ავერსმა ემიგრანტ ქალბატონებს სიურპრიზი მოუმზადა

ავერსმა ემიგრანტ ქალბატონებს სიურპრიზი მოუმზადა

16 ოქტომბერს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში ემიგრანტი ქალბატონების შეხვედრა გაიმართა დევიზით "ჩვენ დავბრუნდით". ღონისძიებაზე პოეტები, მწერლები, ლიტერატორები და პერიოდული პრესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რომლებსაც წლების განმავლობაში საზღვარგარეთ უწევდათ მოღვაწეობა. მათ სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების გულისტკივილსა და ემიგრაციის პრობლემებზე ისაუბრეს. ამასთან, გაზეთ "ელადას" 15 წლის იუბილე აღნიშნეს, რომელიც ქალაქ ათენში 2002 წლიდან იბეჭდება. ლიტერატურულ საღამოზე შეკრებილებს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ესტუმრა და ქალბატონებს საჩუქრად მოვლისა და კოსმეტიკური საშუალებები გადასცა.

ფონდის ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ემიგრაციის თემა თითოეული ქართველისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან წლებია, საზოგადოების საუკეთესო ნაწილი ქვეყნიდან ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გაედინება და საბოლოოდ ისინი საკუთარ სამშობლოშიც ემიგრანტებად იქცევიან ხოლმე:
- "ღონისძიების დევიზმა - "ჩვენ დავბრუნდით" ძალიან აგვაღელვა და კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა იმ დიდ პრობლემაზე, რომლის წინაშე საქართველო უკვე წლებია დგას. ჩვენი სურვილია, მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ ემიგრაციის პროცესის შეკავებაში. მოვეფეროთ და გული გავუთბოთ ამ არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი შეიქმნენ, წლების განმავლბაში სამშობლოდან შორს, უცხო მიწაზე ეცხოვრათ. იმედი გვაქვს, რომ სხვა ორგანიზაციებიც აგვიბამენ მხარს და ყველა ერთად შევძლებთ ქვეყნიდან გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეების დაბრუნებას, რადგან დასაკარგი ქართველები არ გვყავს, მითუფრო, ისეთი ნიჭიერი, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელსა და ღირსებას უცხო მიწაზე ასმაგი ძალისხმევით იცავენ".
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი გაზეთ "ელადას" დამფუძნებელი და რედაქტორი, ქალბატონი ანა ყურშავიშვილი გახლდათ. მისი თქმით, ფონდი "ავერსი" პატრიოტული, მამულიშვილური სულისკვეთებით ყოველთვის გამოირჩევა და მისი თანადგომა ემიგრანტი ქართველების მიმართ სწორედ ამ განწყობით არის ნაკარნახევი:
- "მადლიერება მინდა გამოვხატო ფონდ "ავერსის" მიმართ, რომელიც ყოველი კეთილი წამოწყების, იდეის გვერდშიმდგომი და გულშემატკივარია. ჩვენი გაზეთიც სწორედ ასეთი ადამიანების ძალისხმევით, აქტიურობითა და თანადგომით შეიქმნა. მისი გამოცემა იმ ქალბატონების დამსახურებაა, რომლებიც საბერძნეთში წლების განმავლობაში ქართული სულიერებისათვის იბრძოდნენ, წერდნენ და ამ გაზეთში სულსა და გულს დებდნენ, სამშობლოს მონატრებას ლექსებად, პოემებად გადმოსცემდნენ და მრავალი ემიგრანტი ქართველისთვის სიმხნევის, გამძლეობის მაგალითს წარმოადგენდნენ. მათი დამსახურებით გამოიცა ჟურნალები, წიგნები და ევროპაში პირველი ქართული გაზეთი, რომელიც მთელს საბერძნეთში ვრცელდება".
ღონისძიებას ესწრებოდა ქალბატონი იზო დაშნიანი, რომელიც საბერძნეთში უკვე 21 წელიწადია ცხოვრობს. ის პირველი ქართველი სერტიფიცირებული მედდა გახლდათ, რომელმაც მრავალი ჯილდო და დაფასება მიიღო საბერძნეთის დედაქალაქში. გაზეთ "ელადას" ამჟამად ქალბატონი იზო უძღვება და ის თბილისს მხოლოდ სამი დღით, გაზეთის იუბილეზე ესტუმრა:
- "გაზეთ "ელადას" დაბადების მოწმე ვარ. ეს იყო იმედის სხივი ჩვენს სათვისტომოში. ის ემოცია, რაც ემიგრანტ ქალბატონებში წლების განმავლობაში იყო დაგროვილი და მხოლოდ ცრემლის სახით მოდიოდა, ლექსებად, სტატიებად და მხატვრულ ნაწამოებად იქცა და ამ გამოცემამ დიდი როლი ითამაშა ათენის ემიგრანტების ცხოვრებაში. "ელადა" ჩვენს ჭირ-ვარამს აშუქებდა. ამიტომაც, მთელი გრძნობით შემოვიკრიბეთ მის გარშემო და მიუხადავად იმისა, რომ მისი დამფუძნებელი საქართველოში დაბრუნდა, გაზეთი მაინც განაგრძობს არსებობას.
მიხარია, რომ ჩემი სამშობლოს სიკეთეს წარმოვაჩენთ, უცხოელებს უნდა ვაჩვენოთ ვინ ვართ და რანი ვართ. დღემდე ამ გაზეთის ყველა ნომერს ვინახავ. როცა ძალიან მომენატრება ჩემი სამშობლო, დარდს მისი დახმარებით ვიქარვებ.
მოხარული ვარ, ასევე, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც გულწრფელად გვგულშემატკივრობს და ჩვენს ტკივილს იზიარებს. მათ შორის ერთ-ერთი ფონდი "ავერსია". მის თანადგომასა და ყურადღებას ყოველი ჩვენგანი დიდად აფასებს.

Поделитесь: