„ავერსის“ დამფუძნებელს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სპეციალური ჯილდო გადაეცა

„ავერსის“ დამფუძნებელს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისგან სპეციალური ჯილდო გადაეცა

21 დეკემბერს სასტუმრო ,,პულმან თბილისი აქსის თაუერსში“ საქართველოს  ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო  სესია  გაიმართა, სადაც  ორგანიზაციის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა მოწვეულ აუდიტორიას  2022 წლის  საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, მიმოიხილა  გასული სპორტული სეზონის მნიშვნელოვან შეჯიბრებებში ქართველ მოასპარეზეთა შედეგები, ისაუბრა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზეც.  

ღონისძიების დასასრულს  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ შერჩეული წლის საუკეთესო სპორტსმენების, მწვრთნელების და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ორგანიზაციებისა და პერსონების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.  სადღესასწაულო საღამოს ცნობილი სპორტული კომენტატორი დიმიტრი ობოლაძე უძღვებოდა.

საქველმოქმედო ფონდ  ,,ავერსს“ და მის დამფუძნებელს - პაატა კურტანიძეს, როგორც 2022 წლის სპორტის უპრეცედენტო მხარდამჭერსა და მეცენატს, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა სპეციალური ჯილდო გადასცა:

ორგანიზაციის  პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ბატონ პაატას 55 წლის იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართველი სპორტსმენების წარმატებაში ლომის წილი სწორედ საქველმოქმედო ფონდ „ავერსს“ მიუძღვის, რადგან 2009 წლიდან ის ზრუნავს როგორც მოქმედი, ასევე ვეტერანი სპორტსმენების ჯანმრთელობაზე, უზრუნველყოფს მათ  უმაღლესი სტანდარტების სამედიცინო მომსახურებით და ყველა საჭირო  მედიკამენტით. ორგანიზაციის დამფუძნებელს სპეციალური პრიზი - მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძის მიერ შესრულებული ორიგინალური სკულპტურა გადასცა.

 

-  გვეამაყებით  და მოხარულნი ვართ, რომ ,,ავერსს’’თავისი  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქართული სპორტის განვითარებაში  - აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“ ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ და  ქვეყნის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს მომავალ შეჯიბრებებში წარმატება უსურვა.

საქველმოქმედო ფონდ „ავერსსა“ და  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის მოქმედი თანამშრომლობის მემორანდუმი ერთ-ერთია იმ ეროვნული მნიშვნელობის პროექტებს შორის, რომლებსაც ფონდი ჩვენს ქვეყანაში ახორციელებს.

Поделитесь: