"ავერსმა" ღვაწლმოსილ ქალბატონებს მარტის დღესასწაულები მიულოცა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ქალთა დღესასწაულები წლეულსაც ტრადიციულად აღნიშნა - ღვაწლმოსილ და პენსიონერ ქალბატონებს განსაკუთრებული სიყვარულით მიულოცა გაზაფხულის დადგომა და საჩუქრად კოსმეტიკური პროდუქცია, პარფიუმერია, ასევე, მოვლის საშუალებები გადასცა.

სასიამოვნო სიურპრიზის შესახებ საქართველოს პენსიონერთა  კავშირის თავმჯდომარე თემურ ონიანი გვესაუბრა:

- მინდა, მადლობა ვუთხრა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" წარმომადგენლებს, რომლებიც  ყურადღებას იჩენენ პენსიონერთა მიმართ. ფონდი მუდმივად მხარში გვიდგას და დღესასწაულებსაც ორიგინალურად, გულუხვად და გულწრფელი სიყვარულით გვილოცავს. ტრადიცია არც წლეულს დაურღვევიათ - ქალთა დღეების აღსანიშნავად ჩვენს ქალბატონებს შესანიშნავი საჩუქრები მოუმზადეს.

პენსიონერთა კავშირის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელმა ქალბატონმა ნელი არღვლიანმა აღნიშნა, რომ "ავერსი" მათთან  უკვე მრავალი წელია  მეგობრობს:

- წლების წინ, როდესაც საქართველოს პენსიონერთა კავშირში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლდით, ერთ-ერთმა პენსიონერმა  გვითხრა, რომ "ავერსი" მედიკამენტებით დაეხმარა. აღმოჩნდა, რომ ასეთი მადლიერი პენსიონერები ჩვენთან მრავლად იყვნენ. სიკეთის ამბავი სწრაფად ვრცელდება და ქველმოქმედების მიღება ბევრმა მოინდომა.  მივმართეთ ფონდს და ჩვენი შუამდგომლობით კიდევ მრავალ ხანშიშესულ ადამიანს გადასცეს საჭირო მედიკამენტები. ფონდმა პენსიონერებისთვის ფარმაცევტულ პროდუქციაზე ჯერ 10%-იანი შეღავათი დაგვიწესა და მას შემდეგ, რეგულარულად გვეხმარება საჭირო წამლებით. დღესასწაულებსაც გამორჩეულად გვილოცავს - ქალთა დღეების აღსანიშნავად  ჩვენს აქტივისტ ქალბატონებს პარფიუმერია და კოსმეტიკური საშუალებები გადასცეს. ეს მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით არ ხდება, საჩუქრებით და ყურადღებით ჩვენს რეგიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებსაც ანებივრებენ. მადლობას ვუხდი ფონდ "ავერსს” სიკეთისთვის.

ქალბატონი ლილი ადეიშვილი საქართველოს პენსიონერთა კავშირის დიდუბის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გახლავთ. "ავერსის" სადღესასწაულო ღონისძიების შესახებ კომენტარი მასაც ვთხოვეთ:

- ვერ წამოიდგენთ, ჩვენი პენსიონერი ქალბატონებისთვის "ავერსის" თანადგომა რამდენად მნიშვნელოვანია. გაზაფხულის დღესასწაულებს განსაკუთრებული სიხარულით ელიან. საჩუქრებს იღებენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სიყვარულს, სითბოს და დიდ ყურადღებას გრძნობენ ფონდის წარმომადგენლების მხრიდან. კეთილგანწყობა კი ყველაზე დასაფასებელია.

ფონდმა "ავერსმა" მარტის დღესასწაულები ქალთა საბჭოს ღვაწლმოსილ ქალბატონებსაც მიულოცა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა თავმჯდომარემ ქეთევან გაბრუაშვილმა ისაუბრა იმ საქველმოქმედო პროექტებზე, რომლებიც "ავერსის" თანადგომით უკვე წლებია ხორციელდება:

- საქართველოს ქალთა საბჭოს ფონდ "ავერსთან" მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. ერთად არაერთი  კეთილი საქმე და საქველმოქმედო პროექტი წამოგვიწყია. გასულ წელს "ავერსის" თანადგომით შესანიშნავი სიურპრიზი მოვუმზადეთ ქვეყნის წამყვან ინფექციონისტებს, რომლებიც პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართული. სექტებერში სამხატვრო აკადემიაში მადლიერებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩავატარეთ,  სადაც, ასევე, მოწვეულნი იყვნენ ექიმები, საზოგადო მოღვაწეები... რა თქმა უნდა, აქაც "ავერსმა" სრული თანადგომა გამოგვიცხადა. წლეულს ორი ქართველი აკადემიკოსი ქალბატონის იუბილე აღვნიშნეთ - საქართველოს ქალთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარის, ქალბატონ მზექალა შანიძის 95 წლის იუბილე იანვარში ვიზეიმეთ. მარტში კი ქალბატონ ეთერ ქემერტელიძის იუბილეა. ღვაწლმოსილ ქალბატონებს ფონდმა "ავერსმა" შესანიშნავი საჩუქრები გადასცა. "ავერსმა" თანადგომა გამოგვიცხადა 8 მარტის სამეცნიერო კონფერენციის - "ქალი, მუსიკა და ტრადიცია" ორგანიზებისას. მოხარული ვართ, რომ საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ყველა სასიკეთო წამოწყებას მხარს უბამს და სასიამოვნო სიურპრიზებით მუდმივად გვანებივრებს.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ფონდი მარტის დღესასწაულებისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადება, რადგან ღვაწლმოსილ, დამსახურებულ და ძალიან ლამაზ ქალბატონებს დიდი სიყვარულით ულოცავს.

Поделитесь: