ანა კოპალიანი — ლიტერატურული მედდა

Поделитесь:

ანა კოპალიანი იმ მთარგმნელთაგანია, რომელთათვისაც თარგმნა არა უბრალოდ პროფესია, არამედ სამყაროს შეცნობისა და თვითგამოხატვის მთავარი საშუალებაა.

მისი თარგმანების ჩამონათვალში ამერიკული და ინგლისური ლიტერატურის არაერთი საეტაპო ნაწარმოებია: ნათანიელ ჰოთორნის “ალისფერი დამღა”, ედით უორტონის “უმანკოების ხანა”, მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი”, მაია ენჯელოუს “ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი”, თომას სტერნზ ელიოტის “მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ”... არის არაერთი ლიტერატურული ჯილდოს, მათ შორის ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პრემიის მფლობელი და “საბას” ორგზის ლაურეატი.

ანა კოპალიანი გვესაუბრება ბავშვობაზე, გატაცებებზე, საყვარელ ავტორებზე, პედაგოგის მისიაზე, შეცდომებსა და იმ წარმატებებზე, რომლებიც აზრს ანიჭებს და საინტერესოს ხდის შემოქმედის ცხოვრებას.

— ლიტერატურის გარეშე საკუთარი თავი თითქმის არ მახსოვს. ორი-სამი წლისა უკვე გრძელ-გრძელ საბავშვო ლექსებს ვამბობდი, ხუთი წლისამ კი ზეპირად ვიცოდი ლადო ასათიანის პოემა “ბასიანის ბრძოლა”. ამ პოემასთან შეჭიდების მოტივაცია ის იყო, რომ მშობლებმა მითხრეს, შენთვის ჯერ ადრეა მისი წაკითხვაო. ზოგადად, ეს ფრაზა ჩემზე შემდეგაც ჯადოსავით მოქმედებდა: მაშინვე ყველაფერს ვკითხულობდი, რასაც მიკრძალავდნენ.

კითხვა ძალიან ადრე ვისწავლე, რადგან უფროსებს ხშირად ჩემთვის არ ეცალათ, მე კი უწიგნოდ ყოფნა ძალიან არ მომწონდა. სხვა მხრივ დიდად არ გამოვირჩეოდი, ვერც ვხატავდი, ვერც ვცეკვავდი და არც რეზინობანასა და ორდროშობანას თამაშის დროს იკლავდნენ თავს ჩემი არჩევით. ამიტომ, მინდოდა-არ მინდოდა, “ჭკვიანი ბავშვი” უნდა ვყოფილიყავი. ეს კარგა ხანს ნაკლად უფრო მიმაჩნდა, ვიდრე უპირატესობად. მხოლოდ სკოლის დამამთავრებელ კლასებში მივხვდი, რომ ჩემი ლიტერატურული შესაძლებლობები იყო ის, რაც მე როგორც ინდივიდს ჩამომაყალიბებდა.

შესაძლოა სწორედ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში ემოციური და ქაოსური ვარ და მიდრეკილი, რომ მთლიანად ინტუიციას დავეყრდნო, ძალიან ველტვი ყველაფერ საპირისპიროს — წესრიგს, სტრუქტურულ აზროვნებას, ლოგიკას, წონასწორობას, სიმშვიდეს. მიყვარს, როდესაც მკაფიოდ და გასაგებად მიხსნიან რამეს, მიზეზშედეგობრივ კავშირებს დამანახვებენ, ამიტომ სწავლა და იმ თვისებების გამომუშავება, რომლებიც ჩემი ძლიერი მხარე არ იყო, დიდ სიამოვნებად მიმაჩნია. თარგმნაც ბალანსის ხელოვნებაა ჩემთვის: აქ შემოქმედებითი აზროვნებაც გჭირდება და ანალიტიკურიც, გრძნობაც და გონებაც და, რაც მთავარია, ამ ყველაფრის ზუსტად დაბალანსება.

— რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პოეტურ თარგმანს ეხება?

— ინსპირაციის წყარო, რასაკვირველია, ის ლექსია, რომელსაც ვთარგმნი. ალბათ, გესმით, რომ არცერთ მთარგმნელს არ აქვს ფუფუნება, მხოლოდ ის თარგმნოს, რაც თავად მოსწონს, თუმცა, როცა საქმე პოეტურ თარგმანს ეხება, ვცდილობ, ჩემს თავს წესები თავად დავუდგინო. ლექსი, რომელიც მოგწონს, თავადვე გეუბნება, რომლებია მისი მთავარი სტრიქონები, მათი თარგმნა უეცარი აფეთქებაა — პირდაპირ ქართულად იბადება შენს გონებაში; დანარჩენის გაქართულება კი ოსტატობის საქმეა.

პოეზიაში თემებსა და განცდებს არ ვეძებ, არც რამე ისეთს, რაც “რა” კითხვას პასუხობს. ჩემთვის მთავარი კითხვაა “როგორ?” — როგორ მიაღწია ავტორმა ამ კონკრეტულ ემოციას? როგორ შეძლო მკითხველის თანაგანცდის მოპოვება? როგორ შექმნა ის ჯადოსნობა, რომელიც არც აღიწერება და არც აიხსნება? ამის სწორად მიხვედრა, თუნდაც გაუაზრებლად, მხოლოდ ინტუიციის ხარჯზე, მთარგმნელისათვის დიდი სიხარულია.

— თარგმნა თანაავტორობაა თუ საკუთარი ეგოს დავიწყება ავტორის სასარგებლოდ? სად გადის ზღვარი ორიგინალის ერთგულებასა და ქართული ენის ბუნებრივ ხასიათსა თუ ჟღერადობას შორის?

— ვასილი ჟუკოვსკის ცნობილი გამონათქვამია, პროზის ავტორი მონაა, პოეზიისა — მეტოქეო; მე კი მგონია, რომ მთარგმნელი არც ერთია და არც მეორე — იმ ავტორის ყველაზე დიდი გულშემატკივარია, რომელსაც თარგმნის. მისი ნამდვილი თაყვანისმცემელი. თუ ამბობენ, რომ მწერალი ბაძავს ღმერთს, რადგან მის მსგავსად ქმნის საკუთარ სამყაროს, მაშინ მთარგმნელი ავტორს ბაძავს. შემიმჩნევია, რომ ყველა ავტორს უნდა, რაც შეიძლება დიდი აუდიტორია ჰყავდეს, მაგრამ იშვიათად თუ რომელიმეს მოსწონს ის ფაქტი, რომ ვიღაც მის ტექსტს სხვა ენაზე ხელახლა ქმნის.

ზღვრის პოვნა მარტივია: შინაარსი და ფორმა მთლიანად ორიგინალისაა, სხვაგვარად ტექსტს ეკარგება კულტურათაშორისი შუამავლის ფუნქცია; ქართულ ენასთან კი არანაირ კომპრომისზე არ მივდივარ, სხვაგვარად ტექსტი ვერც ქართულ სივრცეში დამკვიდრდება და ვერც ქართული ენის სამომავლო განვითარებაზე მოახდენს სასიკეთო ზეგავლენას.

— რომელ ტექსტზე ან ავტორზე მუშაობამ შეცვალა ყველაზე მეტად თქვენი შინაგანი არქიტექტურა?

— ნათანიელ ჰოთორნის “ალისფერი დამღის” თარგმნამ. არცერთი პარამეტრით არ ვიყავი მზად ამ წიგნის სათარგმნელად და საკუთარი თავის მრავალი კუთხით აღზრდა და გაუმჯობესება მომიხდა, რომ მაინც მეთარგმნა და თან ისე, როგორც ამ წიგნს ეკადრებოდა. ბოლოს უკვე ფიზიკურად ცუდად მხდიდა ტექსტის გახსნა, მაგრამ მაინც მეასედ ვკითხულობდი და უკიდურეს წვრილმანებამდე ვხვეწდი ყველა მონაკვეთს. არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა წაიკითხა და მათგან სულ რამდენიმემ დააფასა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი.

— რას მიიჩნევთ ამ დროისთვის თქვენს ყველაზე დიდ წარმატებად და რისთვის შეგიძლიათ მადლობა უთხრათ საკუთარ თავს?

— ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ როგორც მთარგმნელს ხშირად მქონია მტანჯველი შეგრძნებები: “ეს პროცესი აუტანელია”, “ამის თარგმნა შეუძლებელია”, “ამის თარგმნა ზღვის კოვზით დალევას ჰგავს”, — და, მიუხედავად ამისა, მუშაობა გამიგრძელებია და საქმე ბოლომდე მიმიყვანია.

— რა გისწავლიათ საკუთარ შეცდომებზე?

— საკუთარმა შეცდომებმა მასწავლა, რომ შრომის, დისციპლინისა და შინაგანი ძალის მოკრების გარეშე კარგი არასოდეს არაფერი გამოვა.

— ლექციებს კითხულობდით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროპის უნივერსიტეტში, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში... რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მისიად ახალგაზრდებთან ურთიერთობისას?

— ჩემი როგორც პედაგოგის დანიშნულება მგონია, ახალგაზრდებს დავანახვო, რომ ლიტერატურა ცოცხალია და ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ჩემმა მოსწავლემ, როდესაც გაკვეთილზე მყოფთა მოტივაციებს ხსნიდა, მითხრა, თქვენი მოტივაციაა, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს შეაყვაროთ “ვეფხისტყაოსანიო”. იქამდე არასდროს მიფიქრია, რომ ეს იყო ჩემი მისია, მაგრამ სხვისი თვალით დანახული ჭკუაში დამიჯდა.

— თავად რას სწავლობთ თქვენი მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან? არის თუ არა რამე, რამაც ენასა და ლიტერატურაზე წარმოდგენა შეგიცვალათ?

— მოსწავლეებთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ თუ ვინმე სულელი გგონია, ესე იგი, უბრალოდ, ჭკუა არ გყოფნის, მისი აზროვნების სტრუქტურა გაშიფრო. მასწავლა ისიც, რომ თუ გსურს, ნელა დაბერდე, ხშირად უნდა ელაპარაკო თექვსმეტი წლის ადამიანებს. შეიძლება, ამან არ დაგაბრძენოს, მაგრამ აუცილებლად გაგახალისებს.

— რომელ წიგნს ან ავტორს უბრუნდებით მაშინ, როდესაც შინაგანი წონასწორობის აღდგენა ან პროფესიული შთაგონება გჭირდებათ?

— თუ მინდა, რომ ყველაფერი ხელახლა გავიაზრო და ახალ ეტაპზე გადავიდე, თომას მანს, ლევ ტოლსტოისა და უილიამ ფოლკნერს ვკითხულობ ხელახლა; თუ მინდა, უბრალოდ ლიტერატურით ვისიამოვნო — ლათინური ამერიკის მწერლებს; პროფესიული შთაგონებისთვის — კარგი ქართველი მთარგმნელების შედევრებს.

_ თქვენი პორტრეტი ერთი პოეტური სტრიქონით...

_ “ანა კოპალიანი არის ლიტერატურული მედდა”.

— რა არის თქვენი მთავარი სათქმელი მკითხველისთვის?

— ამ წიგნის თარგმნა ძნელი იყო, მაგრამ ვახერხებდი, პროცესისგან დიდი სიამოვნება მიმეღო; შენც აუცილებლად შეეცადე.

— როგორ ისვენებთ, როგორი გარემო გჭირდებათ ძალების აღსადგენად?

— ის შეგრძნება მასვენებს, რომ ვალდებულებების სიის ყველა პუნქტი შევასრულე, პირნათელი ვარ და არავისი არაფერი მმართებს. ამიტომაც აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავი ნამდვილად დასვენებული.

— როგორ გარემოში გიყვართ მუშაობა?

— მუშაობა საერთოდ არ მიყვარს, მიყვარს შეგრძნება, რომ კარგად ვიმუშავე და ახლა შემიძლია, ჩემს საყვარელ სიტკომს ვუყურო.

თამარ ციბალაშვილი

Поделитесь: