ვახტანგ ღამბაშიძე ― კურორტ ცემის დამაარსებელი, რომელიც ემიგრაციაში გარდაიცვალა

Поделитесь:

ვახტანგ ღამბაშიძის შესახებ ბევრი რამ უცნობი დარჩებოდა, რომ არა მისი ავტობიოგრაფიული ჩანაწერები. დიდი ექიმის მოგონებები ერთგვარი ქრონიკაა იმ მოვლენებისა, რომლებსაც ის ხან ექიმის პრაგმატული მზერით აკვირდებოდა, ხანაც ფოტოაპარატის ობიექტივით აფიქსირებდა. ემიგრაციაში გარდაცვლილს, სჯეროდა, რომ დადგებოდა დრო, როცა მისი არქივი თავის მკითხველს იპოვიდა. სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით მომზადდა ჩვენი სტატიაც. ფასდაუდებელი დახმარებისთვის მადლობას ვუხდით ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.

ვახტანგ ღამბაშიძე 1872 წლის 28 აპრილს დაიბადა ზესტაფონში, ცნობილი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და გამომცემლის, დეკანოზ დავით ღამბაშიძის ოჯახში. დედამისი, ოლღა ჩოფიკაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგის მამიდაშვილი იყო.

საინტერესოა, რომ სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ დავითს მედიცინის შესწავლა უნდოდა, მაგრამ ეპისკოპოს გაბრიელ ქიქოძის თხოვნით მღვდლად ეკურთხა.

დავით ღამბაშიძე 27 წლის განმავლობაში, საკუთარ გარდაცვალებამდე, გამოსცემდა ჟურნალ "მწყემსს", რომლის ფურცლებზეც, ქრისტიანობისა და სულიერი ცხოვრების საკითხებთან ერთად, დიდი ადგილი ეთმობოდა საქართველოს ისტორიას, ქართულ ლიტერატურას, განათლებას.

დავითსა და ოლღას ოთხი ვაჟი შეეძინათ: ქსენოფონტე, ვახტანგი, მიხეილი და დავითი. მიხეილი ბავშვობაში გარდაიცვალა. ქსენოფონტემ საეკლესიო მსახურება აირჩია, უმცროსი დავით ღამბაშიძე კი დიპლომატიას გაჰყვა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ელჩი გახდა დიდ ბრიტანეთში. მისი შთამომავლები დღესაც საზღვარგარეთ ცხოვრობენ.

რუსეთსა და საფრანგეთში

ვახტანგ ღამბაშიძის პირველი მასწავლებელი მამა იყო, რომელმაც შვილს ქართული და რუსული ანბანი, საღვთო რჯული და ანგარიში შეასწავლა. ქუთაისის პროგიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ ვახტანგი ქუთაისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში ჩაირიცხა. შეისწავლა ტექსტის აწყობა და ბეჭდვა და სწავლასთან ერთად მამას საგამომცემლო საქმეშიც ეხმარებოდა, მოგვიანებით კი თვითონვე დააარსა ეროვნული საყმაწვილო გაზეთი ― "განთიადი", რისთვისაც, ბრწყინვალე აკადემიური მოსწრების მიუხედავად, გიმნაზიიდან დაითხოვეს.

საბოლოოდ ვახტანგმა თბილისის მეორე გიმნაზია დაასრულა და უმაღლესი განათლების მისაღებად მოსკოვში გაემგზავრა.

იმპერიის დედაქალაქში ვახტანგ ღამბაშიძე "ინტერნაციონალური წრის“ წევრი გახდა. ეს ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებისგან, რომელთა მიზანი იყო, ერთმანეთისთვის გაეცნოთ საკუთარი ქვეყნის ისტორია და ლიტერატურა. ქართველ მეგობრებს ვახტანგი მშობლიურ ენაზე კითხვისკენ მოუწოდებდა და წიგნებითაც თავად ამარაგებდა. 1890-იან წლებში ვახტან ღამბაშიძე პეტერბურგში არჩილ ჯორჯაძეს (ქართველი პოლიტიკოსი, სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი) შეხვედრია, რომელსაც ხუმრობით უთქვამს მისთვის: თქვენზე ამბობენ, რუსებსაც კი ქართულად ელაპარაკებაო.

ვახტანგ ღამბაშიძემ ჯერ კიდევ სტუდენტობამდე დაიწყო მუშაობა ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგიის ლექსიკონზე, რისთვისაც ძველ ხელნაწერებსა და ნაბეჭდ წიგნებს იკვლევდა. უკვე რუსეთში, გულდასმით შეისწავლა პეტერბურგის წიგნსაცავებში აღმოჩენილი ქართული წყაროებიც. 1892 წელს მან "მწყემსში" საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა და ქართველებს ამ საშვილიშვილო საქმეში მონაწილეობისკენ მოუწოდა. უცნობია, რა ბედი ეწია შემდგომ ამ მასალებს.

მოსკოვის საიმპერატორო სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ვახტანგი, მამის რჩევით, პარიზში გაემგზავრა ცოდნის ასამაღლებლად. სორბონში მან გაიცნო ცნობილი მეცნიერები ― პროფესორები ალფონს ლავერანი (ფიზიოლოგი, მალარიის პლაზმოდიუმის აღმომჩენი) და ალფრედ ბინე (ფსიქოლოგი, გონებრივი განვითარების შეფასების ერთ-ერთი პირველი მეთოდის ავტორი), რომლებთანაც სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ გაუწყვეტია ურთიერთობა.

იქვე შეხვდა ქალს, რომელიც შემდეგ მისი მეუღლე გახდა: 19 წლის ამერიკელი გოგონა ვანდა ჰოპე ფრანგული ენის შესასწავლად ჩავიდა პარიზში, იქვე დარჩა და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მოგვიანებით ვანდა ივანე ჯავახიშვილის მიწვევით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურს ასწავლიდა.

შინ

საქართველოში დაბრუნებულ წყვილს ოთხი შვილი შეეძინა: მედეა, სუნანა (თამარი), ჟორჟეტა და გივი. ვანდამ ქართულის სწავლა დაიწყო. როგორც ვახტანგ ღამბაშიძის თანამედროვენი ამბობდნენ, "მან ისე შეიყვარა საქართველო და ქართული ენა, რომ ბევრი ქართველი ქალისთვისაც კი სამაგალითო იყო". არ ყოფილა იმდროინდელ საქართველოში სასიკეთო წამოწყება, რომელშიც ვახტანგსა და მის მეუღლეს მონაწილეობა არ მიეღოთ.

ვახტანგი რამდენიმე ხანს ზესტაფონის მაზრაში მუშაობდა, სადაც მის გამოჩენას მადლიერი ხალხი "ზეციურ მანანას" ადარებდა. "ივერიის" 1898 წლის ნომერში ვკითხულობთ: "ახალგაზრდა ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე დაუზარელი და მუყაითია, მას ვერც ავდარი აშინებს და ვერც სოფლის უსწორმასწორო გზები. ხელმოკლე ავადმყოფებს იგი უსასყიდლოდ მკურნალობს. ამბობენ, ზესტაფონში, საკუთარ სახლში, საავადმყოფოს გახსნასაც აპირებსო ― ეს მართლაც საშვილიშვილო საქმე იქნება".

მოგვიანებით ვახტანგმა სამედიცინო პრაქტიკა თბილისში განაგრძო. იმდროინდელ გაზეთებში ხშირად შეხვდებოდით განცხადებას: "ექიმი ვ. დ. ღამბაშიძე შინაგან და ბავშვთა სნეულებათა პაციენტებს იღებს ვარდისუბნის №9-ში".

ვახტანგ ღამბაშიძე აკაკი წერეთლის პირადი ექიმი იყო. სხვიტორში, დიდი მგოსნის მუზეუმში, დაცულია მისი ხელით გამოწერილი რეცეპტები. პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად, სამედიცინო-საგანმანათლებლო მოღვაწეობასაც ეწეოდა. 1900-1903 წლებში პრესაში რეგულარულად იბეჭდებოდა მისი წერილების ციკლი "რა ასუსტებს სხეულს" და "ბუნება და ცხოვრება", საუბრობდა ნაადრევი ქორწინების მძიმე შედეგებზე და ჩვილთა კვებაზე. უნდოდა, დაენერგა საქართველოში ჰიგიენური კვების ევროპული სტანდარტი და "რძის წვეთის" მსგავსი ორგანიზაცია დაეარსებინა.

"რძის წვეთი" 1894 წელს ნორმანდიაში დაფუძნდა. მისი მიზანი ხარისხიანი სტერილიზებული რძით ახალშობილთა მომარაგება და ამგვარად მათი სიკვდილიანობის პრევენცია იყო. ინიციატივა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ პირველ მსოფლიო ომამდე საფრანგეთში "რძის წვეთის" უკვე 200-მდე ფილიალი არსებობდა.

სამწუხაროდ, ვახტანგ ღამბაშიძის ეს ჩანაფიქრიც განუხორციელებელი დარჩა.

თავის სტატიებში ვახტანგ ღამბაშიძე დაავადებებს მიზეზების მიხედვით აჯგუფებდა ― ცალკე განიხილავდა გარემო პირობებითა (ჰავა, კლიმატი) და სეზონური ცვლილებებით გამოწვეულ სნეულებებს და ცალკე ― დაუდევრობით გამოწვეულ შემთხვევებს. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ფიზიკურ ვარჯიშს, სუფთა ჰაერსა და სხეულის გაკაჟებას ― "იმუნიტეტის გამოწრთობას".

მისი საგანმანათლებლო საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდში, როდესაც ტუბერკულოზი მძვინვარებდა. ვახტანგ ღამბაშიძე მკითხველს უხსნიდა, რომ ამ სენის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო სწორი კვებითა და ჰიგიენით. მაშინ, როდესაც მედიცინამ ჯერ კიდევ არ იცოდა ჭლექის მკურნალობა, დაავადების პრევენცია გადარჩენის საუკეთესო გზა იყო.

პატარა ცემი

1904 წლიდან კავკასიის საიმპერატორო სამედიცინო საზოგადოებამ ტუბერკულოზთან ბრძოლა გაააქტიურა. პრიორიტეტად სანატორიუმების, ამბულატორიებისა და სპეციალური განყოფილებების მოწყობა დასახელდა. საჭირო სახსრების მოსაზიდად ყოველწლიურად იმართებოდა საქველმოქმედო ღონისძიებები: თეთრი ყვავილის დღე (ე.წ. გვირილობა), მოგვიანებით კი — ტუბერკულოზის სამდღიური. ვახტანგ ღამბაშიძის არქივში მრავლად არის მის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებიც ამ დღეების ქრონიკას ასახავს.

როგორც ირკვევა, ქართველი ექიმი კარგად იცნობდა ციურიხელი მღვდლის ვალტერ ბიონის იდეებს, რომელთა საფუძველზეც მთელ ევროპაში იქმნებოდა საზაფხულო გამაჯანსაღებელი ბანაკები ხელმოკლე ოჯახების ბავშვებისთვის და თავადაც ოცნებობდა საქართველოში ამ ტიპის სამკურნალო დაწესებულების დაარსებაზე. ამისთვის ვახტანგი ღამბაშიძე 1898 წლიდან ეძებდა შესაფერის ადგილს და ბოლოს ბორჯომის ხეობას მიაგნო. 1904 წელს მან დააარსა მოზარდთა სანატორიუმი "პატარა ცემი", რომელიც ერთგვარ სამეცნიერო ცენტრსაც წარმოადგენდა: ალფრედ ბინეს, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, აინტერესებდა, როგორ მოქმედებდა მთის ჰავა და მზე სისხლის შემადგენლობასა და სასუნთქ სისტემაზე. ბინე კვლევებს ლაბორატორიაში ატარებდა, ამიტომ ვახტანგის მიერ ბუნებრივ პირობებში წარმოებული დაკვირვებები მისთვის ფასდაუდებელი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენდა.

ვახტანგ ღამბაშიძე პირველი ქართველი ექიმი–მკვლევარი იყო, რომელმაც სანატორიუმი სამეცნიერო მიზნებისთვის გამოიყენა. მკურნალობის მისეული მეთოდები კურორტოლოგიის საერთაშორისო სტანდარტებს ეფუძნებოდა. მსოფლიო დონის მეცნიერები ქართველ ექიმს თანამშრომლობას და კვლევის შედეგების გამოქვეყნებას სთავაზობდნენ. სამწუხაროდ, უცნობია, როგორ გაგრძელდა უცხოელ კოლეგებთან მისი ურთიერთობა.

სანატორიუმში სამკურნალო ვარჯიშები სტოკჰოლმის ტანვარჯიშის სამეფო ცენტრალურ ინსტიტუტში აღიარებული მეთოდით (პერ ჰენრიკ ლინგის სისტემით) ტარდებოდა, გასართობი აქტივობები კი ევროპის ტანვარჯიშის საზოგადოებათა რეკომენდაციებს ეფუძნებოდა და საგანგებოდ გამოწერილი მოძრავი სათამაშოების გამოყენებით მიმდინარეობდა. დაწესებულების მაღალ სამედიცინო დონეზე მეტყველებს ისიც, რომ მას საკუთარი სამეცნიერო ლაბორატორია და მეტეოროლოგიური სადგურიც კი ჰქონია.

სანატორიუმს წლიდან წლამდე ემატებოდა დამსვენებელი. წლის განმავლობაში იქ საშუალოდ 150 მოზარდი იკაჟებდა სხეულს. ვახტანგ ღამბაშიძე იხსენებდა, რომ ერთ წელიწადს, ადგილების სიმცირის გამო, სამასი ბავშვისთვის მოუხდათ უარის თქმა. სულ კი პატარა ცემში 1500-მდე მოზარდმა იმკურნალა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სანატორიუმის მუშაობა შეჩერდა, 1915 წელს კი ვახტანგ ღამბაშიძე ფრონტზე გაიწვიეს. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სანატორიუმი დაარბიეს. უნიკალური დოკუმენტები გაანადგურეს. რომ არა რევოლუციამდელი წლების ქართული პრესა და თავად ვახტანგ ღამბაშიძის მოგონებები, ალბათ ამ დაწესებულების სახელიც კი დავიწყებას მიეცემოდა.

ემიგრაცია

1918-1921 წლებში ვახტანგ ღამბაშიძე საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობდა. როგორც ექიმი და თარჯიმანი, მონაწილეობდა ოსმალეთის იმპერიასთან გამართულ საზავო მოლაპარაკებებში, შემდეგ კი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაშიც.

პარალელურად უძღვებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრას. უნივერსიტეტში, უცხო ენების კათედრაზე, მუშაობდა მისი მეუღლეც. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტის პირველი ბილეთი მათ ქალიშვილს ერგო, თუმცა სწავლის დასრულება მედეამ ვეღარ შეძლო.

1921 წელს ღამბაშიძეების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. იმ პერიოდში ვახტანგი საქართველოს საკურორტო ზონებს განაგებდა და მთავრობისგან ევროპაში სამედიცინო აღჭურვილობის შეძენის ნებართვაც ჰქონდა. მრავალი სხვა ემიგრანტის მსგავსად, ღამბაშიძეებსაც სჯეროდათ, რომ სამშობლოს დროებით ტოვებდნენ...

თავდაპირველად ოჯახი კონსტანტინოპოლში დაბინავდა, სადაც ვახტანგი მეუღლესთან ერთად წითელ ჯვარში მუშაობდა და ქართველ ლტოლვილებს თავშესაფრის მოძიებაში ეხმარებოდა. 1924 წელს ღამბაშიძეები საფრანგეთში გაემგზავრნენ. მეგობრების დახმარებით ვახტანგმა პარიზში საკუთარი კლინიკა გახსნა, სადაც უსასყიდლოდ მკურნალობდა ქართველ ემიგრანტებს. სამკურნალო მალევე დაიხურა, მაგრამ ვახტანგ ღამბაშიძე კიდევ მრავალი წელი აგრძელებდა ქართველების დახმარებას.

სწორედ ვახტანგ ღამბაშიძემ აღბეჭდა ფირზე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხედარი 1930 წლის 29 ივნისს, გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. მანვე ითავა ეროვნული გმირის დაკრძალვის ორგანიზება და პროცესიის კადრებიც თავად გადაიღო.

ვახტანგ ღამბაშიძე სამჯერ იქნა არჩეული პარიზის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარედ. 1925 წლიდან ის სათავეში ედგა საქართველოს პოლიტიკურ წითელ ჯვარს ― პოლიტიკურ პატიმართა დახმარების არალეგალურ ქსელს, ხოლო მეორე მსოფლიო ომის დროს მისი ინიციატივით შეიქმნა საკონსპირაციო ჯგუფი ― გაერთიანება, რომელიც ქართველ ტყვეებსა და ემიგრანტებზე ზრუნავდა და მოგვიანებით ქართულ ეროვნულ კომიტეტად გარდაიქმნა.

ვახტანგ ღამბაშიძის ინიციატივით დამკვიდრდა ქართველ ემიგრანტებს შორის 26 მაისის როგორც დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნა. მანვე დააარსა ქართული ბიბლიოთეკა და დაეხმარა სიძეს, შოთა ნიკოლაძეს, ქართული სასწავლებლის გახსნაში, სადაც ემიგრანტთა შვილები მშობლიურ ენას, ისტორიას, ქართულ ცეკვასა და სიმღერას ეუფლებოდნენ.

ვახტანგ ღამბაშიძე 1951 წელს გარდაიცვალა შოტლანდიაში, კინლოხმოიდარტში, თავისი ქალიშვილის ჟორჟეტასა და მისი მეუღლის ნილ სტიუარტის მამულში. დაკრძალულია იქვე.

მარი მარღანია

Поделитесь: