კატები და ჩვენ

Поделитесь:

“ვეტერინარის კაბინეტის” ამ გამოშვებას ერთი მოარული ხუმრობით დავიწყებთ:

ძაღლი ფიქრობს: “ეს ორფეხა არსება საზრდოს და თავშესაფარს მაძლევს, როცა კარგად ვიქცევი, სასუსნავით მაჯილდოებს, როცა მოწყენილი ვარ, მეფერება. ისე ზრუნავს ჩემზე, ალბათ ღმერთია!”

კატა ფიქრობს: “ეს ორფეხა არსება დილაადრიან დგება, რომ საყვარელი კერძი მომართვას, დაძინებამდე საწოლს მითბუნებს, ათასნაირ გასართობს იგონებს, რომ არ მოვიწყინო... ისე მემსახურება, ალბათ ღმერთი ვარ!”

თუ ცოტა ხანს მაინც გქონიათ ურთიერთობა კატებთან, შეამჩნევდით, რომ სოციალურ კავშირებს ისინი თავისებურად ამყარებენ. ამ მშვენიერი ცხოველების ერთი შეხედვით თვითკმარი ბუნების მიღმა მრავალფეროვანი და ღრმა შინაგანი სამყარო იმალება.

გაინტერესებთ, რას ფიქრობენ კატები ჩვენზე? მართლა მომსახურე პერსონალი ვგონივართ თუ თავისებურად ვუყვარვართ?

ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ შინაურ კატებს პატრონების მიმართ ისეთივე მიჯაჭვულობა უყალიბდებათ, როგორიც ძაღლებს ― თავიანთი ოჯახის წევრების მიმართ.

მიჯაჭვულობა ― ამ ტერმინით ფსიქოლოგიაში აღინიშნება ღრმა და მტკიცე ემოციური კავშირი ორ ინდივიდს შორის. მიიჩნევენ, რომ მიჯაჭვულობა ცოცხალი არსების ბიოლოგიურ მოთხოვნილებას ეფუძნება. ადამიანებთან ის ჩვილ ასაკში იწყება – მომვლელი (წესისამებრ, დედა) ბავშვისთვის აღიქმება “უსაფრთხო ბაზად”, საიდანაც ის მშვიდად, თავდაჯერებულად იკვლევს სამყაროს და სადაც ნებისმიერ დროს შეუძლია დაბრუნება დახმარებისა და ნუგეშის მისაღებად.

მიჯაჭვულობის მსგავსი მოდელი ცხოველებს შორისაც არის შემჩნეული და ადამიანსა და ცხოველს შორისაც. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ასეთი ღრმა ფსიქოლოგიური კავშირი მხოლოდ ადამიანებსა და ძაღლებს შორის მყარდებოდა, კატებს კი, მათი დამოუკიდებელი ბუნების გამო, ხშირად “ასოციალურ” ცხოველებად მოიხსენიებდნენ, მაგრამ ორეგონის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა, რომ კატების სოციალური უნარები და ადამიანზე დამოკიდებულება გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე გვეგონა (კვლევის შედეგები ჟურნალ ჩურრენტ Bიოლოგყ-ში გამოქვეყნდა):

კატა პატრონთან ერთად შედიოდა უცხო სივრცეში. საზოგადოდ, კატები ტერიტორიული არსებები არიან და გარემოს შეცვლა მათთვის უკვე სტრესფაქტორია. ახალ, უცხო გარემოში პატრონი კატას მარტო ტოვებდა, თუმცა კი მალევე ბრუნდებოდა მასთან.

კვლევამ აჩვენა, რომ კატების 64.3% ავლენდა მიჯაჭვულობის ნიშნებს და უსაფრთხოების გარანტორად პატრონს ირჩევდა. ისინი “ესალმებოდნენ” თავიანთ ადამიანს, ფეხებზე ეხახუნებოდნენ, კრუტუნებდნენ, მშვიდდებოდნენ და განაგრძობდნენ ოთახის დაზვერვასა და შესწავლას.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კატები, ისევე როგორც მოშინაურებული ცხოველების უმეტესობა, ზრდასრულ ასაკშიც ადამიანზე რჩებიან დამოკიდებულნი. ისინი პატრონთან მიდიან არა მხოლოდ საკვების, არამედ ემოციური კომფორტის მისაღებადაც.

“როგორც ძაღლების, ისე კატების შემთხვევაში ადამიანისადმი მიჯაჭვულობა შესაძლოა წარმოადგენდეს ნაშიერისა და მშობლის ბიოლოგიური კავშირის ერთგვარ ადაპტაციას. ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ როდესაც კატები ადამიანზე დამოკიდებულ გარემოში ცხოვრობენ, მისდამი მიჯაჭვულობა უყალიბდებათ. უმრავლესობისთვის ის რთულ ვითარებაში სიმშვიდისა და ნუგეშის წყაროს წარმოადგენს”, - აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი კრისტინ ვიტალი.

კატების მზერა

წარმოიდგინეთ, რომ შინ ახალი ნივთი მიიტანეთ. მაგალითად, რობოტი მტვერსასრუტი. კატისთვის ის ამოუცნობი, პოტენციური საფრთხის შემცველი მოძრავი ობიექტია. ამ საგნის დანახვისას მისი პირველი რეაქცია, დიდი ალბათობით, თქვენი “ათვალიერება”, მზერით “გაშუქება” იქნება. კატა დააკვირდება თქვენს რეაქციას და ამის მიხედვით გადაწყვეტს, ეშინოდეს ობიექტის, თავს დაესხას მას თუ სამალავში შეძვრეს. მეცნიერები ამას სოციალურ რეფერირებას უწოდებენ და ის კატის ინტელექტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოვლინებაა.

კატების სოციალური გამჭრიახობის დასამტკიცებლად მილანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასეთი ექსპერიმენტი ჩაატარა: კატები და მათი პატრონები მოათავსეს ოთახში, სადაც ჩართული ვენტილატორი იდგა. ვენტილატორზე ფერადი ლენტები იყო მიმაგრებული. კატებისთვის ეს მოწყობილობა ამოუცნობი, პოტენციურად სახიფათო ობიექტი გახლდათ.

ექსპერიმენტის დაწყებამდე პატრონები ორ ჯგუფად გაიყვნენ: ერთნი ვენტილატორის დანახვაზე აღტაცებასა და სიმშვიდეს გამოხატავდნენ, მეორენი კი შიშსა და მღელვარებას.

შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა: კატების 79%-მა მზერა ობიექტიდან მაშინვე პატრონის სახეზე გადაიტანა. მათ “წაიკითხეს” პატრონის ემოცია და თავიანთი ქცევა მას მოარგეს. კატები, რომელთა პატრონებიც იღიმებოდნენ, მშვიდად უცქერდნენ ობიექტს, არ ამჟღავნებდნენ მღელვარების ნიშნებს, გაცილებით თამამად მიუახლოვდნენ “უცხოს”.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ გაურკვეველ სიტუაციაში (მაგალითად, პოტენციური საფრთხის შემცველ ობიექტთან ან უცნობთან შეხვედრისას) კატები პატრონის ემოციურ რეაქციას აკვირდებიან, “კითხულობენ” და სამოქმედო გეგმასაც ამის მიხედვით სახავენ.

ეს ნიშნავს, რომ კატა ადამიანს აღიქვამს როგორც სამყაროსთან დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს რგოლს, რთულ სიტუაციებში კი - როგორც ნუგეშს, მხარდამჭერსა და საყრდენს.

ვისთვის კნავიან კატები

შეგიმჩნევიათ, რომ ზრდასრული კატები ერთმანეთს კნავილით არასდროს ეკონტაქტებიან? კონფლიქტის დროს ისინი საბრძოლო ყიჟინისმაგვარ ხმებს გამოსცემენ, მაგრამ მშვიდ ვითარებაში ერთმანეთს არ შეკნავიან.

ეს იმიტომ, რომ მათთვის შიდასახეობრივი კომუნიკაციის მთავარი სამარჯვი კნავილი არ არის.

შედარებისთვის: როდესაც მნიშვნელოვანი გზავნილი აქვთ გადასაცემი, ერთმანეთისგან მოშორებით მყოფი ძაღლები სხეულის ენასთან ერთად აქტიურად მიმართავენ ყეფას, კატებისთვის კი კომუნიკაციის მთავარი არხი სურნელოვანი მარკირება (ისინი ტერიტორიაზე ფერომონებს ტოვებენ, რათა სხვა კატებს გადასცენ ინფორმაცია თავიანთი სქესის, ჯანმრთელობისა და სტატუსის შესახებ) და სხეულის ენაა (ყურების სხვადასხვა გრადუსით დახრა, კუდის პოზიცია, ბეწვის აჯაგვრა, სხეულის პოზა).

აი, შინ დაბრუნებულ პატრონებს კი კატები ხშირად ეგებებიან კნავილით. როცა შიათ, მაშინაც კნავიან.

საქმე ის არის, რომ მოშინაურების პროცესში კატებმა შეამჩნიეს: ადამიანები მათ სხეულის ენას ვერ კითხულობდნენ, "სურნელოვანი" გზავნილების მიმართ კი სრულიად უგრძნობნი იყვნენ.

კნავილი, თავისი არსით, ნაშიერისა და მშობლის ურთიერთობის ფორმაა. კნუტები ამ ხმას დედასთან კონტაქტისთვის იყენებენ, რათა აცნობონ, რომ შიათ ან სცივათ. ზრდასრული კატები ერთმანეთთან ურთიერთობისას ამ "ბავშვურ" ენას ივიწყებენ. ადამიანთან კომუნიკაციისთვის კი კნავილი საუკეთესო ინსტრუმენტი აღმოჩნდა.

საინტერესოა, რომ კატებს შეუძლიათ კნავილის ტონალობის მოდიფიცირება იმის მიხედვით, რის მიღწევა სურთ. მაგალითად, საკვების თხოვნისას მათი კნავილი შეიცავს მაღალი სიხშირის ბგერებს, რომლებიც ჩვილის ტირილს წააგავს და ადამიანს მეყსეულად უღვიძებს მზრუნველობის ინსტინქტს.

ნინო ლომიძე

Поделитесь: