საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ ხანდაზმულ მოსახლეობაზე ზრუნავს

საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ ხანდაზმულ მოსახლეობაზე ზრუნავს

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" საქართველოს პენსიონერთა კავშირს ყოველთვიურად მათთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს. წლების წინ მათ შორის მემორანდუმიც კი გაფორმდა, რომლის თანახმად, ფონდი ხანდაზმულებს აუცილებელ მედიკამენტებს სრულიად უსასყიდლოდ გადასცემდა, თუმცა, ეს თანადგომა ტრადიციად იქცა და დღეს, არა თუ თბილისის, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით, პენსიონერთა კავშირის რეგიონულ ორგანიზაციებსაც საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უდიდეს მხარდაჭერას უცხადებს.

პენსიონერთა კავშირის თავმჯდომარემ ბატონმა ადერკინ კოპლატაძემ აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმოკლე და მარტოხელა პენსიონერებისთვის:
– "მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მიმართ დახმარებისთვის. ვფიქრობ, ყოველი პენსიონერის აზრს გავაჟღერებ თუ ვიტყვი, რომ მატერიალურ დახმარებაზე ღირებული და მნიშვნელოვანი ის დაფასება და თანადგომაა, რომელსაც ფონდი "ავერსი" ჩვენს მიმართ იჩენს. პენსიონერი მოსახლეობა საზოგადოების დამსახურებული, ღირსეული ნაწილია, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის კეთილდღეობისათვის, მომავალი თაობების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის შრომობდა და იღვწოდა. საქართველოში რამდენიმე ასეული პენსიონერი ცხოვრობს. ჩვენს კავშირში აღრიცხულია ათობით ათასი პენსიონერი, ვისაც საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მიერ მოწოდებულ მედიკამენტებს ვუნაწილებთ. საჭირო პრეპარატებით იმ პენსიონერებს ვეხმარებით, ვისაც სხვებთან შედარებით უფრო უჭირს და რეალურად სჭირდება დახმარება. 
ჩვენს კავშირს "ავერსი" 2012 წლიდან ეხმარება. თავდაპირველად მედიკამენტებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით გავცემდით, ახლა კი ფონდმა ათივე რეგიონი მოიცვა. საქართველოში არ დარჩენილა კუთხე-კუნჭული, პენსიონერებს "ავერსის" მზრუნველობა და კეთილგანწყობა რომ არ ეგრძნოთ – გურია, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-თიანეთი, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი... ერთი სიტყვით, არა მხოლოდ რეგიონული, არამედ რაიონული ორგანიზაციებიც ყოველთვიურად საქველმოქმედო ფონდ "ავერსისგან" უდიდეს დახმარებას იღებენ.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ "ავერსს" და უდიდეს ქველმოქმედს ბატონ პაატა კურტანიძეს იმ თანადგომისთვის, რასაც პენსიონერთა მიმართ იჩენენ" – აღნიშნა საქართველოს პენსიონერთა კავშირის ხელმძღვანელმა.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა:

– ტრადიციულად, საქართველოში ხანდაზმულ ადამიანებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ. 
ხანდაზმული ადამიანები ჩვენი საზოგადოების ღირსეული, ღვაწლმოსილი ნაწილია, რომელსაც გაფრთხილება, თანადგომა და მხარდაჭერა, მოვლა და მოფერება სჭირდება. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სწორედ ასეთ ადამიანებს ეხმარება და მათ ყველა საჭირო მედიკამენტით უზრუნველყოფს".

როგორც ფონდის წარმომადგენლებმა აღნიშნეს პენსიონერთა და ხანდაზმულთა დახმარება ტრადიციად იქცა და ისინი ფონდის მხრიდან თანადგომას კიდევ არაერთხელ იგრძნობენ.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას!

Поделитесь: