მოგონებები თამაზ თოხაძეზე

გააზიარე:

პროფესორი თამაზ თოხაძე ერთი მათგანია, ვისაც განსაკუთრებით დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში ოტორინოლარინგოლოგიის განვითარებაში. კოლეგას და უფროს მეგობარს ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი შოთა ჯაფარიძე იგონებს:
– თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე, შესანიშნავი პიროვნება, ბრწყინვალე ქირურგი და პედაგოგი თამაზ თოხაძე 1975 წელს ბათუმში გავიცანი. ცოლ-შვილთან ერთად ვისვენებდი იქ და სანაპიროზე სეირნობისას ბედმა ულამაზეს წყვილს – ბატონ თამაზსა და მის მეუღლეს, ქალბატონ ნუნუს, შემახვედრა. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ექიმი გახლდით, ბოლნისში ვმუშაობდი ოტოლარინგოლოგად და ასპირანტურაში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ვემზადებოდი. თამაზ თოხაძე ჩემზე გაცილებით უფროსი იყო, მაგრამ მისი საოცარი თვისებების წყალობით ამას ჩვენი მეგობრობისთვის ხელი არ შეუშლია. ოჯახებითურთ დავმეგობრდით. მოგვიანებით ერთად ვისვენებდით რაჭის უმშვენიერეს კურორტ შოვში. ჩვენთან ერთად იყო ბატონი თამაზის განუყრელი მეგობრის, მინდია თავაძის, ოჯახიც. სანადიროდ და სათევზაოდ სხვა დროსაც არაერთხელ ვწვევივართ საქართველოს ამ თვალწარმტაც კუთხეს.
ბატონი თამაზი ფართო ოპერაციული სპექტრის მქონე შესანიშნავი ოტოლარინგოლოგი, ძალიან კარგი პედაგოგი და ხელმძღვანელი იყო. 1972-1993 წლებში ის განაგებდა თბილისის სახელმწიფო
 სამედიცინო ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა კათედრას. სამწუხაროდ, მასთან მუშაობა არ მომიწია, მაგრამ ვინაიდან თავადაც ოტორინოლარინგოლოგი გახლდით, მისგან ხშირად ვიღებდი კონსულტაციებს, როგორც ახალგაზრდა ექიმი გამოცდილი კოლეგისგან. ასპირანტურა რომ დავამთავრე და მოსკოვის ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა ინსტიტუტში საკანდიდატო დისერტაცია დავიცავი, ბატონი თამაზი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა ჩემს მხარდასაჭერად და საგულშემატკივროდ.
თამაზ თოხაძის კათედრაზე მე მისი გარდაცვალების შემდეგ ამირჩიეს კათედრის პროფესორად და მის მიერ გამართულ განყოფილებაში მომიწია მუშაობა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში განთავსებულ 60-საწოლიან სტაციონარში, სადაც მდებარეობდა სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრა, მას შესანიშნავი ხალხი ჰყავდა შემოკრებილი. უკლებლივ ყველა – ექიმი, ექთანი თუ სანიტარი. ეს იყო ბრწყინვალე, შეკრული გუნდი, რომელიც დიდ საქმეს აკეთებდა საქართველოს მოსახლეობისათვის.
ბატონი თამაზი ბუმბერაზი პიროვნება გახლდათ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; შესანიშნავი მოსაუბრე, მეცნიერი, მეგობარი, კარგი მასწავლებელი, ქართული ენის უზადო მცოდნე, პოეზიის დიდი ტრფიალი. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა საქართველოს ოტოლარინგოლოგთა არაერთი თაობა. მის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და დახვეწილი ქართულით შესრულებული ოტოლარინგოლოგიის სახელმძღვანელო. ბატონ თამაზს წელს 88 წელი შეუსრულდებოდა. მისმა გარდაცვალებამ ძალიან დაგვწყვიტა გული მის მეგობრებს, კოლეგებს და, დარწმუნებული ვარ, მთელ საქართველოს.

– მამა 1928 წელს დაიბადა თბილისში, – გვიამბობს თამაზ თოხაძის შვილი, ლევან თოხაძე, – მამამისიც, ჩემი სეხნია, ექიმი გახლდათ. 1945 წელს, საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, მამა უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც წითელ დიპლომზე დაამთავრა 1951 წელს. გაანაწილეს უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში, – მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირში ეს მიღებული პრაქტიკა იყო, – და ოთხი წელი მუშაობდა იქ ზოგად ქირურგად. 1955 წელს თბილისში დაბრუნდა და სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩააბარა ყელ-ყურ ცხვირის სპეციალობით. 1958 წელს საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა ყრუ-მუნჯობის პრობლემების შესახებ. პარალელურად ეკავა ამავე ინსტიტუტის ყელ-ყურ-ცხვირის კათედრის ასისტენტის თანამდებობა. 1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ხორხის კიბოს პრობლემებზე. ის ამ სფეროს პიონერი გახლდათ. განახორციელა უამრავი რთული ოპერაცია. განსაკუთრებით აქტიურად მუშაობდა ხორხის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის ახალი მეთოდების საძიებლად, ჰყავდა უამრავი მადლიერი პაციენტი. ერთ-ერთმა პირველმა ჩაატარა საქართველოში ლარინგექტომია – ხორხის ამოკვეთა ავთვისებიანი სიმსივნის გამო. არის ასამდე სამეცნიერო ნაშრომისა და რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი. მის სახელმძღვანელოზე ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთა არაერთი თაობა აღიზარდა და დღესაც იზრდება.
მამა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სტუდენტებთან. იყო გულისხმიერი პედაგოგი, აღმზრდელი, შესანიშნავი ლექტორი და ორატორი. ამის წყალობით დატოვა შესანიშნავი ოტოლარინგოლოგიური სკოლა. მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებსა და კონგრესებში, ძალიან კარგად იცოდა გერმანული ენა და მჭიდროდ თანამშრომლობდა გერმანიის ოტორინოლარინგოლოგიის დარგის სამეცნიერო ჟურნალებთან, სადაც ხშირად აქვეყნებდა თავის სტატიებს.
მამას არასოდეს დაუძალებია ჩემთვის ექიმობა, თუმცა, ცხადია, ძალიან გაახარა ჩემმა არჩევანმა. უკიდურესად სამართლიანი ადამიანი იყო. მახსოვს, გამოცდების პერიოდში ტელეფონს თიშავდა, რომ ვინმეს პროტექციისთვის არ დაერეკა. მიუხედავად ამისა, სტუდენტებს საკმაოდ ლოიალურად ეპყრობოდა – თუ რამე იცოდნენ, არ დაუკარგავდა, პირიქით, წაახალისებდა, ქულას მოუმატებდა... პროტექცია კი მასთან არ ჭრიდა.

ბატონი თამაზ თოხაძე პატივისცემითა და გულისტკივილით გაიხსენა პროფესორმა გურამ ტატიშვილმაც:
– პროფესორი თამაზ თოხაძე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო XX საუკუნის გამოჩენილ მედიკოსთა, კერძოდ, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთა შორის. მე მას ვიცნობდი სტუდენტობის წლებიდან, როდესაც ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ოტორინოლარინგოლოგიის კათედრის ასპირანტი გახლდათ. სტუდენტებს გვიხაროდა მის ჯგუფში მოხვედრა და არამხოლოდ მაღალი აკადემიური დონის გამო – თამაზ თოხაძე იყო გულისხმიერი, მეგობრული, მაგრამ ამასთან პრინციპული და მომთხოვნი მასწავლებელი.
შემდეგ კიდევ უფრო დავახლოვდით – ახლო-ახლო ვცხოვრობდით და ჩვენს დაახლოებას ამანაც შეუწყო ხელი. მახსოვს, ჩემს მცირეწლოვან ქალიშვილს სუნთქვა გაუჭირდა და რჩევისთვის თამაზს დავურეკე. მაშინვე მოვიდა და დაგვეხმარა.
თამაზ თოხაძეს განგებისგან ჰქონდა ბოძებული ყველა ის ღირსება, რაც ქართველი კაცის მშვენებად მიგვაჩნია: ერთგულება – საქმისა თუ მეგობრებისა, შეუპოვრობა, უანგარობა, კეთილშობილება...
მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მუშაობდა, დროსტარებაც უყვარდა. მეგობრებს სუფრასთან ძნელად გამოაკლდებოდა. იქაც ისეთივე საინტერესო და ხალისიანი იყო.
მაგრამ თამაზის პიროვნული თუ პროფესიული ღირსებები მთელი სისრულით მაშინ დავინახე, როდესაც ერთდროულად ვიყავით კათედრის გამგეები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და დიდი სამეციერო საბჭოს წევრები. იქ ბევრი ვისწავლე მისგან – სიდინჯე, კრიტიკულ სიტუაციებში თავშეკავება...
ყველა კარგი ადამიანის იმქვეყნად წასვლა მტკივნეულია, მაგრამ ბატონი თამაზის გარდაცვალება მით უფრო სამწუხარო იყო, რომ მან მიგვატოვა შემოქმედებითი აღმავლობის პერიოდში. მას, როგორც კლინიცისტს, მეცნიერსა და პედაგოგს, კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო და არაერთი სასარგებლო იდეაც დარჩა განუხორციელებელი...

მამის სახელოვან ტრადიციებს ღირსეულად აგრძელებს თამაზ თოხაძის შვილი, პროფესორი ლევან თოხაძე, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი წარმატებული ქირურგი, პედაგოგი და მეცნიერია.

თამარ არქანია 

გააზიარე: