ძილი და კანის ჯანმრთელობა
Поделитесь:
ვიდრე გვძინავს, ჩვენს ორგანიზმში რთული და კოორდინირებული აღდგენითი პროცესები მიმდინარეობს. მაგალითად, კანი ამ დროს სულაც არ ისვენებს, პირიქით, ინტენსიური რეგენერაციის ფაზაში გადადის ― აქტიურდება უჯრედების განახლება, უმჯობესდება მიკროცირკულაცია და ძლიერდება ბუნებრივი დამცავი მექანიზმები.
როგორ შევუწყოთ ხელი კანში მიმდინარე ამ ბუნებრივ პროცესებს?
რატომ არ ისვენებს კანი
ძილი აქტიური ფიზიოლოგიური პროცესია. ამ დროს აქტიურდება მრავალი ბიოლოგიური მექანიზმი, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებასა და საერთო ჯანმრთელობის უზრუნველყოფაში.
ძილის დროს კანში მიმდინარე რეგენერაციული პროცესები ხელს უწყობს მისი სტრუქტურული მთლიანობის აღდგენას, ფუნქციური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, გარეგნული იერის ოპტიმიზაციას და დაბერების პროცესის გადავადებას.
რეგენერაციის ფაზა მჭიდროდ არის დაკავშირებული ორგანიზმის ცირკადულ რიტმთან და, როგორც წესი, ღამის პირველ ნახევარშია ყველაზე ინტენსიური.
კერძოდ, რა ხდება კანში ძილის დროს?
უჯრედების განახლება და რეგენერაცია
უჯრედების დაყოფა და აღდგენა კანში ღამით უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე დღისით. პროცესი განსაკუთრებით აქტიურია ეპიდერმისში, კანის ზედაპირულ შრეში. შედეგად კანი დილაობით უფრო გლუვი, ნათელი და ერთგვაროვანია.
კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი
ძილის დროს ორგანიზმში იმატებს ზრდის ჰორმონის სეკრეცია. ეს ჰორმონი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის სტრუქტურული ცილების ― კოლაგენისა და ელასტინის ― სინთეზში. კოლაგენი კანის სიმკვრივესა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს, ხოლო ელასტინი პასუხისმგებელია მის ელასტიკურობაზე.
ღამით აქტიურად მიმდინარეობს იმ ბოჭკოების აღდგენა, რომლებიც დღის განმავლობაში სტრესის, ულტრაიისფერი გამოსხივებისა და გარემოს სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედებით დაზიანდა. ეს პროცესები ხელს უწყობს კანის სტრუქტურისა და ტონუსის გაუმჯობესებას და ამცირებს წვრილი ნაოჭების წარმოქმნას.
მიკროცირკულაციის გაუმჯობესება
ღამით უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა კანის შრეებში, რაც უზრუნველყოფს უჯრედებისთვის ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების უფრო ეფექტურ მიწოდებას. იმავდროულად, აქტიურდება მეტაბოლური ნარჩენების ელიმინაციის პროცესი.
ყველაფერი ეს ხელს უწყობს კანის ფუნქციური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ხარისხიანი ძილის შემდეგ კანს ხშირად უფრო ჯანსაღი და ნათელი იერი აქვს.
კანის დამცავი ბარიერის აღდგენა
ლიპიდების სინთეზი ღამით უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს ჰიდროლიპიდური შრის აღდგენას.
შედეგად ძლიერდება კანის ბარიერული ფუნქცია და იმატებს მდგრადობა გარემოს აგრესიული ფაქტორების მიმართ.
ანტიოქსიდანტური დაცვა
მელატონინი მხოლოდ ძილის რეგულაციაში არ მონაწილეობს ― ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი ანტიოქსიდანტიც არის. ღამით მისი დონე იმატებს, რაც ხელს უწყობს დღის განმავლობაში დაგროვილი თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას.
თავისუფალი რადიკალები აზიანებს უჯრედულ სტრუქტურას, აჩქარებს კოლაგენის დაშლას და ხელს უწყობს კანის ნაადრევ დაბერებას, მელატონინის ანტიოქსიდაციური მოქმედება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის აღდგენასა და დაცვაში.
წყლის ტრანსეპიდერმული კარგვა
ღამით კანიდან წყლის კარგვა იმატებს, ამიტომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღამის სწორად შერჩეულ დამატენიანებელ საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობს კანს ტენის შენარჩუნებასა და ბარიერული ფუნქციის განხორციელებაში.
კანის გამტარობის მატება
ღამით კანის გამტარობა იმატებს და აქტიური ნივთიერებები უკეთ შეიწოვება, მაშასადამე, მოვლის საშუალებებიც უფრო ეფექტურად მოქმედებს, ამიტომ კანის მოვლის საღამოს რუტინას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ძილის დეფიციტი
როდესაც ორგანიზმი სრულფასოვნად ვერ გადის რეგენერაციის ფაზას, ნელდება უჯრედების განახლება, იკლებს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი და სუსტდება კანის დამცავი ბარიერი. შედეგად კანი კარგავს ტენს, ელასტიკურობასა და ტონუსს, ხდება უფრო მშრალი, მოდუნებული და უსიცოცხლო.
ამასთან ერთად, მცირდება კანის ანტიოქსიდაციური დაცვა და ძლიერდება ოქსიდაციური სტრესი, რაც აჩქარებს ნაადრევი დაბერების პროცესს: ჩნდება წვრილი ნაოჭები, კანი კარგავს სიხასხასეს და ერთგვაროვან ფერს. ძილის ქრონიკული დეფიციტი უარყოფითად აისახება მიკროცირკულაციაზეც, რაც ხშირად იწვევს მუქი წრეების გაჩენას და შეშუპებას თვალების ქვეშ.
რამდენ ხანს უნდა გვეძინოს
ძილის ოპტიმალური ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, თუმცა არსებობს რეკომენდაციები ასაკის მიხედვით:
* 18-დან 64 წლამდე ― 7-9 საათი
* 65 წლიდან – 7-8 საათი
* მოზარდებისთვის – 8-10 საათი
ძილის დეფიციტი ხშირად იწვევს ჰორმონული ბალანსის დარღვევას, მადის შეცვლად და კანის აღდგენითი პროცესების შენელებას, მაგრამ კანისა და მთლიანად ორგანიზმის რეგენერაციისთვის ხანგრძლივი ძილი საკმარისი არ არის ― გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ძილის ხარისხსა და მისი ციკლების მიმდინარეობას.
ძილის თითოეული ციკლი მოიცავს ზედაპირულ, ღრმა და სწრაფ ფაზებს. ღრმა ძილი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზაა აღდგენითი პროცესებისთვის. სწორედ ამ დროს იმატებს ზრდის ჰორმონის სეკრეცია – ჰორმონისა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ასტიმულირებს უჯრედების განახლებასა და კოლაგენის სინთეზს. ამ პერიოდში მიმდინარეობს კანის ქსოვილების ინტენსიური რეგენერაცია და დაზიანებული სტრუქტურების აღდგენა.
ძილის სწრაფი ფაზა კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემისა და ჰორმონული ბალანსის რეგულაციაში. ამ დროს სტაბილურდება ემოციური მდგომარეობა. ჰორმონული ფონის დაბალანსება ირიბად აისახება კანზეც -კორტიზოლის დონე ეცემა, რაც ანელებს კოლაგენისა და ელასტინის დაშლას და კანის დაბერებას.
კანის რეგენერაციისთვის მნიშვნელოვანია ძილის დაწყების დროც. ორგანიზმის ცირკადული რიტმის შესაბამისად, მელატონინის გამომუშავება დაბინდებასთან ერთად იმატებს და ღამის პირველ ნახევარში პიკს აღწევს. სწორედ ამ პერიოდში აქტიურდება კანის აღდგენითი პროცესებიც.
როცა დასაძინებლად გვიან, ნაშუაღამევს წვებით (მაშინაც კი, თუ ჯამში 8 საათი გძინავთ), ორგანიზმი ნაწილობრივ სცდება ბუნებრივ ბიორიტმს, რის გამოც კანის რეგენერაცია ნაკლებეფექტურად მიმდინარეობს.
კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია:
* 22:00-23:00 საათამდე დაძინება;
* 7-9-საათიანი უწყვეტი ძილი.
გავრცელებულია მოსაზრება, რომ ძილის დანაკლისის მოგვიანებით ანაზღაურება შესაძლებელია, მაგრამ კვლევები მიუთითებს, რომ ძილის დეფიციტის სრული კომპენსირება ვერ ხერხდება. ოქსიდაციური სტრესითა და კოლაგენის დაშლით გამოწვეულ ზიანს ერთჯერადი ხანგრძლივი ძილი ვერ აღმოფხვრის.
როგორ მოვიწესრიგოთ ძილი
* ეცადეთ, ყოველდღე (უქმე დღეების ჩათვლით) დაწვეთ და ადგეთ ერთსა და იმავე დროს. რეჟიმის მუდმივობა ხელს უწყობს ბიოლოგიური საათის სტაბილიზაციას, რის შედეგადაც მელატონინის გამომუშავება დროულად იწყება. ეს ჩაძინებას აადვილებს, კანს კი რეგენერაციისთვის ძვირფას დროს უზოგავს.
* ეცადეთ, საწოლ ოთახში იყოს სიგრილე, სიბნელე და სიმშვიდე. იდეალურია 16-დან 19 გრადუსამდე ტემპერატურა, ხოლო აბსოლუტური სიბნელე მელატონინის მაქსიმალური გამომუშავების წინაპირობაა.
* ძილის წინ, სულ მცირე, 30-60 წუთით ადრე შეზღუდეთ ეკრანებთან კონტაქტი. ეკრანიდან მომავალი ლურჯი ნათება თრგუნავს მელატონინის ― ხარისხიანი ძილისთვის აუცილებელი ჰორმონის ― გამომუშავებას.
* ძილის წინ კოფეინის, ალკოჰოლისა და ტკბილეულის, ასევე მძიმე საკვებისა და ბევრი სითხის მიღებამ მიღებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ძილს.
* შეიმუშავეთ თხუთმეტწუთიანი დამამშვიდებელი რიტუალი: თბილი აბაზანა, მსუბუქი კითხვა, მედიტაცია, მსუბუქი იოგა, სუნთქვითი ვარჯიში ან კანის მოვლის რუტინა. ასეთი რიტუალი ორგანიზმს აძლევს სიგნალს, რომ აქტიური ფაზა დასრულდა და დასვენების დროა.
სწორი მოვლა კანის ეფექტური რეგენერაციისთვის
საღამოს რუტინა უნდა იყოს არა მხოლოდ ჰიგიენური პროცედურა, არამედ სტრატეგიული მომზადება ინტენსიური რეგენერაციისთვის.
ორეტაპიანი წმენდა: უპირველეს ყოვლისა კანი უნდა გათავისუფლდეს დღის განმავლობაში დაგროვილი ჭუჭყისგან. პირველ ეტაპზე უმჯობესია ჰიდროფილური ზეთის ან ბალზამის გამოყენება. ის ისე შლის ცხიმში ხსნად ჭუჭყს, რომ არ აზიანებს ჰიდროლიპიდურ ბარიერს. შემდეგ კი გაიწმინდეთ სახე ნაზი, წყალზე დაფუძნებული გამწმენდი საშუალებით (გელით ან ქაფით). ის ასუფთავებს ფორებს და ამზადებს კანს აქტიური ნივთიერებების მისაღებად.
რეგენერაციის სტიმულატორები: ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა რეტინოიდები (A ვიტამინი), პეპტიდები, ნიაცინამიდი და პანთენოლი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის რეგენერაციის პროცესში ― აჩქარებს უჯრედების განახლებას, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზს, ხელს უწყობს დაზიანებული ბოჭკოების აღდგენას. ეს ნივთიერებები უკეთესად შეიწოვება შრატიდან.
კრემი: ვინაიდან ღამით წყლის ტრანსეპიდერმული კარგვა პიკს აღწევს, აუცილებელია, ღამის კრემი შეიცავდეს ტენის შემაკავებელ და დამცავი ბარიერის გამაძლიერებელ ინგრედიენტებს, მაგალითად, კერამიდებს, ლიპიდებს, გლიცერინს, შიის კარაქს ან ჰიალურონის მჟავას. კრემის წასმამდე შრატი კარგად შეიზილეთ კანში და ადროვეთ შეწოვა.
თვალის გარშემო კანი ყველაზე თხელია და პირველი რეაგირებს ძილის დეფიციტზე. გამოიყენეთ კრემები, რომლებიც შეიცავს კოფეინს (მიკროცირკულაციისთვის) და პეპტიდებს (ელასტიკურობისთვის).
საუკეთესო შედეგისთვის პროცედურა დაძინებამდე ერთი ან ორი საათით ადრე ჩაიტარეთ ― აქტიური ნივთიერებები უკეთ შეიწოვება კანში. გარდა ამისა, გვიან საღამოს კანის ტემპერატურა ოდნავ იმატებს, რაც ხელს უწყობს აქტიური ნივთიერებების ათვისებას.
ჯილდა გაჩეჩილაძე







