საქველმოქმედო ფონდმა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ბავშვებს საახალწლო სიურპრიზი მოუწყო

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შობა-ახალ წელს უამრავი სიურპრიზით, საჩუქრითა და აქციით ხვდება. ტრადიციად იქცა მრავალშვილიანი ოჯახების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი პატარების სპექტაკლზე დაპატიჟებაც... "ავერსმა" პატარებს წლეულსაც ნამდვილი დღესასწაული მოუწყო – ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია რეჟისორ დავით დოიაშვილის სპექტაკლებზე – "მერი პოპინსი" და "იყო და არა იყო რა... ანუ საშობაო ზღაპარი".

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ფონდი "ავერსი" ორიგინალური სიურპრიზებით მუდამ გამოირჩევა:

– სურვილი გვქონდა, საახალწლოდ ბავშვებისთვის დაუვიწყარი დღესასწაული მოგვეწყო. ყოველი სპექტაკლის შემდეგ მათ ისეთი გულწრფელი სიხარული, დადებითი ემოციები და მომღიმარი სახეები ჰქონდათ, რომ გადავწყვიტეთ, არც წლეულს დაგვეწყვიტა მათთვის გული და შესანიშნავ სპექტაკლებზე მოვიწვიეთ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახები, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები... ჩვენი სურვილია, რომ მათ ახალი წლის სადღესასწაულო განწყობა შევუქმნათ, ბავშვობა გავულამაზოთ და რაც შეიძლება ბევრ პატარას მივცეთ შესაძლებლობა ისიამოვნონ ამ არაჩვეულებრივი სპექტაკლებით. 

მართლაც, თეატრის მსახიობებმა ბავშვებს ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს – გააცოცხლეს მათი საყვარელი პერსონაჟები და გაახალისეს ჩვენი პატარა სტუმრები...

"ავერსი" გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს, ყველა პატარას კი _ ნატვრების ახდენას და ბედნიერ ბავშვობას.

სპექტაკლზე მოწვეულ სტუმრებს შორის საქართველოს საპატრიარქოს სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელი ექიმი ლალი ვაჭარაძეც იყო. ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა:

– ფონდი "ავერსი" უამრავ კეთილ საქმეს ემსახურება... საპატრიარქოსთან მას უკვე დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ ხშირად ერთად ვზრუნავთ მრავალშვილიან ოჯახებზე, გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე... მოგეხსენებათ, დღეს არა თუ ბევრი, არამედ ერთი ბავშვის აღზრდაც რთულია, მითუფრო მრავალშვილიან ოჯახებს ხშირად არ აქვთ იმის საშუალება, რომ პატარები ასეთ სპექტაკლზე მოიყვანონ. აქ ბევრი სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვია, ბევრიც _ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. მათთვის ბილეთის შეძენა, როგორი ფასდაკლებაც არ უნდა იყოს, რთულია. უღრმესი მადლობა ბატონ პაატას ასეთი ჩანაფიქრისთვის და საჩუქრისთვის. ასეთი ყურადღება, დაფასება და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კი მათი ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ქომაგია... 

მადლიერება მინდა გამოვხატო ფონდის ხელმძღვანელის – ქალბატონ ქეთევან ნემსაძის და მისი თანამშრომლების მიმართ. ისინი გამორჩეულად გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანები არიან.

ქალბატონი ნათია კიკვაძე  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია "მშობლების თანადგომის" თავმჯდომარე გახლავთ. ამ ორგანიზაციას ფონდ "ავერსთან" დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს.

– ფონდი "ავერსი" ჩვენს ორგანიზაციას დახმარებას სისტემატურად უწევს – საჭირო მედიკამენტებით უზრუნველგვყოფს და მატერიალურადაც მხარში გვიდგას. ასევე, ხშირად გვანებივრებს ასეთი ღონისძიებებითა და სიურპრიზებით. უნდა გვახსოვდეს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არიან ჩვენი საზოგადოების და სოციუმის ნაწილი. მათზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის მოვალეობაა და "ავერსი" ამ ამოცანას ყველაზე უკეთ ართმევს თავს.

კიდევ და კიდევ, უდიდესი მადლიერება მინდა გამოვთქვა ფონდის დამფუძნებლისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ. ეს ფონდი კეთილშობილურ საქმეს ემსახურება და ყოველდღიურად, დაუღალავად თესავს სიკეთეს, უამრავ ადამიანს უმსუბუქებს პრობლემებს და მომავლის იმედით აღავსებს.

გისურვებთ ბედნიერ შობა-ახალ წელს.

სპექტაკლის შემდეგ შთაბეჭდილებების გაზიარება მრავალშვილიან დედას _ ირმა ოქროპირიძეს ვთხოვეთ. ირმა შვიდი შვილის მშობელია:

– ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ. "ავერსი" მრავალშვილიანების დიდი იმედია. ის მართლაც უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს და მეც, როგორც მრავალშვილიან დედას, უკვე არაერთხელ დამიდგა მხარში. უნდა აღვნიშნო, რომ არც ასეთი სიურპრიზები და სადღესასწაულო ღონისძიებები არის "ავერსისთვის" უცხო რამ. დღევანდელი საღამო შესანიშნავი საშობაო საჩუქარია ყველა პატარისთვის. ვისიამოვნეთ და დიდი მადლობა ამისთვის ფონდის დამფუძნებელს ბატონ პაატა კურტანიძეს. ახალი წლის ასე ლამაზად მოლოცვა მართლაც დაუვიწყარი საჩუქარია ყოველი ჩვენგანისთვის.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" კიდევ უამრავ სიურპრიზსა და საჩუქარს პირდება პატარებს. "ავერსი" გილოცავთ ახალ წელს და ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

Поделитесь: