საქველმოქმედო ფონდმა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ახალი წელი პატიმრებს მიულოცა

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" შობა-ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებით მრავალრიცხოვანი აქციებით, სადღესასწაულო საღამოებით, საჩუქრებითა და სიურპრიზებით აღნიშნავს ხოლმე. ფონდმა ახალი წლის დადგომა პატიმრებსაც მიულოცა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს ორგანიზებით ჩატარდა აქცია, რომლის ფარგლებში საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მსჯავრდებულ ქალებს საახალწლო საჩუქრები გადასცა - პენიტენციურ დაწესებულებაში საჩუქრები გადაეცა ყველა ქალბატონს. ხოლო სპეციალური სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ მსჯავრდებულ დედებს და მათ შვილებს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელმა ანა გვარამიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ პატიმრების მიმართ განსაკუთრებული თანადგომით და მზრუნველობით გამოირჩევა:
- რამდენიმე წელია, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ საახალწლოდ მსჯავრდებული ქალბატონებისთვის საჩუქრებს გამოყოფს. ახალი წლის დამდეგს „ავერსმა“ ყველა მსჯავრდებული ქალბატონი ჰიგიენის და მოვლის საშუალებებით დაასაჩუქრა. განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო მსჯავრდებულ დედებს და მათ შვილებს - ბავშვთა მოვლის საშუალებები და საჩუქრები გადასცა.
საახალწლოდ ასეთი აქციები მსჯავრდებულებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დიდ მადლობას უხდის საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ ყურადღებისთვის და გულისხმიერებისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.
საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა:
- შობა-ახალი წელი ახალი იმედების, სიხარულისა და სიკეთის დღესასწაულია. ამ დღეს პატიმრებს, მსჯავრდებულთა მცირეწლოვან შვილებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს და უდედმამო ბავშვებს განსაკუთრებით სჭირდებათ ყურადღება, მოფერება... მოხარული ვარ, რომ საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" შემწეობით უამრავ ადამიანს ვუხალისებთ და ვულამაზებთ შობის დღესასწაულს.
საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

Поделитесь: