, – რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინისა და ჭარბი სითხის გამოძევებას, აფერხებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აუცილებელია ნერვული სისტემისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის.
განსაკუთრებით მავნებელია სწრაფი კვების ობიექტებში დამზადებული საკვები.
სასმელებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ჩაის. ჩინეთში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ როგორც მწვანე, ისე შავი ჩაი ქოლესტერინის დონეს თითქმის 16%-ით ამცირებს. არსებობს მოსაზრება, რომ ცოტაოდენი წითელი ღვინო – დღეში ერთ ჭიქამდე – ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.
ხშირად ჭარბი წონა და “ცუდი” ქოლესტერინი თანაარსებობენ, ამიტომ ფიზიკური აქტივობა აუცილებელია ყველა ასაკის ადამიანისთვის – ამ დროს ქოლესტერინი უფრო აქტიურად გარდაიქმნება ნაღვლის მჟავებად. ვარჯიშთან ერთად სასურველია, ხშირად ვიაროთ ფეხით.
მარი ზაზაშვილი

გააზიარე: