ბავშვთა ალერგიები

გააზიარე:

 როდესაც ბავშვი ალერგიულია

ალერგიაზე განსაკუთრებით აქტიურად გაზაფხულობით ავლაპარაკდებით ხოლმე. წელიწადის სწორედ ამ მშვენიერ დროს იწყებენ ყვავილობას მცენარეები, რომლებიც ჰაერში, გარდა სასიამოვნო სურნელისა, ალერგენებსაც უხვად მიმოფანტავენ. ეს – რაც შეეხება პოლინოზს (მცენარეული მტვრის ალერგიას). არსებობს ალერგიის სხვა ფორმებიც, რომლებიც წელიწადის ნებისმიერ დროს გვესხმის თავს. ამჯერად ბავშვთა ალერგიაზე გესაუბრებით.

რა იწვევს დაავადებას? როგორ უნდა შეირჩეს კვებითი რაციონი? რამდენად ეფექტურია მედიკამენტური მკურნალობა? ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მაია გოთუა.

– ალერგია არის ორგანიზმის მომატებული მგრძნობელობა ამა თუ იმ ალერგენის ან ალერგენთა ჯგუფის მიმართ, რომელიც ადამიანთა უმრავლესობისთვის სავსებით უვნებელია. XX საუკუნის მიწურულს და XXI საუკუნის დასაწყისში ალერგიის პრობლემამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამას მრავალი მიზეზი აქვს: გარემოს დაბინძურება, რადიაციული ფონის მომატება, ცხოვრების თანამედროვე, მეტად სტრესული სტილი, თანამედროვე კვების თავისებურებანი გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების ჩათვლით, ყოფა-ცხოვრებაში ქიმიური ნივთიერებების მოჭარბება, მედიკამენტების უკონტროლო გამოყენება და სხვა. ამდენად, ალერგია თანამედროვე საზოგადოების დაავადებას წარმოადგენს, რომელსაც აქვს კატასტროფულად მზარდი ტემპი და ავლენს მიმდინარეობის დამძიმების ტენდენციას. მეცნიერები ალერგიის ეპიდემიაზეც კი ალაპარაკდნენ.

თავდაპირველად ალერგია განვითარებული ქვეყნების სენად მიიჩნეოდა. მართალია, მაღალი ინდუსტრიალიზაციის ქვეყნებში ეს პათოლოგია უფრო მეტად არის გავრცელებული, მაგრამ ბოლოდროინდელი მონაცემებით, ალერგიის მხრივ მათ არც განვითარებადი ქვეყნები ჩამორჩება. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ყოველ მესამე კაცს ესა თუ ის ალერგიული რეაქცია აღენიშნება. ბოლო 30 წლის განმავლობაში ალერგიული დაავადებების სიხშირე ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ორმაგდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2015 წლისთვის ევროპის მოსახლეობის ნახევარს ალერგიის ესა თუ ის ფორმა ექნება. განსაკუთრებით საყურადღებოა სწრაფი ტიპის ალერგიული რეაქციებით მიმდინარე დაავადებების მწვავე გამოვლინებები, მაგალითად, ბრონქული ასთმის შეტევა, ლარინგოსპაზმი, პოლინოზისა და ატოპიური ეგზემის მძიმე მანიფესტაციები, კვინკეს შეშუპება, ჭინჭრის ციება, ანაფილაქსიური შოკი  და სხვები, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს. მოზრდილთა 50%-ზე მეტსა და ბავშვთა არანაკლებ 80%-ში ასთმა ალერგიული გენეზისაა და პედიატრიული პოპულაციის დაახლოებით 5-15%-ში გვხვდება. მსოფლიოში სულ 300 მილიონი ადამიანია დაავადებული ბრონქული ასთმით, რაც უდიდეს ზიანს აყენებს ჯანდაცვის სისტემას და ბავშვთა ქრონიკული დაავადებებით განპირობებული ჰოსპიტალიზაციის მთავარ მიზეზს წარმოადგენს.

ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით ხშირია კანის ალერგოდერმატიტი, რისი მიზეზიც უმეტესად საკვებია. ალერგიზაციას ხელ უწყობს კონსერვანტებითა და საღებავი ნივთიერებებით  გაჯერებული სურსათი და ტკბილეული, ასევე – კონცენტრატებისგან დამზადებული ტკბილი სასმელი. 

– რა მდგომარეობაა ბავშვთა ალერგიის მხრივ საქართველოში?

– ბრონქული ასთმის, ალერგიული რინოკონიუნქტივიტისა და ატოპიური დერმატიტის მსოფლიო მასშტაბით მზარდი ტენდენციით გავრცელების გამო საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს ბავშვთა შორის ასთმისა და ალერგიის საერთაშორისო კვლევის მულტიცენტრული მრავალწლიანი პროგრამა (ISAAC), რომლის სამივე ფაზაში 1995-2003 წლებში ჩვენი ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში უკანასკნელ ათწლეულში საგრძნობლად გაიზარდა ბავშვთა შორის ბრონქული ასთმის გავრცელების სიხშირე და დაავადების მძიმე ფორმების სიჭარბე. ამასთანავე, გამოვლინდა ის სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები (ბინაში კედელზე ნესტის ლაქების არსებობა, ბინაში გათბობის უქონლობა), რომლებიც საქართველოში ასოცირებულია ბრონქული ასთმის განვითარებასთან (ISAAC, II ფაზა). ამავე კვლევამ გამოავლინა ასთმის სიმპტომების ორჯერადი ზრდა, ატოპიური დერმატიტის სიმპტომების სიხშირის ორჯერადი, ხოლო ალერგიული რინოკონიუნქტივიტის სამჯერადი მატება (2002 წ.).

ISAAC III ფაზის მიხედვით (2003 წ.) მიმდინარე ხიხინის სიმპტომების გავრცელება თბილისში 6-7 და 13-14 წლის ბავშვებში გაიზარდა და ნაცვლად 5.9%-ისა და 3.7%-ისა, გახდა 8.5% და 6.0%, ხოლო მეორე ცენტრში, ქუთაისში, გავრცელებამ იმატა 13-14 წლის ასაკის ბავშვებში (5.1% ნაცვლად 3.6%) და შემცირდა 6-7 წლის ბავშვებში (6.9% ნაცვლად 9.3%-სა).

სამწუხაროდ, ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის ზუსტი ეპიდემიოლოგიური მონაცემები მთელი პოპულაციისთვის, ვინაიდან ფართო ეპიდემიოლოგიური კვლევა ჩატარდა მხოლოდ განსაზღვრული ასაკის ბავშვებში (ISAAC). მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ საქართველოში ასთმის გავრცელების სიხშირე იზრდება. ბრონქული ასთმა სერიოზული პრობლემაა სამედიცინო, სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით და მისი განვითარება და ქრონიკულ დაავადებად ჩამოყალიბება ადრეულ ასაკში იწყება, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა და ადეკვატური მკურნალობა, ხოლო  გენეტიკური გამწყობის შემთხვევაში – დაავადების განვითარების პროფილაქტიკა.

- რა როლს ასრულებს გენეტიკა ალერგიის ჩამოყალიბებაში?

– ალერგია ყველას შეიძლება დაემართოს, მაგრამ მისი განვითარების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა ოჯახის რომელიმე წევრს ალერგიის ესა თუ ის გამოვლინება აღენიშნება. კონკრეტული შოკ-ორგანოს ალერგიული დაავადების რისკი ასოცირებულია ამ დაავადების არსებობის ოჯახურ ანამნეზთან. ალერგიულ დაავადებათა ოჯახური სეგრეგაცია 70-80%-ში განპირობებულია გენეტიკური ფაქტორებით. ამავე დროს, სრულებითაც არ არის სავალდებულო, ალერგიული მშობლების შვილი აუცილებლად ალერგიული დაავადებით დაავადდეს. შესაძლებელია, ალერგიამ “გამოტოვოს” რომელიმე თაობა და შემდგომში იჩინოს თავი.

ამდენად, ალერგიული განწყობის მქონე ოჯახებს მეტი ყურადღება მართებთ და თუკი წინასწარ მიიღებენ პრევენციულ ზომებს, შესაძლოა, ალერგიის გამოვლინება თავიდან აიცილონ.

– კიდევ რომელ ფაქტორებს გამოყოფდით, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალერგიის ჩამოყალიბებაში?

– გარდა გენეტიკური წინაგანწყობისა და მაღალალერგენული გარემოსი, ალერგიის ჩამოყალიბებაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს თავად ბავშვის დაბადების პერიოდს და მის ადრეულ კონტაქტს ალერგენებთან, მათ შორის – იმ პერიოდში მოყვავილე მცენარეებთან. მაგალითად, ამბროზია ყველაზე ძლიერ ალერგენთა ჯგუფს მიეკუთვნება. ის აგვისტო-სექტემბერ-ოქტომბერში ყვავის. საერთაშორისო და ადგილობრივმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამ პერიოდში ამბროზიის გავრცელების ენდემურ კერაში (მაგალითად, ლაგოდეხის რაიონში) დაბადებულ ბავშვებს აქვთ ალერგიულ დაავადებათა განვითარების მომატებული რისკი. თავად ამბროზია მეტად ძლიერი ალერგენია და ხშირად მძიმე ალერგიულ რეაქციებს განაპირობებს. ეს მცენარე სახიფათოა არა მარტო ყვავილობის დროს, არამედ გამხმარიც – ამ სახით მას ხშირად იყენებენ იკებანასთვის (გამხმარი ყვავილების დეკორატიული თაიგულისთვის).

- როგორც თქვენი ნათქვამიდან ჩანს, ალერგიული ფონის ჩამოყალიბებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც ახალშობილი დაბადებისთანავე ხვდება.

– მნიშვნელობა აქვს არა მარტო გარემოს, სადაც ბავშვი იბადება, არამედ მუცლადყოფნის პერიოდსაც – ამ დროს, სავსებით შესაძლებელია, მოხდეს ნაყოფის სენსიბილიზაცია. ამ შემთხვევაში მთავარი დამნაშავე ორსულის მიერ არასწორად შერჩეული (ალერგენებით გაჯერებული) რაციონია. მართლაც, ჩვენს ცენტრში ჩატარებულმა იმუნოლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ 4-5 თვის ბავშვებს, რომლებიც მხოლოდ დედის რძეს იღებენ,  ზოგჯერ ალერგიული ანტისხეულები უვლინდებათ ძროხის რძის, არაქისის, კვერცხისა და სოიის მიმართ, რაც მუცლადყოფნის პერიოდში დედის მიერ მიღებული კვებითი ალერგენებით სენსიბილიზაციაზე მიუთითებს.

ძლიერი კვებითი ალერგენებია რძე, კვერცხი, თხილი, არაქისი, ნიგოზი, თხილი, თევზი, სტაფილო, ციტრუსები, თაფლი. რეკომენდებულია, ორსული, მით უმეტეს – ალერგიისადმი გენეტიკურად განწყობილი, ერიდოს ამ პროდუქტების ჭარბად მიღებას, ასევე თავი არიდოს ისეთ ჰისტამინოლიბერატორებს (ალერგიის მეტიადორის ჰისტამინის გამოთავისუფლების ხელშემწყობ ნივთიერებებს), როგორიც არის შოკოლადი, კაკაო, ყავა. სასურველია ცხარე, მწარე, მლაშე და მეტისმეტად ტკბილი საკვების გამორიცხვა.

– შეიძლება თუ არა, ალერგია ახალშობილს ჩამოუყალიბდეს?

– ბოლო დროს რამდენადმე გახშირდა სიცოცხლის პირველსავე დღეებში ან ადრეულ ასაკში ალერგიული რეაქციების გამოვლენა. ყველაზე ხშირია ატოპიური დერმატიტის გამოვლინება ძროხის რძეზე, ამიტომაც სასურველია ძუძუთი კვების პროპაგანდა. რეკომენდებულია, წლამდე ასაკის ბავშვს არ მიეცეს ძროხის რძე და მისი ნაწარმი.

თუკი ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვს ალერგიული რეაქცია გამოაჩნდა, რა პრინციპით შევურჩიოთ საკვები?

– ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები სპეციალურ საკვებ ნარევებს იღებენ, ხოლო რძეზე ალერგიის შემთხვევაში – ჰიპოალერგიულ ანდა ბოლომდე ჰიდროლიზებულ, ალერგენობამოშორებულ ნარევებს. 
ზოგჯერ ალერგიული დერმატიტის მიზეზია ახალშობილის კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტული დეფიციტი, დისბაქტერიოზი, რაც ხელს უწყობს საკვების მოუნელებლობას და ალერგიის ფორმირებას. ეს უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ ალერგიული ბავშვის მკურნალობის დროს. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი, რომელიც ძროხის რძის მიმართ ალერგიულია, კარგად ითვისებს თხის ან სოიის რძეს. ასეთ შემთხვევაში ვატარებთ იმუნოლოგიურ გამოკვლევებს კვებით ალერგენებზე და კვების ოპტიმალურ შესაძლებლობებს ვარჩევთ.

- ალერგია მხოლოდ ძლიერ ალერგენებზე ვითარდება?

– არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ალერგია უვითარდება ხორცზე, რომელიც მეტად ჰიპოალერგიული საკვებია. გვხვდება ალერგიის შემთხვევები ხორბალზე, ჭვავის პურზე, წიწიბურაზე, სიმინდზე და სხვა, მაგრამ ასეთი რამ მეტად იშვიათია.
ზოგი მიიჩნევს, რომ თევზი ალერგიას არ იწვევს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თევზი ძლიერი ალერგენია და თევზის ნახარშის სუნმა შესაძლოა ახალშობილში ძლიერი ასთმური შეტევის პროვოცირება გამოიწვიოს. 

თუ ბავშვი რომელიმე საკვების მიმართ ალერგიულია, აუცილებლად უნდა მოვარიდოთ თუ არა მას?

–საზოგადოდ, საკვებისმიერი ალერგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდი ალერგენების ელიმინაცია ანუ კვებითი რაციონიდან დამნაშავე ალერგენების გამორიცხვა გახლავთ. ალერგიისადმი მიდრეკილი ბავშვი, გარდა იმისა, რომ ძლიერ საკვებ ალერგენებს უნდა მოვარიდოთ, სასურველია, მაქსიმალურად მოვარიდოთ ალერგიულ გარემოსაც. ასე მაგალითად, ჩვენში შემოდგომაზე მრავალ ოჯახში აჯიკა და ზამთრისთვის შესანახი სხვადასხვა საკვები მზადდება, რომლებიც სანელებლებითა და სხვა ძლიერი ალერგენებით არის გაჯერებული. ამ პერიოდში სასურველია, ბავშვი საზამთრო სამზადისს მოვარიდოთ.

- ზემოთ ამბროზია ახსენეთ. რას გვეტყოდით ზოგადად მცენარის მტვრის ალერგიაზე? რამდენად ხშირია ის ბავშვებს შორის?

–პოლინოზი მცენარის მტვერზე განვითარებული ალერგიული რეაქციაა, რომელიც უმთავრესად იზოლირებული ან კომბინირებული რინოკონიუნქტივიტით, ასთმური სიმპტომებითა და კანისმხრივი სიმპტომებით იჩენს თავს. მისი გამწვავება სხვადასხვა მცენარის ყვავილობის პერიოდს უკავშირდება, ხოლო წვიმიან ამინდში, მტვრის ნაწილაკების დალექვის გამო, ალერგიული სიმპტომების  სიმძაფრის დათრგუნვა ახასიათებს. პოლინოზისგან თავის დასაცავად უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ მცენარის ყვავილობის სეზონი. მაგალითად, ადრე გაზაფხულზე ყვავილობენ ხემცენარეები, მაისიდან ივლისის ჩათვლით – უმეტესად ბალახები და მარცვლოვნები, ხოლო აგვისტოდან ოქტომბრის ბოლომდე – სარეველა მცენარეები.

ჰაერში მცენარეული ალერგენების (მტვრის) კონცენტრაცია მნიშვნელოვნად არის  დამოკიდებული ამინდზე. მშრალი, ცხელი, ქარიანი ამინდი მტვრის გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომაც პოლინოზის გამწვავების დროს ქარიან და მზიან ამინდში ბავშვი უნდა მოვარიდოთ პარკებსა და ეზოში სეირნობას. წვიმას კი მტვერი, პირიქით, მიწაზე ჩამოაქვს და პოლინოზის გამწვავების ალბათობაც მცირდება. ნაწვიმარზე სეირნობაც ნაკლებად სახიფათოა (თუ ბავშვს არ აქვს ალერგია ნესტის სოკოებზე). უთუოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს ხეების გაკრეჭამ ერთობ სასიკეთო შედეგი გამოიღო და პაციენტებს რამდენადმე შეუმსუბუქა მდგომარეობა.

- რას გვეტყოდით ქიმიური წარმოშობის ალერგენებზე?

- ქიმიური წარმოშობის ალერგენებად შეიძლება მოგვევლინოს საპონი, შამპუნი, ოჯახში გამოსაყენებელი სარეცხი და გამწმენდი საშუალებები. შესაძლებელია განვითარდეს მედიკამენტური ალერგია სხვადასხვა ქიმიურ თუ ბუნებრივი, მცენარეული წარმოშობის მედიკამენტზე. ხშირად ალერგია ბავშვებს ოჯახში რემონტის დროს უვლინდებათ. ასეთ დროს სასურველია ისინი დროებით მოვარიდოთ აგრესიულ გარემოს.

- შეიძლება თუ არა, ალერგია გაზის გამათბობელმა გამოიწვიოს?

– სავსებით შესაძლებელია. ამ მხრივ უხიფათოა ცენტრალური, დახურული გათბობა და ელექტროგამათბობლები. საზოგადოდ, ნებისმიერი სახის გამათბობელი ოთახის ტემპერატურის მატებას განაპირობებს, ცხელი გარემო კი ხელს უწყობს ოთახის მტვრის ტკიპების გამრავლებას (ეს ტკიპები უმთავრესად ხალიჩებზე, საწოლის მოწყობილობაში, რბილი ავეჯის ქსოვილებში, ძველ წიგნებში, რბილ სათამაშოებში ბინადრობენ), ამიტომ სასურველია, საძინებელი ოთახის ტემპერატურა ზომიერი იყოს. გამათბობლები ჰაერსაც აშრობს, რაც ალერგიისადმი მიდრეკილ ორგანიზმზე ნეგატიურად აისახება. თუკი გაზის გამათბობელს იყენებთ, ზიანი ორმაგია, ვინაიდან ამ შემთხვევაში ნეგატიურ ზეგავლენას მავნე გამონაბოლქვიც ემატება. ამრიგად, ნებისმიერი ტიპის გამათბობლის ჩართვისას გირჩევთ, ოთახი ხშირად გაანიავოთ.

ალერგიულ ბავშვებზე შესაძლოა მავნე გავლენა მოახდინოს ოთახის მდუღარე წყლით დატენიანებამ – ორთქლი შეიძლება გაჯერებული იყოს სოკოს სპორებით. მოგეხსენებათ, ნესტი ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის დასტური გახლდათ ზემოთ აღნიშნული ISAAC-ის კვლევებიც.

ოთახის მტვრისმიერი ალერგიის შემთხვევაში რეკომენდებულია, მატყლის ნაცვლად ბამბის საწოლი მოწყობილობა, ტკიპებისგან დამცავი სპეციალური შალითები გამოვიყენოთ, ნოხები, ფარდები და ავეჯი მტვერსასრუტით, ტკიპების გამანადგურებელი ხსნარებითა და ფხვნილებით დავამუშაოთ. 

- შეიძლება თუ არა, ბავშვს ალერგია ცხოველის ბეწვზე განუვითარდეს?

– ცხოველები ალერგიის ჩამოყალიბებაში ყოველთვის როდი არიან დამნაშავენი. შესაძლოა, ორსულობის დროს დედას სახლში შინაური ცხოველი ჰყავდეს და ის ბავშვის დაბადების შემდეგაც შინ დარჩეს. ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, პატარებს შინაურ ცხოველზე ალერგია არ განუვითარდეთ. ჩატარებულია საერთაშორისო კვლევები ფერმერების ოჯახებზე, რომლებმაც აჩვენა, რომ ასეთ ოჯახებში დაბადებულ ბავშვებს, რომლებიც მუდმივად ცხოველების გარემოცვაში იმყოფებიან, ალერგია გაცილებით იშვიათად უვლინდებათ. ქალაქურ ბინაში კატა და ძაღლი, შინაური დეკორატიული ფრინველები, აკვარიუმი უკვე ალერგიული ბავშვისთვის შეიძლება დამატებითი ალერგიზაციის მიზეზად იქცეს. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მათი ელიმინაცია აუცილებელია. 

- რა პრინციპით მკურნალობენ ალერგიას?

– პროფილაქტიკის შესახებ ნაწილობრივ უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება ადეკვატურ მედიკამენტურ მკურნალობას, მისი მეშვეობით შესაძლებელია, ადამიანი სამუდამოდ გათავისუფლდეს ალერგიის შეტევებისგან.

ალერგიის დროს დარღვეულია ორგანიზმის ადაპტაცია გარემოს ალერგენებთან. თუკი მედიკამენტური თერაპიით ამ წონასწორობის აღდგენა ვერ ხერხდება, თავდაპირველად ატარებენ ალერგიულ ტესტირებას, ადგენენ ალერგენს ან ალერგენთა ჯგუფს, შემდეგ დამნაშავე ალერგენი დასალევი წვეთების სახით ან კანქვეშა ვაქცინაციის გზით აღმავალი კონცენტრაციით შეჰყავთ პაციენტის ორგანიზმში. ამ მეთოდს იმუნოთერაპია – სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია ეწოდება. ის შესაძლებელია ჩატარდეს 6 წლის ასაკიდან. ხანგრძლივი იმუნოთერაპიის შედეგად ორგანიზმში გამომუშვდება მაბლოკირებელი ანტისხეულები, რომლებიც ალერგენების მოქმედებას გაანეიტრალებს. ასეთი თერაპია ხანგრძლივია (საშუალოდ – 3 წელი), მაგრამ ეფექტური. 

- სპორტის რომელი სახეობაა ალერგიული ბავშვისთვის ყველაზე მისაღები?

– ალერგიული ბავშვისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი მოზარდისთვის, სასურველია სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცხოვრების წესი, თუმცა ანგარიშგასაწევია პაციენტის მიმდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობაც და ალერგიული დაავადების გამოვლინების კლინიკური ფორმაც. ძირითადი დაავადების გამწვავების დროს სპორტული აქტივობა, ბუნებრივია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებამდე წყდება. სპორტის სახეობა და დატვირთვა დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ოთახისმტვრისმიერი  ალერგიის შემთხვევაში რეკომენდებულია მტვრისგან მოშორება, ამიტომაც მიზანშეწონილია კარგარეთა სპორტის სახეობები. სასარგებლოა სათხილამურო სპორტი, ციგურაობა. პოლინოზის შემთხვევაში ასეთი სპორტი რეკომენდებული არ გახლავთ, პირიქით, სასურველია დარბაზში მიმდინარე სპორტის სახეობები. ცურვის დროს გამოსარიცხია რეაქცია ქლორზე, ტენიან გარემოზე და ა.შ. რაც შეეხება ქართულ ცეკვას, ძირითადი მაპროვოცირებელი ფაქტორია მტვრის ზემოქმედება და ვაჟების განსაკუთრებული ფიზიკური დატვირთვა. ასე რომ, ალერგიული სიმპტომების მქონე ბავშვი დროულად უნდა მიიყვანოთ ექიმთან, რათა ადეკვატურად შეფასდეს მისი ალერგიული სტატუსი და მკურნალობასთან ერთად სწორედ შეირჩეს კულტურულ-გასართობი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი განრიგი. სწორად წარმართული სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად მდგომარეობა შეიძლება კეთილსაიმედოდ წარიმართოს, აკრძალვები მცირე ხნით გაგრძელდეს და მალევე მოიხსნას.

ინა ვაჩიბერიძე

გააზიარე: