ფინიკი ― უდაბნოს ოქროსფერი ნაყოფი
Поделитесь:
ფინიკი, ენერგიის კონცენტრირებული წყარო, ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების, ბოჭკოსა და ანტიოქსიდანტების უნიკალურ კომპლექსს შეიცავს. რეგულარული მიღების შემთხვევაში ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მეტაბოლურ პროცესებზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის სტაბილურობასა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ ფუნქციობაზე.
საიდან მოდის
ფინიკის სამშობლოდ შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი აფრიკა მიიჩნევა, კერძოდ, დღევანდელი ირანის, ერაყისა და საუდის არაბეთის ტერიტორია. არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ მესოპოტამიაში მის კულტივაციას ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში ეწეოდნენ.
ფინიკის პალმას (Phoenix dactylifera), შემთხვევით არ უწოდებენ სიცოცხლის ხეს: იმ რეგიონებში, სადაც ექსტრემალური კლიმატური პირობების გამო სხვა მცენარეები პრაქტიკულად ვერ ხარობდა, ფინიკი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ენერგიის მთავარ, ხშირად კი ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა. დღეს მისი ყველაზე დიდი მწარმოებლები არიან ეგვიპტე, ალჟირი, საუდის არაბეთი, ირანი, ერაყი.
ფინიკის ასეულობით სახეობა არსებობს, მაგრამ გლობალურ ბაზარზე რამდენიმე ძირითადი ტიპი დომინირებს. ისინი ერთმანეთისგან ტექსტურით, სიტკბოს ინტენსივობითა და კვებითი ღირებულებით განსხვავდებიან.
მეჯოლი (Medjool) ― "ფინიკების მეფე"
მედჯოლი ყველაზე პოპულარული სახეობაა. ის დიდი ზომით, ნაზი, თითქმის კრემოვანი ტექსტურით და ინტენსიური, კარამელისებრი არომატით გამოირჩევა. საუკეთესო დესერტია. ტრადიციისამებრ, მისგან ბუნებრივ ტკბილეულს ამზადებენ.
დეგლეტ ნური (Deglet Noor) ― "სინათლის თითი"
ის შედარებით მშრალი, მკვრივი და ოდნავ გამჭვირვალეა. აქვს ნაზი, თხილისებრი გემო და ზომიერი სიტკბო. კარგია ნამცხვრებისა და სალათების შესაკაზმავად, რადგან დაჭრისას ფორმას ინარჩუნებს.
სუკარი (Sukkari) ― "ტკბილი"
ეს არის ოქროსფერი, ძალიან ტკბილი და ოდნავ ხრაშუნა ფინიკი. ძალიან კარგია ენერგიის სწრაფად აღსადგენად. სიტკბოს დასაბალანსებლად ხშირად მიირთმევენ არაბულ ყავასთან ერთად.
დაირი (Dayri) ― "მონასტრის ფინიკი"
აქვს ნახევრად მშრალი, მოშავო ნაყოფი და მკვრივი სტრუქტურა. მისი გემო მდიდარია კარამელის ნოტებით. იდეალურია მათთვის, ვისაც ნაკლებად კრემისებრი, უფრო სტრუქტურული ნაყოფი მოსწონს.
კვებითი ღირებულება
ფინიკი ხილის იმ მცირერიცხოვან სახეობათაგანია, რომლებიც ხეზევე ხმება. მზეზე დატოვებული ნაყოფი ტენს კარგავს და მასში არსებული ნივთიერებები კონცენტრირდება. გახმობა ფინიკის მინერალურ შემადგენლობას არ აღარიბებს, პირიქით, 100 გრამ ხმელ ნაყოფში უფრო მეტი კალიუმია, ვიდრე იმავე რაოდენობის ნედლში. აი, ნედლ ფინიკში არსებული C ვიტამინი კი ხმობისას იკარგება.
მიუხედავად მაღალი შაქრიანობისა, ფინიკის გლიკემიური ინდექსი დაბალი ან საშუალოა: GI ≈ 42-55, ― რაც ბოჭკოს უხვი შემცველობის დამსახურებაა.
გაგაცნობთ ფინიკის (ძირითადად Medjool da Deglet Noor ჯიშების) კვებით, ვიტამინოვან და მინერალურ შემადგენლობას 100 გრამზე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სტანდარტების მიხედვით:
კვებითი ღირებულება
* ნახშირწყლები≈75 გ
* ბოჭკო≈6.7-8 გ
* ცილა≈1.8-2.4 გ
* ცხიმი≈0.2-0.4 გ
* კალორიულობა≈270-282 კკალ
ვიტამინოვანი შემადგენლობა
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) ― 0.2 მგ (≈12%)
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) ― 0.8 მგ (≈8%)
ვიტამინი B3 (ნიაცინი) ― 1.6 მგ (≈8%)
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ― 0.1 მგ (≈6% )
ვიტამინი B1 (თიამინი) ― 0.05 მგ (≈4-5%)
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) ― 15-19 მკგ (≈4-5%)
ვიტამინი K ― 2.7 მკგ (≈3-5%)
მინერალოვანი შემადგენლობა
კალიუმი (K) ― 696 მგ (≈20%)
მაგნიუმი (M) ― 54 მგ (≈14%)
სპილენძი (Cu) ― 0.4 მგ (≈18% )
მანგანუმი (Mn) ― 0.3 მგ (≈15%)
რკინა (Fe) ― 0.9 მგ (≈5%)
კალციუმი (Ca) ― 64 მგ (≈6-7%)
ფოსფორი (P) ― 62 მგ (≈9-10%)
შესაძლოა მცირე ვარიაციები ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით.
(ფრჩხილებში მოცემულია ზრდასრული ადამიანისთვის რეკომენდებული დღიური ნორმის საშუალო მაჩვენებელი).
ანტიოქსიდაციური პოტენციალი
ფინიკის ანტიოქსიდაციური პოტენციალი განპირობებულია მასში არსებული მეორეული მცენარეული ნაერთებით, უმთავრესად ― პოლიფენოლებით (ფენოლური მჟავები, ფლავონოიდები), კაროტინოიდებითა და ტანინებით. ეს ბიოაქტიური კომპონენტები ოქსიდაციური სტრესის შემცირებაში მონაწილეობენ. ოქსიდაციური სტრესი არის პროცესი, რომლის დროსაც თავისუფალი რადიკალები აზიანებენ ჯანსაღ უჯრედებს, რაც მრავალი დაავადების განვითარების საფუძვლად მიიჩნევა. ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და, ამგვარად, ხელს უწყობენ უჯრედების დაზიანების პრევენციას.
კვლევების საფუძველზე მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მეორეული მცენარეული ნაერთები ღვიძლს ტოქსინების უკეთ გადამუშავებაშიც ეხმარებიან.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხარდაჭერა
ფინიკი მცენარეული ბოჭკოს ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა: 100 გრამი დღიური მოთხოვნილების თითქმის 30%-ს ფარავს. ბოჭკო გადამწყვეტ როლს ასრულებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ მუშაობაში: ხელს უწყობს პერისტალტიკას და ამცირებს შეკრულობის განვითარების რისკს. ბოჭკოს ნაწილი მოქმედებს როგორც პრებიოტიკი ― კვებავს ნაწლავის ბინადარ სასარგებლო ბაქტერიებს, რომლებსაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ როგორც საჭმლის მონელებაში, ისე იმუნური სისტემის რეგულაციაში. პოლიფენოლები და ანტიოქსიდანტები დამატებით იცავენ ნაწლავის ლორწოვან გარსს ოქსიდაციური დაზიანებისგან, რაც ამცირებს კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების რისკს.
გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა
მინერალებისა და ბიოაქტიური ნაერთების შემცველობის წყალობით ფინიკი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. კალიუმი და მაგნიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს არტერიული წნევის რეგულირებაში, სისხლძარღვთა ტონუსისა და გულის სტაბილური რიტმის შენარჩუნებაში. კალიუმით მდიდარი რაციონი ამცირებს არტერიული ჰიპერტენზიის რისკს, შესაბამისად, გავლენას ახდენს ინსულტის პრევენციაზეც.
პოლიფენოლები და სხვა ანტიოქსიდანტები, როგორც უკვე ვთქვით, ებრძვიან ოქსიდაციურ სტრესს, რაც სისხლძარღვთა დაზიანებისა და ათეროსკლეროზის განვითარების ერთ-ერთი მექანიზმია.
ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ ფინიკის რეგულარული მიღება დადებით გავლენას ახდენს ლიპიდურ პროფილზე, კერძოდ, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) დონეზე.
ფინიკში არსებული ბოჭკო ბოჭავს ქოლესტეროლის მოლეკულებს მომნელებელ ტრაქტში და ხელს უშლის სისხლში მათ გადასვლას, რაც ათეროსკლეროზის პრევენციის წინაპირობაა.
ნერვული სისტემის მხარდაჭერა
B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობაში, ტვინის ენერგიით მომარაგებასა და ნერვული იმპულსების შეუფერხებელ გადაცემაში. B6 მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის ― სეროტონინისა და დოფამინის სინთეზში, ეს ნივთიერებები კი გავლენას ახდენს განწყობაზე, კოგნიტიურ პროცესებსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
ვარაუდობენ, რომ ანტიოქსიდანტური ნაერთები ამცირებს თავის ტვინში ანთებითი მარკერების დონეს, რაც ხანგრძლივ პერსპექტივაში ნეიროდეგენერაციული პროცესების პრევენციის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ძვლების სიმტკიცე
კალციუმის, ფოსფორის, მაგნიუმისა და მანგანუმის კომბინაცია იდეალურია ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შესანარჩუნებლად.
ენერგიის მყისიერი წყარო
ფინიკი მდიდარია გლუკოზითა და ფრუქტოზით, რომელთა სწრაფი აბსორბცია უზრუნველყოფს სხეულის ენერგიით სწრაფ მომარაგებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკური დატვირთვის, ხანგრძლივი შიმშილის ან ენერგიის დეფიციტის დროს. იმავდროულად, ბოჭკო ანელებს ნახშირწყლების შეწოვას და, რაფინირებული შაქრისგან განსხვავებით, ენერგიის ნელ და სტაბილურ გამოთავისუფლებას განაპირობებს.
აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ფინიკი მაინც მაღალი შაქრიანობის მქონე პროდუქტია და რეკომენდებულია მისი მოხმარება ზომიერად, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მეტაბოლური დარღვევები აქვს.
ძილის გაუმჯობესება
ტრადიციულ მედიცინაში ფინიკს ხშირად იყენებდნენ უძილობის საწინააღმდეგო ბუნებრივ საშუალებად. ხალხური გადმოცემით, დაწოლამდე მცირე ხნით ადრე რამდენიმე ნაყოფის შეჭმა ხელს უწყობს ჩაძინებას.
ძილზე ფინიკის გავლენა ნაწილობრივ აიხსნება მის შემადგენლობაში არსებული ტრიპტოფანით. ის მონაწილეობს ძილის ჰორმონის, მელატონინის, სინთეზში, რომელიც პასუხისმგებელია ცირკადული რიტმის რეგულირებასა და ძილის ხარისხის შენარჩუნებაზე. ნუტრიციოლოგები ვარაუდობენ, რომ რაციონში მაგნიუმითა და ტრიპტოფანით მდიდარი ნაყოფის ჩართვა ძილის საერთო ჰიგიენასთან ერთად ძილის მსუბუქი დარღვევების პრევენციას უზრუნველყოფს.
განწყობის ამაღლება
ხალხურ მედიცინაში ფინიკს მიაწერენ განწყობის გამოკეთების უნარს, რაც ნაწილობრივ მისი ბიოქიმიური შემადგენლობით აიხსნება. ამინმჟავა ტრიპტოფანს ადამიანის ორგანიზმი ნეიროტრანსმიტერ სეროტონინის (ე.წ. ბედნიერების ჰორმონის) სინთეზისთვისაც იყენებს. მის ეფექტს აძლიერებს ვიტამინი B6, რომელიც აუცილებელი კოფაქტორია სეროტონინის წარმოების პროცესში და ფინიკშიც მოიპოვება. სეროტონინი დიდ როლს ასრულებს ემოციური ფონის სტაბილიზებასა და განწყობის რეგულირებაში.
მშობიარობის პროცესის შემსუბუქება
ჟურნალ Journal of Obstetrics and Gynaecology-Si გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ქალებს, რომლებიც მშობიარობამდე 4 კვირის განმავლობაში დღეში 6 ცალ ფინიკს მიირთმევდნენ, მშობიარობა ბუნებრივად, სტიმულაციის გარეშე ეწყებოდათ.
გასათვალისწინებელია, რომ ფინიკის სასარგებლო თვისებებზე უმთავრესად ლაბორატორიული ან ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგებით მსჯელობენ. მონაცემების სანდოობისთვის და საბოლოო დასკვნების გამოსატანად საჭიროა უფრო ღრმა და ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევები ადამიანებზე.
რამდენი
ვინაიდან ფინიკი მდიდარია შაქრებით, მისი რაოდენობის კონტროლი მნიშვნელოვანია. დღიური ნორმა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ფიზიკურ აქტიურობასა და კვების მიზნებზეა დამოკიდებული.
ჯანმრთელი, ზომიერად აქტიური ზრდასრული ადამიანისთვის ოპტიმალურია დღეში 3-5 ცალი ფინიკი. სპორტული დატვირთვის დროს ნორმა შესაძლოა 5-8 ცალამდე გაიზარდოს, რადგან ენერგიაზე მოთხოვნა ამ დროს უფრო დიდია. თუ წონის დაკლება გსურთ, დღეში 1-2 ცალს არ უნდა გადააჭარბოთ.
უმჯობესია, ფინიკის დღის პირველ ნახევარში ან ვარჯიშამდე 30-60 წუთით ადრე მიირთვათ. კარგია მისი კომბინირება ცილოვან პროდუქტებთან (მაგალითად, თხილეულთან), რადგან ასეთი საკვები შაქრის შეწოვას ანელებს.
ყიდვა
ხარისხიანი ნაყოფის შერჩევაში შემდეგი კრიტერიუმები დაგეხმარებათ:
* კანი უნდა იყოს მთლიანი, ელასტიკური და ოდნავ დანაოჭებული (ჯიშის მიხედვით), მაგრამ არა დახეთქილი. ნუ შეიძენთ კანგაცლილ ნაყოფს.
* ფინიკი მუქი ყავისფერი ან ქარვისფერია (ჯიშის მიხედვით). ზედმეტად ბაცი ან არათანაბარი შეფერილობა შესაძლოა შენახვის არასათანადო პირობებში შენახვის ან ტექნოლოგიური დამუშავების შედეგი იყოს.
* ფინიკს ბუნებრივად ოდნავ პრიალა ან წებოვანი ზედაპირი აქვს. ზედმეტი სიპრიალე და ძლიერი წებოვნება ხშირად იმაზე მიუთითებს, რომ ვიზუალური ეფექტისთვის და მასის მოსამატებლად ნაყოფი შაქრის სიროფით არის დამუშავებული.
* ნაყოფის ზედაპირზე არსებული თეთრი ფენა ყოველთვის ობი არ არის ― ასეთი ნაფიფქი ხშირად შაქრის ბუნებრივი კრისტალიზაციის შედეგია. ასეთი ფინიკი, წესისამებრ, უფრო მშრალი და ნაკლებად არომატულია. უხვი ნადები ზოგჯერ ხანგრძლივ ან არასწორ შენახვაზეც მიუთითებს.
* წებოვანი სტრუქტურის გამო ფინიკი ადვილად იკრავს მტვერსა და მიკროორგანიზმებს, ამიტომ გვირჩევენ, დაფასოებულ პროდუქტს მივანიჭოთ უპირატესობა.
* ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტი. ხარისხიანი ფინიკის შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს შაქარი ან კონსერვანტები. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გოგირდის დიოქსიდს (E220), რომელსაც მწარმოებლები ფერისა და შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად იყენებენ. მგრძნობიარე ადამიანებში მან შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, გულისრევა, დიარეა და ალერგიული რეაქციები.
შენახვა
სიმშრალეში, ოთახის ტემპერატურაზე, თავდახურულ ჭურჭელში, ფინიკი დაახლოებით 1-2 თვეს ძლებს. მთავარია, მზის პირდაპირ სხივებსა და სითბოს წყაროს მოარიდოთ. შეიძლება მაცივარში შენახვაც. ჰერმეტულად დახურულ მინის კონტეინერში ფინიკი ტენსა და გემოს 6-დან 12 თვემდე ინარჩუნებს.
ჭამის წინ უმჯობესია გარეცხოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეფუთვის გარეშეა შეძენილი.
ხრიკი: თუ ფინიკი მეტისმეტად გამოშრა და გამაგრდა, ნუ გადაყრით ― 10-15 წუთით ჩაყარეთ თბილ წყალში და ქორფა ნაყოფივით დარბილდება.
ჯილდა გაჩეჩილაძე







