წარმოსახვითი მეგობარი

გააზიარე:
 


რას იტყვით, თუ ერთ მშვენიერ დღეს დაინახეთ, რომ თქვენი პატარა ვიღაც უხილავს ესაუბრება და გიხსნით, რომ ეს სწორედ ის ბურძგლიკოა, წინა კვირას საწოლ ოთახში შპალერი რომ გაჩვრიტა, ორი დღის წინ კი კარადიდან მთელი მუჭა შოკოლადი აწაპნა, მერე ამ ბურძგლიკოს სადილად დაპატიჟებს და გთხოვთ, მარწყვის კი არა (რომელსაც თავად მიირთმევს), არამედ ნაღების ნაყინით გაუმასპინძლდეთ, ხოლო როდესაც ჰკითხავთ, რაზე საუბრობენ ასე გატაცებით ის და მისი ახალი მეგობარი, მკაცრად გიპასუხებთ, რომ ეს მათი პირადი საქმეა?
ალბათ დაუყოვნებლივ ჩამოურეკავთ ნაცნობებს და ჰკითხავთ, კარგი ბავშვთა ფსიქოლოგი ხომ არ ეგულებათ, რადგან თქვენს შვილს... წარმოსახვითი მეგობარი გაუჩნდა!
ნუ იჩქარებთ. თავდაპირველად იმაზე შევთანხმდეთ, რომ წარმოსახვითი მეგობრის ყოლა გადახრა არ არის. მეტიც – ამერიკელი ფსიქოლოგების ნაწილს მიაჩნია, რომ დღესდღეობით მისი ყოლა უფრო ბუნებრივია, ვიდრე არყოლა. აი, რა აჩვენა გამოკვლევამ: XX საუკუნის 30-იან წლებში წარმოსახვითი მეგობარი, სავარაუდოდ, ცხრიდან ერთ ბავშვს ჰყავდა, 90-იანებში – სამიდან ერთს, დღეს კი ბავშვების ორ მესამედს მაინც წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს. ამასთანავე, როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, ასევე უმცროსი სასკოლო ასაკის პატარებსაც. ასე რომ, ამერიკელი ფსიქოლოგების აზრით, დღესდღეობით წარმოსახვითი მეგობრის ყოლა ბავშვის განვითარების ნორმალური პროცესის ნაწილად შეიძლება იქნეს მიჩნეული.
ბავშვები მზა პიროვნებებად არ იბადებიან, მათ ჩამოყალიბებაში თავ-თავიანთ როლს ასრულებენ როგორც გენეტიკური განწყობა, ასევე გარემო. მაგალითად, ცნობილია, რომ თუ ბავშვი ექსტროვერტებით არის გარემოცული, უფრო მეტია ალბათობა, თავადაც ექსტროვერტად ჩამოყალიბდეს, ხოლო თუ ინტროვერტებით – ინტროვერტად. თუმცა ნებისმიერი ბავშვისთვის უმთავრესია, წარმოაჩინოს საკუთარი პიროვნება ისეთად, როგორადაც სურს საკუთარი თავის დანახვა და როგორადაც სურს ხედავდნენ მას გარშემო მყოფნი. ამისთვის ის “იღებს” იმ ნიშან-თვისებებს, რომლებსაც სხვებში ხედავს და, უხეშად რომ ვთქვათ, ტანსაცმელივით იზომებს. ისე რომ, ზოგიერთ ბავშვს სულ მალე შესანიშნავი “გარდერობი” უგროვდება.
წინათ ბავშვის საარსებო გარემო გაცილებით შეზღუდული იყო, ვიდრე უფროსისა; ისინი უმეტესად მხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ხედავდნენ, დღეს კი ცხოვრება ბავშვებს გაცილებით მეტ და მრავალფეროვან პერსპექტივას უსახავს: ტელევიზორისა და კომპიუტერის მეშვეობით ისინი შინიდან გაუსვლელად ეცნობიან უამრავ ადამიანს, რომლებსაც სრულიად სხვადასხვანაირი თვისებები აქვთ და სრულიად სხვადასხვანაირად ცხოვრობენ. მათი უშუალო გარემოცვაც კი ხშირად სრულიად სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებისგან შედგება. ასე რომ, ბავშვები ხედავენ: ცხოვრების ის ფორმა, რომელსაც მისი ოჯახი ეწევა, ერთადერთი არ არის, არსებობს მრავალი განსხვავებული გზა, და საკუთარი თავის “კონსტრუირების”  პროცესში მათ “მორგებასაც” ინტერესით სცდიან.
ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა, წარმოსახვითი მეგობარი ბავშვებს სწორედ ამაში ეხმარებოდეს. ამ კუთხით ის ერთგვარი საცდელი მეა – ბავშვები აკვირდებიან, როგორ გამოძახილს პოვებს გარესამყაროში მისი ესა თუ ის მხარე, ვიდრე ამ უკანასკნელს სათავისოდ გადაიღებდნენ. უარს ხომ არ ეტყვიან ბურძლიკოს, თუ მარწყვის ნაყინის მაგივრად ნაღებისა მოითხოვა? დასჯიან თუ არა, თუ სათამაშო გააფუჭა? გამოიჭერენ თუ არა ტყუილში? ამგვარად ბავშვებს შეუძლიათ, მშვიდად მოსინჯონ ქცევის სხვადასხვა მოდელი – ისინი ხომ დარწმუნებულნი არიან, რომ თუნდაც წარმოსახვითმა მეგობარმა რამე დააშაოს, თავად პასუხს არ აგებენ. აი პასუხიც იმაზე, რატომ არის, რომ მორჩილ, თვინიერ, ბეჯით ბავშვს ხშირად ურჩი, უტიფარი და თავზეხელაღებული წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს – პატარა მას იმას “აკეთებინებს”, რის ჩადენაც თავადაც გულით უნდა, მაგრამ ვერ გაუბედავს.
არაფერია განსაკუთრებული იმაში, რომ ბავშვი ალტერნატიულ პიროვნებას იგონებს. განა ჩვენც ასევე არ ვიქცევით, როდესაც წარმოვიდგენთ, როგორ ვიპყრობთ ბიზნესის მწვერვალებს ან როგორ ვხიბლავთ ათასობით თაყვანისმცემელს, რომლებიც სინამდვილეში არასოდეს გვყოლია? ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ბავშვები, მშობლებისგან განსხვავებით, მკაფიოდ მიჯნავენ ერთმანეთისგან თავიანთ წარმოსახვით და რეალურ მეს, რადგან ჯერ არ უსწავლიათ, თავიანთი ფიქრები, გრძნობები და მოქმედებები ერთ მთლიანობად აღიქვან. გარდა ამისა, უფროსებს შეგვიძლია, სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა ვიყოთ, მაგალითად, შინ – ალერსიანი ოჯახის დედა, სამსახურში კი მკაცრი მენეჯერი, დღისით – მოწესრიგებული ფინანსისტი, ღამით – თავზეხელაღებული ქლაბერი, რეალურ სამყაროში – უბრალო კლერკი, ვირტუალურ რეალობაში კი სუპერგმირი. პიროვნებათა ეს სიმრავლე გვეხმარება, ვისიამოვნოთ შესაძლებლობათა უფრო ფართო სპექტრით და უფრო მრავალფეროვანი ცხოვრება გავატაროთ.
სხვათა შორის, იმავე ამერიკელების აზრით, მრავალი მეს შექმნის შესაძლებლობა არტისტული ნიჭის ნიშანია და, არსებითად, შემოქმედებითი გამოცდილების ფორმადაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომელიც იმ მრავალფეროვან და ცვალებად სამყაროსთან შესახვედრად გვამზადებს, რომელიც მოწიფულ ასაკში გველის.
ასე რომ, თუ ერთ მშვენიერ დღეს ბავშვმა სიტყვა ჩამოაგდო ახალ მეგობარზე, რომელიც მის საწოლ ოთახში, კარადის უკან ან ხალიჩის ქვეშ (!) ცხოვრობს, მაშინვე ფსიქოლოგის (მით უმეტეს, ფსიქიატრის) ძებნას ნუ დაიწყებთ. თქვენს შვილს ცხოველი ფანტაზია აქვს – აი ერთადერთი რამ, რაც ამ ეტაპზე უყოყმანოდ შეიძლება ითქვას, დანარჩენს კი დრო გიჩვენებთ. წარმოსახვით მეგობარზე დაკვირვებით შეიძლება საკუთარი შვილის შესახებ ბევრი ისეთი რამ შეიტყოთ, რაც მანამდე აზრადაც არ მოგსვლიათ.
ფსიქოლოგები გამოყოფენ წარმოსახვითი მეგობრის რამდენიმე ძირითად ტიპს:
1. კომპანიონი (შეიძლება იყოს როგორც ადამიანი, ასევე ცხოველი; ხშირად ნამდვილი ყაჩაღანაა, რომელიც ათასგვარ ოინბაზობას იგონებს)
პრობლემა: ბავშვი მოწყენილია. 
გამოსავალი: გამონახეთ დრო შვილთან ურთიერთობისთვის. ჰკითხეთ, რას და როგორ ეთამაშება თავის წარმოსახვით მეგობარს და შესთავაზეთ, იგივე თქვენც გეთამაშოთ.
ხშირად ატარეთ თოჯინების თუ საბავშვო თეატრში, გამოფენებზე, სხვა საინტერესო ღონისძიებებზე.
დაეხმარეთ რეალური მეგობრების პოვნაში: ხშირად ატარეთ პარკში, მოიწვიეთ შინ მისი თანატოლები. თუ ურთიერთობის დამყარება უჭირს, თავად წამოიწყეთ თამაში და სხვა ბავშვებიც აიყოლიეთ.
2. მუთაქა (სუსტია, ბავშვი მას აშკარად ჩაგრავს, ექცევა და მიმართავს ისე, როგორც თავად მას ექცევიან და მიმართავენ მკაცრი მშობლები: “ეს არ შეიძლება”, “ამის გამო დაგსჯი”, “ახლავე გამომიწოდე ხელი, უნდა ჩაგარტყა!”)
პრობლემა: ბავშვი დათგრუნულია და დაგროვილ ნეგატიურ ემოციას წარმოსახვით მეგობარზე ანთხევს.
გამოსავალი: იყავით მის მიმართ უფრო ლმობიერი, მიეცით მეტი თავისუფლება, მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, თორემ საბოლოოდ უსუსური, უნებისყოფო პიროვნება შეგრჩებათ ხელში.
3. მცველი (როგორც წესი, დიდი და ძლიერია)
პრობლემა: ბავშვს ვიღაცისა ან რაღაცისა ეშინია.
გამოსავალი: ტაქტიანად გამოკითხეთ შვილი, გაესაუბრეთ ასევე მის რეალურ მეგობრებსა და მასწავლებლებს და გაგონილის შესაბამისად იმოქმედეთ.

ურთიერთობის წესები

. როდესაც წარმოსახვითი მეგობრის შესახებ შეიტყობთ, არ დასცინოთ ბავშვს, თუნდაც ალერსით – შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ მისი ნდობა.
. გამოჰკითხეთ პატარას, როგორია მისი ახალი მეგობარი, რა უყვარს, რაზე ოცნებობს. თუ ბავშვი ხალისით გიშვებთ თავის წარმოსახვით სამყაროში, თქვენც მხარი აუბით. მაგალითად, მისი წარმოსახვითი მეგობარი სუფრასთან მიიწვიეთ, ცალკე თეფში დაუდგით. მაგრამ თუ შვილი ახალ მეგობარზე უხალისოდ გესაუბრებათ, ძალას ნუ დაატანთ, განზე გადექით და შორიდან დააკვირდით.
. ნუ შეგრცხვებათ თქვენი შვილის წარმოსახვით მეგობართან ურთიერთობის, თუ ამას ბავშვი თავად შემოგთავაზებთ, მაგრამ ურთიერთობაში ლიდერის როლი შვილს დაუთმეთ.
. ნუ ეცდებით მისი წარმოსახვითი მეგობრის გადაბირებას, მაგალითად, ასე: “ბურძლიკო, წამოდი, ვჭამოთ (დავიბანოთ, ვიმეცადინოთ), ნინიმ კი იგორაოს აქ, სანამ არ მოსწყინდება”. ბავშვი შესაძლოა ორივეს გაგინაწყენდეთ და საკუთარ თავში ჩაიკეტოს.
. თუ ბავშვმა მოულოდნელად გამოგიცხადათ, რომ მის მეგობარს ეშინია ან წუხს, ყურადღებით იყავით – შესაძლოა, ეს თავად თქვენი შვილის განცდები იყოს, მაგრამ ამას ხმამაღლა ნუ იტყვით. ჰკითხეთ ბავშვს: “შენ როგორ ფიქრობ, რისა ეშინია, რა აწუხებს შენს მეგობარს? შენც იმავეს გრძნობ?” თუ ბავშვმა წარმოსახვითი მეგობარი ერთგვარ ფოსტალიონად აირჩია, რათა თქვენამდე მოეტანა თავისი პრობლემა, რომელზე პირდაპირ საუბარიც არ სურს, აჯობებს, მოგვარების გზაც ირიბად, წარმოსახვით მეგობარზე საუბრის გზით ეძიოთ.

როდის მივმართოთ ფსიქოლოგს
როდესაც წარმოსახვით მეგობართან ერთად ბავშვს ჰყავს რეალური ამხანაგებიც, სიამოვნებით ურთიერთობს მათთან, ხალისით დადის საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში, პარკში, სტუმრად, – საშიში არაფერია.
ფსიქოლოგთან გასაუბრება სასურველია, როდესაც ბავშვი:
. შინ თუ გარეთ მხოლოდ წარმოსახვით მეგობარს ეთამაშება, გაურბის რეალურ ბავშვებთან კონტაქტს.  
. თამაშის დროს ცდილობს, ტკივილი მიაყენოს ამხანაგებს ან მშობლებს და ირწმუნება, რომ ეს წარმოსახვითმა მეგობარმა უბრძანა.
. ჰყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი მას შორს, უკეთეს ადგილას წაიყვანს – ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვს ჩვეულ გარემოში რაღაც აწუხებს ან აშინებს.
. ჰყვება, რომ წარმოსახვითი მეგობარი დასჯის ყველას, ვინც მას გააბრაზებს – ეს ფარული აგრესიის ნიშანია, რომელსაც პატარა შესაძლოა არ გამოხატავდეს, მაგრამ მის ხასიათზე უთუოდ მოახდენს გავლენას
. ჰყვება, რა ცუდად იქცევა ან როგორ აწვალებს მისი წარმოსახვითი მეგობარი – უნდა ვიფიქროთ, რომ ბავშვს დანაშაულის განცდა ტანჯავს, ამიტომ თავს აფარებს გამოგონილ სამყაროს, სადაც ვიღაც მასზე უარესად იქცევა.
. წარმოსახვით მეგობარს მშობლებს უმალავს – ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ ენდობა. 

წარმოსახვითი მეგობარი 7-10 წლისთვის თავისთავად გაქრება, მანამდე კი ჯობს, თავადაც “დაუმეგობრდეთ” – ის ბავშვის სამყაროში შესანიშნავ მეგზურობას გაგიწევთ.

გააზიარე: