საქველმოქმედო ფონდმა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" საშობაო აქცია გამართა

6 იანვარს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შობის დღესასწაული მიულოცა  და საჩუქრად უმაღლესი ხარისხის დეკორატიული და კოსმეტიკური პროდუქცია, ასევე,  მოვლის საშუალებები გადასცა.

ფონდის ხელმძღვანელმა - ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ "ავერსი" მუდამ ცდილობს განსაკუთრებული სითბო და ყურადღება გამოხატოს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისა და მათი მშობლების მიმართ:

-  "მუდამ ვზრუნავთ იმ ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, მითუფრო ვცდილობთ გავახალისოთ ისინი  დღესასწაულებზე...  

"ავერსის" დამფუძნებელი - ბატონი პაატა კურტანიძე თავად ექვსი შვილის მამაა და კარგად ესმის, რა სირთულეებთან არის დაკავშირებული შვილების მოვლა, მათი აღზრდა... სწორედ ამიტომ, მას გამორჩეული  დამოკიდებულება აქვს მრავალშვილიან ოჯახებთან - ცდილობს წაახალისოს შობადობა საქართველოში. ამავე მოსაზრებიდან გამომდინარე, სტიმულს აძლევს თანამშრომლებსაც - ყოველი ავერსელი, რომელსაც შვილი შეეძინება ან დაოჯახდება ფულად ჯილდოს იღებს. მისივე ინიციატივით,  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების თანადგომა საქველმოქმედო ფონდ "ავერსისთვის"  პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა - ამ ოჯახებს მუდმივად ვეხმარებით, რადგან მათ კიდევ უფრო მეტ სირთულესთან უწევთ გამკლავება... სამწუხაროდ, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლები ყოველთვის ჩრდილში რჩებიან და ისინი საზოგადოების მხრიდან  სათანადო ყურადღებასა და სითბოს ვერ იღებენ. შევეცადეთ, საშობაოდ მათთვის სადღესასწაულო  განწყობა შეგვექმნა  და არა მხოლოდ დედები, არამედ მამებიც დავასაჩუქრეთ უმაღლესი ხარისხის მოვლის, ჰიგიენური საშუალებებითა და კოსმეტიკური პროდუქციით...  გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეთ, ჯანმრთელობასა და წარმატებას გისურვებთ"...

ვესაუბრეთ აქციის მონაწილეებს და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

- ყურადღება და თანადგომა ყოველი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კი ამგვარი ყურადღებით ნამდვილად გვანებივრებს. ფონდს ჩვენი ქება არ სჭირდება, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ის უამრავი სასიკეთო საქმის ფუძემდებელი და ორგანიზატორია. მადლობელი ვარ, რომ კიდევ  ერთი ბედნიერი დღე გვაჩუქა. დღევანდელ აქციაში არა მხოლოდ ჩვენი შვილები, არამედ მშობლებიც ვიღებთ მონაწილეობას - მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებების ნაკრები მხვდა წილად. "ავერსს" წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ შეჭირვებული ადამიანებისა და მთელი ქვეყნის საკეთილდღეოდ - გვითხრა ლელა ჯანაშიამ.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და მის დამფუძნებელს შობა ეთერ ცეცხლაშვილმაც მიულოცა:

- "ავერსის" თანადგომას მუდამ ვგრძნობთ - ფონდის ხელშეწყობით ჩვენს შვილებს  ყოველწლიურად უფასო სამედიცინო გასინჯვები უტარდება და დღესასწაულებსაც ასე ლამაზად გვილოცავენ... ბატონ პაატას კეთილდღეობასა და ულევ სიხარულს ვუსურვებ, რადგან ის თავად ჩუქნის უამრავ ადამიანს სიხარულსა და ბედნიერებას...

ლევან გოცაძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ. ემოციები მანაც გაგვიზიარა:

- ცოტა ხნის წინ ჩემი ოცნება ასრულდა - პროექტ "ნიჭიერში" მივიღე მონაწილეობა.   მოწონება დავიმსახურე, ალბათ, კარგად გამოვედი დიდ სცენაზე. სურვილი მქონდა, რომ ნახევარფინალში გავსულიყავი, მაგრამ...   ხალხმა მაინც გამიცნო  - ერთმა ბიჭმა მითხრა, რომ ციხიდან მგულშემატკივრობდა. მიხარია, როდესაც ასეთ სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ. მითუფრო, "ავერსისგან" ყოველთვის დიდ თანადგომას ვიღებ.  სიხარული და  ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაუდგეთ მხარში.

საუბარში ლევანის მამა, ომარ გოცაძეც ჩაგვერთო:

- ფონდი "ავერსი" საზოგადოების მხრიდან დიდი პატივისცემითა და კეთილგანწყობით სარგებლობს, რადგან ყოველთვის  იმ ადამიანების გვერდით დგას, ვისაც თანადგომა და დახმარება სჭირდება. სპეციალური საჭიროების მქონე პირის მამა ვარ და არ მსმენია, რომ რომელიმე ორგანიზაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მშობლებზე და მათი ოჯახის წევრებზე ასე ზრუნავდეს...  "ავერსი" კი ყოველთვის ახალისებს ამ ადამიანების ფერმკრთალ ცხოვრებას. ამისათვის დიდი მადლობა, პირადად, ბატონ პაატა კურტანიძეს... შობის მადლი გეწეოდეთ.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს და ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას გისურვებთ.

поделитесь: