სასწავლო წლის დაწყებას ავერსი სიურპრიზებით აღნიშნავს

სასწავლო წლის დაწყებას ავერსი სიურპრიზებით აღნიშნავს

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდებს და მათ მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და  საჩუქრად ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადასცა. აქცია 12 სექტემბერს გაიმართა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ახალი სასწავლო წელი  ახალი იდეებით, ენერგიითა და შემართებით უნდა დავიწყოთ და, ამიტომ, მოზარდების წასახალისებლად, "ავერსმა"  საჩუქრების მომზადება გადაწყვიტა:

– ვცდილობთ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს ყურადღება არასოდეს მოვაკლოთ, ყველა დღესასწაული მივულოცოთ და სიურპრიზებით  გავანებივროთ...

თვალს ვადევნებთ მათ წარმატებებსა და მიღწევებს _ თითოეულ წინ გადადგმულ ნაბიჯს სიხარულით ვხვდებით. ამჯერად, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დედებისთვის და მოზარდებისთვის სასაჩუქრე ნაკრებები მოვამზადეთ. შევეცადეთ,  ეს ახალი ეტაპი მათთვის უფრო სახალისო და სიახლეებით აღსავსე ყოფილიყო. ამასთან, არც  მშობლები დავივიწყეთ, რადგან განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების აღმზრდელებს თითოეული ჩვენგანის თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ _ აღნიშნა ფონდის ხელმძღვანელმა.

ვესაუბრეთ, ასევე,  აქციის მონაწილე მოზარდებსა და ბავშვებს:

ნინო აბელაშვილმა წლეულს საჯარო სკოლა წარმატებით დაასრულა და სწავლის გაგრძელება კოლეჯში გადაწყვიტა. "ავერსის" სიურპრიზს სიხარულით შეხვდა და აღნიშნა, რომ ასეთი ღონისძიებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანთა სოციალური ინტეგრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

– საზოგადოებამ მეტი უნდა შეიტყოს ჩვენს შესახებ, იმისთვის რომ უკეთ გაგვიცნონ. რაც უფრო ხშირად დაიგეგმება ასეთი ღონისძიებები, მით უფრო ამაღლდება ჩვენი ცნობიერებაც. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მაგალითად უნდა იქცეს ყველასთვის, რადგან ის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე მუდამ ზრუნავს.

 

მარიამ ბერიაშვილი ახალი სასწავლო წლიდან ჩოგბურთზე აპირებს სიარულს. ამბობს, რომ "ავერსის" ყურადღება მისთვის დამატებითი სტიმული და  წახალისებაა. 

ლევანი გოცაძე მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. როგორც გაგვიმხილა, მომავალში ისიც კოლეჯში აპირებს სწავლის გაგრძელებას:

– მადლობელი ვარ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელობის და მისი დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძის, რადგან მათგან განსაკუთრებულ თანადგომასა და ყურადღებას ყოველთვის ვგრძნობთ.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" მრავალი პროექტის ავტორია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებზე მუდამ ზრუნავს.

"ავერსი" ჯანმრთელობას და წარმატებულ ახალ სასწავლო წელს გისურვებთ! 

поделитесь: