"ავერსმა" შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" თანადგომით 16 დეკემბერს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში  საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა ქართველ პატარებთან ერთად  სხვადასხვა ეროვნების ბავშვმაც მიიღო - 16  ეთნოსის წარმომადგენელი ერთ სცენაზე ერთი მიზნისთვის -  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების მხარდასაჭერად წარსდგა.  

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძვანელმა ქეთევან ნემსაძემ შშმ ბავშვების მშობლებს კოსმეტიკური და პარფიუმერული ნაწარმი გადასცა საჩუქრად.

-  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ზრუნვაც განსაკუთრებული სჭირდებათ. მათ უდიდეს სიყვარულსა და თანადგომას უმეტესად მშობლები უზიარებენ, თუმცა ისინი ხშირად ჩრდილში რჩებიან  და საზოგადოების მხრიდან სათანადო ყურადღებასა და მხარდაჭერას იშვითად გრძნობენ ხოლმე. ჩვენი სურვილია, დღეს სწორედ ამ ადამიანებს ვაჩუქოთ დღესასწაული, მათ გავულამაზოთ ერთი ჩვეულებრივი დღე და ჩვენი მცირედი წვლილით შევუმსუბუქოთ ყოველდღიური საზრუნავი.  გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ, რომ ამ წელს თქვენი ოჯახებისთვის უამრავი სიკეთე და სიხარული მოეტანოს. ჩვენ კი, ჩვენის მხრივ, შევეცდებით კიდევ ბევრი  ასეთი განსაკუთრებული დღე მოგიძღვნათ.

სადღესასწაულო საღამო პანკისის ხეობის წარმომადგენელმა - მილანა გუმაშვილმა  გახსნა მურმან ლებანიძის ლექსით "ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო". ჩვენთან საუბრისას კი, 6 წლის გოგონამ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მისი თანატოლებისთვის გამართულ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობა სიხარულით მიიღო.

საქველმოქმედო საღამოზე განსაკუთრებული პრიზი - სიგელი ხვდა წილად სოციაური ქსელით აღმოჩენილ ბიჭუნას თორნიკე ირემაშვილს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა და მცირე ასაკის მიუხედავად შესანიშნავად ცნობს ქართულ ანბანს. დედა - მარიამ ბარნაბიშვილი ცდილობს ემიგრაციაში დაბადებულმა ქართველმა ფესვები არ დაივიწყოს.

-  ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერი  გაგვიკეთებია - ყველა ქართველმა უნდა იცოდეს მშობლიური ენა, იცნობდეს ამ ქვეყნის კულტურასა და ჭირ-ვარამს. მის ტკივილს... მიხარია, რომ დღეს "ავერსის" ხელშეწყობით ჩატარებულ საქველმოქმედო კონცერტში ვიღებთ მონაწილეობას და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ჩვენს თანადგომას ვუცხადებთ - აღნიშნა ქალბატონმა მაიამ.  

სომხური კულტურის ცენტრის წარმომადგენელმა ანი ოგანესიანმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს ხანდახან მაინც უნდა დავავიწყოთ არსებული პრობლემები და ვაგრძნობინოთ საზოგადოების მხარდაჭერა:

- საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მსგავს აქციებს არასოდეს ტოვებს უყურადღებოდ. ის სამაგალითოა სოციალური პასუხისმგებლობის სფეროში.

ვესაუბრეთ, ასევე, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებს.

მაკა მეძმარიაშვილი სამი შვილის დედაა:

-  უფროსი ბავშვი განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების მიმართ საზოგადოების მიდგომა და დამოკიდებულება თანდათან სასიკეთოდ იცვლება, მსგავსი კონცერტებითა და ღონისძიებებით მაინც არ ვართ განებივრებულები. ბავშვების უმრავლესობა დღის ცენტრში დადის, თუმცა სწორედ, ასეთი გასართობი კონცერტების დამსახურებით გამოდიან ჩაკეტილი სივრციდან. ჩემი უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის"  და მისი დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძის მიმართ, რადგან ის დიდი ქველმქმედი და სიკეთით სავსე ადამიანია.

ლიდა გეგეჭკორი:

- განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვის დედა გახლავართ. მიხარია, რომ არსებობენ ადამიანები და ორგანიზაციები, ვისაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა შეუძლია. ქველმოქმედება უდიდესი ნიჭია და ის უკვალოდ არასოდეს იკარგება...

კონცერტი საბავშვო თეატრალური სტუდია "ჭინჭრაქას" პატარა მსახიობების მიერ წარმოდგენილი სპექტაკლით დასრულდა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" თანადგომით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შესანიშნავი კონცერტი მიეძღვნა.

"ავერსი" გილოცავთ ბარბარობის დღესასწაულს და დამდეგ ახალ წელიწადს. გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს.

Поделитесь: