მაია კანაშვილი: სამუშაო დღე კლინიკიდან გასვლისთანავე არ მთავრდება
Поделитесь:
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი ინფექციონისტი, თბილისის სამედიცინო აკადემიის ინფექციურ სნეულებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი მარინე (მაია) კანაშვილი იმ მედიკოსთა პლეადის წარმომადგენელია, ვისაც წილად ხვდა, ყოფილიყო აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის მოსწავლე, თანაგუნდელი და კოლეგა. ქალბატონი მაია გვესაუბრა თავის პროფესიულ არჩევანზე, გზაზე, რომელიც საუკეთესო გუნდთან ერთად გაიარა, წლებზე, რომლებიც სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლას დაუთმო:
- ჩემი არჩევანი, ვყოფილიყავი ექიმი, არაერთმა მიზეზმა განაპირობა. ბავშვობაში ჩემთვის საუკეთესო გართობა ექიმობანას თამაში ყოფილა. დეიდა პედიატრი მყავდა. მასთან პაციენტი რომ მოჰყავდათ, თურმე ვიხვეწებოდი, ბავშვი მეც გამასინჯეთ, პირობას გაძლევთ, არ გავტეხავ-მეთქი.
დედაჩემს ექიმობა ნდომებია, მაგრამ სურვილი ვერ აისრულა. ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, მერე - ინგლისური ენის. თავისი აუხდენელი ოცნების რეალიზება ჩემში უნდოდა. ამ არჩევანს სპეციალობით ინჟინერი მამაც იზიარებდა.
ბავშვი ვიყავი, როცა ჩემს გამზრდელ მარიამ ბებიას ონკოლოგიური დაავადება დაუდგინეს. ცნობილმა ექიმმა კოტე მადიჩმა მას სიცოცხლე აჩუქა, მე კი ბებოსთან ყოფნის ბედნიერება გამიხანგრძლივა. მას შემდეგ ამ ექიმს ჩემს თვალში თითქოს შარავანდედი დაედგა და სურვილი, გავმხდარიყავი ექიმი, კიდევ უფრო გამიმყარდა.
ექიმებს მაშინდელ საზოგადოებაში განსაკუთრებული პატივისცემითა და მოკრძალებით ეპყრობოდნენ, ამიტომ სამედიცინო ინსტიტუტში მოხვედრაზე ყველა საუკეთესო მოსწავლე ოცნებობდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი და, როდესაც 1975 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე უმაღლესი, 25 ქულით ჩავირიცხე, თავი უბედნიერეს ადამიანად ჩავთვალე.
ბოჭორიშვილის სკოლა
- ინსტიტუტი 1981 წელს დავამთავრე და სპეციალობის არჩევის ჯერიც დადგა. კურაციაზე ინფექციურ საავადმყოფოში დავდიოდით. ერთ დღეს განყოფილებაში საკაცით შემოიყვანეს მენინგოკოკური სეფსისით დაავადებული 10 წლის ბავშვი. მთელი სხეული სისხლჩაქცევების მსგავსი გამონაყარით ჰქონდა დაფარული, სუსტი შეხებაც კი ტანჯვას აყენებდა. მალე წნევაც დაუვარდა. მეგონა, წუთები აშორებდა სიკვდილს. ოთხი დღის შემდეგ პრაქტიკულ მეცადინეობაზე მივედი და სასწაულის მომსწრე გავხდი: ბიჭუნა, მხიარული და ხალისით სავსე, დედას ეთამაშებოდა. მაშინ ვიგრძენი ექიმობის ძალა, რომელიც განსაკუთრებით ინფექციური სნეულებების მკურნალობისას ხდება თვალსაჩინო. ამიტომ ავირჩიე ეს სპეციალობა და ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ინფექციურ სნეულებათა კათედრაზე კლინიკურ ორდინატორად ჩავირიცხე.
არაჩვეულებრივი ადამიანებისა და გამორჩეული პროფესიონალების გუნდში მოვხვდი. თავიანთ ოჯახში მიმიღეს ნინო მახვილაძემ, ბიჭიკო ლაპიაშვილმა, ეთერ ბოცვაძემ, თინა გეგიამ, ქეთევან გომელაურმა, თამარ ბოჭორიშვილმა, მაია გიგაურმა, მანანა მახვილაძემ, მარინა მამულაშვილმა, იან მურატიდმა, ზაზა ჩიქოვანმა, იგორ დოლიძემ. ამ ოჯახის ხელმძღვანელი კი თავად გენიალური ვახტანგ ბოჭორიშვილი იყო.
შესაძლოა, მკითხველმა პათეტიკად ჩამითვალოს, მაგრამ ვისაც ექიმების ამ გუნდსა და პროფესორ ბოჭორიშვილთან უმუშავია, ეს სიტყვები გადაჭარბებად არასდროს მოეჩვენება. ამ ადამიანებმა მძიმე ავადმყოფობასა და სიკვდილზე გამარჯვების სიხარულს მაზიარეს.
ინსტიტუტიდან ახალმისულმა, კონსილიუმზე, სადაც ექიმები ცხარედ კამათობდნენ, დუმილი ვარჩიე, რამე სისულელე არ ვთქვა-მეთქი, მაგრამ ბატონმა ვახტანგმა მკაცრად შემომხედა და მითხრა: ექიმს, რომელსაც დამოუკიდებელი აზრი არ აქვს, ჩვენთან არაფერი ესაქმებაო. ამან მეორე უკიდურესობაში გადამაგდო, არ მახსოვს, რა ვილაპარაკე, მაგრამ მახსოვს, რომ ბოლოს თავად ბატონ ვახტანგს ვეკამათე.
მერე ნერვიულობამ არ მომასვენა - ახალბედამ მედიცინის დოქტორს, პროფესორს, უამრავი ტიტულის მქონე სახელგანთქმულ ექიმს კამათი როგორ შევბედე-მეთქი. ამ ფიქრებში ვარ და... ბატონმა ვახტანგმა კონსილიუმის შემაჯამებელი სიტყვა დაიწყო: “ვფიქრობ, უნდა დავეთანხმოთ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგას, მაია კანაშვილს...”
მერე რა თქვა, აღარ გამიგონია.
ის ღამე თეთრად გავათენე. ვფიქრობდი იმაზე, რომ ბევრი უნდა მეკითხა, მეშრომა და მართლა იმდენი ცოდნა შემეძინა, ბატონ ვახტანგთან კამათის ღირსი გავმხდარიყავი. მოგვიანებით მივხვდი, რომ “ავანსად ქება”, კოლეგების წარმატების შემჩნევა და წინ წამოწევა ბატონი ვახტანგის წესი იყო, რომელიც გვაიძულებდა, უკეთესები გავმხდარიყავით და მართლაც დაგვემსახურებინა ის საქებარი სიტყვები. აი, ასეთი მასწავლებელი მყავდა. აღარაფერს ვამბობ მის საოცარ სამედიცინო ალღოზე, უსაზღვრო განსწავლულობასა და ორატორულ ნიჭზე.
დღესაც არაჩვეულებრივ კოლექტივში ვმუშაობ. მინდა, მადლიერება გამოვხატო ბატონი პაატა კურტანიძის მიმართ, რომელმაც უდიდესი ტრადიციების მატარებელ ამ კლინიკას ახალი სიცოცხლე შესძინა და დღეს ის წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ რეგიონში.
ექიმობის ხიბლი და სიმძიმე
- ავადმყოფობისგან დატანჯული ადამიანის ყურება ადვილი არ არის. კიდევ უფრო მძიმე განცდაა, როცა ვერ შველი. ექიმი, რაც არ უნდა დაღლილი იყოს, ვერასოდეს მისცემს თავს უფლებას, დაისვენოს და რთულ პაციენტზე არ იფიქროს. სამუშაო დღე კლინიკიდან გასვლისთანავე არ მთავრდება, შინ დაბრუნება მის დასრულებას არ ნიშნავს.
ახლობლებისთვის, ნათესავებისთვის, ყოფილი პაციენტებისა თუ მათი ახლობლებისთვის ექიმი ის ადამიანია, რომელსაც რჩევას სთხოვენ მაშინაც კი, როცა სამედიცინო პრობლემა საერთოდ არ ეხება მის სპეციალობას. მიიჩნევა, რომ ექიმისთვის დღე და ღამე არ უნდა არსებობდეს — დახმარებისთვის მუდამ მზად უნდა იყოს.
- როგორ უძლებს ამ რეჟიმს ოჯახი?
- შვილიშვილები ხუმრობით “შაბათ-კვირის ბებიას” მეძახიან, თუმცა ზოგჯერ ესეც გადაჭარბებული შეფასებაა.
- პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პროფესორი ბრძანდებით. როგორია თანამედროვე სტუდენტობა?
- მიხარია, რომ ქართულ მედიცინაში გონიერი, მონდომებული და განათლებული ახალგაზრდები მოდიან. ვიცი, ბევრს შრომობენ, მაგრამ თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად უფრო მეტია საჭირო. ახალგაზრდობა არა მხოლოდ ბედნიერი წლები, არამედ დიდი პასუხისმგებლობაც არის, რადგან უმეტესწილად ამ დროს აგროვებ ცოდნას. სტუდენტებს ხშირად ვუმეორებ ლევან გოთუას სიტყვებს: “გახსოვდეთ, ახალგაზრდობა მხოლოდ დროებითი უპირატესობაა და მისი არმად გაშვება ეროვნული ენერგიის საძაგელ ფლანგვას უდრის”.
- რას აფასებთ ადამიანში?
- იშვიათ უნარს, სხვაზე ზრუნვით მიიღოს ყველაზე დიდი სიამოვნება; ოპტიმიზმს, როდესაც შეგიძლია, მარცხი მომავალი წარმატების სტიმულად აქციო; მადლიერებას, რომელიც მხოლოდ ზნეობრივი ადამიანის თვისებაა.
- რას ვერ ეგუებით?
- ტყუილსა და ღალატს. ვერ ვეგუები, როცა ცდილობენ, საკუთარი წარმატება სხვის დამცირებაზე ააგონ. სრულიად მიუღებელია, ექიმი სხვა ექიმზე ამბობდეს: “ეს რა უქნია, როგორ დაუღუპიხარ!”. სხვათა შორის, დეონტოლოგიის ასეთი უხეში დარღვევის გამო ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ექიმს ლიცენზიას ართმევენ და, ჩემი აზრით, სწორადაც იქცევიან.
- როგორ ფიქრობთ, ხელოვნური ინტელექტი შეცვლის ექიმს?
- ახალმა ეპოქამ მოიტანა ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ექიმებს საქმეს უადვილებს. ეს, რა თქმა უნდა, ხელოვნურ ინტელექტსაც ეხება, რომელიც უამრავი მედიკოსის მრავალწლიანი გამოცდილების ანალიზს ეყრდნობა და ექიმისთვის საუკეთესო გზამკვლევია, მაგრამ, ექიმისგან განსხვავებით, პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ის ვერასოდეს აიღებს.
ჩემი ხანგრძლივი საექიმო პრაქტიკის განმავლობაში მინახავს არაერთი იშვიათი, ტიპურისგან განსხვავებული შემთხვევა, როდესაც პაციენტი სწორედ ინდივიდუალური ნიშნების სწორ შეფასებას გადაურჩენია.
ამასთან, ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის ადამიანურ სითბოს და ექიმის “სიტყვით მკურნალ” ძალას.
- როგორი იქნება თქვენი მთავარი რჩევა ჩვენი მკითხველისთვის?
- დრო სწრაფად მიქრის და ადამიანის სიცოცხლეც უმოწყალოდ მიაქვს, ამიტომ ჩემს თავსაც და გარშემო მყოფებსაც ვუსურვებ, დააფასონ ყოველი წუთი და რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმის გაკეთება მოასწრონ.
თამარ ციბალაშვილი







