საქველმოქმედო ფონდმა

საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

მეორე მსოფლიო ომში საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო - ამ ომში საქართველოდან 700 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა და მათგან ნახევარი უკან აღარ დაბრუნებულა. გერმანელების ტყვეობიდან თავდაღწეულებს კი საბჭოთა რეჟიმმა გადასახლებაში ცხოვრება მიუსაჯა...

ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ტრაგედიაგამოვლილი ადამიანები ბევრნი აღარ არიან და, კარგა ხანია, არც ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება  საქართველოში ძველებური პომპეზურობით, თუმცა ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია და მათი ღვაწლისა და დამსახურების დაფასება თითოეული ჩვენგანის ვალია.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" სამამულო ომის ვეტერანებს 9 მაისის დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით ულოცავს. წლეულსაც მათ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადასცა. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა, ქეთევან ნემსაძემ აღნიშნა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 95 წელს გადაცილებული ხანდაზმული ადამიანები არიან:

-  სამამულო ომის ვეტერანთა დამსახურება ქვეყნის წინაშე დიდია. მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, კიდევ ერთხელ გამოგვეხატა ჩვენი პატივისცემა ამ ადამიანების მიმართ და მათთვის პირველადი მოხმარების მედიკამენტები გადაგვეცა.

საქველმოქმედო ფონდ "ავერსის" სადღესასწაულო აქციაზე ვესაუბრეთ, ასევე,  ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელს მურად გელოვანს:

- მეორე სამამულო ომგამოვლილი ვეტერანების უმეტესობას მძიმე მატერიალურ პირობებში უწევს ცხოვრება. ზოგი საწოლს არის მიჯაჭვული და მომვლელიც არ ჰყავს. საქველმოქმედო ფონდმა "ავერსმა" წლეულსაც საჩუქარი მოუმზადა ჩვენს ვეტერანებს და საჭირო მედიკამენტები გადასცა მათ. მადლიერება მინდა გამოვხატო "ავერსის" დამფუძნებლის, ბატონი პაატა კურტანიძისა და საქველმოქმედო ფონდ „ავერსის“  მიმართ, რადგან ითვალისწინებენ ვეტერანთა დამსახურებას ქვეყნის წინაშე და თავისი წვლილით თანადგომას უცხადებენ ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს.

საქველმოქმედო ფონდი "ავერსი" გილოცავთ გამარჯვების დღეს და დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას გისურვებთ!

поделитесь: