კითხვის უნარის დარღვევა

გააზიარე:

შესაძლოა გაგიჭირდეთ ორი ისეთი ცნების ერთმანეთთან დაკავშირება, როგორებიც კითხვის უნარი და დამნაშავეთა სამყაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კრიმინალების დიდ ნაწილს სწორედ კითხვა უჭირს. უკეთ, ბავშვები, რომლებსაც კითხვა უჭირთ, ხშირად კრიმინალურ სამყაროს აფარებენ თავს. ვფიქრობ, საკმაო საფუძველია იმისთვის, რომ ბავშვს კითხვის უნარის განვითარებაში დავეხმაროთ.

კითხვა არც ისეთი ადვილია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ამ ამოცანის შესასრულებლად ადამიანის ორგანიზმს, განსაკუთრებით – ტვინს, უამრავი ფუნქციის ამოქმედება უწევს. საკმარისია თუნდაც ერთი მათგანის მოუმწიფებლობა, რომ პრობლემამ იჩინოს თავი. თუ კითხვის უნარის დარღვევა დაგვიანებით აღმოაჩინეს, პრობლემის მოგვარება უფრო მეტად რთულდება.

გვესაუბრება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ნეიროფსიქოლოგიური სამსახურის ხელძღვანელი, პროფესორი თამარ გაგოშიძე:

 

– კითხვა საკმაოდ რთული პროცესია. რეალურად, ეს სიმბოლური უნარია – ადამიანი აბსტრაქტულ გამოსახულებას, ასოს, ბგერას უფარდებს, ბგერებს სიტყვებად აერთიანებს და ამ უკანასკნელთა მნიშვნელობას იგებს. მცირეწლოვან ბავშვს ეს უნარი არ გააჩნია – ის თავის ტვინის განვითარებასთან ერთად ყალიბდება. ბავშვი კითხვას მხოლოდ ამ პროცესების მომწიფების შემდეგ იწყებს. ეს დასწავლის ან სწავლის პროცესში ხდება. დასწავლის დროს ბავშვს მიზანმიმართულად ვასწავლით, ვავარჯიშებთ, ვამეცადინებთ, ამა თუ იმ ჩვევასა და უნარს გამოვუმუშავებთ. თუმცა ცოდნის შეძენა შესაძლებელია სწავლითაც, მიზანმიმართული მეცადინეობის გარეშე. პატარა ბავშვების დიდი ნაწილი სწორედ თამაშით სწავლობს კითხვას. ისინი ხედავენ ასოებს აიპადში, კომპიუტერსა და ტელევიზორში, ქუჩებში, მაღაზიის აბრებზე, იკითხავენ, რას ნიშნავს ესა თუ ის ნიშანი და იმახსოვრებენ. მაგრამ არსებობენ ბავშვები, რომლებიც ამას თვითონ ვერ ახერხებენ და იმისთვის, რომ ბგერისა და ასოს ერთმანეთთან დაკავშირება შეძლონ, სპეციალური ვარჯიში სჭირდებათ.

სამწუხაროდ, ამას მაშინღა აღმოაჩენენ ხოლმე, როცა ბავშვი სკოლაში შედის. დღეს საქართველოში დისლექსიის სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა აშშ-ში, ინგლისში, საფრანგეთში, ესპანეთსა და სხვა განვითარებულ ქვეყნებში სკოლის მოსწავლეთა 10-12%-ს კითხვაში დახმარება სჭირდება.

ადამიანს კითხვა უჭირს, როცა ეს მოქმედება ავტომატიზებული ანუ მექანიკური არ არის. ამ დროს ადამიანი სიტყვებს ეჭიდავება და მათი მნიშვნელობის გაგება უძნელდება. საინტერესოა, რომ ქართულ ენას ბგერასა და ასოს გრაფოფონემური შესაბამისობა ახასიათებს – ერთ ბგერას ერთი ასო შეესაბამება. სხვა ენებში გვხვდება დიფთონგები, ტრიფთონგები. მაგალითად, ინგლისურში 28 ასო და 42 ბგერაა, ქართულში კი – 33 ასო და ამდენივე ბგერა, ამიტომ ქართულად მოლაპარაკე ბავშვებისთვის კითხვის უნარის განვითარება თითქოს არ უნდა იყოს პრობლემა, მაგრამ მხოლოდ გრაფოფონემური კონვენსია არ არის საკმარისი ამ უნარის ჩამოსაყალიბებლად.

კითხვის დარღვევა იმ საბაზისო ფსიქოლოგიური პროცესების მოუმწიფებლობაზე მიუთითებს, რომლებიც კითხვას უდევს საფუძვლად. თანამედროვე თვალთახედვით, კითხვის უნარის დაქვეითება არ უკავშირდება არც სოციოეკონომიკურ სტატუსს (როცა ბავშვს ხელი არ მიუწვდება კითხვაზე), არც თავის ტვინის გამოხატულ დაზიანებას, არც კულტურულ თავისებურებებს, არც გონებრივ ჩამორჩენილობას, არც სმენისა თუ მხედველობის დაქვეითებას და არც სხვა ფიზიკურ ფაქტორებს. ის არც შეძენილია (როცა ბავშვმა იცოდა კითხვა და მერე დაავიწყდა). წინათ მიაჩნდათ, რომ კითხვის უნარის დარღვევას არაფერი ჰქონდა საერთო მეტყველების დეფიციტთან, ამიტომ ამ უკანასკნელის არსებობისას დისლექსიის – კითხვის დარღვევის – დიაგნოზს არ სვამდნენ. ამჟამად მიიჩნევა, რომ თუ ენისა და მეტყველების განვითარება შეფერხებულია, მომავალში შესაძლოა კითხვასთან დაკავშირებულმა სირთულეებმაც იჩინოს თავი.

სხვათა შორის, ბოლო ხანს ტერმინ “დისლექსიასაც” უფრო ვიწრო მნიშვნელობით იყენებენ – როგორც კითხვის უნარის დაქვეითების სინონიმს, წინათ კი მას უფრო ფართო მნიშვნელობა ჰქონდა და მოიცავდა ყველა იმ უნარის დარღვევას, რასაც სიტყვების გამოყენება სჭირდება – კითხვისას, წერისას, თხრობისას...

  • როგორ შეიძლება გამოვლინდეს კითხვის დარღვევა?

– რამდენიმენაირად: შესაძლოა, ბავშვს ასოების ცნობა უჭირდეს, ან იცოდეს ასოები (თუმცა სკოლამდელ ბავშვს არ ევალება მათი ცნობა), მაგრამ სიტყვებად მათ გაერთიანებას ვერ ახერხებდეს, ან ცალ-ცალკე წარმოთქმულ ბგერებს ვერ აერთიანებდეს სიტყვებად.

გვხვდება საპირისპირო შემთხვევებიც, როდესაც ორი წლის ბავშვები კითხულობენ. ამ მოვლენას ჰიპერლექსია ეწოდება. მშობლებს უხარიათ და ეამაყებათ, მაგრამ სინამდვილეში ესეც დარღვევაა, რადგან აბსტრაქტული და სიმბოლური უნარები სხვა უნარების მოუმწიფებლობის ფონზეა განვითარებული. ასეთი რამ ხშირია აუტისტური სპექტრის აშლილობის დროს – ბავშვი კითხულობს, ცნობს ასოებს, ციფრებს, მაგრამ ენის განვითარება და კომუნიკაციისთვის მისი გამოყენების უნარი დარღვეულია.

 

კითხვის საფუძვლები

– კითხვის დაწყებამდე ბავშვი უნდა ცნობდეს ასოს გრაფიკულ მოხაზულობას. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს სივრცით-მხედველობითი აღქმა, შეეძლოს დეტალების გარჩევა. მაგალითად, რვა წლისას ერთმანეთში აღარ უნდა ერეოდეს ხ და ძ, თუმცა ექვსი წლისას ასეთი შეცდომა ეპატიება.

ბავშვი ასაკის შესაბამისად უნდა ხატავდეს – ხატვა მხედველობით-მოტორული კოორდინაციის განვითარებას ნიშნავს, მომწიფებული ჰქონდეს ფონოლოგიური უნარები, სმენით არჩევდეს ფონემებს, მაგალითად, ბ-სა და პ-ს, დ-სა და ტ-ს, შეეძლოს სიტყვის პირველი ასოს ამოცნობა, ბგერების გაერთიანება – ბგერა-ბგერა წარმოთქმული სიტყვის ამოცნობა.

ამ უნარების განვითარება სამი წლიდან იწყება. ექვსი წლისთვის ისინი უკვე სათანადოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. ამიტომ მიიჩნევა ნაადრევად ხუთი წლის ბავშვისთვის სკოლაში შესვლა.

ბავშვი კარგად უნდა მეტყველებდეს, კარგი სამეტყველო მეხსიერება ჰქონდეს, იმახსოვრებდეს გრძელ წინადადებებს; სამი წლის ასაკში უკვე სამი აბსტრაქტული ერთეულის დამახსოვრება შეეძლოს, ხოლო ექვსი წლის ასაკში – ხუთი-ექვსისა.

ასევე მნიშვნელოვანია ოპერატიული ანუ მუშა მეხსიერება. კითხვისთვის საჭიროა, ტვინი მომართული იყოს ერთდროულად რამდენიმე მოქმედების შესრულებაზე: უნდა გაარკვიო, გაიგო, შემდეგ სიტყვაზე გადახვიდე, წინადადების ბოლოს გაიხსენო, რა წაიკითხე.

საჭიროა თვალის მოძრაობათა სისწრაფე და მოქნილობაც. ესენი გახლავთ ნატიფი, ურთიერთშეთანხმებული მოძრაობები, რომლებითაც თვალი საგნებს ხელივით “მოსინჯავს”. კარგი მკითხველი სწრაფად ამოძრავებს თვალს, მერე ოდნავ უკან ბრუნდება, მცირე ხანს ჩერდება სიტყვებზე და ისევ წინ მიდის. ცუდი მკითხველი ბოლომდე ვერ მიდის, ბრუნდება უკან, მერე ისევ წინ და უკან ამოძრავებს თვალს. ამ პროცესის დარღვევისას ბავშვი ვერ სწავლობს მარცხნიდან მარჯვნივ კითხვას, სტრიქონიდან სტრიქონზე ხტება, სტრიქონები ეკარგება...

ვინაიდან კითხვის უნარი ამდენ პროცესზეა დამოკიდებული, წამყვანი დარღვევის მიხედვით გამოყოფენ კითხვის უნარის დაქვეითების სხვადასხვა ტიპს. ფონოლოგიური„დისფონეტიკური დისლექსიების დროს ბავშვი ასოებს არჩევს, მაგრამ ვერ აერთიანებს, ვიზუალურ-სივრცითი„დისეიდეტური დისლექსიის დროს ვერ არჩევს ასოებს, ხოლო მუშა მეხსიერების დარღვევისას ასოებსაც არჩევს, სიტყვებსაც კითხულობს, მაგრამ წაკითხულის გააზრება უჭირს. ამ ტიპების დიფერენცირებას ნეიროფსიქოლოგები ვახდენთ.

 


მიზეზები

– მართალია, დისლექსიის დროს თავის ტვინის ქსოვილი დაზიანებული არ არის, მაგრამ დროულად არ მწიფდება ტვინის ის სისტემები, რომლებიც კითხვისთვის საჭირო ფუნქციების ჩამოყალიბებას განაგებს. ასე რომ, ეს ნეიროგანვითარებითი დარღვევაა. დისლექსიური ტვინის ფიზიკური მახასიათებლებიც კი არსებობს, მაგალითად, ასეთი ტვინის ჰემისფეროები ნაკლებად ასიმეტრიულია, ნაკლებია საფეთქლის წილის ფართობი...

დისლექსიის მქონე ადამიანის ტვინი სხვაგვარადაა მოწყობილი. ასეთ ბავშვებს ზოგჯერ სხვა პრობლემებიც აღენიშნებათ: უჭირთ სივრცის აღქმა, დარღვეული აქვთ სივრცეში ორიენტაცია, ერევათ მარჯვენა და მარცხენა, ეძნელებათ ხატვა, მოუქნელები არიან...

ვისაც ფონოლოგია უჭირს, მას, პირიქით, ძალიან კარგი სივრცითი ორიენტაცია აქვს, კარგად ხატავს, შეუძლია კონსტრუირება, ეხერხება მათემატიკა, ანუ კარგად აქვს განვითარებული უნარები, რომლებსაც მეტყველების გამოყენება არ სჭირდება. დისლექსიის მქონე ბევრი ადამიანი კარგი არქიტექტორი, მხატვარი, ექიმია.

სანამ დისლექსიის დიაგნოზს დავსვამთ, ცხადია, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვს ჩვეულებრივი ზოგადსაგანმანათლებლო გზით კარგად ასწავლიდნენ კითხვას, ანუ სწავლების პირობები დაცული იყო.

საქართველო 2006 წლიდან დღემდე მონაწილეობს სკოლის მოსწავლეთა წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს. 2011 წლის კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 14% მიღწევის საერთაშორისო სკალის ქვედა საფეხურის ქვემოთ აღმოჩნდა. შეუძლებელია, ამდენ ბავშვს დისლექსია სჭირდეს. ეს უფრო იმაზე მიუთითებს, რომ არასწორია კითხვის სწავლების მეთოდიკა, სტრატეგიები, სირთულეებს დროულად ვერ აღმოაჩენენ და ბავშვებს ადეკვატურ დახმარებას ვერ უწევენ.

 

დიაგნოსტიკა

– ძალიან იშვიათია, რომ ბავშვი ნეიროფსიქოლოგთან კითხვის პრობლემის გამო მიიყვანონ. წესისამებრ, მეორე-მესამეკლასელების მშობლები მოგვამართავენ იმ მიზეზით , რომ ბავშვს არ უყვარს სწავლა, ან ქცევის პრობლემები აქვს, “უზრდელია”, “ზარმაცია” და ა.შ. მასზე არ ჭრის იძულება, ჩხუბი, რეპეტიტორების დაქირავება... ბავშვი განსაკუთრებით კითხვას აპროტესტებს. საკითხავია, რატომ უნდა იყოს მეორეკლასელი ბავშვი ზარმაცი? რატომ ვერ უნდა იტანდეს სკოლას? ან მეტისმეტად ბევრ დავალებას აძლევენ, რომელთა შესრულებაც მის უნარებს აღმატება, ან რაღაც პრობლემა აქვს.

არიან ბავშვები, რომლებიც მეხსიერებით კითხულობენ. მაგალითად, ზოგჯერ მშობლები ჩივიან, კითხვა ადვილად აითვისა, ახლა კი ვეღარ კითხულობსო. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს კარგი ხატოვანი მეხსიერება აქვს, მაგრამ მასალა რომ გაიზარდა, ვიზუალური მეხსიერება მას ვეღარ გასწვდა.

დაკვირვებული მშობლები პირველ კლასშივე ტეხენ განგაშს. ნორმალურად განვითარებული ბავშვები, რომლებსაც კითხვის უნარი აქვთ დარღვეული, გაცილებით ტრაგიკულ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ბავშვები, რომლებსაც განვითარების გამოხატული შეფერხება აღენიშნებათ, რადგან პირველ შემთხვევაში მშობლები პრობლემას სერიოზულად არ აღიქვამენ.

კითხვის დარღვევა ბავშვის თვითშეფასებას, მის მომავალ კარიერას უკავშირდება. ამერიკაში ცნობილი კვლევების თანახმად, დისლექსიის მქონე ბავშვებს დაბალი თვითშეფასება აქვთ და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემას ეჯახებიან; როცა ავტორიტეტის მოპოვების სურვილი უჩნდებათ, დაუმორჩილებელი ყმაწვილების რისკჯგუფში გადადიან. ბუნებრივია, მაღალ კლასებში მათი აკადემიური მოსწრება უარესდება, შესაბამისად, რთულდება მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მომავალიც.

– როგორ ფასდება კითხვის დარღვევა?

– კითხვის დარღვევას რამდენიმე ტიპის შეფასება სჭირდება. ნეიროფსიქოლოგიური შეფასებისას ბავშვს სახალისო დავალებებს ვაძლევთ. ვადგენთ, როგორ ხატავს, როგორ არჩევს სივრცით გამოსახულებებს, როგორ არჩევს სიტყვაში ბგერებს, როგორ აერთიანებს ბგერებს სიტყვებად, როგორ კითხულობს ფსევდოსიტყვებს, მეხსიერების როგორი მოცულობა აქვს, როგორ შეუძლია თხრობა...

აკადემიური უნარების შესაფასებელი ტესტებით, ე.წ. აკადემიური მიღწევის ტესტებით, შესაძლებელია კითხვის, წერისა და ანგარიშის უნარების შეფასება.

ვატარებთ ინტელექტის შესაფასებელ ტესტსაც – ვაკვირდებით, როგორ ახერხებს ბავშვი პრობლემის გადაჭრას ახალ სიტუაციაში და სხვა.

მიღებულია, რომ დისლექსიას გონებრივი ჩამორჩენა არ ახლავს თან, ამიტომ ერთმანეთს ვადარებთ ბავშვის აკადემიურ მიღწევებს და ინტელექტის დონეს. კლასიკური შემთხვევა, როდესაც დისლექსიის დროს ინტელექტის მაჩვენებელი საშუალო ან მაღალია, ხშირად არ გვხვდება. ასეთ ბავშვებს ინტელექტის მაჩვენებელი უმეტესად ნორმალური ან საშუალოზე დაბალი აქვთ.

 

ვსწავლობთ კითხვას

  • როგორ ეხმარებით ბავშვს კითხვის უნარის ჩამოყალიბებაში?

– ჯერ პრობლემას უნდა მივაგნოთ. ამის შემდეგ ბავშვს მისივე ძლიერ მხარეებზე დაყრდნობით ვაკეთებინებთ იმას, რაც უჭირს, ანუ ვიწყებთ საბაზისო უნარების განვითარებას და მხოლოდ შემდეგ გადავდივართ კითხვაზე. საბოლოოდ ბავშვს სუსტი უნარები უძლიერდება, კომპეტენტურობის განცდა უჩნდება, თვითშეფასება უმაღლდება და კითხვასაც იწყებს. თვალის მოძრაობის დარღვევის დროს შესაძლებელია სპეციალური კომპიუტერეული პროგრამების გამოყენებაც.

გარეშე პირს ჩვენი მეცადინეობები მხოლოდ ერთობლივ თამაშებად მოეჩვენება. სინამდვილეში ეს თამაშები მკაცრად არის დაგეგმილი და ბავშვის ინტერსებსაა მისადაგებული. ვეცნობით ბავშვის საყვარელ პერსონაჟებს, ამ პერსონაჟების ნახატებით თუ მოდელებით თითეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად ვამზადებთ სამუშაო მასალებს, მათზე ვასწავლით ვიზუალურ– სივრცით გარჩევას, ფონოლოგიას, მათზე ვარჩევთ დეტალებს და სხვა.

ეს ძალზე კრეატიული პროცესია. თუ ყველა ბავშვს ინდივიდუალურად მიუდგები, შედეგები ძალიან კარგია. ჯერ არ გვყოლია დისლექსიის მქონე ბავშვი, რომელსაც კითხვა ვერ ესწავლოს. თუმცა ამ ყველაფერს, სულ მცირე, ერთი წელი სჭირდება, შესაძლოა, ორიც. რაც უფრო მოზრდილია ბავშვი, მით უფრო გვიჭირს შედეგის მიღება.

ზოგიერთ მშობელს ჰგონია, რაკი ბავშვს კარგი ინტელექტი აქვს, კითხვასაც ადვილად ისწავლის. ეს გამორიცხულია. დისლექსიის მქონე ბავშვი თავისით ან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დანერგილი მეთოდებით კითხვას ვერ აითვისებს. საამისოდ მას ინდივიდაულური პროგრამა სჭირდება, რადგან "ინსტრუმენტები" არ უვარგა. ჩვენი მიზანი სწორედ ამ "ინსტრუმენტების" განვითარებაა.

 

სახელმწიფო სტრატეგია

– ჩვენთან მდგომარეობას ის ართულებს, რომ მესამე-მეოთხე კლასამდე ასეთი ბავშვები არ მიჰყავთ სპეციალისტთან. ალბათ ისიცაა მიზეზი, რომ ნეიროფსიქოლოგების მომსახურება საკმაოდ ძვირია და სახელმწიფო მას არ აფინანსებს, თუმცა სახელმწიფოსთვის მისი დაფინანსება გაცილებით მოგებიანი იქნება, ვიდრე მენტალური ჯანმრთელობის მქონე ბავშვების მკურნალობა და კრიმინალების დევნა. აშშ-სა და ინგლისში მრავალი კვლევით დაადგინეს, რომ არსრულწლოვან დამნაშავეთა ნახევარზე მეტს დაქვეითებული აქვს დასწავლის უნარი, ანუ უჭირს კითხვა, წერა და ა.შ. შესაბამისად, დისლექსიის მქონე ბავშვები დამნაშავეთა რიგებს ავსებენ.

არსებობს ადრეული ინტერვენციის და აუტიზმის სახელმწიფო პროგრამები. ეს ძალიან კარგია, მაგრამ დისლექსიის მქონე ბავშვებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული დახმარება, თუმცა დროებითი, თანაც ამ დახმარებით 100%-იან ეფექტს იღებ, გარანტია გაქვს, რომ მცირე თანხის დაბანდებით მენტალურად ჯანმრთელ ადამიანებს აღზრდი, ამიტომ მოგება სახელმწიფოსთვის ძალიან დიდია.

 

სწავლების მეთოდი

– ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშშ-ში დისლექსია მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნიეს, მიიწვიეს ექსპერტები, რომლებმაც 20 წელი იმუშავეს, რომ მისი ფართო გავრცელების მიზეზი დაედგინათ. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ პრობლემა კითხვის სწავლებაში იყო. კერძოდ, 70-იან წლებში ამერიკაში დაიწყეს ექსპერიმენტი მთლიანი ხატებით სწავლებისა, ანუ, ფონოლოგიური მეთოდისგან განსხვავებით, ბავშვებს ასო-ბგერების ნაცვლად მთლიან სიტყვებს აწვდიდნენ. აღმოჩნდა, რომ ტვინის ნორმალური მომწიფების მქონე ბავშვები კითხვას ორივე გზით სწავლობენ – ფონოლოგიურით და ხატობრივითაც, მაგრამ ვისაც ფონოლოგიური პრობლემა აქვს, მთლიანი ენობრივი მეთოდით ვერ სწავლობს, მას ფონოლოგიაში ვარჯიში სჭირდება.

თანამედროვე თვალთახედვით, კითხვის უნარის განვითარებასთან ყველზე დიდი კავშირი აქვს ფონოლოგიას. ასობგერითი ანუ ფონოლოგიური სწავლება დღეს საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა, მაგრამ მთლიანი ხატებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ყველაზე თანამედროვეა იაკობ გოგებაშვილის პრინციპით შედგენილი "დედა ენა". აქ სწავლაში ყველა შეგრძნებაა ჩართული – ბავშვი ხედავს გამოსახულებას, დაწერილ სიტყვას, ცალკეულ ასოებს და ესმის წაკითხული.

შეერთებულ შტატებსა და ინგლისში იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კითხვის სწავლებას, რომ კითხვის მასწალებელს ცალკე ამზადებენ.

 

განწყობა

– კითხვის სწავლისას დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განწყობას. კითხვა მისთვის უსიამოვნო პროცესი არ უნდა იყოს. ბავშვებს საბავშვო ბაღიდანვე უღვივებენ წიგნის მიმართ დადებით დამოკიდებულებას. დიდია მშობლების როლიც. ბავშვი მიბაძვით სწავლობს. თუ სახლში არ არსებობს კითხვის ტრადიცია, არც ბავშვი მოინდომებს კითხვას.

მშობლებმა დღეში 15-20 წუთი მაინც უნდა გამონახონ და შვილებს წიგნი წაუკითხონ, მერე კი ერთად განიხილონ წაკითხული. კარგი მკითხველი არ ნიშნავს მექანიკურ მკითხველს. თუ ბავშვი წაკითხულის გააზრებას არ შეეჩვია, უმაღლეს სასწავლებელშიც გაუჭირდება. იმას კი არ გაიგებს, რაც არის, არამედ იმას, რაც თვითონ უნდა. წაკითხულის სწორი გააზრება ვარჯიშით მიიღწევა და ეს უნარი ძალიან მნიშვნელოვანია აკადემიური საქმიანობისთვის.

ჩვენ კი ბოლო დროს კომპიუტერის გავლენით ზედაპირულად ვკითხულობთ ინფორმაციას, მაშინ როდესაც წიგნი ზედაპირულობის უფლებას არ გვაძლევს.

 

განგაში

  • შესაძლებელია თუ არა, დისლექსიის ნიშნები მანამდე შევამჩნიოთ, ვიდრე ბავშვი კითხვას დაიწყებს?

– შესაძლებელია. ყველა ბავშვს უყვარს, როდესაც უფროსი ზღაპარს უკითხავს. ისინი ლექსებსაც ადვილად იმახსოვრებენ (თუმცა ბავშვისთვის ლექსის მიზანმიმართულად სწავლება არ არის სწორი). როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვი კატეგორიულად უარობს ლექსის თქმას და ტირილს იწყებს, ზღაპარს არ უსმენს და მხოლოდ მაშინ გამოხატავს ყურადღებას, როცა სურათებს აჩვენებენ, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ რაღაც არ არის რიგზე.

როცა, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ხუთი წლის ბავშვი ვერ არჩევს მარჯვენა-მარცხენას, ვერ იმახსოვრებს გრძელ წინადადებებს, ლექსებს, ვერ ჰყვება ზღაპრებს, არ აინტერესებს ასოები, ციფრები, მშობლებმა დროულად უნდა მიმართონ ფსიქოლოგს.

 

პრობლემის აღმოცენებამდე

– მცირე სავარჯიშოებით შეგვიძლია თავადაც დავეხმაროთ ბავშვს სხვადასხვა ფონოლოგიური უნარის განვითარებაში. სამი წლიდან შეგვიძლია ვეთამაშოთ სიტყვებით; ხუთი წლისას უკვე უნდა შეეძლოს ბგერების სიტყვებად გაერთიანება, მოკლე და ნაცნობ სიტყვებში პირველი ბგერების გამორჩევა. ხუთი წლიდან სიტყვის დამარცვლაზე უნდა გადავიდეთ, ვასწავლოთ სიტყვების მნიშვნელობები, მათი სინონიმები, ანტონიმები. კარგია სიტყვების გარითმვა, სიტყვაში ბგერის შეცვლა და სხვა სიტყვის მიღება. ხუთი-ექვსი წლის ბავშვი ამას უნდა ახერხებდეს.

ცნობილია, რომ რაც უფრო დიდი ლექსიკური მარაგი აქვს ბავშვს, მით უფრო მრავლისმომცველია მისი ვიზუალური ლექსიკონიც. ეს სუსტი ფონოლოგიის კომპენსირებას ახდენს. ასე რომ, უკითხეთ ბავშვებს, ეთამაშეთ, შეაყვარეთ წიგნი და პრობლემის შემჩნევისთანავე სპეციალისტს მიმართეთ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: