გავატაროთ გაზაფხული ბუნებაში

Поделитесь:

ნეირომეცნიერები აცხადებენ, რომ ციფრულ ტექნოლოგიებთან მუდმივი ურთიერთობის შედეგად აქტიურად იცვლება ადამიანის ტვინი. ამ ცვლილებების საპასუხოდ ეკოთერაპევტები, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები, რომლებიც ბუნების სამკურნალო ძალას უსვამენ ხაზს, მოგვიწოდებენ, დავუბრუნდეთ ბუნებრივ გარემოს, რათა ტექნოლოგიურად გადატვირთულ ცხოვრებაში ბალანსი აღვიდგინოთ.

გაზაფხული განახლების დროა. ყველაფერი ფეთქავს, იფურჩქნება, ჩნდება ახალი ხმები, სურნელები, ფერები. დღე თანდათან გრძელდება და საღამოები უფრო და უფრო ნათელი ხდება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მეტი დრო გავატაროთ გარეთ. ეს საუკეთესო პერიოდია, რათა ხელახლა აღმოვაჩინოთ ბუნებასთან ჩვენი კავშირი და გავიხსენოთ, რომ უფრო ფართო ეკოსისტემის ნაწილი ვართ.

ბუნება და სტრესი

კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებასთან კავშირი სასარგებლოა როგორც ფიზიკური, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ბუნების წიაღში დროის გატარება ამცირებს სტრესს, არეგულირებს არტერიულ წნევას, არ გვაძლევს საშუალებას, ნეგატიურ ფიქრებში ჩავიძიროთ, აცხრობს შფოთვას, ამაღლებს განწყობას, აჩენს ბედნიერების შეგრძნებას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბუნებაში ყოფნა ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილებს, რომლებიც ემპათიასთან, სხვისი ემოციების გაგებისა და განცდის უნართან არის დაკავშირებული. ეს ნიშნავს, რომ ბუნებასთან ურთიერთობა მხოლოდ ინდივიდუალურ კეთილდღეობაზე კი არ ახდენს დადებით გავლენას, არამედ სოციუმის წევრთა ურთიერთდამოკიდებულებაზეც. ის გვეხმარება, უფრო მჭიდრო კავშირი დავამყაროთ საზოგადოებასთან, რაც დღეს ასე გვაკლია.

ურბანიზაცია, ციფრული გადატვირთვა და მისი გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70% ქალაქებში იცხოვრებს. დღეს საშუალოსტატისტიკური ადამიანი დროის 90%-ზე მეტს შენობაში ატარებს. ამ დროის დიდი ნაწილი ციფრული მედიის მოხმარებას ეთმობა.

ბავშვებსა და მოზარდებთან ეს ტენდენცია კიდევ უფრო აშკარაა. ისინი ყოველდღიურად საათებს ატარებენ ეკრანთან, მაშინ როდესაც ბუნებაში თავისუფალი თამაში რამდენიმე წუთით შემოიფარგლება.

როდესაც ციფრული სამყარო მთელ ჩვენს ყურადღებას იპყრობს, წყდება ბუნებასთან ჩვენი შინაგანი კავშირი, იკარგება განცდა, რომ რაღაც უფრო დიდს ვეკუთვნით.

რა ხდება ამ დროს? რა გავლენას ახდენს ეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე?

ნეირომეცნიერთა კვლევები მიუთითებს, რომ ციფრული გადატვირთვა ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციაზე მოქმედებს – შესაძლოა, დაპატარავდეს ტვინის ის ნაწილები, რომლებიც მეხსიერებასა და გადაწყვეტილებების მიღებაზეა პასუხისმგებელი, ხოლო ჯილდოს მოლოდინის სისტემა იმგვარად იცვლება, რომ დამოკიდებულებას ემსგავსება (ამის შესახებ ჟურნალის 242-ე ნომერში ვწერდით).

ამის საპირისპიროდ, ბუნების წიაღში ყოფნა ტვინს ამშვიდებს და ემოციური რეგულაციისა და კოგნიტიურ უნარებს ააქტიურებს.

რაც უფრო ადრე მივაჩვევთ ბავშვებს ბუნებაში დროის გატარებას, მით უფრო მტკიცე საფუძველს ჩავუყრით ბუნებასთან მათ კავშირს. საკმაოდ მტკიცეს საიმისოდ, რომ ზრდასრულ ასაკშიც მიმართონ თვითდამშვიდების ამ გზას ციფრული გადატვირთვის დროს თუ მაშინ, როდესაც ყოველდღიური სტრესი ზედმეტად ძლიერია.

მიზანმიმართული პრაქტიკები

ეკოთერაპევტები გვთავაზობენ “ბუნებით მკურნალობას” – მიზანმიმართულ პრაქტიკებს, რომლებიც ადამიანს ბუნებასთან კავშირს აღადგენინებს. ეს შეიძლება იყოს პარკში სეირნობა, ბუნებაზე დაკვირვება ან ტექნოლოგიებთან დროებითი განშორება.

ასეთი ქმედებები ბალანსის აღდგენაში გვეხმარება და გვასწავლის, როგორ შევანელოთ ტემპი და დავაფასოთ გარემო. გაზაფხული ამისთვის განსაკუთრებით კარგი დროა, რადგან ის თავისთავად ასოცირდება განახლებასა და სიცოცხლის უწყვეტობასთან.

უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის

ბუნებაში ყოფნა ამცირებს სტრესს და შფოთვას, რადგან ბუნებრივ გარემოში ადამიანის ორგანიზმი ნაკლებად გამოყოფს სტრესის ჰორმონ კორტიზოლს. სიმწვანე, ჩიტების ხმები და სუფთა ჰაერი ამშვიდებს ნერვულ სისტემას. კვლევები აჩვენებს, რომ ბუნებაში ხანმოკლე გასეირნებაც კი ფანტავს მძიმე ფიქრებს და აქარვებს დეპრესიულ განწყობას.

ბუნებაში ყოფნა ხშირად დაკავშირებულია მოძრაობასთან: სეირნობასთან, ლაშქრობასთან, ველოსიპედით ქროლასთან... მოძრაობა კი, თავისთავად, აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციობას, არეგულირებს არტერიულ წნევას და აძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, მზის სხივებთან კონტაქტის დროს ორგანიზმი D ვიტამინს გამოიმუშავებს. მზის სინათლეზე ყოფნა ორგანიზმს ბიოლოგიური საათის გამართვაში ეხმარება, რაც, სუფთა ჰაერთან ერთად, ღამით უფრო ღრმა და ხარისხიან ძილს უზრუნველყოფს.

მნიშვნელოვანია, რომ ბუნებაში ყოფნა აძლიერებს ბედნიერებისა და კმაყოფილების განცდას. სიმწვანე და ბუნებრივი პეიზაჟები დადებითად მოქმედებს ემოციებზე. ბუნებაში გასეირნების შემდეგ ბევრი თავს უფრო ენერგიულად და მოტივირებულად გრძნობს. ეს ეფექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვინც ბევრ დროს ატარებს დახურულ სივრცეში.

ბუნება ტვინს გადატვირთვაში ეხმარება. ქალაქის ხმაური და ტემპი გონებას ღლის, ბუნებრივი გარემო კი მას დასვენების საშუალებას აძლევს. შედეგად იმატებს კონცენტრაცია, უმჯობესდება პრობლემების გადაჭრის უნარი და კრეატიული აზროვნება. ამიტომ არის, რომ ბევრს საუკეთესო იდეები სწორედ ბუნებაში ყოფნისას უჩნდება.

ბუნებასთან კავშირი, როგორც ვთქვით, აძლიერებს ემპათიას. შესაძლოა იმიტომ, რომ ბუნება შეგვახსენებს ჩვენს კავშირს სხვა ადამიანებსა და ცოცხალ არსებებთან, საზოგადოდ, დაგვაფიქრებს ჩვენს როლზე სამყაროში.

პრაქტიკულად კი ბუნებაში გატარებული დრო ხშირად სოციალური აქტივობის ნაწილია და ურთიერთობების განმტკიცებას უწყობს ხელს. ცოტა ხნის წინ უქმე დღეებში ექსკურსიაზე სიარულის ჩვევა გამოვიმუშავე, რის შედეგადაც მხოლოდ ისტორიული ძეგლები კი არ დავათვალიერე და მათ შესახებ საინტერესო ამბები კი არ მოვისმინე, არამედ გავიცანი ჩემნაირი ინტერესების მქონე უამრავი ადამიანი და შედეგად ციფრული ურთიერთობა ნამდვილი, ცოცხალი ურთიერთობებით ჩავანაცვლე. არსებობს უამრავი ფინანსურად ხელმისაწვდომი ტური საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. ასე რომ, არჩევანი დიდია.

ამრიგად, ბუნებაში ყოფნა ფსიქიკური ჯანმრთელობის მოწესრიგების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი გზაა. რამდენიმე წუთმაც კი, თუ მათ ყოველდღე გავატარებთ გარეთ, შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ჩვენი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა.

პრაქტიკული რჩევები

გთავაზობთ პრაქტიკულ და ადვილად შესასრულებელ რჩევებს ბუნებაში მეტი დროის გასატარებლად:

  • გაისეირნეთ ახლომდებარე პარკში.
  • დაჯექით სკამზე და უბრალოდ დააკვირდით გარემოს.
  • თავდაპირველად დღეში 10-15 წუთიც საკმარისია.
  • გარეთ გაატარეთ ლანჩის შესვენება.
  • ისეირნეთ ტელეფონით საუბრისას.

კვირაში ერთხელ მაინც დაგეგმეთ ბუნებაში გასვლა. თავისთავად არაფერი გამოვა! შეარჩიეთ კონკრეტული ადგილი და დრო და ჩაწერეთ კალენდარში როგორც მნიშვნელოვანი შეხვედრა. მოაწყვეთ პიკნიკი, ლაშქრობა, ექსკურსია, ჰაიკინგი მეგობრებთან ერთად.

ბუნებაში ყოფნისას მიაქციეთ ყურადღება ფოთლების ფორმას, ჩიტების ხმას. ეცადეთ, შეიგრძნოთ ქარი.

შეგიძლიათ, ფოტოებიც გადაიღოთ, რათა ეს მომენტები მოგვიანებით გაიხსენოთ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

Поделитесь: