თავის ტკივილი ბავშვებში

გააზიარე:

თავის ტკივილი რომ ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო პრობლემაა, ამაზე მხოლოდ მისი სიხშირეც კი მიუთითებს. ამა თუ იმ ინტენსივობისა თუ ტიპის თავის ტკივილი  სასკოლო ასაკის ბავშვების დაახლოებით 90%-ს – ანუ თითქმის ყველას – აწუხებს. თავის ტკივილით გატანჯული მოზრდილების უმრავლესობას ჩივილები ბავშვობაში დაეწყო, ხოლო მათ მეხუთედს – 10 წლის ასაკამდეც კი.

ხშირად თავის ტკივილი ვირუსულ ინფექციას – გრიპს, ანგინას ახლავს თან, გამოჯანმრთელებისთანავე გაივლის და განსაკუთრებულ ყურადღებას არ მოითხოვს. განმეორებადი, პერიოდული თავის ტკივილი კი, რა თქმა უნდა, განსხვავებული ფენომენია. ექიმს აუცილებლად დაუკავშირდით, როცა თავის ტკივილი ხშირი, ძლიერი და შემაწუხებელია, ბავშვს ხელს უშლის მეცადინეობაში, თამაშსა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ექიმთან მისვლა და თავის ტკივილის ტიპისა და მიზეზის დადგენა საშუალებას მოგცემთ, შეამციროთ თავის ტკივილის ძალა და სიხშირე და გააუმჯობესოთ ბავშვის ცხოვრების ხარისხი.

განსაკუთრებით საშიშია და სასწრაფო მეთვალყურეობას საჭიროებს:

  • თავის ტკივილი, რომელიც ბავშვს აღვიძებს;
  • თავის ტკივილი, რომელსაც თან ახლავს ღებინება (განსაკუთრებით – დილის საათებში);
  • ტკივილების გაძლიერება და გახშირება;
  • თავის ტკივილის ეპიზოდი, რომელზეც ბავშვი ამბობს, რომ “ასე ძალიან თავი არასდროს სტკივებია”;
  • თავის ტკივილის ეპიზოდი, რომელიც ადრინდელი ტკივილებისგან განსხვავებული ხასიათისაა;
  • ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც თან სდევს მაღალი სიცხე ან კისრის კუნთების დაჭიმულობა;
  • თავის ტრავმის შემდეგ აღმოცენებული ძლიერი თავის ტკივილი.

თავის ტკივილი უამრავმა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს, დაწყებული მარტივი საყოფაცხოვრებო თუ სასკოლო პრობლემით და დამთავრებული სიცოცხლისათვის საშიში ინფექციებითა და ტვინის სიმსივნეებით.

სპეციალისტები თავის ტკივილებს ორ დიდ ჯგუფად – პირველად და მეორად ტკივილებად – ყოფენ.
პირველადი თავის ტკივილები ბევრად უფრო ხშირია და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ შესაძლოა, მეცადინეობაში, აქტიურ ცხოვრებაში უშლიდეს ხელს. ამ შემთხვევაში ბავშვს აუცილებლად უნდა ვუმკურნალოთ. ამ ჯგუფს მიაკუთვნებენ გადაძაბვის ანუ დაძაბვის, დეპრესიულ თავის ტკივილებსა და შაკიკს.

მეორადი თავის ტკივილი სხვა – ინფექციური, სისხლძარღვოვანი, ონკოლოგიური, ტრავმული, ტოქსიური – დაავადების სიმპტომია.
მშობლები ხშირად გვეკითხებიან, ხომ არ არის დაკავშირებული ბავშვის თავის ტკივილი ქალასშიგა წნევის მომატებასთან. ეს პათოლოგია თავის ტკივილის ერთ-ერთი და თანაც საკმაოდ იშვიათი მიზეზია, თუმცა “ქალასშიგა წნევის” მატების დიაგნოზი გაუმართლებლად ზედმეტად პოპულარულია.

ბავშვი თავის ტკივილისგან დასაცავად პირველ რიგში დღის რეჟიმი უნდა მოვუწესრიგოთ. ყველაზე მეტად დღევანდელი ბავშვების გადატვირთულ დღის რეჟიმზე გავამახვილებდი ყურადღებას. თუ ბავშვი გაკვეთილების შემდეგ ჯერ ინგლისურზე მიდის, მერე ფრანგულზე, მერე გერმანულზე, და დანარჩენ დროსაც კი მეცადინეობას ახმარს, რაღა გასაკვირია, თავი ასტკივდეს. ზოგი მშობელი კი შვილს სპორტის სამ სახეობაზე ერთად ატარებს. რა თქმა უნდა, ესეც შეცდომაა. დრო ყველაფრისთვის უნდა გამოვნახოთ, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა და დასვენება ზუსტად უნდა შევუხამოთ ერთმანეთს.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება. გამოსაძინებლად ყველა ბავშვს სხვადასხვა დრო სჭირდება, საშუალოდ – არანაკლებ 8-10 საათისა დღე-ღამეში.

მიაქციეთ ყურადღება კვებას. შიმშილი და სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება ხშირად იწვევს თავის ტკივილს. თუ შეამჩნიეთ, რომ თავის ტკივილი რომელიმე საკვების მიღებას უკავშირდება, საერთოდ ამოიღეთ ბავშვის რაციონიდან. მიაჩვიეთ სითხის საკმარისი ოდენობით მიღებას.

თუ ბავშვს თავის ტკივილი ხშირად აწუხებს. აწარმოეთ დღიური. ზუსტად ჩაიწერეთ, როდის დაიწყო ტკივილი, რას აკეთებდა პატარა ამ დროს, რამდენ ხანს გაგრძელდა, რა ჰქონდა იმ დროს ნაჭამი, რამდენი ხანი იყო გასული წინა კვებიდან, რამ მოჰგვარა შვება. გარდა იმისა, რომ დასკვნების გამოტანას თვითონაც შეძლებთ, ნევროლოგიც უფრო უკეთ დაინახავს მთელ სურათს და მკურნალობის გეგმასაც უფრო ადვილად შეიმუშავებს.

თავის ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მისცეთ ტკივილგამაყუჩებელი – პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (სხვათა შორის, ზოგჯერ ტკივილს კოფეინი ან ცივი კოკა-კოლაც ხსნის), მაგრამ მედიკამენტებით გატაცებასა და თვითშემოქმედებას არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ. არის შემთხვევები, როცა მშობელი მეუბნება, რომ თავის ტკივილის გასაყუჩებლად ბავშვს ციტრამონს აძლევს. ეს არის კომბინირებული პრეპარატი, რომელიც სამ მედიკამენტს: პარაცეტამოლს, ასპირინსა და კოფეინს – შეიცავს. რა საჭიროა ბავშვის ერთდროულად სამი ქიმიური ნივთიერებით დატვირთვა, როცა ერთიც საკმარისია?! ასეა თუ ისე, როცა წამალი ხშირად გჭირდებათ, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.

გააზიარე: