ალერგიული მარში ბავშვებთან

Поделитесь:

21-ე საუკუნე ალერგიების ეპოქაა. ამა თუ იმ ფორმის ალერგიული რეაქცია მთელ მსოფლიოში მილიონობით ბავშვს აღენიშნება.

ალერგია მრავალნაირია, მათ შორის ― რესპირატორული (ჰაერწვეთოვანი), კვებითი, მწერის ნაკბენით გამოწვეული, ქიმიური და მედიკამენტური. ხშირად ის სიცოცხლის პირველსავე წლებში იჩენს თავს ეგზემის (ატოპიური დერმატიტის) სახით. პროცესს, როდესაც ატოპიური დერმატიტი კვებით ალერგიაში, ალერგიულ რინიტსა და ასთმაში გადაიზრდება, ალერგიულ მარშს ან ატოპიურ მარშს უწოდებენ.

ბუნებრივია, მშობლებს აინტერესებთ, რატომ ემართებათ ბავშვებს ალერგია, როგორ შეიძლება მისი მკურნალობა და როგორ უნდა მოიქცნენ მის თავიდან ასარიდებლად.

მიზეზები

ალერგიის ჩამოყალიბებაში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს მემკვიდრეობა ― ალერგიული განწყობა მშობლებისგან შვილებს გენეტიკურად გადაეცემათ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს ალერგიის ზუსტად ის ფორმა განუვითარდება, რომელიც მშობელს აქვს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ალერგიული მშობლების შვილებს არაალერგიულთა შვილებზე მეტად ემუქრებათ ალერგიული დაავადების განვითარების საფრთხე, თუმცა კონკრეტული ალერგენის დამემკვიდრება არ ხდება, შესაბამისად, ალერგენი, რომელიც პრობლემურია მშობლისთვის, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს იმას, რომელზეც ბავშვის ორგანიზმი რეაგირებს.

ალერგია ისეთ ბავშვებსაც ემართებათ, რომელთა მშობლებსაც ეს პრობლემა არ ჰქონიათ. გარდა ამისა, ბავშვი, რომელიც ალერგიულია კონკრეტული ალერგენის მიმართ, შესაძლოა, მსგავსი სტრუქტურის მქონე სხვა ნივთიერებებზეც რეაგირებდეს. ამას ჯვარედინ რეაქციას ვუწოდებთ. მაგალითად, ბავშვს, რომელსაც არყის ხის მტვერზე აქვს ალერგია, შესაძლოა, ალერგიული რეაქცია განუვითარდეს ვაშლზეც, რადგან მათ შემადგენლობაში ერთი და იგივე ცილა შედის.

იმუნური პასუხი

ალერგია იმუნური სისტემის შეცდომაა. როდესაც ბავშვის ორგანიზმი ალერგენთან კონტაქტში შედის, იმუნური სისტემა მას ― სრულიად უსაფუძვლოდ ― საფრთხედ მიიჩნევს და მასთან ბრძოლას იწყებს.

ალერგენთან პირველი კონტაქტის დროს ბავშვის იმუნური სისტემა გამოიმუშავებს სპეციფიკურ ცილებს ― IgE ანტისხეულებს, რომლებიც ააქტიურებენ ქსოვილებსა და სისხლში არსებულ პოხიერ უჯრედებსა ( მასტოციტებს ) და ბაზოფილებს . ალერგენთან განმეორებითი შეხვედრისას ანტისხეულები აიძულებენ აღნიშნულ უჯრედებს, სისხლის მიმოქცევისა და ლიმფურ სისტემაში დიდი რაოდენობით გამოყონ სპეციალური ქიმიური ნივთიერებები, უპირატესად ― ჰისტამინი . სწორედ ეს ნივთიერებები იწვევენ ალერგიულ რეაქციას.

რეაქციამ შესაძლოა მოიცვას ორგანიზმის სხვადასხვა უბანი, მათ შორის ― კანი, ფილტვები, ყელი, ცხვირი, თვალები და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი.

ეს პროცესი მეორდება იმავე ალერგენთან ყოველი კონტაქტის დროს.

ალერგიის ტიპები

ბავშვებთან უმთავრესად რამდენიმე სახის ალერგია გვხვდება:

* კვებითი ალერგია ― ვლინდება სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე და წარმოადგენს ორგანიზმის მწვავე ან ქრონიკულ რეაქციას კონკრეტულ საკვებზე. გამოიხატება გამონაყარით, დისკომფორტით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

* რესპირატორული ( ჰაერწვეთოვანი ) ალერგია ― ვითარდება გარემოში არსებული მიკრონაწილაკების (ყვავილის მტვერი, ობის სოკო, სახლის მტვრის ტკიპა) ჩასუნთქვისას, ვლინდება უმეტესად სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებით (ცემინება, სურდო, თვალების ქავილი).

* ქიმიური ალერგია ― იმუნურ პასუხს იწვევს კოსმეტიკურ საშუალებებსა და საყოფაცხოვრებო ქიმიასთან კონტაქტი. ბავშვის კანზე მოხვედრისას ვითარდება ადგილობრივი რეაქცია ― კონტაქტური დერმატიტი ან ჭინჭრის ციება.

* მწერის ნაკბენით გამოწვეული ალერგია ― ალერგიული რეაქცია პასუხია კბენაზე ან ნესტრის ორგანიზმში მოხვედრაზე. ბავშვების დიდ ნაწილში შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე ადგილობრივი ან ძლიერი (ზოგჯერ ― მომაკვდინებელიც კი) სისტემური რეაქცია.

* მედიკამენტური ალერგია ― რეაქციას იწვევს ზოგიერთი სამკურნალო საშუალება, ბავშვებთან ― უმეტესად ანტიბიოტიკები და ზოგიერთი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი.

ატოპიური მარში

ალერგიის მოგზაურობა ასაკთან ერთად

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ეგზემის მქონე ბავშვების დაახლოებით 50 პროცენტს მოგვიანებით ასთმა უვითარდება, ხოლო 33 პროცენტს ― კვებითი ალერგია. გაცილებით მაღალი აქვთ ალერგიული რინიტის განვითარების რისკიც. თავის მხრივ, ბავშვობის ასაკში გამოვლენილი კვებითი ალერგიაც წარმოადგენს ერთგვარ რისკფაქტორს შემდგომში ასთმისა და ალერგიული რინიტის განვითარებისთვის.

ალერგიული მარში ოთხი ნაბიჯისგან შედგება:

* პირველი ნაბიჯი ― დაბადებიდან 1 წლამდე : ჩნდება კანის გაღიზიანება, ძირითადად ეგზემის (ატოპიური დერმატიტის) სახით.

* მეორე ნაბიჯი ― 1- დან 3 წლამდე : თავს იჩენს კვებითი ალერგიები. ყველაზე გავრცელებული ალერგენებია მიწის თხილი, ხის თხილი (ნიგოზი, ნუში და სხვ.), ძროხის რძე, კვერცხი, ხორბალი, სოია, თევზი და ზღვის პროდუქტები.

* მესამე ნაბიჯი ― 4- დან 6 წლამდე : წინა პლანზე წამოიწევს სეზონური და გარემო ფაქტორებით გამოწვეული ალერგიები, მათ შორის ალერგიული რინიტი, რომელიც მუდმივი გაჭედილობითა და ცრემლდენით ვლინდება.

* მეოთხე ნაბიჯი ― 5- დან 7 წლამდე : ყალიბდება ასთმა ― ქრონიკული დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სასუნთქი გზების ანთებითი პროცესები და შევიწროება.

რა თქმა უნდა, ალერგიის ეს გამოვლინებები დამოუკიდებლად, ალერგიული მარშის გარეშეც გვხვდება.

***

ეგზემა

ეგზემა (ატოპიური დერმატიტი) ყოველი ოთხი ბავშვიდან ერთს აღენიშნება. ამ დროს კანზე ჩნდება მშრალი, მქავანა წითელი უბნები. ატოპიურ ბავშვებს გარემო ფაქტორების მიმართ სხვებზე უფრო მგრძნობიარე კანი აქვთ.

ეგზემა საკმაოდ დამღლელი და სტრესული პროცესია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლებისთვისაც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძლიერი ქავილი ბავშვს ძილს უფრთხობს, მაგრამ ექიმთან ერთად სწორად შერჩეული მკურნალობის გეგმითა და კანის მოვლის ყოველდღიური რუტინით სიმპტომების მართვა და ბავშვის ცხოვრების ხარისხის საგრძნობლად ამაღლება სავსებით შესაძლებელია.

რა იწვევს

ეგზემის მთავარი მიზეზი კანის დამცავი ბარიერის დარღვევაა. ატოპიური დერმატიტის მქონე ბევრ ბავშვს კანის ზედა ფენაში აკლია სპეციფიკური ცილა ― ფილაგრინი . ეს უკანასკნელი ეხმარება კანს, შექმნას მტკიცე, გამძლე ბარიერი სხეულსა და გარე სამყაროს შორის. როდესაც ორგანიზმი ამ ცილას საკმარისი რაოდენობით ვერ გამოიმუშავებს, კანს უჭირს ტენის შენარჩუნება, რაც ნიშნავს, რომ ორგანიზმში შეჭრის მსურველ ბაქტერიებსა და გამაღიზიანებლებს აღარაფერი ეღობება წინ.

ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს როგორც გენეტიკა, ისე გარემო ფაქტორებიც. პრობლემა ხშირად ოჯახური ხასიათისაა: თუ მშობლებს აქვთ ალერგიული განწყობა, რისკი იმატებს.

ეგზემა ხშირად თანაარსებობს სხვა ალერგიულ დაავადებებთან, მაგალითად, ასთმასა და ალერგიულ რინიტთან (თივის ცხელება, სეზონური ალერგია) ერთად. ატოპიური დერმატიტის მქონე ბევრ ბავშვს კვებითი ალერგიაც აღენიშნება, თუმცა თავად საკვები ეგზემის უშუალო მიზეზი არ არის.

როგორ ვლინდება

ეგზემის დროს გამონაყარი ინდივიდუალურია. ის შეიძლება მოედოს მთელ სხეულს ან გაჩნდეს მხოლოდ რამდენიმე უბანზე. დაავადებას ახასიათებს ტალღური მიმდინარეობა: პერიოდულად სიმპტომები მწვავდება (აფეთქების, რეციდივის ფაზა), მერე კი მშვიდდება (რემისიის ფაზა). ასაკის მატებასთან ერთად შესაძლოა შეიცვალოს გამონაყარის ლოკალიზაციაც:

* ჩვილებთან დერმატიტის პირველი ნიშნები თავის კანზე (თმიან ნაწილზე) და სახეზე ვლინდება. წითელი, მშრალი გამონაყარი შესაძლოა გაჩნდეს ლოყებზე, შუბლზე და პირის გარშემო. საგულისხმოა, რომ საფენის ქვეშ, პამპერსის ზონაში, ეგზემა, როგორც წესი, არ ვითარდება.

• სკოლის ასაკის ბავშვებს გამონაყარი ყველაზე ხშირად უჩნდებათ იდაყვისა და მუხლის უკანა ნაკეცებში, კისერზე და თვალების გარშემო.

ეგზემა გადამდები არ არის . მართალია, ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვებს უფრო ძლიერი მიდრეკილება აქვთ კანის ინფექციებისკენ, მაგრამ სხვას ამით საფრთხე არ ემუქრება. ინფექციები, რომლებიც ამ დროს ვითარდება, უმთავრესად გამოწვეულია იმ მიკრობებით, რომლებიც ისედაც მშვიდობიანად ცხოვრობენ ნებისმიერი ადამიანის კანზე. უბრალოდ, ეგზემის დროს დაზიანებული და დასუსტებული ბარიერი მიკრობებს ვეღარ აკავებს და ისინი ადვილად იწვევენ ანთებას.

აუცილებლად მიმართეთ პედიატრს , თუ კანზე შეამჩნიეთ ყვითელი ან ყავისფერი ქერქები , ექსუდატი ( სისველე ), ბუშტუკები ან ჩირქოვანი გამონაყარი ( ინფიცირების ნიშანი ) ან გამონაყარს არ შველის სტანდარტული მოვლა და მკურნალობა .

მენტალური ჯანმრთელობა

ეგზემა მხოლოდ ფიზიკურ დისკომფორტს არ იწვევს ― ბავშვებისა და მოზარდებისთვის ის შესაძლოა ფსიქიკური დისტრესის წყაროდ იქცეს. კანის სიმშრალე და ქავილი ხშირად არღვევს ძილს, ძილის უკმარისობა კი შფოთვასა და დეპრესიას იწვევს. ზოგიერთისთვის ეს მდგომარეობა დროებითია, ზოგს კი ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვება.

ეგზემა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის თვითშეფასებაზე. შესაძლოა, ბავშვმა უხერხულად ან სტიგმატიზებულად იგრძნოს თავი და ამის გამო თავი აარიდოს სპორტსა და სხვა აქტივობებს. კვლევები აჩვენებს, რომ ეს დაავადება მნიშვნელოვან კვალს ტოვებს როგორც თავად პაციენტების, ისე მათი მომვლელების (მშობლების) ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

პროგნოზი

ბევრ ბავშვს 4 წლის ასაკიდან ნელ-ნელა, თავისთავად უქრება ეგზემა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც სიმშრალე და კანის ჭარბი მგრძნობელობა ზრდასრულ ასაკშიც მიჰყვებათ. წინასწარ იმის თქმა, ვის გაუვლის ეს პრობლემა საბოლოოდ და ვის დარჩება ქრონიკულად, პრაქტიკულად შეუძლებელია.

მოვლისა და მკურნალობის სტრატეგიები

ეგზემისგან განკურნების მეთოდი ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ სიმპტომების მართვა და მდგომარეობის შემსუბუქება სავსებით შესაძლებელია. თანამედროვე მედიცინა ოთხ ძირითად პრობლემას ებრძვის: სიმშრალეს , ქავილს , კანის გაღიზიანებას ( ანთებას ) და ინფექციას .

1. სიმშრალე

ეგზემის დროს კანის ჰიდროლიპიდური ბარიერი ვერ აკავებს წყალს, რის გამოც კანი შრება, სკდება, მქავანა ხდება და ადვილად ინფიცირდება. კანის ბარიერის სიმტკიცისთვის აუცილებელია ყოველდღიური ნაზი მოვლა.

* აბანავეთ ბავშვი ყოველდღე ან დღეგამოშვებით, 5-10 წუთის განმავლობაში, თბილ (და არა ცხელ) წყალში. საპონი საჭირო არ არის. სპეციალური, ნაზი (უსაპნო) დასაბანი საშუალებების წასმა რეკომენდებულია მხოლოდ ოფლიანობისკენ მიდრეკილ უბნებზე (იღლიები, კისერი, საზარდული), ასევე მტევნებსა და ტერფებზე. გამოიყენეთ მხოლოდ უსუნო (fragrance-free) და ჰიპოალერგენული დასაბანი საშუალებები. ერიდეთ უხეში საშუალებებით კანის ხეხვას და აბაზანის ქაფის გამოყენებას.

* დაბანის შემდეგ ბავშვს კანი პირსახოცის ნაზი მიდებით შეუშრეთ (არ გაუსვათ!). თუ ექიმმა ადგილობრივი სამკურნალო საშუალება გამოგიწერათ, ჯერ ის წაუსვით დაზიანებულ უბნებზე, მერე კი დამატენიანებელი.

* სანამ კანი ჯერ კიდევ ნოტიოა, მთელ სხეულზე უხვად წაუსვით დამატენიანებელი საშუალება. რაც უფრო სქელია დამატენიანებელი, მით უკეთესია ეფექტი. საუკეთესო არჩევანია მალამო (მაგალითად, სამედიცინო ვაზელინი) ან უსუნო, მკვრივი დამატენიანებელი კრემი (თხელი ლოსიონები ნაკლებეფექტურია). დამატენიანებელი უნდა გამოიყენოთ ყოველდღე, დღეში ერთხელ ან ორჯერ, იმ პერიოდშიც კი, როცა გამონაყარი გამქრალია.

* ჩააცვით ბავშვს მხოლოდ ნატურალური, რბილი ქსოვილების (მაგალითად, 100%-იანი ბამბის) ტანსცმელი. სარეცხისთვის შეიძინეთ ნაზი, უსუნო ფხვნილი ან გელი. უარი თქვით სარეცხის დამარბილებლებზე (კონდიციონერებზე). მაქსიმალურად მოარიდეთ ბავშვი გარემო გამაღიზიანებლებს: თამბაქოს კვამლს, მტვერს, შალის ქსოვილებს, ცხოველების ბეწვსა და ჰაერის არომატიზატორებს.

2. ქავილის შემცირება

ზემოთ აღწერილი საფეხურების შემდეგ:

* მაქსიმალურად ეცადეთ, ბავშვმა კანი არ მოიქავოს. ფრჩხილები მოკლედ დააჭერით. ღამით შეგიძლიათ ბამბის თხელი ხელთათმანებიც წამოაცვათ.

* გამოიყენეთ სველი შეხვევის მეთოდი: დაბანისა და სამკურნალო მალამოსა თუ დამატენიანებლის წასმის შემდეგ ბავშვს ჩააცვით თბილ წყალში დასველებული და კარგად გაწურული პიჟამა ან ბოდე, ზემოდან კი მშრალი პიჟამა გადააცვით. დარწმუნდით, რომ ოთახში თბილა (თუ გრილა, თბილი პლედი გადააფარეთ). სველი სახვევი დაუტოვეთ, სულ მცირე, ნახევარი საათით. შეიძლება მთელი ღამით დატოვებაც. მოხსნის შემდეგ კანზე კვლავ გადაუსვით დამატენიანებელი.

3. გაღიზიანებული კანის მკურნალობა

ანთებითი პროცესის ჩასაცხრობად და კანის აღსადგენად შესაძლოა გამოგიწერონ:

* ადგილობრივი სტეროიდები (ჰორმონული მალამოები/კრემები) ― ისმება უშუალოდ გამონაყარზე ანთების ჩასაცხრობად, დღეში ორჯერ, დაავადების გამწვავების ფაზაში. ექიმის მეთვალყურეობით და სწორად გამოყენების შემთხვევაში უსაფრთხო და ეფექტურია.

* არასტეროიდული ადგილობრივი საშუალებები ― ბოლო წლებში ფარმაციამ დიდი ნაბიჯი გადადგა და შექმნა ახალი არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად, ტაკროლიმუსის, პიმეკროლიმუსის, კრისაბოროლის, როფლუმილასტის, რუქსოლიტინიბისა და ტაპინაროფის კრემები და მალამოები). აცხრობს ანთებას. გამოიყენება კანის ნაზი უბნებისთვის ― ქუთუთოებზე, იღლიებში, საზარდულის ზონაში.

4. კანის ინფექციების მართვა და პრევენცია

ბაქტერიებსა და ვირუსებს შეუძლიათ, საგრძნობლად დაამძიმონ ეგზემის მიმდინარეობა. სველი გამონაყარის, ქერქების, ჩირქოვანი ბუშტუკებისა და მკურნალობისადმი დაუმორჩილებელი გამონაყარის შემთხვევაში შესაძლოა დაინიშნოს ანტიბიოტიკი ან ანტივირუსული მედიკამენტი.

ინფექციების პრევენციისთვის შეიძლება, დასაბან წყალს კვირაში 2-3-ჯერ დაემატოს ცოტაოდენი მათეთრებელი (ქლორი). აქ მას იგივე ეფექტი აქვს, რაც ქლორიან აუზში ცურვას. სტანდარტულ აბაზანაში ჩაასხით ნახევარი ჭიქა საყოფაცხოვრებო მათეთრებელი არომატიზატორებისა და დანამატების გარეშე და კარგად მოურიეთ. ბავშვის პატარა აბაზანისთვის საკმარისია 2 სუფრის კოვზი. ბავშვი წყალში 10-15 წუთს უნდა იჯდეს. შემდეგ სუფთა წყალი გადაავლეთ, ნაზად შეამშრალეთ პირსახოცით, დაზიანებულ ადგილებზე წაუსვით წამალი, ხოლო მთელ სხეულზე ― დამატენიანებელი.

მედიცინის უახლესი მიღწევები

მძიმე და საშუალო სიმძიმის ეგზემისთვის , რომელიც სტანდარტული კრემებით თერაპიას არ ექვემდებარება, უკვე შემუშავებულია ახალი თაობის მკურნალობა:

* ბიოლოგიური თერაპია ― ინექციური მედიკამენტები მიზანმიმართულად ბლოკავს იმუნური სისტემის იმ ნაწილს, რომელიც კანის ანთებას იწვევს. პირველი ასეთი წამალი, რომელიც FDA-მ (აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო) 6 თვისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის დაამტკიცა, იყო დუპილუმაბი (Dupilumab). ბავშვებთან გამოსაყენებლად დამტკიცებულია სხვა ბიოლოგიური პრეპარატებიც: ტრალოკინუმაბი, ლებრიკიზუმაბი და ნემოლიზუმაბი.

JAK ინჰიბიტორები (უპადაციტინიბი და აბროციტინიბი) ― მიიღება ტაბლეტების სახით, არეგულირებს კანის იმუნურ პასუხს.

გამწვავების პრევენცია

კანის ყოველდღიური სათუთი მოვლა და დამატენიანებლის მუდმივი გამოყენება (მაშინაც კი, როცა კანზე გამონაყარი არ არის) პრევენციის საუკეთესო გზაა. მნიშვნელოვანია ინდივიდუალური ალერგენების (ტრიგერების) იდენტიფიცირება და მათთან კონტაქტის შეზღუდვაც.

ეგზემის აფეთქების ყველაზე გავრცელებული ტრიგერებია:

  • სახლის მტვრის ტკიპა;
  • პარფიუმერია და არომატიზატორები (სუნამოები, სანთლები, ჰაერის გამწმენდები);
  • სიცხე და ოფლი;
  • ჰორმონული ცვლილებები;
  • მწერის ნაკბენი;
  • შინაური ცხოველების ბეწვი, ნერწყვი და ქერტლი;
  • ყვავილის მტვერი;
  • თამბაქოს კვამლი;
  • შალისა და სინთეტიკური ქსოვილები.

მნიშვნელოვანი ფაქტები

ხშირად ეგზემაში ერევათ კონტაქტური დერმატიტი , რომელიც კანის ადგილობრივი რეაქციაა კონკრეტულ გამაღიზიანებელზე (მაგალითად, უხეშ საპონზე ან ლითონის შესაკრავზე). საგულისხმოა, რომ კონტაქტური დერმატიტი არ შედის ალერგიულ მარშში , არ არის დაკავშირებული გენეტიკურ ატოპიასთან და არ ზრდის შემდგომში ასთმისა თუ ალერგიული რინიტის განვითარების რისკს.

მართალია, ეგზემის მქონე ბავშვების 40%-ს მოგვიანებით კვებითი ალერგიაც უვითარდება, მაგრამ თავად საკვები ეგზემის მიზეზი არ არის, ამიტომ კვებაზე ჭარბმა აქცენტმა და თვითნებურმა, მკაცრმა დიეტებმა შესაძლოა ბავშვს უფრო მეტი ზიანი მიაყენოს ― გამოიწვიოს იმ პროდუქტების აუტანლობა, რომლებსაც ორგანიზმი მანამდე დაუბრკოლებლად ინელებდა.

***

კვებითი ალერგია

კვებითი (საკვებისმიერი) ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი მეტისმეტად მძაფრად რეაგირებს საკვებში არსებულ სრულიად უვნებელ ცილებზე, რომლებსაც ალერგენები ეწოდება.

რეაქცია შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი, ისე მწვავე და სიცოცხლისთვის საშიშიც კი.

საკვებისმიერი ალერგია ყველაზე ხშირად ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებთან გვხვდება, თუმცა შეიძლება, ნებისმიერ სხვა ასაკშიც გამოვლინდეს. რისკი გაცილებით მაღალია იმ პატარებთან, რომლებსაც სხვა ტიპის ალერგიებიც აქვთ ან რომელთა ოჯახის წევრებსაც მსგავსი პრობლემები აღენიშნებათ.

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენები

თეორიულად, ალერგია შეიძლება ნებისმიერმა საკვებმა გამოიწვიოს, მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობა მოდის ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტების წილად:

  • ძროხის რძე;
  • კვერცხი;
  • მიწის თხილი (არაქისი);
  • სოია;
  • ხორბალი;
  • თხილი, კაკალი, ფსტა, პეკანი, კეშიუ;
    • თევზი (თინუსი, ორაგული, ვირთევზა) და ზღვის პროდუქტები (კრევეტი, ლობსტერი);
    • სეზამი.

საგულისხმოა, რომ მიწის თხილი, ხის თხილი, რძე და სეზამი ყველაზე ხშირად იწვევს მწვავე და მძიმე რეაქციებს.

ზოგჯერ ალერგიული რეაქცია ვლინდება მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის და არა მთელი ჯგუფის მიმართ. მაგალითად, ბავშვი, რომელიც ალერგიულია მიწის თხილზე, - ეს უკანასკნელი პარკოსნების ოჯახს მიეკუთვნება, - შესაძლოა, თამამად მიირთმევდეს სხვა პარკოსნებს, მაგალითად, მწვანე ლობიოს ან სოიას.

როგორ ვლინდება

იმუნური პასუხი შესაძლოა გამოიწვიოს ალერგენის შემცველი საკვების არა მხოლოდ მიღებამ, არამედ მისი სუნის შესუნთქვამ და კანთან უბრალო შეხებამაც კი. სიმპტომები ყოველთვის ინდივიდუალურია და ორგანიზმის სხვადასხვა სისტემას მოიცავს:

  • კანის მხრივ - ჭინჭრის ციება (ურტიკარია), ქავილი, გამონაყარი, შეშუპება;
  • სასუნთქი სისტემის მხრივ - ცემინება, ხიხინი, ყელში მოჭერის შეგრძნება, ხველა, ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ - გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და სპაზმები, ყლაპვის გაძნელება;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ - გაფითრება (კანის გაფერმკრთალება), თავბრუხვევა, გულმკერდის ტკივილი, სისუსტე, დაბნეულობა ან გონების დაკარგვა.

სპეციფიკური სიმპტომები ჩვილებთან

ვინაიდან ჩვილებს არ შეუძლიათ დისკომფორტის სიტყვებით გამოხატვა, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ისეთ ნიშნებს, როგორებიცაა:

  • თვალების ხშირი და დაჟინებული სრესა;
  • ენის განმეორებადი გამოყოფა (თითქოს ბავშვი პირის ღრუს გათავისუფლებას ცდილობს);
  • გაუგებარი, გადამეტებული და შეუჩერებელი ტირილი;
  • ზურგის რკალისებურად გაზნექა კვების დროს ან კვების შემდეგ;
  • კუნთების ტონუსის უეცარი დაქვეითება (ბავშვი ხდება დუნე).

***

ურტიკარია - მარშის თანამგზავრი

კვებითი ალერგიის ყველაზე თვალსაჩინო და უცაბედი გამოხატულება სწორედ ჭინჭრის ციებაა, რომელსაც მედიცინაში ურტიკარიას უწოდებენ. ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს და დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გამოუცდია.

ურტიკარია არის კანზე მოულოდნელად გაჩენილი მკვეთრი წითელი ან ვარდისფერი ამობურცული გამონაყარი ან ბუშტუკები, რომლებსაც ძლიერი, შემაწუხებელი ქავილი ახასიათებს. ხანდახან გამონაყარს რგოლის, დონატის ან სამიზნის ფორმა აქვს.

ბუშტუკი რამდენიმე საათში თავისთავად ქრება, მაგრამ მომდევნო დღეებში ხელახლა ჩნდება სხეულის სხვა ნაწილებზე (მწვავე ფორმა).

ეს პროცესი ირთვება მაშინ, როდესაც იმუნური სისტემის პოხიერი უჯრედები (მასტოციტები) სისხლში გამოყოფენ ქიმიურ ნივთიერებას - ჰისტამინს. ჰისტამინი ზრდის კანის ზედაპირისკენ სისხლის მიდენას და სისხლძარღვებიდან სითხის გაჟონვას, რაც მომენტალურ შეშუპებას იწვევს.

პატარა ბავშვებთან ურტიკარიის ყველაზე ხშირი მიზეზებია:

  • ვირუსული ინფექციები - ხშირად ბავშვი მანამდე სავსებით ჯანმრთელად გამოიყურება და ინფექციის სხვა კლასიკური ნიშნები (სურდო, სიცხე) არ აქვს;
  • ალერგიული რეაქცია, პროვოცირებული კონკრეტული საკვებით, მედიკამენტით ან მწერის ნაკბენით;
  • გარეგანი ფაქტორები - ფიზიკური დატვირთვა, სტრესი, ძლიერი ზეწოლა კანზე, სიცხე ან სიცივე.

შემთხვევათა უმრავლესობაში ჭინჭრის ციების ტრიგერის (მაპროვოცირებელი ფაქტორის) დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

როგორ ვმართოთ შინ

თუ ჭინჭრის ციება მსუბუქია, ბავშვს არ აწუხებს ქავილი და თავს კარგად გრძნობს, მკურნალობა საჭირო არ არის, ხოლო თუ ქავილი შემაწუხებელია, შესაძლოა, პედიატრმა გირჩიოთ მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგალითად, ცეტირიზინი).

სახლის პირობებში მდგომარეობის შესამსუბუქებლად:

  • დაადეთ გრილი კომპრესები გამონაყარიან უბნებზე;
  • აბანავეთ გრილ (და არა ცხელ) წყალში;
  • ჩააცვით თავისუფალი, ფართო ბამბის ტანსაცმელი.

სწრაფი და ნელი რეაქციები

ყველა კვებითი ალერგია ერთნაირად არ ვლინდება. მედიცინაში ალერგიული რეაქციების ორ ტიპს გამოყოფენ:

  • მყისიერი ტიპის (IgE-დამოკიდებული) ალერგია. ეს ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ცილას - IgE ანტისხეულებს. რეაქცია ვითარდება ძალიან სწრა ფად - საკვების მიღებიდან არა უგვიანეს ორი საათისა, ზოგჯერ - რამდენიმე წუთშიც კი.
  • მოგვიანებითი ტიპის (არასპეციფიკური/Non-IgE) ალერგია. აქ პროცესში IgE ცილა არ მონაწილეობს და სიმპტომები შესაძლოა რამდენიმე საათის ან დღის შემდეგაც კი გამოვლინდეს. ბავშვებთან ამის მაგალითებია:
  • FPIES (საკვების ცილით გამოწვეული ენტეროკოლიტის სინდრომი). უმთავრესად ჩვილებთან გვხვდება, გამოიხატება ძლიერი ღებინებითა და დიარეით, რის გამოც ხშირად შეცდომით ნაწლავურ ინფექციად მიიჩნევენ ხოლმე.
  • ეოზინოფილური ეზოფაგიტი (EOE). ჩვილებთან ვლინდება კვების პრობლემებით, წონის ცუდი მატებითა და პირღებინებით, ხოლო უფროს ბავშვებთან - ყლაპვის გაძნელებითა და გულძმარვით.

როდის არ არის ეს კვებითი ალერგია?

ხშირად შეცდომით ალერგიას მიაწერენ სხვა მდგომარეობებს.

ალერგია არ არის:

  • საკვებისმიერი ინტოქსიკაცია (მოწამვლა) - გამოწვეულია გაფუჭებულ საკვებში არსებული ბაქტერიებით;
  • კოფეინის ეფექტი - შოკოლადმა ან კოფეინის შემცველმა გაზიანმა სასმელმა ბავშვი შესაძლოა აღაგზნოს და კანკალი დააწყებინოს, რაც ნევროლოგიური პასუხია და არა ალერგიული;
  • კანის ადგილობრივი გაღიზიანება - ფორთოხლის წვენში ან პომიდორში არსებულმა მჟავებმა პატარას შესაძლოა გაუწითლოს კანი პირის ირგვლივ, მაგრამ ეს მხოლოდ მექანიკური გაღიზიანებაა;
  • ფაღარათი ტკბილისგან - ხილის წვენში არსებულმა ჭარბმა შაქარმა პატარებში შესაძლოა დიარეა გამოიწვიოს.

ალერგია თუ საკვების აუტანლობა?

ეს ორი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებული რამაა.

ალერგია ყოველთვის იმუნური სისტემის რეაქციაა, საკვების (მაგალითად, ლაქტოზის) აუტანლობა კი - საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემა: ორგანიზმს უჭირს ამა თუ იმ კომპონენტის (მაგალითად, რძის შაქრის) გადამუშავება, რაც იწვევს მუცლის ტკივილს, შებერილობას ან ფაღარათს, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

დიაგნოსტიკა

თუ ბავშვს ალერგიული რეაქცია აქვს, პედიატრი ან ალერგოლოგი დაწვრილებით შეისწავლიან მის ანამნეზს. შესაძლოა, დაინიშნოს კანის სინჯები (ე.წ. პრიკ-ტესტი) ან სისხლის ანალიზი სპეციფიკურ ანტისხეულებზე.

მნიშვნელოვანია, მშობლებმა იცოდნენ: კვლევის ეს მეთოდები ყოველთვის 100%-ით სანდო არ არის. შესაძლოა, ტესტმა დადებითი პასუხი გაგვცეს, მაგრამ ბავშვი ყოველგვარი სირთულის გარეშე ინელებდეს პროდუქტს ან პირიქით - ტესტი იყოს უარყოფითი, მაგრამ ალერგია რეალურად არსებობდეს, ამიტომ საბოლოო სიტყვა ყოველთვის კლინიკურ სურათზეა.

დაძლევს თუ არა ბავშვი კვებით ალერგიას?

დიახ, ასე საკმაოდ ხშირად ხდება. კვერცხის, რძის, ხორბლისა და სოიის ალერგია 5 წლისთვის უმეტესად სრულიად ქრება, მიწის თხილისა (არაქისის) და ხის თხილეულის მიმართ ალერგია კი, სამწუხაროდ, გაცილებით გამძლეა - მიწის თხილზე ალერგია ბავშვების მხოლოდ 20-25%-ს გაუვლის, ხოლო ხის

თხილეულზე - მხოლოდ 10%-ს.

თანამედროვე მედიცინა კვებით ალერგიას ორი მიმართულებით ებრძვის:

1. პრევენციული მკურნალობა

* კვებაში ალერგენების ადრეული შეტანა: დაახლოებით 6 თვიდან ბავშვის რაციონში გავრცელებული ალერგენების (მიწის თხილი, კვერცხი, რძის ნაწარმი, სეზამი) მცირე დოზებით შეტანა საგრძნობლად ამცირებს ალერგიის განვითარების რისკს. ამ საკვების ხელოვნური დაგვიანება რისკს მხოლოდ ზრდის.

* მკაცრი გამორიცხვა: თუ ბავშვს კონკრეტულ საკვებზე ალერგია უკვე ჩამოყალიბებული ან დადასტურებული აქვს, ეს პროდუქტი მისი რაციონიდან სრულიად უნდა გამოირიცხოს!

* თანამედროვე მედიკამენტები: არსებობს ბიოლოგიური პრეპარატი (მაგალითად, ომალიზუმაბი), რომელიც ეხმარება ორგანიზმს, ალერგენთან შემთხვევითი კონტაქტის დროს რეაქცია მძიმე ფორმებში არ გადაიზარდოს. გამოიყენება ორალური იმუნოთერაპიაც (ალერგოლოგის მეთვალყურეობით ალერგენის მიკროსკოპული დოზების თანდათანობითი ზრდა ორგანიზმის შესაჩვევად). ეს საშუალებები და მეთოდები ალერგიისგან ვერ კურნავს ბავშვს, მაგრამ მძიმე გართულებებისგან იცავს.

2. დახმარება რეაქციის დროს

* მსუბუქი და საშუალო სიმძიმის რეაქციები: თუ ბავშვი

საკვების მიღების შემდეგ უჩივის მხოლოდ კანის ლოკალურ ქავილს, მცირე გამონაყარს ან კუჭ-ნაწლავის უმნიშვნელო დისკომფორტს, პირველი რიგის სამკურნალო საშუალებებია მეორე თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები (ცეტირიზინი, ლორატადინი, დეზლორატადინი, ფექსოფენადინი). ისინი ეფექტურად ბლოკავენ ჰისტამინის გამოყოფას, აცხრობენ ქავილს და აქრობენ ბებერებს. უპირატესობა ენიჭება სწორედ მეორე თაობის მედიკამენტებს, რადგან არ იწვევს ძილიანობას და უფრო ხანგრძლივი მოქმედებაც აქვს.

*მწვავე, სისტემური რეაქცია (ანაფილაქსია): თუ პროცესში ერთდროულად რამდენიმე სისტემაა ჩართული (მაგალითად, გამონაყარს თან ახლავს სუნთქვის გაძნელება, ხველა, პირღებინება ან სახის შეშუპება), პირველი რიგის, სიცოცხლის გადამრჩენი ერთადერთი მედიკამენტია ეპინეფრინი (ადრენალინი), რომელიც კეთდება კუნთში (ავტოინექტორის დახმარებით) ან გამოიყენება ნაზალური სპრეის სახით.

5 ოქროს წესი ალერგიული ბავშვის ოჯახისთვის

1. ყოველთვის წაიკითხეთ ეტიკეტი. მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას ყურადღებით გაეცანით შემადგენლობას. სიტყვების: “ნატურალური არომატიზატორების” ან “სანელებლების”, – მიღმა შესაძლოა ალერგენი იმალებოდეს.

2. ერიდეთ ჯვარედინ კონტაქტს (საკვების ერთმანეთთან შეხებას) შინ. თუ ოჯახის სხვა წევრები მიირთმევენ იმ პროდუქტს, რომლის მიმართაც ბავშვი ალერგიულია, მისთვის ცალკე გამოიყენეთ სუფთა ჭურჭელი.

3. სიფრთხილე გამოიჩინეთ რესტორანში. შეკვეთამდე დაელაპარაკეთ მზარეულს ან მენეჯერს, რომელმაც იცის კერძის შემადგენლობა და მომზადების ტექნოლოგია.

4. ნუ იტყვით უარს სამედიცინო სამაჯურზე. სპეციალური საინფორმაციო სამაჯური ან ყელსაბამი, რომელზეც მითითებულია ალერგიაც, გადაუდებელ ვითარებაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

5. დაწერეთ სამოქმედო გეგმა. იქ, სადაც ბავშვი უთქვენოდ არის (ბაღში, სკოლაში, ბებიასთან ან ბანაკში), მომვლელებს ყოველთვის უნდა ჰქონდეთ წერილობითი ინსტრუქცია, როგორ აარიდონ ბავშვს სახიფათო საკვებთან კონტაქტი და როგორ მოიქცნენ რეაქციის შემთხვევაში.

***

ალერგიული რინიტი

ცხვირიდან უხვ, წყლისებრ გამონადენს, ცემინებას და ჩაწითლებულ თვალებს მშობლები გაციებას აბრალებენ, მაგრამ ასეთივე სიმპტომებით ვლინდება ალერგიული რინიტიც.

განასხვავებენ ალერგიული რინიტის ორ მთავარ ფორმას:

* სეზონური ალერგიული რინიტი ( თივის ცხელება ) ― აღირიცხება გაზაფხულზე, ზაფხულში ან ადრეულ შემოდგომაზე, როდესაც ჰაერში ტრიალებს ყვავილების მტვერი ან სოკოს სპორები;

* მუდმივი ( მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე ) რინიტი ― სიმპტომები შესაძლოა განვითარდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, თუ ბავშვს უნებლიე კონტაქტი მოუწია შენობაში არსებულ ტრიგერებთან, მაგალითად, სახლის მტვრის ტკიპასთან, ობთან, შინაური ცხოველების ბეწვთან ან ქერტლთან, ტარაკნების ნარჩენებთან.

რა ემართება ბავშვის ორგანიზმს

ალერგია ვითარდება მაშინ, როდესაც ბავშვის იმუნური სისტემა სრულიად უვნებელ ნივთიერებებს მტრებად აღიქვამს და მათგან თავის დაცვას იწყებს. ცხვირის ლორწოვანი გარსი შუპდება და იწყება გაძლიერებული სეკრეცია გამაღიზიანებლის გამოსადევნად.

ამ დროს აღინიშნება:

  • ცხვირიდან უხვი, წყლისებრი გამონადენი;
  • ხშირი ცემინება და სრუტუნი;
  • თვალების ქავილი, ცრემლდენა და გაწითლება;
  • ცხვირის გაჭედვა;
  • მუქი წრეები თვალების გარშემო (ე.წ. ალერგიული ჩრდილები).

ცხვირის მუდმივმა გაჭედილობამ და ღამის სუნთქვის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს უძილობა, გადაღლილობა, ყურადღების დეფიციტი, აზროვნების შენელება და სირთულეები სწავლასა თუ სპორტში.

გენეტიკური ფაქტორი

კვლევები აჩვენებს, რომ როცა ერთ ბიოლოგიურ მშობელს აქვს ალერგია, ბავშვისთვის მისი განვითარების ალბათობა 30-დან 50 პროცენტამდეა. როცა ორივე მშობელი ალერგიულია, ალბათობა 60-80 პროცენტამდე იზრდება.

***

გაციება თუ ალერგია?

განვითარების სიჩქარე : გაციების სიმპტომები თანდათანობით, რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდება, ხოლო ალერგიული რინიტისა მყისიერად, ტრიგერთან (ალერგენთან) კონტაქტისთანავე იჩენს თავს.

გამონადენი : გაციების დროს სქელი, მღვრიე და ხშირად მოყვითალო-მომწვანოა, ალერგიის დროს კი ― თხელი, გამჭვირვალე, წყლისებრი.

ტემპერატურა და ტკივილი : გაციებას ხშირად ახლავს თან ცხელება და კუნთების ტკივილი, ალერგიულ რინიტს ― არასოდეს.

თვალების ქავილი : გაციების დროს იშვიათობაა, ალერგიული რინიტის დროს კი წამყვანი სიმპტომია.

ხანგრძლივობა : გაციება, როგორც წესი, 3-დან 10 დღემდე გრძელდება და თავისთავად გაივლის, ხოლო ალერგია კვირაობით, თვეობით, მთელი წელიც კი შეიძლება გაგრძელდეს.

მართვა

პირველი ნაბიჯი ტრიგერების იდენტიფიცირებაა. თუ მიზეზი ბუნდოვანია, პედიატრმა ან ალერგოლოგმა შესაძლოა ალერგიული ტესტები დანიშნოს.

1. სეზონური ალერგიის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია:

* ფანჯრების დახურვა ― ყვავილობის პიკზე (გაზაფხული-შემოდგომა) ნუ დატოვებთ ღიას სახლისა და მანქანის ფანჯრებს, გამოიყენეთ კონდიციონერი.

* მონიტორინგი ― თვალი ადევნეთ ჰაერში მტვრის კონცენტრაციის პროგნოზს; როცა მაჩვენებლები მაღალია, მოერიდეთ გარეთ ბავშვის დიდხანს დატოვებას.

* ჰიგიენა ― ასწავლეთ ბავშვს, არ მოისრისოს თვალები და ცხვირი (ასე ალერგენები პირდაპირ ლორწოვანზე ხვდება). შინ დაბრუნებისთანავე გამოუცვალეთ ტანსაცმელი და ჩამობანეთ სახე და თმა.

* მზის სათვალე ― ის ფიზიკურად იცავს თვალის მიდამოს ყვავილის მტვრისგან.

2. მუდმივი ალერგიის კონტროლისთვის გაითვალისწინეთ:

* სახლის მტვრის ტკიპები ― ისინი ლეიბებსა და ბალიშებში ბუდობენ, ამიტომ გამოიყენეთ სპეციალური ანტიალერგენული შალითები, ხოლო თეთრეული გარეცხეთ ცხელ (600C) წყალში.

* შინაური ცხოველები ― ალერგენია მათი კანის ჩამონაფცქვენი და ნერწყვი. თუ შინ ცხოველი გყავთ, რეგულარულად დაასუფთავეთ ხალიჩები და რბილი ავეჯი.

* ტენიანობის კონტროლი ― ობის სოკოს გავრცელების შესაჩერებლად შეინარჩუნეთ სახლში დაბალი ტენიანობა დეჰუმიდიფიკატორების (ჰაერის გამშრობების) და HEPA ფილტრების დახმარებით.

მკურნალობა (ექიმის დანიშნულებით):

* ფიზიოლოგიური ხსნარი ( მარილწყალი ) ― სრულიად უსაფრთხო საშუალებაა, რომელიც ცხვირის ღრუს გამორეცხვისას მექანიკურად გამოდევნის იქიდან ალერგენებს და აცხრობს ლორწოვანს. მისი გამოყენება ყოველდღე შეიძლება.

* ანტიჰისტამინური პრეპარატები ― ბლოკავენ ალერგიულ რეაქციას. ბავშვებისთვის უმჯობესია მეორე თაობის არასედაციური სიროფები (ანუ ისეთები, რომლებიც ძილიანობას არ იწვევს), აბები და ნაზალური სპრეი.

* სტეროიდული ნაზალური სპრეი ― ყველაზე ეფექტური საშუალებაა ცხვირის ძლიერი გაჭედილობისა და ანთების დროს. თანამედროვე სტეროიდული სპრეები მოქმედებს მხოლოდ ადგილობრივად, პრაქტიკულად არ შეიწოვება სისხლში და მათი უმეტესობა ნებადართულია 2 წლიდან. მაქსიმალური ეფექტისთვის საჭიროა ყოველდღიური გამოყენება ალერგიის სეზონზე.

* დეკონგესტანტები (სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები) ― სწრაფად ხსნის გაჭედილობას, მაგრამ ბავშვებთან უნდა გამოვიყენოთ უკიდურესი სიფრთხილით და არა უმეტეს 3-5 დღისა, რადგან ახასიათებს ე.წ. რიკოშეტის ეფექტი ― მოხსნის შემდეგ გაჭედილობა აღდგება და იმატებს კიდეც.

***

ბრონქული ასთმა

ალერგიული მარშის უკანასკნელი და ხშირად ყველაზე სერიოზული საფეხური ბრონქული ასთმაა. ეს არის ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადება, რომლის დროსაც ბავშვის სასუნთქი გზები ზედმეტად მგრძნობიარე ხდება.

ფილტვებში ანთებითი პროცესი შესაძლოა მაშინაც მიმდინარეობდეს, როდესაც ბავშვს აშკარა სიმპტომები არ აქვს. ანთების ხარისხი და სიმძიმე დროთა განმავლობაში იცვლება, ხოლო ტრიგერებთან (გაციება, ცივი ჰაერი, თამბაქოს კვამლი) კონტაქტი ვითარებას ამწვავებს.

ასთმა არ იკურნება, მაგრამ თანამედროვე მედიცინას შეუძლია მისი მართვა, რათა ბავშვმა აქტიური და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს.

შეტევის დროს

ასთმის შეტევის დროს სასუნთქი გზები მკვეთრად ვიწროვდება ან იბლოკება. ეს სამი ერთდროული პროცესის შედეგია:

1. ბრონქების შიგნითა ლორწოვანი გარსი შუპდება;

2. ბრონქების ირგვლივ არსებული კუნთები იკუმშება (ბრონქოსპაზმი);

3. იწყება წებოვანი, სქელი ლორწოს ჭარბი გამოყოფა.

წამყვანი სიმპტომები

სიმპტომები ინდივიდუალურია. ისინი ელვისებურადაც შეიძლება განვითარდეს და თანდათანობითაც შეიძლება დამძიმდეს.

* ხველა ― ხშირად ასთმის პირველი და ზოგჯერ ერთადერთი სიმპტომია (განსაკუთრებით ― ფიზიკური დატვირთვისას ან სიცივეში გარეთ გასვლისას).

* ხიხინი ― მაღალი ტონალობის მსტვენი ხმა სუნთქვისას. ყურით ყოველთვის არ ისმის. სთხოვეთ პედიატრს, გასწავლოთ, როგორ მოუსმინოთ ბავშვის გულმკერდს.

* სუნთქვის გაძნელება, ქოშინი.

* სიმძიმის ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში.

* ფიზიკური აქტიურობის შეზღუდვა (ბავშვი თამაშის დროს მალე იღლება და სულის მოთქმა სჭირდება).

სიმპტომების დამძიმება ღამის საათებში ან გამთენიისას ასთმის ერთ-ერთი მთავარი გამაფრთხილებელი ნიშანია.

მიზეზები

ასთმის მიზეზები ზუსტად არ არის ცნობილი. გამოყოფენ შემდეგ რისკფაქტორებს:

  • დატვირთული გენეტიკა ― ოჯახის წევრების ავადობა ალერგიით ან ასთმით;
  • გარემოს ალერგენებთან ― მტვერთან, ობთან, ცხოველებთან ― კონტაქტი;
  • მავნე ნივთიერებების ― თამბაქოს კვამლის (პასიური მწეველობა) და ჰაერის დამაბინძურებლების ― მუდმივი ზემოქმედება;
  • რესპირატორული ინფექციებით ხშირი ავადმყოფობა ადრეულ ასაკში.

როგორ მკურნალობენ

ასთმის მართვა მიზნად ისახავს სიმპტომების პრევენციას და მინიმუმამდე დაყვანას, რათა ბავშვმა სრულფასოვნად ითამაშოს, ივარჯიშოს და ისწავლოს. მკურნალობას ორი ძირითადი მიმართულება აქვს:

1. ტრიგერების კონტროლი ― ბავშვის გარემოდან იმ ფაქტორების მოცილება, რომლებიც შეტევას იწვევს (მტვერი, კვამლი, მკვეთრი სუნი).

2. მედიკამენტური გეგმა (ექიმთან ერთად!) ― ასთმის სამკურნალო საშუალებები ორ ჯგუფად იყოფა: ბაზისურ (საპროფილაქტიკო/ანთების საწინააღმდეგო) მედიკამენტებად, რომლებიც ყოველდღიურად გამოიყენება ფილტვებში ქრონიკული ანთების ჩასაქრობად და სწრაფი დახმარების (სიმპტომურ) პრეპარატებად, რომლებიც შეტევის დროს ბრონქების მომენტალური გაფართოებისთვის არის საჭირო. ყველა ალერგიულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ასთმის მკაფიო სამოქმედო გეგმა, რომელშიც გაწერილია, რომელი წამალი როდის უნდა მიიღოს.

"შუქნიშანი" ― ასთმის სამოქმედო გეგმა

ასთმის მართვის მთავარი მიზანია კრიზისული სიტუაციებისა და საავადმყოფოში მოხვედრის თავიდან აცილება. მსოფლიო პედიატრიაში ამისთვის გამოიყენება ასთმის ინდივიდუალური, წერილობითი სამოქმედო გეგმა, რომელსაც ექიმი ყოველი ბავშვისთვის პერსონალურად ადგენს.

მარტივი აღქმისთვის ეს გეგმა დაყოფილია შუქნიშნის ფერებად და მშობელს, ბებიას, ბაღის აღმზრდელსა თუ სკოლის ექთანს უსწრაფესად კარნახობს, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ ვითარებაში.

მწვანე ზონა: ყველაფერი რიგზეა

ეს არის ბავშვის ყოველდღიური მდგომარეობა, როდესაც ის თავს ნორმალურად გრძნობს: სუნთქავს თავისუფლად, სძინავს მშვიდად (ღამით არ ახველებს), თამაშობს თანატოლებივით და მისი პიკფლოუმეტრის (სუნთქვის სიძლიერის გამზომი აპარატის) მაჩვენებლებიც ნორმალურია.

აქ გაწერილია ბავშვის ბაზისური (საკონტროლო) მედიკამენტები (მაგალითად, საინჰალაციო სტეროიდები ან ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები), რომლებსაც ის ყოველდღიურად იღებს, განურჩევლად იმისა, ახველებს თუ არა.

თუ სიმპტომები მხოლოდ ფიზიკური აქტიურობისას მწვავდება, მწვანე ზონაშივე იწერება იმ წამლის დოზა, რომელიც მან თამაშის ან ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მიიღოს.

ყვითელი ზონა: საფრთხის პირველი ნიშნები

ეს ზონა ირთვება მაშინ, როდესაც ბავშვი "ისე ვერ არის, როგორც ყოველთვის", აქვს გაციების ნიშნები, მსუბუქი ხიხინი, ღამის ხველა, გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება (პატარა ბავშვებმა ეს სიმპტომი შესაძლოა მუცლის ტკივილად აღწერონ) ან მოქმედებას იწყებს უკვე ცნობილი ტრიგერი (მაგალითად, ამინდის მკვეთრი ცვლილება).

როგორ იქცევით: აგრძელებთ მწვანე ზონის წამლებს და ამატებთ ყვითელ ზონაში მითითებულ "სწრაფი დახმარების" მედიკამენტს (ბრონქების გამაფართოებელს) მითითებული დოზითა და ინტერვალით. იქვე წერია, რამდენ ხანში უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს, თუ უკეთესობა არ შეინიშნება .

წითელი ზონა: კრიტიკული საფრთხე

ბავშვი სუნთქავს ძალიან ხშირად და მძიმედ; სუნთქვისას მკაფიოდ ეტყობა ნეკნები (ნეკნთაშუა არეების ჩაზნექა); სუნთქვისას ნესტოები უფართოვდება; უჭირს ლაპარაკი, წინადადებების თავიდან ბოლომდე წარმოთქმა, რადგან ჰაერი არ ჰყოფნის. პიკფლოუმეტრის მაჩვენებლები კრიტიკულად დაბალია.

როგორ იქცევით : სასწრაფოდ ურეკავთ ექიმს ან იძახებთ სასწრაფო დახმარებას (112)! პარალელურად დაუყოვნებლივ აძლევთ წითელ ზონაში გაწერილ გადაუდებელ, მაღალი დოზის საინჰალაციო მედიკამენტს.

***

ანაფილაქსია ― ელვისებური საფრთხე

ანაფილაქსია არის უმწვავესი სისტემური ალერგიული რეაქცია, რომელიც რამდენიმე საათის ფარგლებში ვითარდება (ზოგჯერ ― სულ რამდენიმე წამში) და დაუყოვნებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს. რეაქცია სრულიად არაპროგნოზირებადია და ნებისმიერ ასაკში შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს.

გარდა საკვებისა, რომელიც წამყვანი ფაქტორია, უმწვავესი რეაქციის მიზეზად ხშირად იქცევა:

  • მწერის (ფუტკრის, კრაზანის) ნაკბენი;
  • მედიკამენტები (ყველაზე ხშირად ესენია ანტიბიოტიკები და ანტიკონვულსანტები ― კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები, თუმცა ასეთი პოტენციალი აქვს ნებისმიერ წამალს, მათ შორის ― ასპირინსა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს).

ასევე გამოყოფენ ფიზიკური დატვირთვით ინდუცირებულ ანაფილაქსიას, როდესაც რეაქცია ვითარდება მხოლოდ კონკრეტული საკვების მიღებისა და მყისიერად მიყოლებული ვარჯიშის/აქტიური მოძრაობის თანხვედრისას.

როგორ ამოვიცნოთ

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს, განსაკუთრებით ― თუ მათ ერთბაშად იჩინეს თავი:

* ხველას, მსტვენ ხიხინს, ქოშინს, ყელში მოჭერის ან გაჭედვის შეგრძნებას, ხმის ჩახლეჩას;

* სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელებას;

* გამონაყარს, ჭინჭრის ციებას, ფერმკთალი ან მოლურჯო ფერის კანს;

* ტუჩებისა და ენის შეშუპებას;

* მწვავე ღებინებას, ძლიერ ფაღარათს, სპაზმურ ტკივილს;

* თავბრუხვევას, გონების დაკარგვას, შიშის ან სიკვდილის მოახლოების მკვეთრად გამოხატულ განცდას, დაბნეულობას.

ვინაიდან ჩვილს არ შეუძლია გითხრათ, რომ ჰაერი არ ჰყოფნის ან ყელი ეწვის, ყურადღება მიაქციეთ ატიპურ ნიშნებს:

  • გაუჩერებელ, ისტერიკულ ტირილს;
  • უეცარ და უხვ ნერწყვის დენას (მიანიშნებს ყლაპვის გაძნელებაზე);
  • უჩვეულო მოთენთილობასა და ძილიანობას.

გადაუდებელი მოქმედება

ანაფილაქსიის დროს ერთადერთი ანტიდოტი, სიცოცხლის ერთადერთი გადამრჩენი ეპინეფრინია (ადრენალინი). თუ ბავშვს ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნები აქვს, იმოქმედეთ ამ სქემით:

1. დაუყოვნებლივ გაუკეთეთ ეპინეფრინი:

ავტოინექტორი (კალამი) ჩაარჭვეთ ბარძაყის გარეთა კუნთში (შეიძლება ტანსაცმლის გავლითაც)

ან

შეასხურეთ ცხვირში ნაზალური სპრეი (გამოიყენება 15 კგ და ამაზე მეტი წონის ბავშვებისთვის).

2. დააფიქსირეთ დრო და დარეკეთ 112- ზე . სასწრაფო დახმარების გამოძახებისას ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ ბავშვს აქვს ანაფილაქსია და უკვე გაუკეთდა ეპინეფრინი.

3. დააწვინეთ ბავშვი სწორად : ზურგზე, ოდნავ ზემოთ აწეული ფეხებით (არტერიული წნევის შესანარჩუნებლად). თუ აღებინებს ან სუნთქვა უჭირს, გადააბრუნეთ გვერდზე, რომ სასუნთქი გზები არ დაეხშოს.

4. აკონტროლეთ ეფექტი : თუ სიმპტომები 5 წუთში არ შესუსტდა და დამძიმდა კიდეც, გაუკეთეთ ეპინეფრინის მეორე დოზა (ამიტომ არის აუცილებელი ორი დოზის ტარება).

5. სხვა წამლები: მხოლოდ ეპინეფრინის გაკეთების შემდეგ შეგიძლიათ მისცეთ ექიმის დანიშნული საინჰალაციო ბრონქების გამაფართოებელი ან ანტიჰისტამინი. პირველ ნაბიჯად, ეპინეფრინის ნაცვლად მათი გამოყენება დაუშვებელია!

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Поделитесь: