რატომ ტირის ყურცქვიტა

გააზიარე:

ამერიკელებმა აღმოაჩინეს, რომ ყოველი ოთხი ბავშვიდან სამს სამ წლამდე ერთხელ მაინც ემართება ყურის ანთება. საზოგადოდ, ეს დაავადება, რომელიც უფრო შუა ყურის ანთების სახელით არის ცნობილი (ინფექცია სწორედ შუა ყურში იბუდებს), პატარებში ძალიან ხშირია.
ასე რატომ ერჩის ინფექცია ყურს? იოლად მივხვდებით, თუ ბავშვის ყურის აგებულებას გავეცნობით, თუმცა მოდი, შედარებისთვის მოზრდილებიდან დავიწყოთ.
პატარა აპრეხილი ორგანო, რომელიც თავს ორივე მხრიდან ამშვენებს, გაცილებით რთული აგებულებისაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის სამი ნაწილისგან: გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან შედგება. გარეთა ყურის ძირითად ნაწილს ჩვენც ვხედავთ. სწორედ აქ იყრის თავს ბგერები და დაფის აპკის გავლით შუა ნაწილს გადაეცემა. იქ რამდენიმე ძალიან პატარა ძვლის ვიბრაციული მოძრაობით ბგერები სმენის ნერვამდე მიდის, ტვინში იგზავნება და ჩვენც გვესმის. შიგნითა ყური გაცილებით მეტია, ვიდრე სმენის ორგანოს ნაწილი: მასში “ჩამონტაჟებულია” წონასწორობაზე პასუხისმგებელი აპარატი, მაგრამ ამჯერად მასზე არაფერს გეტყვით – რაკი ინფექციის ბუდე მაინც შუა ყურია, ჩვენც მის შესახებ მოგითხრობთ.
შუა ყური ნორმალურად რომ ფუნქციობდეს, აუცილებელია, მასში არსებული წნევა გარემოსას უტოლდებოდეს, ანუ დაფის აპკზე ზეწოლა ორივე მხრიდან თანაბარი იყოს. ამგვარი წონასწორობა ევსტაქის მილის საშუალებით მიიღწევა. ის შუა ყურს ხახასთან აკავშირებს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ დამთქნარებისას და ნერწყვის გადაყლაპვისას დაგუბებული ყურები იხსნება. ამ დროს შუა ყურში წნევა სწორედ ევსტაქის მილის საშუალებით რეგულირდება.
ევსტაქის მილს კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია აკისრია: შუა ყურში წარმოქმნილ სეკრეტს ხახისკენ დევნის.
ევსტაქის მილზე სიტყვა ტყუილუბრალოდ არ ჩამოგვიგდია: ასაკობრივი ანატომიური თავისებურების გამო ის ხშირად იქცევა ინფექციის კარიბჭედ. ბავშვის ევსტაქის მილი ძალიან მოკლეა და უფრო ჰორიზონტალურად მდებარეობს, ამიტომ ინფექცია მისი გავლით სწრაფად აღწევს შუა ყურამდე. გარდა ამისა, მილი ვიწროა და იოლად იხშობა. როდესაც პატარა ცივდება და სურდო ემართება ან ალერგიული რინიტი უტევს, ჭარბი ლორწო ევსტაქის ვიწრო მილში გადადის და მის სანათურს ახშობს. დაგროვილ ლორწოში იოლად მრავლდება ვირუსები და ბაქტერიები, რომლებიც შუა ყურისკენ იკვლევენ გზას და ინფექციური ანთებაც არ აყოვნებს.
ევსტაქის მილის ხახისმხრივ შესასვლელს ზოგჯერ ნუშურა ჯირკვლებიც ახშობს, რომლებიც ბავშვებს საკმაოდ მოზრდილი აქვთ.
გარდა ამისა, შუა ყურის ანთების ალბათობას ზრდის შემდეგი ფაქტორები:
 გაციება და ალერგია, რომელიც სურდოთი მიმდინარეობს. როგორც ვთქვით, ამ დროს ჭარბი ლორწო ევსტაქის მილს ახშობს.
 ბოთლით კვება, განსაკუთრებით – თუ პატარა ჭამის დროს წევს ანუ თავი დაბლა უდევს. ასე საკვები იოლად გადაედინება ევსტაქის მილისკენ და შესაძლოა, მისი დახშობა გამოიწვიოს.
შუა ყურის ინფექცია ხშირად ემართებათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ოთახში უხდებათ ყოფნა, ასევე მათ, რომელთა მშობლებსა და და-ძმებსაც ასეთივე პრობლემა აწუხებდათ. თანაც, სტატისტიკის თანახმად, ყურის ანთება ბიჭუნებს უფრო ხშირად აწუხებთ, ვიდრე გოგონებს.
ბავშვები, რომლებიც ცურვაზე დადიან, არცთუ იშვიათად უჩივიან ყურის ანთებას. ამის გამო პრობლემას “მოცურავის ყური” უწოდეს. ნორჩ მოცურავეს ყური რომ არ ასტკივდეს, ასე უნდა მოიქცეს: ცურვის დროს ყურებში სპეციალური საცობები ჩაიდოს, ცურვის შემდეგ კი თავი გვერდზე გადახაროს და ოდნავ შეარხიოს. გასაშრობად მცირე სიმძლავრეზე ჩართული ფენიც გამოადგება.
არ შეიძლება ყურის ჩხირებით გამოწმენდა, მით უმეტეს – ღრმად. ასე შესაძლოა კანიც დაიზიანოთ და გოგირდიც გამოიტანოთ, რაც არამც და არამც არ არის სასურველი, რადგან გოგირდის ფენა ყურს იცავს. ბამბიანი ჩხირით მხოლოდ გარეთა ყური გაისუფთავეთ.
ანთების დროს შუა ყურში სითხე გროვდება, დაფის აპკს აწვება და ძლიერ ტკივილს იწვევს. მოზრდილი ბავშვები, ბუნებრივია, ამბობენ, რომ ყური სტკივათ, ჩვილებს კი გასაჭირს უსიტყვოდ უნდა მივუხვდეთ. ამ დროს პატარა გაუჩერებლად ტირის. წოლა, ღეჭვა და ყლაპვა ტკივილს ამძაფრებს. ამიტომ არის, რომ ბავშვები განსაკუთრებით ღამით ჭირვეულობენ: არ იდებენ ძუძუს ან საწოვარას და არ იძინებენ.
როდესაც შუა ყურში სითხე ჭარბად არის დაგროვილი, შესაძლოა, დაფის აპკი გახვრიტოს კიდეც და გარეთ გამოჟონოს. ამ დროს ბავშვს ტკივილი უყუჩდება და შვებას გრძნობს.
შუა ყურის ანთებას შესაძლოა თან სდევდეს სიცხე, გულისრევის შეგრძნება ან პირღებინება, ძლიერი სისუსტე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შუა ყურის ანთებას შეიძლება მოჰყვეს, სმენის დაქვეითებაა. ჩვილებში და, საზოგადოდ, მცირე ასაკის ბავშვებში ეს ძნელი შესამჩნევია, მაგრამ მოზრდილებში დაფიქსირება რთული არ არის: ბავშვი მშობლებს ძახილზე არ ეხმაურება, რადიოსა და ტელევიზორს მაღალ ხმაზე უსმენს, ადრინდელზე ხმამაღლა ლაპარაკობს, სკოლაში უყურადღებობას ამჟღავნებს...
ყურიდან გამონადენი, წესისამებრ, ჩირქოვანია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, შუა ყურში დაგროვილი სითხე ინფიცირებული არ იყოს. ამ შემთხვევაში ტკივილი გაცილებით სუსტია, ზოგჯერ პრაქტიკულად არც შეიგრძნობა, ბავშვი მხოლოდ ყურების დაგუბებას უჩივის. სმენა ამ შემთხვევაშიც ქვეითდება, თუმცა არც ისე ძლიერად, როგორც ინფექციური (ჩირქოვანი) ანთების დროს. 
შუა ყურის ანთება 2-3 დღეში უმეტესად თავისთავად იკურნება. ექიმმა შესაძლოა მხოლოდ ყურის წვეთების შეძენა გირჩიოთ, რომლებიც პატარას ტკივილს დაუამებს. იშვიათად ანტიბიოტიკის დანიშვნაც ხდება საჭირო. კურსი 5-10-დღიანია.
ხდება ხოლმე, რომ სითხე ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგაც კარგა ხანს, დაახლოებით ერთი თვე რჩება შუა ყურში.
თუნდაც ჩირქოვანი ანთება არ ჰქონდეს, ბავშვს აუცილებლად უნიშნავენ ანტიბაქტერიულ თერაპიას, როდესაც იმუნოდეფიციტი აღენიშნება ან ხშირად ემართება შუა ყურის ანთება.
არის შემთხვევები, როდესაც ჭარბი სითხე ძლიერად აწვება დაფის აპკს, მაგრამ გარეთ გამოჟონვას ვერა და ვერ ახერხებს. ასეთ დროს აუტანელი ტკივილის შესამცირებლად ექიმი დაფის აპკის გახვრეტას გირჩევთ.
ნუ დატოვებთ ყურის ტკივილს უყურადღებოდ! ისიც გახსოვდეთ, რომ ტკივილის ჩაცხრობა პრობლემისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. თუ პატარას სიცხე აქვს (რაც ჩირქოვან ანთებას ახასიათებს), უთუოდ აჩვენეთ პედიატრს. გართულების შემთხვევაში შესაძლოა ჩირქი მიმდებარე ღრუებშიც გავრცელდეს.

რა გვეშველება?
კითხულობენ შეშფოთებული მშობლები, რომელთა შვილსაც დაფის აპკი დაუზიანდა. მათი შეშფოთების მიზეზი გასაგებია: გახვრეტილი დაფის აპკიდან პაწია გაუგონარმა რაღა უნდა გაიგონოს?! სინამდვილეში კი საქმე არც ისე ცუდად არის: დაზიანებული დაფის აპკი, წესისამებრ, 2-3 კვირაში ხორცდება და სმენაც აღდგება.
ამ მწვავე დაავადების სიმპტომებია:
 ყურის უეცარი ძლიერი ტკივილი;
 ყურიდან გამჭვირვალე, ჩირქიანი ან სისხლნარევი გამონადენი;
 სმენის დაკარგვა;
 ყურში უცნაური ხმიანობა;
 წონასწორობის დარღვევა, რომელიც მალევე გაივლის;
 წონასწორობის დარღვევის თანამდევი გულისრევის შეგრძნება.
დაფის აპკის დაზიანების მიზეზი უმეტესად შუა ყურის ინფექციური ანთებაა. სხვა მიზეზებიდან აღსანიშნავია:
 ბაროტრავმა, რომლის მიღების ალბათობა მაღალია, როდესაც დაფის აპკის სხვადასხვა მხარეს წნევა მკვეთრად განსხვავებულია (ასეთი პირობები იქმნება თვითმფრინავით მგზავრობისას, ყვინთვისას, ჰაერის სწრაფი ჭავლის უშუალო ზემოქმედებისას, მაგალითად, მოძრავ ავტომობილში ღია ფანჯარასთან ჯდომისას);
 აკუსტიკური ტრავმა ანუ მაღალი ხმიანობა (ხმამღალი მუსიკა, იარაღის გასროლის ხმა);
 უცხო სხეულის მოხვედრა და საწმენდი ჩხირებით ყურის ღრმად  გამოწმენდა.
დაფის აპკის დაზიანების შემთხვევაში ექიმი ბავშვს ყურში უმეტესად სამკურნალო სითხეში დასველებული ბამბის ბურთულების მოთავსებას ურჩევს. იშვიათად ხდება საჭირო დაფის აპკის პლასტიკის ჩატარება – ქირურგიული გზით მისი მთლიანობის აღდგენა.
თუ ბავშვს დაფის აპკი დაუზიანდა, გაითვალისწინეთ, რომ:
 განკურნების პერიოდში ყურში წყლის მოხვედრას უნდა ერიდოთ, ამიტომ ჭყუმპალაობის დროს ბავშვს ყურში ვაზელინში ამოწობილი ბამბის ბურთულა ჩაუდეთ.
 ყურს ხშირ-ხშირად ნუ გაუწმენდთ, აცადეთ დამცავი გოგირდის წარმოქმნა.
 არ შეიძლება ცხვირის ღონივრად მოხოცვა – ეს დაფის აპკზე წნევას გაზრდის და შეხორცებას შეუშლის ხელს.  

გააზიარე: