ავერსმა ხანდაზმულებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა

ავერსმა ხანდაზმულებს ახალი წლის დღესასწაული მიულოცა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" მოხუცებს შობა-ახალი წელი მიულოცა - თემქის ხანდაზმულთა პანსიონატს პროექტ "მხოლოდ ქართულის" მონაწილეებთან ერთად ესტუმრა და ნამდვილი ზეიმი აჩუქა ადამიანებს, რომლებიც საკუთარ მარტოობას ასეთ დღესასწაულებზე ყველაზე მძაფრად გრძნობენ და განიცდიან.

ხანდაზმულთა პანსიონატში ჩვენს უსაყვარლეს მოხუცებს ვეწვიეთ და შევეცადეთ, შობა-ახალი წლის დღესასწაული მათთვის უამრავი დადებითი ემოციით აგვევსო და გაგველამაზებინა,  გვითხრა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ.

- მოხუცებს საახალწლოდ საჩუქრები - ტკბილეული და  მოვლის საშუალებები დავურიგეთ... ამასთან, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ, ისინი პროექტ "მხოლოდ ქართულის" მონაწილეებს განსაკუთრებით გულშემატკივრობდნენ. რა თქმა უნდა, მათთვის კონცერტზე დასწრება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, ამიტომ  კონკურსანტები თავად ეწვივნენ მოხუცებს და მათთან ერთად ძალიან თბილი, სიმღერებითა და ხალისით სავსე საღამო გავატარეთ.

"მხოლოდ ქართულმა" მხოლოდ მათთვის იმღერა - ასე ორიგინალურად მივულოცეთ ჩვენს მოხუცებს ახალი წლის დადგომა და ვუსურვეთ ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე - გვითხრა ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა.

"მხოლოდ ქართულის" კონკურსანტმა - ნოდარიკო ხუციშვილმა  აღნიშნა, რომ მასპინძლების შემხედვარე, სტუმრებიც სევდანარევი სითბოთი აივსნენ - ამ ადამიანებს რომ უყურებ,  სულ სხვანაირად აფასებ ცხოვრებასო, დასძინა.

გიორგი კელაპტრიშვილმა კი გვითხრა, რომ განსხვავებული, საოცრად დადებითი ემოციებით ტოვებდა მოხუცთა თავშესაფარს -  სასიამოვნოა, რომ მათთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგვეცაო, აღნიშნა.

პროექტის მონაწილეებმა ხანდაზმულთა პანსიონატის მოხუცებთან ერთად იმღერეს, იცეკვეს და მართლაც სადღესასწაულო განწყობა შექმნეს.

"ავერსმა" ხანდაზმულებს ახალი წელი მიულოცა და მათ ნამდვილი საშობაო ზღაპარი აჩუქა.

поделитесь: