საქველმოქმედო ფონდმა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მრავალშვილიან  და სოციალურად დაუცველ ოჯახებს  შობა-ახალი წელი მიულოცა და,  ტრადიციულად, დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში  მიიწვია  სპექტაკლებზე:  "საახალწლო ნაძვის ხე" და "მაუგლი".

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ  საახალწლო სპექტაკლებზე პატარების დაპატიჟება უკვე ტრადიციად იქცა - ამ სიურპრიზით  ფონდი ცდილობს ხელმოკლე და მარავლშვილიან ოჯახებს სადღესასწაულო განწყობა შეუქმნას:

- "ჩვენი სურვილია,  საახალწლოდ რაც შეიძლება მეტ პატარას გავულამაზოთ და გავუფერადოთ  ბავშვობა... გავახალისოთ ისინი, რომ  ახალ წელს სიხარულითა და საუკეთესო განწყობით შეეგებონ. მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები წლეულსაც  შესანიშნავ სპექტაკლებზე დავპატიჟეთ... სპექტაკლის დასასრულს, ბავშვები ტკბილეულითა და საახალწლო ნუგბარით დავასაჩუქრეთ. სასიამოვნოა, როდესაც ამდენ თვალებანთებულ და მოღიმარ ბავშვს ხედავ, მითუფრო, რომ ისინი საყვარელ ზღაპრის გმირებსა  და პერსონაჟებს შეხვდნენ და მათთან ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცათ. ბავშვებისთვის ეს ნამდვილი დღესასწაული იყო.  

"ავერსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს, ყველა პატარას კი,  სიხარულით სავსე ბავშვობას".

მართლაც, მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებმა ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს - გააცოცხლეს მათი საყვარელი ზღაპრის გმირები: ნაცარქექია, სალამურა, ქონდარეთის დედოფალი, მერი პოპინსი, დარტანიანი... და გაახალისეს პატარა სტუმრები.

სპექტაკლზე მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი მაია პეტრიაშვილი იყო. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა:

- ფონდი "ავერსი", როგორც ყოველთვის, ორიგინალურად და ძალიან ლამაზად ულოცავს პატარებს შობა-ახალი წლის დღესასწაულს. საზოგადოდ, ის უამრავ კეთილ საქმეს ემსახურება...  მარავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების სპექტაკლზე დაპატიჟება არაჩვეულებრივი იდეაა, რადგან მათ უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა შვილები ასეთი სიურპრიზით გაანებივრონ - მათთვის ბილეთის შეძენა რთულია. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კი ამ ბავშვების  დიდი გულშემატკივარია... 

მადლიერება მინდა გამოვთქვა ფონდის დამფუძნებლისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ. ეს ფონდი უამრავ ადამიანს უმსუბუქებს ცხოვრებას.

სპექტაკლის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება მრავალშვილიან დედას _ ნინო მხატვარს ვთხოვეთ. ის ხუთი შვილის მშობელია:

- "ავერსის" მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას ხშირად გძნობდით, ახლა, მეხუთე შვილი შეგვეძინა და ფონდმა კიდევ უფრო მეტი თანადგომა გამოგვიცხადა. ამჯერად სპექტაკლზე მოგვიწვიეს და არაჩვეულებრივი დღესასწაული მოგვიწყვეს. ფონდის თანამშრომლები  გამორჩეულად გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანები არიან.

"ავერსი" მრავალშვილიანების დიდი იმედი და ქომაგია. დიდი მადლობა ამისთვის ფონდის დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს.

კომენტარი ვთხოვეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობებსაც - ზღაპრის გმირებს, რომლებმაც ბავშვებს  ულამაზესი დღესასწაული აჩუქეს:

მერი პოპინსი: "ყველა პატარას და მათ მშობლებსაც იღბლიან წელიწადს, ოცნებების ახდენასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" კი დიდი მადლობას ვუხდით ამდენი პოზიტივისთვის, ბავშვებს ეს დღესასწაული სამუდამოდ დაამახსოვრდებათ".

ნაცარქექია: "ჩვენმა დასმა პატარებს საქველმოქმედო ფონდ "ავერსთან" ერთად  ულამაზესი სიურპრიზი მოუწყო. დღეს სიხარულის, სიკეთისა და ქველმოქმედების ზეიმია".

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კიდევ უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს ჰპირდება პატარებს. "ავერსი" გილოცავთ ახალ, 2018 წელს და ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

 

поделитесь: