რა არის კოლიტი?

გააზიარე:

სამედიცინო ცოდნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ, აი, ყურმოკრული ცოდნის კონკურსი რომ ჩაეტარებინათ, ქართველები პირველობას არავის დავუთმობდით. აი, მაგალითად, მამაპაპური ქეიფის შემდეგ თუ მუცლის ტკივილმა ან ყაბზობამ შეგაწუხათ, კოლიტის დიაგნოზს ნებისმიერი კეთილმოსურნე დაგისვამთ, იმასაც გეტყვიან, რომ თავადაც აწუხებთ და უებარ წამალსაც გასწავლიან, თავად ისინიც რომ მოარჩინა და მათი ათეულობით ნაცნობი თუ ნათესავიც. მხოლოდ მშრალი კოლიტი რას გვიქვია – სველიც ვიცით, რომელიც საპირისპირო ნიშნებით მიმდინარეობს და არც მის მოსარჩენად გვჭირდება ვინმეს დახმარება... იშვიათად თუ დავფიქრდებით, რამდენად მართებულია ჩვენი წარმოდგენები, სინამდვილეში რა იმალება ამ დიაგნოზის მიღმა და საერთოდ, ერთი პათოლოგიაა თუ დაავადებათა ჯგუფი. სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი თერაპევტი, მედიცინის დოქტორი ნათია სვანიძე.

– კოლიტი სიტყვასიტყვით მსხვილი ნაწლავის ერთ-ერთი სეგმენტის – კოლინჯის ანთებას ნიშნავს. ყაბზობა ან დიარეა (ფაღარათი) ძალიან ხშირად ამ ანთებითი პროცესის ერთ-ერთი გამოვლინებაა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მათ შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება.
დავიწყოთ იმით რომ დიარეას უმეტესად მწვავე პროცესი იწვევს. მაგალითად, ვირუსული, ბაქტერიული თუ პარაზიტული აგენტით განპირობებული მწვავე ენტეროკოლიტი (ნაწლავთა მწვავე ანთებითი დაავადება), ან მათივე შხამებით დაბინძურებული საკვები (კვებითი ტოქსიკოინფექცია). დროული მკურნალობის შემთხვევაში, ზოგჯერ კი ყოველგვარი ჩარევის გარეშეც, პათოლოგიური პროცესი უკვალოდ გაივლის.


ყაბზობა ხშირად კვების არასწორ რეჟიმსა თუ რაციონს, ცხოვრების უმოძრაო წესს უკავშირდება. გარდა ამისა, ქრონიკული შეკრულობა ზოგჯერ თან სდევს სხვა ორგანოებისა და სისტემების პათოლოგიებს. მაგალითად, ჰიპოთირეოზს – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას, რომელსაც ზოგჯერ ჯირკვლის გადიდება ანუ ჩიყვიც ახლავს თან.


უშუალოდ ნაწლავთა ქრონიკული პათოლოგიებიდან ყველაზე ხშირია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (შედარებით ძველ სამედიცინო ლიტერატურაში ქრონიკული კოლიტის სახელითაც იხსენება). საშუალოდ ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს მუცლის შებერილობა, მჭრელი ტკივილი, ხშირი დიარეა წყალივით განავლით. პათოლოგიისთვის ტიპურია რამდენიმედღიანი ნათელი პერიოდი, ხშირია ყაბზობისა და დიარეის მონაცვლეობა, წყალივით დიარეა და მუცლის ტკივილი შემაწუხებელი არ არის, ავადმყოფს ღამით არ აღვიძებს, არც ორგანიზმს ასუსტებს. დაავადებას არც სწორი ნაწლავიდან სისხლდენა და წონის კლება ახასიათებს. მიუხედავად სიმპტომებისა, კოლონოსკოპიისას (სპეციალური ხელსაწყოთი ნაწლავის შიგნითა ზედაპირის დათვალიერებისას) ანთებით ცვლილებებს ვერ ნახულობენ. დაავადების უშუალო მიზეზი დაუდგენელია, პათოლოგია ნაწლავების ფუნქციურ (არაორგანულ) დარღვევად ითვლება.


მსხვილი ნაწლავის ქრონიკული მორეციდივე ანთება შედარებით იშვიათია, თუმცა დაზიანება ამ სეგმენტით არ შემოიფარგლება, ამიტომ უფრო ხშირად მათ ნაწლავთა ანთებითი დაავადებების სახელით მოიხსენებენ. ეს ერთი დაავადება კი არა, დაავადებათა მთელი ჯგუფია, რომელსაც, საერთო ნიშნების მიუხედავად ზოგიერთი განმასხვავებელი თავისებურებაც ახასიათებს.

  • – მაინც რომელი დაავადებები შედის ამ ჯგუფში და რა იწვევს მათ განვითარებას?

– ჯგუფი საკმაოდ ვრცელია: კრონის დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ცელიაკია, რადიაციული კოლიტი, იშემიური ენტეროკოლიტი და სხვა. ყველაზე მეტად გავრცელებული კრონის დაავადება და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტია. შედარებით ხშირად ვხვდებით ცელიაკიასაც. მიზეზი კი ყველა დაავადებას სხვადასხვა აქვს, თუმცა ბოლომდე დაუზუსტებელი. კრინის დაავადებისა და არასპეციფიკური წყლოლოვანი კოლიტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობით განწყობას,  ცელიაკიის მიზეზი ხორბლისა და სხვა მარცვლეული კულტურების ცილისადმი ნაწლავის ლორწოვანი გარსის შეცვლილი რეაქციაა. ხელშემწყობი ფაქტორებიდან ხშირად გამოყოფენ თამბაქოს მოხმარებას და ასე შემდეგ.

  • – რა სიმპტომებით ვლინდება მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები? რომელია საგანგაშო ნიშნები, ექიმთან დაუყოვნებელი ვიზიტის აუცილებლობაზე რომ მიგვანიშნებს?

– მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერი სიმპტომი, მათ შორის – დიარეა და ყაბზობა, რომელიც დღეების, მით უმეტეს კვირების განმავლობაში გრძელდება, საყურადღებოა და აუცილებლად უნდა გვაფიქრებინოს ექიმთან მისვლა. რა თქმა უნდა, მხოლოდ დღე-ღამეში ნაწლავთა მოქმედების რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა – თუ ნაწლავთა მოქმედება არ აჩენს დაკმაყოფილების შეგრძნებას, დეფეკაციის აქტი რაიმე სახის დისკომფორტთან არის დაკავშირებული ან გამოყოფილი მასის ოდენობა არ არის მიღებული საკვების მოცულობის ადეკვატური, მაშინ  უნდა ვიფიქროთ, რომ პათოლოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე. ვინაიდან კრონის დაავადებასა და არასპეციფიკურ წყლულოვან კოლიტს მემკვიდრეობითი განწყობა ახასიათებს, სასურველია, სამედიცინო შემოწმება დაავადებულის პირველი რიგის ნათესავებმაც (მშობლები, და, ძმა) გაიარონ, მით უმეტეს, თუ რაიმე ჩივილიც აწუხებთ. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დაავადებებს საკმაოდ მრავალფეროვანი არანაწლავური გამოვლინებებიც ახასიათებს. მაგალითად, კრონის დაავადების პირველი გამოვლინება შესაძლოა სახსრის ტკივილი იყოს.


განსაკუთრებით საყურადღებო ნიშნებია: სისხლიანი დიარეა ჩირქოვანი და(ან) ლორწოვანი მინარევით, უკანა გასავლის ახლოს ჩირქოვანი ხვრელების (ფისტულების და სხვა) არსებობა, წონის კლება, კანზე ჩირქოვანი ან კვანძოვანი გამონაყარი და სხვა.
მოგეხსენებათ, დროულად დიაგნოსტირებული ნებისმიერი პათოლოგია გაცილებით იოლად ემორჩილება მკურნალობას, შორსწასულ შემთხვევებში კი დაავადების ზოგიერთ ფორმას ვეღარც კი მკურნალობენ.

  • – ზემოთ სისხლიანი განავალი ახსენეთ. ეს ნიშანი ხომ საყოველთაოდ ცნობილ ბუასილსაც აქვს – როგორ გავარჩიოთ ეს დაავადეები ერთმანეთისგან?

– ბუასილის ან ანალური ნაპრალის დროს სისხლი დეფეკაციის ბოლოს გამოიყოფა, მით უმეტეს, თუ დეფეკაციის აქტს თან სდევს ტკივილი. სისხლი ალისფერია და განავლოვან მასებზე თითქოს მოსხმული. ანთების დროს კი სისხლი განავლის მთლიან მასაშია შერეული.
სისხლიანი განავალი ჩამოთვლილ დაავადებებთან ერთად ნაწლავთა პოლიპოზსა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიან სიმსივნესაც ახასიათებს, ამიტომ განავალში სისხლის შემჩნევისთანავე ექიმს უნდა მიმართოთ, რათა დროულად დაისვას დიაგნოზი და მძიმე გართულებები თავიდან ავიცილოთ. 

  • – რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ნებაზე მიშვებულ ანთებას?

– უყურადღებოდ დატოვებულ ნებისმიერ პათოლოგიურ პროცესს სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამ შემთხვევაში კი საკვების მონელებისა და შეწოვის ქრონიკული დარღვევა პირველ რიგში სწორედ წონის კლებას, მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დეფიციტსა და ორგანიზმის დამცველობითი სისტემების გამოფიტვას იწვევს. სტატისტიკური მონაცემებით ნაწლავის ანთებითი დაავადებები, არცთუ ისე ხშირად, მაგრამ მაინც, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას უწყობენ ხელს. აქვე აღვნიშნავ, რომ დღეს კიბო აღარ არის სასიკვდილო განაჩენი, საწყის სტადიაში ის თითქმის ყოველთვის იკურნება. ასე რომ, დაავადების დროული დიაგნოსტიკა და სრულყოფილი მართვა კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

  • – უმთავრესად რა შეცდომას უშვებენ ნაწლავური პრობლემების თვითმკურნალობის მცდელობისას? 

– საზოგადოდ, რომელ დაავადებასთანაც უნდა გვქონდეს საქმე, ჯერ მიზეზი უნდა დავადგინოთ და შემდეგ გამოვლინებებს ვუმკურნალოთ. მაგალითად, ბევრს ლევომიცეტინი დიარეის წამალი ჰგონია, რაც ძალიან მძიმე შეცდომაა. ეს საკმაოდ ძლიერი და ტოქსიკური ანტიბიოტიკია, რომლის არასწორი გამოყენება შესაძლოა სხვადასხვა არასასურველი გართულების მიზეზად იქცეს. ამ ჯგუფის პრეპარატების დანიშვნას თავისი მიზეზები და ჩვენება გააჩნია.
არც საფაღარათო საშუალებებისა და ოყნების თვითნებურ და, მით უმეტეს, ხშირ გამოყენებას გირჩევდით. სჯობს, რეკომენდაციისთვის ექიმს მიმართოთ, სწორი მკურნალობით და მართვით კი ნებისმიერი პრობლემის დროს უკეთ შეინარჩუნებთ ცხოვრების ხარისხს.

  • – საჭიროდ მიგაჩნიათ თუ არა დიეტის დაცვა ამ დაავადებებისას?

– გააჩნია, რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ცელიაკიის დროს სამუდამოდ იკრძალება ხორბლის, შვრიისა და სხვა მარცვლეულის პროდუქტები. კრონის დაავადებისა და არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის დროს კონკრეტულ საკვებს არ ასახელებენ, თუმცა მაინც გვირჩევენ, მწარე, მჟავე, სუნელებით შენელებული და სხვა კერძებს ვერიდოთ. ეს მითითებები მოქმედებს ნაწლავთა სხვა სახის ფუნქციური (მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) თუ ორგანული დაზიანებების დროსაც.

გააზიარე: