ავერსმა ღვაწლმოსილ  მოღვაწეებს დამდეგი წელი მიულოცა

ავერსმა ღვაწლმოსილ მოღვაწეებს დამდეგი წელი მიულოცა

27 დეკემბერს საგამოფენო დარბაზ "გალერეაში" სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანები შეიკრიბნენ - ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ქართული კულტურისა და ხელოვნების, მედიცინისა და მეცნიერების განვითარებაში. ადამიანები, რომელთა გაკვალულ გზაზე თაობები იზრდებიან და რომლებიც მაგალითებად იქცევიან ჩვენი საზოგადოებისა და ახალგაზრდებისთვის. ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საჩუქრად  კოსმეტიკა და მოვლის საშუალებები გადასცა.

- "სასიხარულოა, რომ ისეთ პატარა ქვეყანას, როგორიც საქართველოა, მრავლად ჰყავს  საამაყო, წარმატებული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ და თავის განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოეზიაში, ლიტერატურაში, მეცნიერებაში, მედიცინასა თუ ხელოვნებაში -  აღნიშნა საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა ქეთევან ნემსაძემ - უმრავლესობა მრავალ სასიკეთო საქმეს უჩუმრად, ჩრდილში მდგომი აკეთებს. თუმცა, მათი მოკრძალებისა და თავმდაბლობის მიუხედავად, შრომის დანახვა და დაფასებაც სათანადოდ უნდა ხდებოდეს.

დღევანდელი ღონისძიება - "მადლიერების ზეიმი" სწორედ მათდამი პატივისცემის დასადასტურებლად და მათი ღვაწლის დასაფასებლად იმართება. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ამ წარმატებულ ადამიანებს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. საახალწლო საჩუქრებს გადავცემთ საქართველოში დღეს მოღვაწე შვიდ აკადემიკოს ქალბატონს:  თინათინ სადუნიშვილს, ნანა ხაზარაძეს, გუჩა კვარაცხელიას, ქეთევან ნემსაძეს, მზექალა შანიძეს, ეთერ ქემერტელიძეს, ლია მელიქიშვილს და ყველა აქ მყოფ სტუმარს - არქიტექტორებს, მწერლებს, მედიკოსებს. თითოეულ მათგანს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს, მხნეობას და წარმატებას ყოველ სასიკეთო საქმეში".

შთაბეჭდილებები და ემოციები მოწვეულმა სტუმრებმაც გაგვიზიარეს:

- "დღეს აქ შეკრებილ საზოგადოებაში ქალბატონები სჭარბობენ. ჩვენს ქვეყანაში ქალს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა - ზრდიდა თავდადებულ, მებრძოლ, საქართველოში შეყვარებულ ვაჟკაცებსა და განათლებულ, კეთილშობილ გოგონებს. ქალი, როცა საჭიროება მოითხოვდა, მებრძოლიც იყო და ქვეყნის ერთობისა და სულიერების დედაბოძიც. დღესაც, ისევე, როგორც საუკუნეების მანძილზე, ქალბატონები აბალანსებენ და ალამაზებენ ყოველდღიურ ყოფას, თუმცა, უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ჩვენი მამაკაცების გარეშე, ქართველი ქალი ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა" -  აღნიშნა წმინდა გიორგის ოქროს ჯვრის, ასევე, მრავალი ლიტერატურული პრემიის მფლობელმა პოეტმა მზია ხეთაგურმა და მარგარეტ ტეტჩერის სიტყვები შეგვახსენა:

- "თუ გინდა საქმეზე ილაპარაკო, ელაპარაკე მამაკაცს, თუ გინდა, რომ საქმე გააკეთო, ელაპარაკე ქალს. ვფიქრობ, ჩვენს მანდილოსნებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ მნიშვნელოვანი როლის შესრულება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. ამ ადამიანების ღვაწლს კი დაფასება სჭირდება".

ორგანიზაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" თანათავმჯდომარეს, ქალბატონ ნელი გურგენიძეს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადეს. მას ოქროს მედალი და ორგანიზაციის სიგელი გადაეცა, როგორც ქველმოქმედს, საზოგადო მოღვაწეს და სოციალური პროექტების ორგანიზატორს.

- "მინდა მადლობა გითხრათ მოულოდნელი საჩუქრისთვის და პატივისცემა გამოვხატო თითოეული აქ მყოფი, ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ. უმადურობა საშინელებაა - ადამიანის შრომას, გარჯას დანახვა და დაფასება სჭირდება. აქ შეკრებილნი კი საქართველოსთვის თავდადებული, ქვეყნისა და თავისი საქმის დიდი პატრიოტი და მოყვარული ადამიანები არიან. ჩვენს ხალხში  დიდი ენერგია, ნიჭი და სიყვარულია - ეს ყველაფერი კი თავის გზას აუცილებლად მონახავს და მრავალ სასიკეთო საქმეს დაუდებს საფუძველს" - აღნიშნა ქალბატონმა ნელიმ.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ ებრაელ ქალთა ორგანიზაციის კლუბ "26 საუკუნის" თავმჯდომარე ზაირა დავარაშვილი:

- "უამრავი წარმატებული ქალია ამ დარბაზში, იმდენად ბევრი დადებითი ემოცია გაგვიჩნდა, რომ ყველას ღიმილი ეფინება სახეზე. ბევრი ცნობადი სახე და ცნობილი სახელია. თითოეულ თქვენგანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული საზოგადოების განვითარებაში. თქვენს გაკვალულ გზაზე ბევრი თაობა დადის. მადლიერების დღეა, მადლიერების ზეიმი და მადლიერები ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს საყვარელ საქმეს ვემსახუროთ და ბევრ ადამიანს გავუხალისოთ, გავულამაზოთ ცხოვრება".

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ ახალ, 2019 წელს და ულევ სიხარულს, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ. 

Поделитесь: