პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი

გააზიარე:

ქოლესტეროლის მომატებასა და ათეროსკლეროზზე საუბრისას უპირველეს ყოვლისა ინფარქტი და ინსულტი გვახსენდება. სინამდვილეში პათოლოგიური პროცესი ნებისმიერ არტერიას შეიძლება შეეხოს და ვინაიდან პერიფერიული არტერია ბევრად უფრო მეტია, ათეროსკლეროზული ფოლაქები მათ ბევრად უფრო ხშირად სტუმრობს. საბედნიეროდ, პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება იმდენად საბედისწერო არ არის, რამდენადაც ზემოხსენებული გართულებები, თუმცა შორსწასულ შემთხვევაში პატრონს შეიძლება კიდურის დაკარგვადაც კი დაუჯდეს. სამაგიეროდ, მისი დროული დადგენა და მკურნალობა ინფარქტისა და ინსულტის ალბათობასაც ამცირებს.

პერიფერიული არტერიები, რა თქმა უნდა, სხეულის ნებისმიერ ნაწილშია, მაგრამ სისხლის მიმოქცევისა და დატვირთვის თავისებურებათა გამო ათეროსკლეროზი უმთავრესად ქვედა კიდურებს ემუქრება. ვიდრე სისხლძარღვების დაზიანება მაღალ ხარისხს არ მიაღწევს, დაავადებაზე არაფერი მიანიშნებს. დაავადებულთა 10% ხანგამოშვებით კოჭლობას უჩივის. ამ დროს ფიზიკური აქტიურობა, მაგალითად, სიარული, კუნთის ტკივილს ან კრამპს (მტკივნეულ შეკუმშვას) იწვევს, რომელიც რამდენიმეწუთიანი დასვენების შემდეგ გაივლის. ტკივილის ლოკალიზაცია შევიწროებული ან გაჭედილი არტერიის მდებარეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე ხშირი წვივის ტკივილია.

ხანგამოშვებითი კოჭლობა თავდაპირველად მხოლოდ მცირედი დისკომფორტით გამოიხატება, მერე და მერე კი ტკივილი შეიძლება გაუსაძლისიც კი გახდეს და ავადმყოფს სიარულზე საერთოდ უარი ათქმევინოს.

სხვა სიმპტომებია:

- ფეხის დაბუჟება ან სისუსტე;
- წვივისა და ტერფის გაცივება, განსაკუთრებით – როდესაც მეორე ფეხთან შედარებით განსხვავება იგრძნობა;
- დიდხანს შეუხორცებელი წყლულები ფეხის თითებზე, ტერფებზე;
- ფეხზე კანის ფერის შეცვლა;
- ბუსუსების გაცვენა;
- ფეხის ფრჩხილების გადაგვარება.

პერიფერიული არტერიების დაზიანების მკურნალობა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, სიმპტომების, მაგალითად ტკივილის შესუსტებას, რათა ადამიანმა ნორმალური ცხოვრების გაგრძელება შეძლოს, მეორე მხრივ კი ათეროსკლეროზის პროგრესირების შენელებას, რაც ინფარქტისა და ინსულტის რისკის შემცირებასაც ნიშნავს. ორივე მიზნის მისაღწევად მედიცინის არსენალი საკმაოდ ფართოა, ოღონდ უთქვენოდ ვერავინ იომებს. კვებითი ჩვევების შეცვლა, ცხოვრების წესის გაჯანსაღება, მით უფრო, თუ ექიმის რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებთ, შესაძლოა პათოლოგიის კონტროლისთვის საკმარისიც კი აღმოჩნდეს. თუ წამალი ან ქირურგიული ჩარევა მაინც დაგჭირდათ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვით მათ ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდით. 

შეწყვიტეთ წევა. თამბაქო არტერიების დაუძინებელი მტერია და მასთან განშორება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც დაავადების პროგრესირების შესაჩერებლად უნდა გადადგათ.

ივარჯიშეთ. ხომ გაგიგონიათ, რამაც მომკლა, იმან მომარჩინოსო. პერიფერიული არტერიების დაავადების მკურნალობის წარმატება ხშირად სწორედ იმით იზომება, რა მანძილის გავლა შეგიძლიათ ტკივილის განუცდელად. ზუსტად შერჩეული ვარჯიში კუნთებს ჟანგბადის უკეთ გამოყენებას ასწავლის, წონის კონტროლში გეხმარებათ, ქოლესტეროლის ცვლაზე სახარბიელოდ მოქმედებს. თუმცა გადაღლა და ზედმეტი დატვირთვა არაფრით არ შეიძლება, ასე რომ, ან მცოდნე ინსტრუქტორი აიყვანეთ, ან ძალიან ფრთხილად იყავით, ვარჯიშის მარტივი სახეობა (ვთქვათ, სიარული) შეარჩიეთ და ინტენსივობა ძალიან, ძალიან ნელა ზარდეთ.

იკვებეთ გონივრულად. თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, გახდომა მოგიწევთ. ანტიათეროგენული დიეტის მნიშვნელობაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ზოგადი წესები ასეთია: ცხიმის ხარჯზე დღიური კალორიების 30%-ზე ნაკლები უნდა მოდიოდეს, აქედან ცხოველურზე – მხოლოდ მესამედი ანუ 8-10%. რაც შეეხება ქოლესტეროლს, მისი ნორმა 300 მგ-ს შეადგენს. წარმოდგენა რომ შეგექმნათ, ზუსტად ამდენ ქოლესტეროლს შეიცავს ერთი კვერცხი. ეს იმას ნიშნავს, რომ ერბოში შემწვარი ომლეტი მეტისმეტია, მით უმეტეს, თუ იმ დღეს სხვა ცხოველური პროდუქტიც მიიღეთ. შეიყვარეთ ბოსტნეული, ხილი, მიირთვით წყალზე მომზადებული შვრიის, წიწიბურას, მანანისა და ბრინჯის ფაფები, ვეგეტარიანული სუპები. კერძისთვის მხოლოდ მცენარეული ცხიმი გამოიყენეთ. ნებადართულია ძროხისა და ხბოს მჭლე, ინდაურისა და ქათმის კანგაცლილი თეთრი ხორცი, ნებისმიერი სახის თევზეული, გარდა ხიზილალისა. ღორის, ცხვრის, ბატისა და იხვის ხორცზე, ასევე – ღვიძლზე, თირკმელებზე, ენაზე, ტვინზე, ძეხვზე, სოსისსა და შაშხზე უარის თქმა მოგიწევთ. რძის ნაწარმიდანაც უპირატესობა ცხიმით ღარიბ პროდუქტებს – ხაჭოს, ნადუღს, ყველს, მაწონს, კეფირს, რძესა და იოგურტს მიანიჭეთ. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, გულისთვის სასარგებლო ომეგა-3 მჟავები (რომლებითაც მდიდარია ცივი წყლის ცხიმიანი თევზი – ორაგული, ქაშაყი, სკუმბრია) პერიფერიული არტერიებისთვის სასარგებლო ყოფილა.

გაუფრთხილდით ფეხებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არტერიების დაზიანებასთან ერთად დიაბეტიც გაწუხებთ – დიდია საფრთხე, უბრალო ჭრილობაც კი გაგიმიზეზდეთ, ამიტომაც ყოველდღე დაიბანეთ და კარგად დაიტენიანეთ ტერფები, ნახეთქების გაჩენა თავიდან რომ აიცილოთ, ატარეთ კარგად მორგებული ფეხსაცმელი და სქელი წინდები, ფრთხილად დაიჭერით ფრჩხილები, უმნიშვნელო ნაკაწრიც კი გულდასმით დაიმუშავეთ ანტისეპტიკით და თუ შეხორცება ოდნავ მაინც გახანგრძლივდა, მაშინვე ექიმს მიმართეთ.

გააზიარე: