როგორ მოვუაროთ სიცხიან ბავშვს

გააზიარე:

რა მოვუხერხოთ სიცხეს
ჩვილის მშობლების ერთი ჩვეულებრივი ღამე: დედიკოს ბავშვის ბორგვა აღვიძებს. დაადებს თუ არა პაწიას შუბლზე ხელს, ყველაფერი ნათელი ხდება – ბავშვი გავარვარებულია. ამის შემდეგ ყველა მშობელი მეტ-ნაკლებად ინდივიდუალური სცენარით მოქმედებს: ზოგი ბაიას ძმრიან წინდებს აცმევს ფუმფულა ტერფებზე, ზოგი პარაცეტამოლის დოზის გამოთვლაში ათენებს, ზოგიც, თავგზააბნეული, ტელეფონს ეცემა, რომ დედას ან გამოცდილ მეგობარს დაურეკოს.
პირველი, რაც შეგვიძლია გითხრათ, ეს არის: დამშვიდდით, მაღალი ტემპერატურა ბავშვს არაფერს ავნებს. ეს სიმპტომი უმეტესად სულაც არ მიუთითებს მძიმე პათოლოგიაზე. მეტიც – სიცხე ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე მეტყველებს. ის იმის ნიშანია, რომ ორგანიზმმა ინფექციას ომი გამოუცხადა.
სხეულის ტემპერატურაზე პასუხს აგებს ჰიპოთალამუსი – თავის ტვინის ნაწილი, რომელიც ტვინის ნივთიერების ცენტრშია მოთავსებული. სწორედ ჰიპოთალამუსი ადევნებს თვალს, რომ სხეულის ნორმალური ტემპერატურა 37 გრადუსს არ ასცდეს, მაგრამ საკმარისია, ორგანიზმში ინფექცია შეიჭრას, რომ ტემპერატურის განმგებელი ეს პაწაწინა უბანი ორგანიზმს მაღალი ტემპერატურის რეჟიმზე გადართავს. თუმცა მხოლოდ ინფექციის შეჭრისას როდი ხდება ასე. ბავშვებში სიცხის აწევის მიზეზად შეიძლება იქცეს:
. აცრა;
. კბილების ამოჭრა;
. გადახურება (მეტისმეტად თბილად ჩაცმა ან ზომაზე მეტად დამთბარ ოთახში ყოფნა). ამ მიზეზით ტემპერატურა უმეტესად ახალშობილებს უწევთ, რადგან ტემპერატურის მარეგულირებელი ორგანო მოუმწიფებელი აქვთ.
დაიხსომეთ: სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ უმიზეზოდაც იმატებს. მაგალითად, შესაძლოა, დილით გაცილებით დაბალ ციფრებს აჩვენებდეს, ხოლო საღამოს – უფრო მაღალს. ტემპერატურამ ასევე შესაძლოა მოიმატოს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, მაგალითად, სირბილის, ვარჯიშის, თამაშის შემდეგ, დასვენებისას კი კვლავ მწყობრში ჩადგეს.

მხედველობაში მისაღები ციფრები
პედიატრები გვირჩევენ, სიცხის დამწევი მედიკამენტი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. უკიდურესი შემთხვევა კი სამ თვემდე ასაკის ჩვილებში 38 გრადუსზე მეტი რექტალური (უკანა ტანიდან გაზომილი) ტემპერატურაა, ხოლო 3 თვეს გადაცილებულებში – 39 გრადუსი და მეტი.
მაღალი ტემპერატურა საშიში არ არის, თუ ბავშვი:
. აქტიურია და ხალისით თამაშობს;
. საკვებზე უარს არ ამბობს;
. დედიკოს უღიმის და საზოგადოდ, კარგ გუნებაზეა;
. აქვს კანის ჯანსაღი ფერი (კანი არ არის აჭრელებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი).
ნურც იმაზე იჯავრებთ, თუ ბავშვმა მაღალი სიცხის დროს მადა დაკარგა. საკმარისია, ტემპერატურა ნორმალურ ციფრებს დაუბრუნდეს, რომ პატარას მადა დაუბრუნდება და დანაკლისს იოლად აინაზღაურებს.

რა (და სად) არის ნორმა
განსაზღვრული მნიშვნელობა შუბლზე ხელისგულის მიდებით ნაგრძნობ ტემპერატურასაც ჰქონია. ამ მეთოდით დაფიქსირებული ტემპერატურისთვის სამედიცინო ტერმინიც კი გამოუნახავთ – ტაქტილური. მეტი სიზუსტისთვის კი თერმომეტრს იშველიებენ. ითვლება, რომ ბავშვს სიცხე აქვს, თუკი თერმომეტრმა:
. რექტალური გაზომვით – 38 გრადუსი;
. პირში გაზომვით – 37,5 გრადუსი
. იღლიაში გაზომვით 37,2 გრადუსი აჩვენა. 
დაიხსომეთ: ციფრები არაფრისმთქმელია. მაღალი ტემპერატურა იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი მძიმედ არის ავად. ზოგჯერ ციფრების უმნიშვნელო მატება (სუბფებრილური ტემპერატურა) გაცილებით სერიოზული პრობლემის მაუწყებელია ან იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვის ორგანიზმს ბრძოლის უნარი აქვს დაქვეითებული.

ვირჩევთ თერმომეტრს
ვერცხლისწყლიანი შუშის თერმომეტრის ეპოქა აშშ-ში დიდი ხანია დასრულდა. ამერიკის პედიატრიის ასოციაციის განცხადებით, ამ ტიპის თერმომეტრის გამოყენება ვერცხლისწყლის ტოქსიკურობის გამო დაუშვებელია. აკრძალვის საბუთში ერთ-ერთ პუნქტად შავით თეთრზე წერია ასეთი რამ: თუ შინ ჯერ კიდევ გაქვთ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი, არამც და არამც არ გადააგდოთ – გატყდება და ვერცხლისწყალი გარემოში დაიღვრება; ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის ლიკვიდაციისთვის ექიმს მიმართეთ, ის თერმომეტრის უსაფრთხო განადგურების წესებს გასწავლითო.
ვიდრე ამერიკელები ამ კანონზე მუშაობდნენ, მეცნიერები უსაფრთხო თერმომეტრს ქმნიდნენ. ამ შრომის ნაყოფია ციფრული თერმომეტრი, რომლის ცალი ბოლო სენსორით არის აღჭურვილი (სწორედ ეს დაბოლოება აღიქვამს ტემპერატურას), ხოლო ტემპერატურის მაჩვენებელი ციფრების სახით დისპლეიზე გამოსახება. დიგიტალური თერმომეტრი საკმაოდ ზუსტად ზომავს ტემპერატურას და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც რექტალური, ისე ორალური (პირში) და აქსილარული (იღლიაში) გაზომვისთვის.
ბოლო ხანს პოპულარობით სარგებლობს საწოვარიანი თერმომეტრი, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სამ თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის – ჩვილებს ვერ აიძულებ, გაუნძრევლად ედოთ პირში საწოვარა, შესაძლოა გადმოაფურთხონ კიდეც, თანაც ყველაზე ზუსტ მაჩვენებელს რექტალური გაზომვით ვიღებთ, რასაც საწოვარიანი თერმომეტრით, დამეთანხმებით, ვერ მოვახერხებთ.
არსებობს შუბლზე მისადები პლასტიკური ფირფიტის თერმომეტრებიც, თუმცა მცირე ასაკის ბავშვებში ტემპერატურას არც ისე ზუსტად ზომავს.
ამრიგად, საუკეთესო არჩევანი მაინც დიგიტალური თერმომეტრია, რომლის გამოყენებაც დაბადებიდანვე შეიძლება. ამერიკელ პედიატრებს მიაჩნიათ, რომ სამ წლამდე რეკომენდებულია ტემპერატურის რექტალური გაზომვა, სიცხის იღლიაში გაზომვა მხოლოდ 4 წლიდან შეიძლება, პირში თერმომეტრის ჩადებაც მხოლოდ 4 წლიდან არის სასურველი, ისიც მაშინ, თუ პატარას არ ახველებს და ცხვირი გაჭედილი არ აქვს.

თურმე ამასაც ცოდნა სჭირდება
რა უნდა სიცხის გაზომვას? თითქოს არაფერი, მაგრამ სიზუსტისთვის მარტივი წესების დაცვა მაინც აუცილებელია.
რექტალური ტემპერატურის დასადგენად ვიქცევით ასე:
. ვუსვამთ ვაზელინს თერმომეტრის სენსორიან დაბოლოებას;
. პაწიას პირქვე ვაწვენთ და წელზე ხელისგულს ვაჭერთ ან ვაწვენთ გულაღმა, ტერფებზე ხელს ვკიდებთ და ფეხებს მაღლა ვუწევთ;
. თავისუფალი ხელით ვათავსებთ თერმომეტრს ანალურ ხვრელში 1-2 სმ-ის სიღრმეზე;
. ველოდებით ხმოვან სიგნალს და მისი გაგონებისთანავე ფრთხილად ვიღებთ თერმომეტრს.
ორალური  ტემპერატურის დასადგენად ვიქცევით ასე:
. ვზომავთ ტემპერატურას ჭამიდან არანაკლებ ნახევარი საათის შემდეგ;
. ვამოწმებთ, პატარას პირში ლუკმა ან კანფეტი ხომ არ უდევს, შემდეგ თერმომეტრის სენსორიან ბოლოს ენის ქვეშ ვუთავსებთ და ვთხოვთ, ტუჩები მოკუმოს;
. ვაკვირდებით ბავშვს, ხომ არ უჭირს ამ დროს ცხვირით სუნთქვა. ამ შემთხვევაში ტემპერატურის ორალურად გაზომვა რეკომენდებული არ არის.
აქსილარული  ტემპერატურის დასადგენად ვიქცევით ასე:
. ვხდით ბავშვს ტანსაცმელს;
. თუ მთლიანად ვერ გავაშიშვლეთ, ვაკვირდებით, რომ თერმომეტრი იღლიის კანს ეხებოდეს და არა ტანსაცმელს;
. თერმომეტრის უკეთესი ფიქსაციისთვის ბავშვს ხელს გულმკერდზე ჩვენივე ხელით ვუფიქსირებთ.
არასოდეს გაუზომოთ ბავშვს სხეულის ტემპერატურა აბაზანის მიღებისთანავე!

ვებრძვით მაღალ ციფრებს
სიცხესთან ბრძოლის მარტივი ტაქტიკა საკუთარი ბავშვობიდანაც გვახსოვს, თუმცა მაინც შეგახსენებთ.
უკეთესი ეფექტისთვის ჯობს ასე მოიქცეთ:
. მიეცით პატარას სიცხის დამწევი (პარაცეტამოლის შემცველი) მედიკამენტი, ოღონდ ზუსტი დოზით. ორ წლამდე ასაკის ბავშვისთვის დოზა განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნეს შერჩეული (ყოველ შემთხვევაში, ასე მიაჩნიათ ამერიკელ პედიატრებს). ამდენად, ექიმის დანიშნულების გარეშე მედიკამენტის მიცემას არ გირჩევთ.
. არამც და არამც არ მისცეთ ასპირინი! ეს მედიკამენტი მცირე ასაკში ფატალური შედეგის მქონე გართულებას – რეიეს სინდრომს იწვევს. მართალია, ეს გართულება ძალზე იშვიათია, მაგრამ გარისკვა არ ღირს.
. დაზილეთ წყლით. კანზე ფაქიზად წაუსვით თბილ წყალში დასველებული ღრუბელი. არ შეიძლება ტემპერატურის დასაწევად ცივი წყლით დაზელა ან ყინულის ღრუბლის დადება. არც სპირტით დაზელა იქნება გონივრული საქციელი – ალკოჰოლი კანში იოლად შეიწოვება და შესაძლოა, ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
. ბავშვს თხლად ჩააცვით და თხელი პლედი დაახურეთ. ჩაფუთნული სხეული სითბოს არ გასცემს, ორგანიზმი უფრო მეტად ხურდება და ტემპერატურაც მაღლა იწევს.
. ყურადღება მიაქციეთ ოთახის ტემპერატურას – ის არც მაღალი უნდა იყოს და, მით უმეტეს, არც მეტისმეტად დაბალი.
. ბავშვს უხვად მიეცით სითხე. მაღალი ტემპერატურის დროს ორგანიზმი სითხეს ინტენსიურად კარგავს, რამაც შესაძლოა დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება) გამოიწვიოს. კარგია ბაცი ჩაი ლიმონითა და ჟოლოთი, წვნიანი კერძები, უბრალო წყალი. ერიდეთ კოფეინის შემცველი სასმელების (კოკა-კოლას, ყავის, მაგარი ჩაის) მიცემას – მათ შარდმდენი მოქმედება აქვთ და გაუწყლოებას უფრო მეტად შეუწყობენ ხელს.
. თუ სიცხეს ღებინება და ფაღარათიც ერთვის, ბავშვს ელექტროლიტების შემცველი სითხე  (რეჰიდრონი) ასვით, მოარიდეთ ხილის (ვაშლის) წვენს.
. სიცხიანი ბავშვი შინ დატოვეთ. საბავშვო ბაღში, სკოლაში ან ეზოში მხოლოდ მას შემდეგ გაუშვით, რაც დარწმუნდებით, რომ ტემპერატურა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ნორმალური აქვს. საზოგადოდ კი სასურველია, სიცხიანი პატარა ისვენებდეს, უმეტესად იწვეს.

როდის ვუხმოთ ექიმს
ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ სამ თვემდე ასაკის ჩვილის სხეულის ტემპერატურა 38 გრადუსი და მეტია, ხოლო შედარებით მოზრდილისა – 39 და მეტი.
გარდა ამისა, ექიმს უხმეთ, თუ:
. ბავშვი უარს ამბობს სითხის მიღებაზე;
. აქვს ძლიერი ფაღარათი და ხშირი ღებინება;
. ავლენს დეჰიდრატაციის ნიშნებს: იშვიათად შარდავს, ტირილის დროს ცრემლი არ მოსდის, ნაკლებად აქტიურია;
. აქვს კონკრეტული ჩივილი, მაგალითად, სტკივა ყელი ან ყური;
. მიუხედავად მკურნალობისა, სიცხე არ იკლებს: ორ წლამდე ასაკის ბავშვებში – 24 საათის განმავლობაში, 2 წლის შემდეგ – 72 საათის განმავლობაში;
. დღისით ტემპერატურა იწევს, საღამოს კი კვლავ მაღალ ციფრებს უბრუნდება;
. ბავშვს აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება, მაგალითად, გულის პათოლოგია, წითელი მგლურა, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია;
. კანზე გამოაყარა;
. მოშარდვის დროს ტკივილს უჩივის.

სასწრაფოდ გამოიძახეთ ექიმი, თუ:
. ბავშვი მივარდნილია და ფეხზე ვერ დგება;
. ძლიერ გაღიზიანებულია და უმიზეზოდ ტირის;
. გამონაყარს, რომელიც სიცხის აწევისთანავე გაუჩნდა, იისფერი დაჰკრავს;
. ტუჩები და ფრჩხილები გაულურჯდა;
. კისრის კუნთები ისე გაუმაგრდა, რომ თავს ვეღარ ანძრევს;
. აუტანლად სტკივა თავი, იტკივებს მუცელს.
. სუნთქვა ცხვირის მოხოცვის შემდეგაც კი უჭირს.    

გააზიარე: