ქალთა ორგანიზაციამ ავერსის დამფუძნებელს ჯილდო გადასცა

ქალთა ორგანიზაციამ ავერსის დამფუძნებელს ჯილდო გადასცა

16 აპრილს საერთაშორისო ასოციაციამ "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" გაფართოებული სხდომა მედია-ჰოლდინგ "რეპორტიორის" შეხვედრათა დარბაზში გამართა, სადაც მოწვეულ სტუმრებთან, გამგეობის წევრებთან, რეგიონალურ წარმომადგენლებთან და ორგანიზაციის მხარდამჭერებთან ერთად ფონდის საქმიანობა კიდევ ერთხელ შეაჯამა. შეხვედრაზე განვლილი წლის შედეგებსა და იმ მრავალრიცხოვან აქციებზე ისაუბრეს, რომლის ორგანიზებაც ქალთა ასოციაციამ საკუთარი ძალებით, ქველმოქმედი ადამიანებისა და ფონდების, ექიმებისა და უბრალოდ, კეთილი ადამიანების მხარდაჭერით შეძლო. შეხვედრის მიზანი გახლდათ, ასევე, იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, ვინც ორგანიზაციას "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" მუდმივად გვერდში უდგანან და ამ ასოციაციის ყოველგვარ კეთილ წამოწყებას, მხარს უბამენ.
ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნელი გურგენიძემ ორგანიზაციის მიმართულებებზე ისაუბრა:
- “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” 1992 წელს დაფუძნდა და მასში ათასზე მეტი ადამიანია გაწევრებული. ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ქველმოქმედებაა. ვეხმარებით ომში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, ხანდაზმულ პენსიონერებსა და მარტოხელა მოხუცებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და ლეიკემიით დაავადებულებს, მარტოხელა დედებს და მრავალშვილიან ოჯახებს... უამრავი პროექტი განვახორციელეთ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროში. წელიწადში რამდენიმეჯერ ვმართავთ მასშტაბურ საქველმოქმედო აქციას როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც. ვგონებ, არ დარჩენილა რაიონი, სოფელი, სადაც ხელმოკლე ადამიანები უყურადღებოდ დაგვეტოვებინოს. 1995 წლიდან წელიწადში სამჯერ მაინც რეგიონებში, სადაც სამედიცინო მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი, მობილური სამედიცინო ბრიგადები და კვალიფიციური ექიმები - კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, პედიატრი, გინეკოლოგი, ულტრასონოგრაფისტი და სხვა პროფილის ექიმები ჩაგვყავს. თან მიგვაქვს აპარატურა, მობილური ლაბორატორია. ვსინჯავთ ადამიანებს, ვინც 15-20 წელია არ ყოფილა ექიმთან. ვატარებთ პროსტატის გამოკვლევასა და პაპ-ტესტებს. უფასო სამედიცინო კონსულტაციას და გამოკვლევას ვუტარებთ ადგილობრივ მოსახლეობას, ვეხმარებით საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფებს... ყოველ ასეთ გასვლით აქციაზე, საშუალოდ, 500-700 პაციენტი ისინჯება.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს ხშირად ბავშვის საკვებით, ტანსაცმლით, საკანცელარიო ნივთებით ვეხმარებით... ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ინვალიდის ეტლებს ვჩუქნით, ასეთი ადამიანების რიცხვი კი ძალიან დიდია... მასშტაბური გამოვიდა გასული წლის ივნისში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დახმარების პროექტი, რომლის ფარგლებში 222 ოჯახს საოჯახო ტექნიკა, მედიკამენტები, ტანსაცმელი და უამრავი საჭირო ნივთი გადავეცით. ამ უამრავ სასიკეთო საქმეს ვერ დავადგამდით თავს, რომ არა საქველმოქმედო ორგანიზაციები და კეთილი ადამიანები, რომლებიც მუდმივად მხარში გვიდგანან.
ასოციაციის თავმჯდომარემ, ქალბატონმა მაია კვეზერელი-კოპაძემ აღნიშნა, რომ უამრავი ადამიანის დახმარებას ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" ვერ შეძლებდა, რომ არა “ავერსის” დამფუძნებლის ბატონი პაატა კურტანიძის და საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" თანადგომა:
- დღეს ჩვენს გაფართოებულ სხდომაზე უნდა აღვნიშნოთ იმ ადამიანების და ორგანიზაციების ღვაწლი, რომლებიც ჩვენი თანამდგომნი, ხელშემწყობნი არიან. საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” ხელშეწყობით ჩვენმა საერთაშორისო ორგანიზაციამ არაერთი აქცია გამართა. სადაც არ უნდა წავიდეთ, “ავერსი” მუდამ მხარში გვიდგას, აქციების ორგანიზების დროს კი რეგულარულად ვთანამშრომლობთ - გვეხმარება მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი ნივთებით. ყოველი ასეთი აქციისთვის ფონდი, საშუალოდ, 3 ათასი ლარის ღირებულების წამლებს გვაწვდის. ჩვენი ასოციაციის შუამდგომლობით ის დაარსების დღიდან ეხმარება ცალკეულ მოქალაქეებს, ჩვენს ოფისში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე სისტემატურად გაიცემა დონორთა შემწეობით შეძენილი პირველადი საჭიროების მედიკამენტები და ანტიეპილეფსიური საშუალებები სპეციალურ აღრიცხვაზე მყოფი ავადმყოფებისთვის. ამ მედიკამენტებს სწორედ „ავერსისგან“ ვიძენთ შეღავათიან ფასად.
მაღალმთიან სოფლებში, სადაც ისეთი ხელმოკლე ოჯახებიც ცხოვრობენ, რომ ჩვილების გამოკვების საშუალებაც არ აქვთ, “ავერსის” დახმარებით ჩაგვაქვს პამპერსები, ბავშვის მოვლის საშუალებები... “ავერსი” მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების ნივთებით ამარაგებს მათ. რომ იცოდეთ, მთიან სოფლებში როგორ ელიან ჩვენს ჩასვლას...
უფლის შეწევნით, იქნებ დაგვიდგეს დღე, როდესაც ასეთი ქველმოქმედება საჭირო აღარ იქნება, მაგრამ დღეს საქველმოქმედო ფონდ “ავერსის” საქმიანობას ბევრისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ბედნიერებაა, რომ არსებობენ ფონდის დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძის მსგავსი ადამიანები. სწორედ მათ მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი. და პირველი ნომინანტი, ვისაც ჩვენი ასოციაციის საპატიო პრიზი - მედალი და სერტიფიკატი გადაეცემა, სწორედ ბატონი პაატა გახლავთ.
შეხვედრას საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელი ქეთევან ნემსაძე ესწრებოდა, რომელმაც საპატიო ჯილდოს მიღებისას განაცხადა:
- ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” იმ დიდებულ საქმეს ემსახურება, რასაც ქველმოქმედება ჰქვია. მოხარულნი ვართ, რომ ამ იდეის გარშემო ჩვენ ერთად ვდგავართ. ბატონმა პაატამ პირადი საუბრისას თქვა, მადლობელი ვარ უფლის, რომ მან სიკეთის კეთების შესაძლებლობა მომცაო, მართლაც "ავერსმა" დაარსების დღიდან უამრავ სასიკეთო საქმეს ჩაუყარა საფუძველი, ჩვენს ფონდში მილიონობით ლარი იხარჯება ქველმოქმედებაზე... უამრავ წერილს ვიღებთ როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისიდან. ბატონი პაატა ამბობს ხოლმე, 24 საათიდან 25 საათს ვმუშაობო, მიუხედავად ამისა, თითოეულ წერილს თავად ეცნობა და არც ერთ მათგანს არ ტოვებს უყურადღებოდ. რთულია იყო დიდი ბიზნესმენი და დიდი ქველმოქმედიც. ბატონი პაატა ყველაფერ ამას შესანიშნავად უთავსებს ერთმანეთს. მის გვერდით მუშაობა ერთგვარი ბედნიერებაა - თანამშრომლებს ყოველდღიურად გვაოცებს კეთილი ნებით. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სწორედ ამიტომ წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ეროვნული პროექტი მრავალშვილიანთა დახმარების პროგრამა გახლავთ, რომელიც 2005 წლიდან მოქმედებს. ასევე მნიშვნელოვანია მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, სასულიერო პირების დახმარება, ბავშვთა სახლების, მოხუცთა თავშესაფრების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მხარდაჭერა, განათლების, ახალგაზრდა წარჩინებული მოსწავლეების წახალისება, მატერიალური დახმარება...
“ავერსი” და “ავერსის კლინიკა” თავადაც ხშირად უწევენ ორგანიზებას მაღალმთიან რეგიონებში უფასო გასინჯვებს, სხვა ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ასეთ აქციებს კი ფონდი ყოველთვის უჭერს მხარს და ქველმოქმედებაში თავისი წვლილი შეაქვს.
მინდა, თქვენს ორგანიზაციას, ისევე, როგორც `ავერსს~ წარმატება და წინსვლა ვუსურვო, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს ჩვენი ქველმოქმედება... ისეთი ძირძველი საქველმოქმედო ორგანიზაციისგან, როგორიც გახლავთ `საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” უდიდესი პატივია ასეთი დაფასება და ჯილდოს მიღებაც.
ჯილდო გადაეცა ასევე ასოციაციის ორ უძველეს წევრს, თანამდგომსა და გულშემატკივარს: ევროპული სკოლის დირექტორს ნანა მოსიძეს და მსახიობს, ლიტერატორს, მწერალს და თამამად შეიძლება ითქვას, საზოგადო მოღვაწეს იზა ვეფხვაძეს.
- უდიდესი მეცენატის, ქველმოქმედის და წარმატებული ბიზნესმენის ბატონი პაატა კურტანიძის შვილები ჩვენი სკოლის მოსწავლეები არიან. მათი ოჯახი გამორჩეულია - არაჩვეულებრივად ზრუნავენ ბავშვთა განათლებასა და წარმატებებზე. ყოველი ღონისძიების, შეხვედრის დროს ჩვენი სტუმრები არიან და დიდი მონდომებითა და ინტერესით ერთვებიან სასკოლო ღონისძიებებში. იშვიათია, ასეთი გულისხმიერი ადამიანები და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ასოციაცია “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” მიერ დაწესებული ჯილდო ბატონ პაატასთან ერთად მეც გადმომეცა - აღნიშნა ქალბატონმა ნანამ.
“საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის” ასოციაციის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ქალბატონმა იზა ვეფხვაძემ საღამოს ულამაზესი მუხტი შესძინა და თეატრალური ჩანახატი წარმოადგინა - გაფართოებულ სხდომაზე გალაკტიონის წერილებიდან და პოეზიიდან ულამაზესი სტრიქონები გაჟღერდა.

Поделитесь: