"ავერსმა" დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე საქველმოქმედო ღონისძიებით აღნიშნა

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს "ავერსი" ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. 21 მარტის აქციები დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ამ პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ თანადგომის გამოხატვას ისახავს მიზნად.

"ავერსმა"  ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია - საქველმოქმედო ფონდ "მომავლის გზასთან" არსებულ დღის ცენტრს საჩუქრად დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოლიდარობის სიმბოლო - წინდები და ტკბილეული გადასცა.

"მომავლის გზის" თანადამფუძნებელმა და ფონდთან არსებული დღის ცენტრის უფროსმა აღმზრდელმა მარინა იზორიამ აღნიშნა, რომ ორგანიზაციას "ავერსთან" თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს:

- ჩვენი ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფის თხოვნით "ავერსისთვის" არაერთხელ მიგვიმართავს და დახმარებაც არაერთხელ მიგვიღია.  ერთად მრავალი საქველმოქმედო ღონისძიებაც ჩაგვიტარებია.

ორი წელია ერთობლივად ვუერთდებით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სოლიდარობის  მსოფლიო  ღონისძიებას. თუმცა, წლეულს, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, 21 მარტი განსხვავებული ფორმატით აღვნიშნეთ - შევეცადეთ მაქსიმალურად დაგვეცვა უსაფრთხოების წესები და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები - საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მიერ გადმოცემული ფერადი წინდები და ორცხობილები ერთჯერადი რეზინის ხელთათმანებით, პირბადეებით, ბავშვებს შორის დისტანციის დაცვით დავარიგეთ და პატარებს, ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სასიამოვნო სიურპრიზი მოვუწყვეთ.

შევეცადეთ დღევანდელი აქციით დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ ჩვენი სოლიდარობა გამოგვეხატა - აღნიშნა ქალბატონმა მარინამ და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან".

Поделитесь: