კარდიოლოგიური პრობლემები ბავშვებში

გააზიარე:

გვესაუბრება ბავშვთა კარდიოლოგთა ასოციაციისა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის პრეზიდენტი, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული კლინიკის დირექტორის მოადგილე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოს-მდივანი გიორგი ჩახუნაშვილი:

_ ქართულ სტატისტიკას მოგახსენებთ: 18-დან 30 წლამდე ასაკის ყოველ 1000 ადამიანზე 25-30 გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით დაავადებული მოდის, ბავშვებში კი ეს კოეფიციენტი 20-ჯერ ნაკლებია. დამეთანხმეთ, ხომ შეუძლებელია, ამდენი კაცი ავად გახდომისთვის მაინცდამაინც საკუთარ მეთვრამეტე დაბადების დღეს ელოდეს? ამრიგად, დაავადებათა პროფილაქტიკისა და დროული დიაგნოსტიკის საკითხები მისახედია და პედიატრიულ თერაპიულ კარდიოლოგიას მეტად სერიოზული ხარვეზები აქვს შესავსები. ეს სამეცნიერო კონგრესების მასალებიდანაც კარგად ჩანს. კარდიოლოგთა მსოფლიო კონგრესებზე ბავშვთა პათოლოგიებს დაახლოებით 5-10% უკავია და აქედანაც 95% თანდაყოლილი მანკების ქირურგიულ მკურნალობას ეხება. ასე რომ, თერაპიული პედიატრიული კარდიოლოგია დიდი კარდიოლოგიის მხოლოდ 0.1%-ს თუ იკავებს. ამავე დროს საიდუმლო არავისთვის არის, რომ მთელ მსოფლიოში გულ- სისხლძარღვთა პათოლოგიები სიკვდილიანობის მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა. გულის იშემიური დაავადების, არტერიული  ათეროსკლეროზისა და სხვა პათოლოგიების წანამძღვრები სწორედ ადრეულ ასაკში იქმნება. ამიტომაც ბავშვებში გატარებული პრევენცია ნიშნავს შენახულ გენოფონდს, თითოეულისთვის კი – ჯანსაღ ორგანიზმს, რომელიც ღრმა მოხუცებულობამდე გაჰყვება.

გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობის გამოსაკვლევად მრავალი მეთოდი არსებობს, მაგალითად, ექოგრაფია, დოპლეროგრაფია, სისხლის ბიოქიმიური თუ გენეტიკური ანალიზი, თუმცა ისინი საკმაოდ ძვირად ღირებულია და, როგორც წესი, მაშინ ვიყენებთ, როდესაც გულის დაზიანებაზე სერიოზული ეჭვი უკვე გვაქვს, პროფილაქტიკისთვის კი სავსებით საკმარისია უვნებელი, სწრაფი, მარტივი, იაფი და ამავე დროს ფაქიზი მეთოდი, რომელიც დაახლოებით საუკუნის წინათ გამოიგონეს. დიახ, ჩვეულებრივ ელექტროკარდიოგრამას ვგულისხმობ. ვერ წარმოიდგენთ, რამდენი რამის ამოკითხვა შეუძლიათ მასში პროფესიონალებს.

გააზიარე: