საქველმოქმედო ფონდ

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა

25 მაისს, საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" მხარდაჭერით ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება  „გაზაფხულის ფერები“, რომლის ორგანიზატორი გახლდათ არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯ". განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვმა და მოზარდმა  გაზაფხულის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები - თექა, ბისერი, ფერწერული ნამუშევრები, თიხის სკულპტურები, ხეზე ნაკვეთი სუვენირები წარმოადგინეს. აქვე გაიმართა უნიჭიერესი ახალგაზრდა პოეტის - ია ნანეიშვილის რჩეული ლექსების კრებულის პრეზენტაცია და ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. ღონისძიების  მონაწილეებს  საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" სასაჩუქრე ნაკრებები  - ჰიგიენური და მოვლის საშუალებები გადაეცათ.

ორგანიზაციის „ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step“ დამფუძნებლის, ნინო გულუას თქმით, ღონისძიების მიზანი  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნიჭიერი მოზარდებისთვის სასურველი გარემოს შექმნა და მათთვის ნაცნობ-მეგობრების წრის გაფართოებაა:

- გვსურს მათ ახალი მეგობრები შევძინოთ, დავარწმუნოთ ისინი თავიანთ შესაძლებლობებში. ჩვენმა გამოცდილებამ მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ ამგვარი ღონისძიებების გამართვა აუცილებელია საზოგადოების სამოქალაქო განათლების ამაღლებისათვის. ამისთვის ხელოვნების სხვადასხვა სფეროს გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ემოციები, რომლებიც ერთობლივი შთაბეჭდილების ფონზე იქმნება პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოდგენს მათი ინტეგრაციისთვის.

თანამედროვე საქართველოში ყოველდღიური რუტინა მუდმივ სტრესად და უსიამოვნებად იქცა. ხელოვნება კი ყოველთვის იყო მიჩნეული პრობლემების დაძლევის ეფექტურ საშუალებად. მხატვრები, მუსიკოსები, მწერლები ახერხებენ ადამიანებისთვის სასიამოვნო ემოციების მინიჭებას. ამ ადამიანების რიგებში კი განსაკუთრებული საჭიროების მქონენი იშვიათად გვხვდებიან. ისინი მოკლებულნი არიან საინტერესო ურთიერთობებს და არ არიან ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უკვე წლებია მხარში უდგას ჩვენს ორგანიზაციას. მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო "ავერსის" ხელმძღვანელობისა და საქველმოქმედო ფონდის მიმართ, რომლებიც  უპრეცენდენტო ქველმოქმედებას ეწევიან. მართლაც, რომ თქვენ ხართ ლიდერები, ყველა გაჭირვებულის დამხმარე და გვერდში მდგომი. სიკეთე გადამდებია! ერთად ვაკეთოთ სიკეთე და დავეხმაროთ მათ ვისაც ჩვენი ერთობლივი მხარდაჭერა ესაჭიროება".

ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯ, Step by Step"-ის პრეზიდენტმა გიორგი ქობალიამ კი აღნიშნა, რომ დროთა განმავლობაში, სწორედ ასეთი ღონისძიებების დამსახურებით, სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების შემოქმედებით.

- გაზაფხულის ამ ლამაზ დღეს კიდევ უფრო გვილამაზებს, ემოციებით, პოზიტივით გვივსებს საქველმოქმედო ფონდი "ავერსი", რომელიც მუდმივად ცდილობს გვაჩუქოს სასიამოვნო წუთები... სწორედ ასეთი ქველმოქმედი ადამიანების ხელშეწყობით გავხდით უფრო თამამები, გამოვედით უფრო დიდ ასპარეზზე და უმეტესობა ჩვენგანი  მზად არის, წარსდგეს საზოგადოების წინაშე თავისი განსაკუთრებული შესაძლებლობებით.  ასევე, ამ შესანიშნავ საღამოს გვილამაზებს პოეტი ია ნანეიშვილის პოეზია, რომელიც სავსეა სითბოთი, სიყვარულით... მან შეძლო, და ამ ჯადოსნურ სამყაროში თავისი სიტყვა თქვა.

ქალბატონი იას ლექსების პრეზენტაცია თეატრალური დასის "აზდაკის ბაღის" შესანიშნავმა მსახიობებმა ითავეს.

-  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებრივი ინტეგრაცია  საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურია. შემოქმედებით აქტივობებში მათი ჩართულობის ხარისხი კი - საკმაოდ დაბალი, სასიხარულოა, რომ ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯ" ამ მიმართულებით დაუღალავად მუშაობს. მეც ამ ორგანიზაციის ბენეფიციარი ვარ. დღემდე სიცოცხლისთვის ვიბრძვი და მადლობა ყველას, ვინც ამ ბრძოლაში გვერდში მიდგას, ვინც ოცნების ხორცშესხმაში - ჩემი ლექსების კრებულის შექმნაში წვლილი შეიტანა და ეს შესანიშნავი ღონისძიება მოაწყო. 

რეგიონების კულტურული და ბიზნეს განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელმა ბესო ქარცივაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ  ერთობის ამოსავალი წერტილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების თანადგომა და მათდამი გაკეთებული სიკეთეა:

- ეს არის მადლი, რასაც ხელგაწვდილი ურთიერთსიყვარული ჰქვია. ამასთან,  პატივისცემას იმსახურებს  მსგავსი ღონისძიებების მხარდამჭერი ორგანიზაციები.  აღსანიშნავია "ავერსის" თემატური ხედვა - მეცენატობა თანადგომაა, რაც მისაბაძია. უნდა ვაკეთოთ სიკეთე, რომელსაც ულევი სიყვარული ჰქვია.

მოწვეულ სტუმართა შორის გახლდათ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში:

-  ხაზგასმით უნდა აღვნიშნო მშობლების ღვაწლი - თითოეული თქვენგანი ნამდვილი გმირია. ყოველდღიურად იმდენად ძლიერად უდგახართ საკუთარ შვილებს მხარში, რომ მართლა საოცრებებს ახდენთ. ბედნიერი ვარ, რომ თქვენი თანადგომით იცვლება  საკანონმდებლო ბაზაც - უახლოეს დღეებში პარლამენტი სპეც-პედაგოგების რეგულაციებს განიხილავს.  ინკლუზიური განათლებისა და კულტურის სფეროში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ჩართულობის მხრივ ბევრი გეგმა გვაქვს - გარემო თითოეული მათგანისთვის უნივერსალურად ადაპტირებული გახდება.

"ავერსის" შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა გიგო შიუკაშვილმაც ისურვა. მას 25 მაისს 23 წელი შეუსრულდა და თვლის, რომ იუბილე განსაკუთრებით სასიამოვნო გარემოში აღნიშნა:

- ღონისძიებას, რომლის მხარდამჭერიც არის საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" უდიდესი პოზიტივი მოაქვს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ შესანიშნავ პროექტში წვლილი შეიტანა. "ავერსი" ყველაზე მაგარი და ძალიან საყვარელი ორგანიზაციაა! 

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" ხელმძღვანელმა, ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, რომ ფონდს ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯთან" დიდი ხნის ურთიერთთანამშროლობა აკავშირებს:

- ორგანიზაცია "ნაბიჯ-ნაბიჯ"  გამორჩეულად ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნიჭიერი მოზარდების აღმოჩენასა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენაზე.  ცდილობს,  მისცეს მათ ასპარეზი განვითარებისთვის.

მოგეხსენებათ, საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" 2009 წელს ბატონმა პაატა კურტანიძემ დააფუძნა და მას შემდეგ ეს ორგანიზაცია  შეძლებისდაგვარად დახმარების ხელს უწვდის ყველას, ვისაც მისი თანადგომა სჭირდება.

поделитесь: