ოხრახუში და ჯანმრთელობა — რა უნდა ვიცოდეთ

Поделитесь:

ოხრახუშს ყოველდღიურ რაციონში უმეტესად გემოს გასამდიდრებლად რთავენ, მაგრამ ეს არომატული მცენარე კერძის უბრალო დეკორაცია კი არა, არამედ ვიტამინების, მინერალებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვანი წყაროა, რომელსაც მრავალ ქვეყანაში სამკურნალოდაც იყენებენ.

სტატიიდან შეიტყობთ, რომელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ეს მწვანილი და როგორ მოქმედებს ის ჩვენს ჯანმრთელობაზე.

ბრტყელფოთლოვანი და ხვეულა

კულინარიაში უმეტესად ოხრახუშის ორ სახეობას იყენებენ: ბრტყელფოთლოვანსა და ხვეულას. მიუხედავად იმისა, რომ მათი სასარგებლო თვისებები თითქმის ერთნაირია, გემოთი, არომატითა და გამოყენების სპეციფიკით ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან განსხვავდება.

ბრტყელფოთლოვანი ოხრახუში, რომელსაც იტალიურსაც უწოდებენ, უფრო მკვეთრი და ინტენსიური არომატით გამოირჩევა, ამიტომ ის უფრო მეტად უხდება სალათებს, სოუსებს, სუპებს და სხვა ცხელ კერძებს.

ხვეულა ოხრახუშს შედარებით ნაზი გემო აქვს და უფრო მეტად დეკორატიული დანიშნულებით გამოიყენება. მისი ხვეული, მკვრივი ფოთლები კერძს ვიზუალურ მიმზიდველობას მატებს, გემოს ინტენსივობა კი ჯიშზეა დამოკიდებული.

არსებობს ოხრახუშის კიდევ ერთი ნაირსახეობა — ფესვოვანი ოხრახუში. მიუხედავად იმისა, რომ მისი მწვანე ფოთლებიც საკმაოდ არომატულია და სანელებლადაც გამოდგება, ამ მცენარის მთავარი ღირებულება მიწისქვეშა ნაწილია. მისი მსხვილი, ხორციანი ფესვი ძირთეთრას წააგავს, აქვს მოტკბო-მოცხარო გემო და არომატული წვნიანების, ბულიონებისა და ჩაშუშული კერძების შეუცვლელი ინგრედიენტია.

კვებითი ღირებულება

ოხრახუში დაბალკალორიული მცენარეა, 100 გ სულ რაღაც 40-52 კილოკალორიას შეიცავს.

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, 100 გრამი ქორფა ოხრახუშის კვებითი მაჩვენებლები ასეთია (პროცენტებში ნაჩვენებია შეფარდება ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებულ საშუალო დღიურ ნორმასთან):

ცილა — 2.97 გ

ნახშირწყლები — 6.3 გ

ცხიმი — 0.79 გ

ბოჭკო — 3.3 გ

ვიტამინოვანი შემადგენლობა

ვიტამინი K (ფილოქინონი) – 790-1640 მკგ (≈658% — 1367%)

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) — 133 მგ (≈148%)

ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) — 421 მკგ (≈ 47%)

ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) — 152 მკგ (≈ 38%)

ვიტამინი B3 (ნიაცინი) — 1.31 მგ (≈ 8%)

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) — 0.10 მგ (≈8%)

ვიტამინი B1 (თიამინი) — 0.09 მგ ( ≈ 8%)

ვიტამინი B6 — 0.09 მგ ( ≈ 5% )

ვიტამინი E (ალფა-ტოკოფეროლი) — 0.75 მგ ( ≈ 5%)

მინერალოვანი შემადგენლობა

რკინა — 6.2 მგ (≈ 34%)

სპილენძი — 0.15 მგ (≈17%)

კალიუმი — 554 მგ (≈ 12%)

მაგნიუმი — 50 მგ (≈ 12% )

კალციუმი — 138 მგ ( ≈11%)

თუთია — 1.07 მგ (≈10% )

ფოსფორი — 58 მგ (≈5%)

ნატრიუმი — 56 მგ (≈ 2%)

შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.

ბიოაქტიური ნაერთები

ოხრახუში მდიდარია ანტიოქსიდაციური თვისებების მქონე მცენარეული ნაერთებით, რომლებიც ორგანიზმს ქრონიკულ დაავადებებთან ბრძოლასა და მათ პრევენციაში ეხმარება.

ამ ნივთიერებათაგან აღსანიშნავია:

აპიგენინი — ფლავონოიდი, რომელსაც ძლიერი ანტიოქსიდაციური მოქმედება აქვს: ბლოკავს თავისუფალ რადიკალებს და იცავს უჯრედებს დაზიანებისგან. ზოგიერთი კვლევის თანახმად, შესაძლოა ჰქონდეს სიმსივნის საწინააღმდეგო თვისებებიც.

ლუთეინი და ზეაქსანთინი — კაროტინოიდები, რომლებიც თვალის ბადურაში გროვდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მხედველობის დაცვაში, მაგალითად, მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისგან. 100 გრამი ნედლი ოხრახუში ამ უმნიშვნელოვანესი კაროტინოიდების შთამბეჭდავ რაოდენობას, დაახლოებით 5-6 მგ-ს შეიცავს.

მირიცეტინი — ანტიოქსიდაციური თვისებების მქონე ფლავონოიდი, რომელიც, ზოგიერთი ექსპერიმენტული კვლევის მიხედვით, შესაძლოა სისხლში გლუკოზის რეგულაციასა და ანთებითი პროცესების შემცირებაში მონაწილეობდეს.

იმისთვის, რომ ოხრახუშისგან მაქსიმალური ბიოლოგიური სარგებელი მიიღოთ, უმჯობესია, ის მომზადების დასრულებამდე 1-2 წუთით ადრე დაამატოთ ცხელ კერძს ან სულაც უმად, უშუალოდ სერვირების წინ მოაყაროთ.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები

ჯანმრთელობაზე ოხრახუშის დადებითი გავლენა არაერთი კვლევით არის შესწავლილი. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების დიდი ნაწილი ლაბორატორიულ, ცხოველურ ან დაკვირვებით კვლევებს ეფუძნება. ადამიანებზე ჩატარებული ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ შეზღუდულია. შესაბამისად, ოხრახუში არ უნდა განვიხილოთ სამკურნალო საშუალებად, მაგრამ მისი რეგულარული და ზომიერი მოხმარება ჯანსაღი კვების მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა.

ორგანიზმის ბუნებრივი დეტოქსიკაციის მხარდაჭერა

ოხრახუში შეიცავს ქლოროფილს — პიგმენტს, რომელიც მცენარეებს მწვანე ფერს აძლევს და ფოტოსინთეზში მონაწილეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მოლეკულური სტრუქტურის წყალობით ქლოროფილს შეუძლია, ნაწილობრივ შეიკავშიროს ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერება, მათ შორის — მძიმე მეტალები, და ხელი შეუწყოს ორგანიზმიდან ნაწლავების გზით მათ გამოდევნას.

ზოგიერთი კვლევა კი საფუძველს იძლევა, ვივარაუდოთ, რომ ქლოროფილი ამცირებს ზოგიერთი მავნე ნივთიერების, მაგალითად, დიოქსინებისა (ჯგუფი ტოქსიკური ნივთიერებებისა, რომელთა დიდი დოზებით ხანგრძლივი ზემოქმედება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემასთან, მათ შორის ჰორმონულ, რეპროდუქციულ და კანცეროგენულ ეფექტებთან ასოცირდება) და აფლატოქსინების (ობის სოკოს მიერ გამოყოფილი საშიში ტოქსინები, რომლებიც ხშირად უნებლიეთ ხვდება ჩვენს საკვებში) შეწოვას საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

საშარდე სისტემის ჯანმრთელობა

ხალხურ მედიცინაში ოხრახუშს უხსოვარი დროიდან იყენებდნენ როგორც ეფექტურ ბუნებრივ დიურეზულ (შარდმდენ) საშუალებას. შარდის გამოყოფის სტიმულირებით ის ხელს უწყობს საშარდე გზების მექანიკურ წმენდას და კარგი დამხმარე საშუალებაა ცისტიტისა (შარდის ბუშტის ანთება) და საშარდე სისტემის სხვა ინფექციური პროცესების კომპლექსური თერაპიის დროს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შარდის გამოყოფის სტიმულირებამ შესაძლოა რამდენადმე შეამციროს იმ მინერალური ნალექისა და მცირე კრისტალების დაგროვების რისკი, რომლებიც შარდის ბუშტისა და თირკმლის კენჭებს წარმოქმნის, თუმცა ოხრახუში შეიცავს ოქსალატებს (მჟაუნმჟავას მარილებს), თირკმლის კენჭების ყველაზე გავრცელებული ტიპი კი სწორედ კალციუმის ოქსალატისგან შედგება, ამიტომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ ოქსალატური კენჭებისადმი მიდრეკილება, ოქსალატებით მდიდარი პროდუქტების დიდი რაოდენობით მიღება რეკომენდებული არ არის. მიუხედავად ამისა, ლაბორატორიულმა და ცხოველურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოხრახუშის თესლისა და ფოთლების ექსტრაქტს შეუძლია, ხელი შეუწყოს თირკმლის კენჭების წარმოქმნის პრევენციას. ეს ეფექტი, სავარაუდოდ, უკავშირდება, ერთი მხრივ, მის შარდმდენ მოქმედებას, მეორე მხრივ კი მის გავლენას შარდის ქიმიურ შემადგენლობაზე, რაც კალციუმის ოქსალატის კრისტალების წარმოქმნასა და დალექვას აფერხებს. ამიტომ თირკმლის კენჭების არსებობისას რაციონიდან ოხრახუშის სრულიად ამოღება ყოველთვის აუცილებელი არ არის, მისი კონცენტრირებული ნაყენის, წვენის ან ბიოდანამატების გამოყენებამდე კი აუცილებელია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

უვნებელია თუ არა ოხრახუში თირკმლის უკმარისობის დროს?

თირკმლის უკმარისობის დროს ოხრახუშის მოხმარება აკრძალული არ არის, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით — დიდი რაოდენობით ან კონცენტრირებული ფორმით გამოყენებისას.

თირკმლის უკმარისობის (როდესაც ორგანო სათანადოდ ვეღარ ფილტრავს სისხლს) დროს ორგანიზმს უჭირს ჭარბი კალიუმის გამოდევნა, სისხლში ამ ელემენტის დაგროვებამ კი შესაძლოა ჰიპერკალიემია გამოიწვიოს, რასაც კუნთების სისუსტე და გულის რიტმის საშიში დარღვევა (არითმია) მოჰყვება, ამიტომ თირკმლის ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით — მისი უკმარისობის მქონე პაციენტებს ხშირად უნიშნავენ დაბალკალიუმიან დიეტას, ოხრახუში კი მაღალკალიუმიან პროდუქტად მიიჩნევა. ამასთან, თირკმლის უკმარისობის დროს არც შარდმდენი პროდუქტების დიდი რაოდენობით თვითნებურად მიღებაა სასურველი.

ამრიგად, მცირე რაოდენობით ოხრახუშის მიღება, მაგალითად, კერძის სანელებლის სახით, უმეტესად უსაფრთხოა, მაგრამ კონცენტრირებული ფორმები: ნაყენი, ჩაი, სმუზი, წვენი, — თირკმლის უკმარისობის დროს ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღოთ.

ოხრახუში და დიაბეტი

გერმანიის კვების კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა (German Institute of Human Nutritionin Potsdam) საფუძვლიანად შეისწავლეს ფლავონოიდების, მათ შორის ლუტეოლინისა და აპიგენინის გავლენა მეტაბოლიზმზე, ინსულინრეზისტენტობასა და ღვიძლის ფუნქციაზე. კვლევის მიხედვით, ამ ბიოაქტიურ ნაერთებს შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს ინსულინრეზისტენტობასა და სისხლში გლუკოზის რეგულაციაზე, კერძოდ, ზრდიდეს უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ეს ნიშნავს, რომ უჯრედები გლუკოზას უფრო ეფექტურად აითვისებენ, რაც ხელს შეუწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციას.

ზოგიერთი კვლევა გვაფიქრებინებს, რომ ეს ნაერთები გავლენას ახდენს ღვიძლში მიმდინარე იმ ბიოქიმიურ პროცესებზეც, რომლებიც გლიკოგენის დაშლასა და გლუკოზის გამოთავისუფლებას არეგულირებს. ამ მექანიზმმა შესაძლოა დამატებით შეუწყოს ხელი სისხლში შაქრის დონის კონტროლს.

მეცნიერები იკვლევენ ლუტეოლინისა და აპიგენინის შესაძლო როლსაც არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის პრევენციაში. ცნობილია, რომ ღვიძლის გაცხიმოვნება დიაბეტი ტიპი 2-ის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. კვლევების მიხედვით, ეს ნაერთები ცხიმის სინთეზის შემცირებასა და ლიპიდური ცვლის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.

ვინაიდან არსებული სამეცნიერო მონაცემების დიდი ნაწილი ექსპერიმენტულ კვლევებს ეფუძნება, ოხრახუში დიაბეტის დამოუკიდებელ სამკურნალო საშუალებად არ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ როგორც ფლავონოიდების მდიდარი ბუნებრივი წყარო ის იდეალური დამხმარე კომპონენტია მეტაბოლური ჯანმრთელობის გრძელვადიანი შენარჩუნებისთვის.

ოხრახუში და კიბო

ადამიანებში ოხრახუშის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი ჯერ საკმარისად არ არის შესწავლილი, მაგრამ მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს მასში შემავალი ცალკეული ბიოაქტიური ნაერთები, განსაკუთრებით - ფლავონოიდი აპიგენინი. ამ დროისთვის კვლევები ძირითადად ლაბორატორიულ პირობებში, იზოლირებულ სიმსივნურ უჯრედებზეა ჩატარებული.

ჩინეთის შაანსის უნივერსიტეტის (Shaanxi Normal University) მკვლევართა ჯგუფმა შეაჯამა არსებული სამეცნიერო მონაცემები და დაასკვნა, რომ აპიგენინს აქვს ანთების და პოტენციურად სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ამ ნაერთს უნარი შესწევს, ხელი შეუშალოს საშვილოსნოს ყელის, პროსტატის, მკერდისა და მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი უჯრედების პროლიფერაციას (გამრავლებას) და გამოიწვიოს მათი აპოპტოზი ანუ დაპროგრამებული სიკვდილი ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს ჯანსაღ ქსოვილებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები იმის შესახებ, როგორ მოქმედებს აპიგენინი უშუალოდ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე სიმსივნურ პროცესებზე, მეცნიერები აქტიურად აგრძელებენ ამ ნივთიერების შესწავლას და მას პერსპექტიულ ბიოაქტიურ ნაერთად განიხილავენ.

სხვა თვისებები

ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით ოხრახუში — რეგულარული მოხმარების შემთხვევაში — იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან , ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობას , დადებითად მოქმედებს გულ სა და სისხლძარღვ ებზე და აძლიერებს იმუნურ სისტემას , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოხრახუშს შეუძლია დაავადებების თავიდან აცილება. მისი სასარგებლო ეფექტი ჯანსაღი და დაბალანსებული კვების საერთო ნაწილია.

შესაძლებელია თუ არა ოხრახუშის დოზის გადაჭარბება?

როგორც უკვე ვთქვით, კერძებში ოხრახუში პრაქტიკულად უვნებელია, მაგრამ სიფრთხილეა საჭირო მისი კონცენტრირებული ფორმების — წვენის, სმუზის, ნაყენის, ექსტრაქტის, განსაკუთრებით კი ეთერზეთის გამოყენებისას. საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში ორგანიზმი ერთბაშად დიდი ოდენობით იღებს ბიოაქტიურ ნივთიერებებს. ოხრახუშში შემავალი ნაერთების აპიოლისა და მირისტიცინის დიდი დოზები შესაძლოა ტოქსიკური აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის. ისინი განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით ოხრახუშის თესლსა და ეთერზეთშია, ამიტომ ოხრახუშის ეთერზეთისა და მაღალკონცენტრირებული ექსტრაქტის თვითნებური მიღება უსაფრთხოდ არ მიიჩნევა.

განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ:

ორსულებს — აპიოლს შესაძლოა საშვილოსნოს მასტიმულირებელი მოქმედება ჰქონდეს;

თირკმლის დაავადებების მქონე ადამიანებს — ოქსალატებისა და კალიუმის შემცველობის გამო;

ადამიანებს, რომლებიც სისხლის გამათხელებელ მედიკამენტებს იღებენ — ოხრახუში K ვიტამინის ძალიან მდიდარი წყაროა. დიდი რაოდენობით მისმა მიღებამ შესაძლოა მედიკამენტების ეფექტზე იმოქმედოს.

ოხრახუშის წვენი, როგორც წესი, სუფთა სახით არ გამოიყენება, უმჯობესია, სხვა ბოსტნეულის ან ხილის (მაგალითად, სტაფილოს, კიტრის, ნიახურის ან ვაშლის) წვენში იყოს შერეული. მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხო დოზა ოფიციალურად დადგენილი არ არის, სპეციალისტები დიდი ოდენობით მის რეგულარულ მიღებას არ გვირჩევენ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

Поделитесь: