საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარს დაეხმარა

საქველმოქმედო ფონდი “ავერსი” რუსთავის მოხუცებულთა თავშესაფარს დაეხმარა

 საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" წარმომადგენლები 10 თებერვალს რუსთავში მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ.  ფარმაცევტული კომპანია “ავერსი” ამ თავშესაფარში მცხოვრებთ საჭირო მედიკამენტებით მუდმივად ამარაგებდა, ამჯერად პანსიონატის მოსარგებლეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაზე "ავერსის საქველმოქმედო ფონდი"იზრუნებს.
პანსიონატი 1992 წლიდან ფუნქციონირებს და აქ ამჟამად 28 მოსარგებლეა. მოხუცები ყოფილ ბაგა-ბაღის შენობაში ცხოვრობენ. აქ მძიმე ავადმყოფებიც არიან და სამუდამოდ ლოგინს მიჯაჭვულებიც, რომლებსაც არც მოძრაობა შეუძლიათ და მითუმეტეს, არც საკუთარ თავზე ზრუნვა. პანსიონატის ერთადერთი შემოსავალი კი მოხუცების პენსია და ქველმოქმედი ადამიანების შემოწირულობებია.
“კომპანიის წარმომადგენლები პირველად რომ მოვიდნენ, პროდუქტები მოგვიტანეს, შემდეგ დაათვალიერეს ჩვენი თავშესაფარი, დეტალურად გამოგვკითხეს, რა გვჭირდებოდა და მას შემდეგ მედიკამენტებით მუდმივად გვამარაგებენ. წამლები და ყურადღება ჩვენი მოხუცებისთვის მართლაც ფასდაუდებელია. დიდი მადლობა ამხელა მადლისთვის” _ აღნიშნა ამ თავშესაფრის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, თავშესაფარი ყველა პრობლემას ვერ გაუმკლავდებოდა, რომ არა ისეთი კეთილი და ღვთისნიერი ადამიანები, როგორიც “ავერსის” დამფუძნებელი ბატონი პაატა კურტანიძე გახლავთ. სწორედ მათი დახმარებით და უფლის წყალობით არ აკლიათ მოხუცებს ოჯახური სითბო და მზრუნველობა.

Поделитесь: