აკვაფიტნესი — დამზოგველი ვარჯიში მთელი სხეულისთვის
Поделитесь:
თუ გსურთ, მოგემატოთ ძალა, მოქნილობა და გამძლეობა, დაწვათ კალორიები და, ამავე დროს, მინიმუმამდე დაიყვანოთ სახსრებზე დატვირთვა და ტრავმის რისკი, შესაძლოა, აკვაფიტნესი ფიზიკური აქტივობის სწორედ ის ფორმა იყოს, რომელსაც ეძებთ.
რითია ეფექტური აკვაფიტნესი, ვისთვის არის ის რეკომენდებული და როდის არის საჭირო სიფრთხილე მის მიმართ? ამას სტატიიდან შეიტყობთ.
რა არის აკვაფიტნესი
აკვაფიტნესი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო და მრავალმხრივ ფიზიკურ აქტივობად, რომელიც სხვადასხვა ტიპის დატვირთვას აერთიანებს. ის მოიცავს როგორც აერობულ და ძალისმიერ, ისე წონასწორობის, კოორდინაციისა და მოქნილობის გასაუმჯობესებელ ვარჯიშებსაც.
ვარჯიში აუზში ტარდება. პროგრამის ტიპიდან გამომდინარე, ის შეიძლება ჩატარდეს როგორც მკერდამდე წყალში, რომელშიც მოვარჯიშე ფეხებით ფსკერს დაეყრდნობა, ისე ღრმა წყალშიც სპეციალური ქამრის ან სხვა ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც სხეულს წყლის ზედაპირზე აჩერებს.
დატვირთვის გასაზრდელად ხშირად სპეციალურ ინვენტარსაც იყენებენ: წყლის ჰანტელებს, ქაფის ჯოხებს, დაფებს, წინააღმდეგობის გამაძლიერებელ ხელისა და ფეხის აქსესუარებს, ელასტიკურ ლენტებს, ტერფისა და მაჯის მანჟეტებს, სპეციალურ ხელთათმანებს. ამ ინვენტარის მეშვეობით შესაძლებელია ვარჯიშის ინტენსივობისა და სირთულის ცალკეული პაციენტებისთვის მისადაგება.
აკვაფიტნესისთვის საჭიროა სპეციალური აღჭურვილობაც: საცურაო კოსტიუმი (ქალებისთვის უმჯობესია მთლიანი მოდელი), ქუდი, სათვალე, ზოგიერთ შემთხვევაში — სპეციალური წყლის ფეხსაცმელიც, რომელიც აუზის ძირზე უკეთეს მოჭიდებას უზრუნველყოფს.
რატომ არის წყალში ვარჯიში ეფექტური
აკვაფიტნესის ეფექტურობა წყლის უნიკალურ ფიზიკურ თვისებებს ეფუძნება: წყალი ქმნის ბუნებრივ წინააღმდეგობას, ამცირებს სხეულის წონით გამოწვეულ დატვირთვას და სხეულზე თანაბარ ჰიდროსტატიკურ წნევას უზრუნველყოფს.
წყლის წინააღმდეგობა
წყალი ჰაერზე გაცილებით ძლიერ წინააღმდეგობას ქმნის, ამიტომ ყოველი მოძრაობა, ხელის გაქნევა იქნება ეს, ფეხის აწევა თუ კორპუსის მიტრიალება-მოტრიალება — მეტ ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, წყალი აბრკოლებს ნებისმიერი მიმართულებით მოძრაობას. მაგალითად, თუ ხმელეთზე კუნთები უფრო მეტად ჰანტელების აწევის (სიმძიმის ძალის დაძლევის) დროს იტვირთება, წყალში წინააღმდეგობის გადალახვა საჭიროა როგორც მოძრაობის შესრულების, ისე საწყის მდგომარეობაში დაბრუნების დროს. ამის გამო მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობს როგორც მომხრელი, ისე გამშლელი კუნთები, რაც ხელს უწყობს მათი ძალის, გამძლეობისა და ტონუსის მომატებას მძიმე წონების გამოუყენებლად.
ამომგდები ძალა
ამომგდები ძალის გავლენით წყალში სხეულის ეფექტური წონა საგრძნობლად მცირდება. შედეგად იკლებს დატვირთვა მუხლებზე, მენჯ-ბარძაყისა და კოჭ-წვივის სახსრებზე, ხერხემალზე, იოგებსა და მყესებზე.
ჰიდროსტატიკური წნევა
წყალში სხეულზე ყოველი მხრიდან მოქმედებს ჰიდროსტატიკური წნევა, რაც ბუნებრივი კომპრესიის მსგავს ეფექტს ქმნის. ეს ხელს უწყობს ვენური სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას, გულისკენ დაბრუნებაში ეხმარება სისხლს, ზოგ შემთხვევაში ამცირებს ფეხების შეშუპებასა და სიმძიმის შეგრძნებას.
გარდა ამისა, გულმკერდზე მოქმედი წყლის წნევა ჩასუნთქვისას დამატებით ტვირთავს დიაფრაგმასა და სასუნთქ კუნთებს, რითაც ხელს უწყობს მათ აქტიურ მუშაობას.
აკვაფიტნესის 8 სასარგებლო ეფექტი
1. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციას
* ზრდის აერობულ გამძლეობას.
* უფრო ეფექტიანად ამუშავებს გულსა და ფილტვებს.
* ხელს უწყობს არტერიული წნევის კონტროლს და ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს.
2. აძლიერებს კუნთებს
* ამაღლებს კუნთების ტონუსს.
* ზრდის მათ ძალასა და გამძლეობას.
* აუმჯობესებს სხეულის ზოგად ფიზიკურ ფორმას.
3. ამცირებს დატვირთვას სახსრებსა და ხერხემალზე
რის გამოც განსაკუთრებით კარგი არჩევანია:
* ოსტეოართროზის დროს;
* ჭარბი წონის დროს;
* სახსრების ქრონიკული ტკივილის დროს;
* ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის განსაზღვრულ ეტაპზე (სპეციალისტის რეკომენდაციით).
4. აუმჯობესებს წონასწორობას, კოორდინაციასა და მოქნილობას
* ავითარებს მოძრაობის კონტროლის უნარს.
* ზრდის სახსრების მოძრაობის ამპლიტუდას.
* შესაძლოა, შეამციროს დაცემის რისკი.
5. ხელს უწყობს წონის კონტროლს
* ზრდის ენერგიის დანახარჯს.
6. დადებითად მოქმედებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე
* ამცირებს სტრესს.
* ამაღლებს განწყობას.
* ამსუბუქებს შფოთვისა და დეპრესიის ზოგიერთ სიმპტომს.
7. ამცირებს ქრონიკულ ტკივილს
კვლევების თანახმად, წყალში ვარჯიში ზოგიერთ შემთხვევაში ხელს უწყობს:
* წელის ქრონიკული ტკივილის შემსუბუქებას;
* მუხლისა და ბარძაყის ოსტეოართროზთან დაკავშირებული ტკივილის შემსუბუქებას;
* ფიბრომიალგიის სიმპტომების შემსუბუქებას.
8. ამაღლებს ცხოვრების ხარისხს
აადვილებს:
* ყოველდღიურ საქმიანობას;
* ფიზიკური დამოუკიდებლობის შენარჩუნებას;
* საერთო ფიზიკური ფუნქციის გაუმჯობესებას.
ვისთვის არის შესაფერისი
აკვაფიტნესი კარგია თითქმის ყველა ასაკისა და ფიზიკური მომზადების ადამიანებისთვის, მარამ საუკეთესო არჩევანია განსაზღვრული ჯგუფებისთვის:
დამწყებთათვის
აკვაფიტნესი ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობაა ვარჯიშის დასაწყებად. წყალი, როგორც ვთქვით, ამცირებს დაცემისა და ტრავმის ალბათობას, ამიტომ მრავალი მოძრაობის შესრულება წყალში უფრო ადვილი და კომფორტულია, ვიდრე ხმელეთზე.
ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის
აკვაფიტნესი კარგია მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს, მაგრამ სირბილი, ხტომა და სხვა ასეთი ვარჯიშების შესრულება უჭირს ან არ ურჩევენ. წყალში სხეულის ეფექტური წონა მცირდება, რის შედეგადაც მუხლებს, მენჯ-ბარძაყის სახსრებსა და ხერხემალს გაცილებით ნაკლები დატვირთვა ადგება.
ხანდაზმულებისთვის
ხანდაზმულ ასაკში აკვაფიტნესი აქტიური ცხოვრების წესის შენარჩუნებას უწყობს ხელს. რეგულარული ვარჯიში ზრდის კუნთების ძალას, წონასწორობასა და კოორდინაციას, ხოლო წყლის გარემო დაცემით გამოწვეული ტრავმის რისკს ამცირებს.
სახსრებისა და ხერხემლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის
აკვაფიტნესს ხშირად ურჩევენ მათ, ვისაც მუხლისა და ბარძაყის ოსტეოართროზი, სახსრების ქრონიკული ტკივილი და ზურგის ქრონიკული ტკივილი აწუხებს. წყალში ვარჯიში გაცილებით ადვილი და კომფორტულია, ვიდრე ხმელეთზე, თუმცა, ცალკეული დაავადებების დროს სავარჯიშო პროგრამა ექიმთან ან ფიზიოთერაპევტთან უნდა შეთანხმდეს.
ტრავმის ან ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში
აკვაფიტნესი რეაბილიტაციის მნიშვნელოვანი ნაწილია. წყალი საშუალებას იძლევა, ვარჯიში ნაკლები დატვირთვით შესრულდეს, რაც ხელს უწყობს მოძრაობის ამპლიტუდისა და ფიზიკური ფუნქციის ეტაპობრივ აღდგენას, ვიდრე ხმელეთზე სრული დატვირთვით ვარჯიში გახდება შესაძლებელი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ვარჯიშის დაწყება მხოლოდ ექიმის ან ფიზიოთერაპევტის რეკომენდაციით არის მიზანშეწონილი.
ორსულებისთვის
თუ ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს და ექიმი ფიზიკურ აქტივობას არ ზღუდავს, აკვაფიტნესი უსაფრთხო და კომფორტული არჩევანია. წყალი ამცირებს ხერხემალსა და სახსრებზე ზეწოლას, რაც ორსულობის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
როდის არის საჭირო სიფრთხილე
აკვაფიტნესი არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ:
* კანის გადამდები ინფექცია ან ღია ჭრილობა;
* მწვავე ვირუსული დაავადება (გაციება, გრიპი) — ამ დროს ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმისთვის დამატებითი სტრესია.
* ძლიერი ალერგია ქლორზე — საზოგადოებრივი აუზების უმეტესობა ქლორით მუშავდება, რომელთან კონტაქტმაც შესაძლოა კანის ძლიერი გაღიზიანება ან ასთმური შეტევა გამოიწვიოს.
* ყურისა და თვალის მწვავე ინფექციები — შუა ყურის ანთება (ოტიტი), კონიუნქტივიტი.
ექიმსი კონსულტაცია აუცილებელია, თუ გაქვთ:
* გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადება. გულის უკმარისობის, უკონტროლო არტერიული ჰიპერტენზიის, ახლახან გადატანილი ინფარქტის შემთხვევაში ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებელია კარდიოლოგის კონსულტაცია.
* ბრონქული ასთმა. ნესტიანმა ჰაერმა და ქლორმა შესაძლოა სასუნთქი გზების სპაზმი გამოიწვიოს და ასთმა გაამწვაოს.
* გართულებებით მიმდინარე ორსულობა. თუ ორსულობას ახლავს ნაადრევი მშობიარობის, სისხლდენის, პრეეკლამფსიის (ორსულობის გვიან პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზია) ან სხვა გართულებების რისკი, აკვაფიტნესის დაწყებამდე აუცილებელია მეან-გინეკოლოგის ნებართვა.
* ეპილეფსია ან გულყრის განვითარების რისკი. თუ არსებობს გულყრის ალბათობა, წყალში ვარჯიში მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და უსაფრთხოების სათანადო ზომების დაცვით უნდა ჩატარდეს.
სახეობები
აკვაფიტნესი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. დღეს ფიტნესცენტრებსა და აუზებში კლასიკური პროგრამების გვერდით თითქმის ყველა პოპულარული ვარჯიშის წყლის ვერსიაა წარმოდგენილი.
აკვააერობიკა
ეს აკვაფიტნესის ერთ-ერთი პოპულარული ფორმაა. ვარჯიში ტარდება მკერდამდე წყალში, მუსიკის თანხლებით და მოიცავს სიარულის, სირბილის, ხელებისა და ფეხების რიტმული მოძრაობების სხვადასხვა კომბინაციას. მისი მთავარი მიზანი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის, გამძლეობის, კოორდინაციის გაუმჯობესება და კალორიების დაწვაა.
ძალისმიერი აკვავარჯიში
ამ ტიპის ვარჯიში კუნთების გაძლიერებაზეა ორიენტირებული. დატვირთვის გასაზრდელად ხშირად გამოიყენება წყლის ჰანტელები, ელასტიკური ლენტები, სპეციალური ხელთათმანები და სხვა ინვენტარი.
ინტერვალური აკვავარჯიში
აერთიანებს მაღალი და დაბალი ინტენსივობის ვარჯიშებს. მაგალითად, მაქსიმალური დატვირთვის ხანმოკლე ინტერვალებს ენაცვლება შედარებით მშვიდი აღდგენითი ფაზები. მისი მიზანია კალორიების მაქსიმალური დაწვა მოკლე დროში, კუნთოვანი სისტემის განვითარება და სხეულის გამძლეობის გაზრდა.
აკვაჯოგინგი
ეს არის აუზში სირბილის იმიტაცია. ტარდება როგორც მკერდამდე, ისე ღრმა წყალშიც. ხშირად იყენებენ ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში, ასევე გამძლეობის მოსამატებლად.
აკვასპინინგი
ტარდება სპეციალურ წყალქვეშა ველოსიპედზე, რომელიც აუზის ფსკერზეა დამაგრებული. ხელს უწყობს ქვედა კიდურების კუნთების გაძლიერებას, გამძლეობის მომატებას, კალორიების ეფექტურ ხარჯვას.
გაწელვითი და მოქნილობის ვარჯიშები
წყალი ამცირებს დისკომფორტს მოძრაობის დროს, რის გამოც გაწელვითი ვარჯიშების შესრულება ბევრს წყალში უფრო ეადვილება, ვიდრე ხმელეთზე. ასეთი ვარჯიშები ხელს უწყობს სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის ზრდას, მოქნილობის მატებას, კუნთების მოდუნებას.
თანამედროვე ფიტნესკლუბებსა და აუზებში დანერგილია სპეციალიზებული პროგრამებიც: აკვაბოქსი, აკვაზუმბა, აკვასტეპი, აკვაჯამპინგი, აკვაპილატესი, აკვაიოგა. ეს პროგრამები კლასიკური აკვაფიტნესის სხვადასხვა მოდიფიკაციას წარმოადგენს და მოძრაობების ტიპით, დატვირთვის ინტენსივობითა და გამოყენებული ინვენტარით განსხვავდება ერთმანეთისგან.
რა უნდა ვიცოდეთ
- კუნთების ძალისა და ძვლის სიმკვრივის გასაზრდელად აკვაფიტნესი შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.
- მიუხედავად წყლის წინააღმდეგობისა, მაღალი ინტენსივობის აკვაფიტნესი ვერ ცვლის ძალოვანი ვარჯიშის ეფექტს.
- აუზის გარემო არასასურველია:
- ქლორის მიმართ მგრძნობელობის შემთხვევაში;
- კანის გაღიზიანებისას;
- ინფექციის რისკის გამო (თუ ჰიგიენური პირობები დარღვეულია).
როგორ დავიწყოთ სწორად
* უმჯობესია, თავიდანვე მაღალი ინტენსივობის პროგრამა კი არ აირჩიოთ, არამედ თანდათან გაზარდოთ დატვირთვა. ახალბედებისთვის სასურველია მარტივი პროგრამით დაწყება, რომელიც აერთიანებს მსუბუქ აერობულ, ძალისმიერ და მოქნილობის ვარჯიშებს.
* თავდაპირველად სასურველია, ვარჯიშები კვალიფიციური ინსტრუქტორის ხელმძღვანელობით ჩატარდეს. სპეციალისტი დაგეხმარებათ, სწორად შეასრულოთ მოძრაობები და თქვენი ასაკის, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეგირჩევთ დატვირთვის ინტენსივობას, წყლის სიღრმესა თუ სავარჯიშო პროგრამას.
* თავდაპირველად საკმარისია კვირაში 2-3 ვარჯიში, თითოეული — 30-45 წუთი ხანგრძლივობისა. თუ ვარჯიში კარგად აიტანეთ, შეგიძლიათ, დატვირთვის ხანგრძლივობა და ინტენსივობა ეტაპობრივად გაზარდოთ.
* ვარჯიშამდე რამდენიმე წუთი დაუთმეთ მოთელვას (გახურებას), ხოლო ვარჯიშის დასასრულს — მსუბუქ მოძრაობებსა და გაწელვას. ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია სხეულის მდგომარეობის კონტროლი: თუ იგრძენით თავბრუხვევა, ძლიერი სისუსტე, გულმკერდის ტკივილი ან სუნთქვის გაძნელება, უმჯობესია, ვარჯიში შეწყვიტოთ.
* ისიც გაითვალისწინეთ, რომ წყლის ტემპერატურა თქვენთვის კომფორტული უნდა იყოს, ხოლო აუზი — სუფთა და სათანადოდ მოწყობილი.
გახსოვდეთ, აკვაფიტნესის მიზანი არა ერთჯერადი ინტენსიური დატვირთვა, არამედ რეგულარული უსაფრთხო ფიზიკური აქტიურობაა.
ჯილდა გაჩეჩილაძე







