"ავერსის“ საქველმოქმედო ღონისძიება სოფელ ატოცში

უკვე ერთი თვეა, რაც სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზთან 7 კაციანი ჯგუფი მორიგეობს. მათ მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფონდმა "ვაჩუქოთ ღიმილი" წამოიწყო პროექტი, რომლის ფარგლებში მოქალაქეებს და კომპანიებს პატრიოტულ საქმეში მონაწილეობის  შესაძლებლობა ეძლევათ - ქველმოქმედების მსურველნი მოხალისეებისთვის მშრალ საკვებს, უალკოჰოლო სასმელს და მედიკამენტებს აგროვებენ. პროექტის ავტორები ნობათს 24-25 დეკემბერს თავად ჩაუტანენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მდგომ მოხალისეებს.

ამ კეთილშობილურ მისიას საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანიბისთვის მებრძოლ მცირერიცხოვან გუნდს პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადასცა.

როგორც ორგანიზაცია "ვაჩუქოთ ღიმილის" დირექტორმა თენგიზ კალანდიამ აღნიშნა, მას სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა საქველმოქმედო პროექტის იდეის ავტორი ნინი გერმანიშვილი და სოფელ ატოცის დამცველ მოხალისეთა გუნდის მხარდასაჭერად დახმარება სთხოვა:

_ ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მისია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ფსიქო-სოციალური დახმარება გახლავთ. პოლიტიკასთან არაფერი გვაკავშირებს, თუმცა იდეა ჩვენთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ აქტივობებში დაუყოვნებლივ ჩავერთეთ. საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სიამოვნებით გამოეხმაურა ჩვენს თხოვნას და მათი თანადგომით ატოცის მოხალისეთა გუნდს პირველადი მოხმარების მედიკამენტებს ჩავუტანთ. ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქის ვალია საკუთარი წვლილი შეიტანოს პატრიოტულ პროექტში და თუ ერთად დავდგებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე, უფრო ძლიერნი ვიქნებით და ჩვენი დამარცხება რთული იქნება.

თავად იდეის ავტორმა ნინი გერმანიშვილმა კი გვითხრა, რომ საოკუპაციო ხაზთან შექმნილი რთული ვითარების გამო, უკვე ერთი თვეა, რაც მუდმივად პატრულირებს 7 კაციანი მოხალისეთა გუნდი და მათი დამხარება პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

_ ჩვენს თხოვნას საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უყოყმანოდ გამოეხმაურა და ძალიან ოპერატიულად _ პრაქტიკულად ერთ დღეში გადაწყდა ჩვენი პროექტისთვის მედიკამენტების გამოყოფა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ საველე პირობებში, რომელშიც ჩვენი პატრიოტი მოხალისეები არიან.

საქველმოქმედო ფონდი "ვერსი" ეროვნული მნიშვნელობის არა ერთ პროექტს ახორციელებს და ყოველთვის მხარში უდგას პატრიოტული განწყობით წამოწყებულ აქტივობებს.

Поделитесь: