გვიანი ორსულობა
Поделитесь:
ბოლო ხანს 35 წელს გადაცილებული სულ უფრო მეტი ქალი იღებს გაცნობიერებულ გადაწყვეტილებას, პირველად გახდეს დედა. მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამ პერიოდს გვიან რეპროდუქციულ ასაკს უწოდებენ, თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს, წინასწარ განვსაზღვროთ და ეფექტურად ვმართოთ შესაძლო გართულებები.
ბიოლოგიური რესურსი
რეპროდუქციული ფუნქციის ცვლილება ასაკთან ერთად ბუნებრივი და კარგად შესწავლილი ბიოლოგიური პროცესია.
ქალის ორგანიზმს დაბადებისთანავე აქვს კვერცხუჯრედების განსაზღვრული მარაგი, რომელსაც ექიმები ოვარიულ რეზერვს უწოდებენ.
თუ დაბადებისას გოგონას სხეულში მილიონობით კვერცხუჯრედია, სქესობრივი მომწიფების ასაკისთვის მათი რაოდენობა დაახლოებით 300 000-დან 500 000-მდე მცირდება, მთელი რეპროდუქციული პერიოდის განმავლობაში კი მხოლოდ 300-400 კვერცხუჯრედი აღწევს სრულ სიმწიფეს. მართალია, 35 წლიდან საკვერცხეების რეზერვის კლება უფრო შესამჩნევი ხდება, მაგრამ თანამედროვე მედიცინა აქცენტს არა მხოლოდ რაოდენობაზე, არამედ ხარისხზეც სვამს.
რას ამბობს სტატისტიკა
ამერიკის რეპროდუქციული მედიცინის საზოგადოების თანახმად, 30 წლის ასაკში დაორსულების შანსი ყოველ ციკლზე 15-25%-ია, 40 წლიდან – კიდევ უფრო ნაკლები. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ეს რიცხვები მხოლოდ ზოგადი სტატისტიკაა; დღეს, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წყალობით, 35 წელს გადაცილებული ქალების უმრავლესობას შეუძლია, ეზიაროს დედობის სიხარულს. ასაკი დაორსულების ერთ-ერთი და არა ერთადერთი განმსაზღვრელი ფაქტორია.
რისკები და მათი მართვა
ასაკის მატებისას, რეპროდუქციული ფუნქციის ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის გათვალისწინებაც. ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის (ACOG) მონაცემებით, 40 წელს გადაცილებულ ორსულებს უფრო მაღალი აქვთ ზოგიერთი გართულების რისკი. ესენია:
* პრეეკლამფსია ― პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ორსულობის მეორე ნახევარში ვითარდება და რომლის მთავარი ნიშნებია არტერიული წნევის მატება და პროტეინურია (ცილა შარდში);
* ეკლამფსია ― პრეეკლამფსიის რთული ფორმა, როდესაც მაღალ არტერიულ წნევასა და პროტეინურიას ერთვის გულყრა. ეს მდგომარეობა გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.
მნიშვნელოვანია, პრეეკლამფსია არ აგვერიოს ქრონიკულ ჰიპერტენზიაში, როდესაც ქალი ორსულობამდეც უჩივის მაღალ არტერიულ წნევას. ასეთ ჰიპერტენზიას ორსულობასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ ყურადღებას და სათანადო მკურნალობას მოითხოვს, რადგან ორსულობით გამოწვეული ფიზიოლოგიური ცვლილებების ფონზე მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს.
რითია საყურადღებო
მაღალი არტერიული წნევა პირდაპირ მოქმედებს პლაცენტის სისხლის მიმოქცევაზე. თუ წნევის კორექცია დროულად არ მოხდა, შესაძლოა, განვითარდეს პლაცენტის უკმარისობა – მდგომარეობა, როცა ნაყოფს საჭიროზე ნაკლები საკვები ნივთიერება მიეწოდება – ან ჰიპოქსია ― ჟანგბადის ნაკლებობა, რომელიც ნაყოფის განვითარებას აფერხებს.
მართალია, ამ გართულებების რისკი გვიანი ორსულობისას შედარებით მაღალია, მაგრამ თანამედროვე ანტენატალური (ორსულობის პერიოდის) მეთვალყურეობა საშუალებას იძლევა, სიმპტომები ადრეულ ეტაპზე გამოვლინდეს და პროცესი სწორად იმართოს, რაც დედისა და ბავშვის უსაფრთხოების საწინდარია.
გესტაციური დიაბეტი
35 წელზე მეტი ასაკი გესტაციური დიაბეტის (იმავე ორსულთა დიაბეტის) განვითარების დამოუკიდებელი რისკფაქტორია. სტატისტიკურად, ამ ასაკობრივ ჯგუფში დაავადების ალბათობა 1.5-2-ჯერ მაღალია, ვიდრე ახალგაზრდა ორსულებთან.
რით განსხვავდება გესტაციური დიაბეტი მეორე ტიპის დიაბეტისგან?
მიუხედავად იმისა, რომ ორივე მდგომარეობის საფუძველი ინსულინრეზისტენტობაა (მდგომარეობა, როდესაც უჯრედები სათანადოდ ვერ იყენებენ ინსულინს), მათ სხვადასხვა მიზეზი აქვთ. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 უმთავრესად გენეტიკით, ჭარბი წონითა და ცხოვრების წესით არის განპირობებული. გესტაციური დიაბეტი ორსულობისთვის დამახასიათებელი ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგია: ზოგიერთი ქალის ორგანიზმში პლაცენტის ჰორმონები ინსულინის მოქმედებას ბლოკავს.
გესტაციური დიაბეტი ყურადღებას მოითხოვს, რადგან ის ასოცირდება:
* მაკროსომიასთან ― ნაყოფის ჭარბ წონასა და დიდ ზომასთან, რაც ართულებს მშობიარობის პროცესს;
* ნეონატალურ ჰიპოგლიკემიასთან ― ახალშობილის სისხლში შაქრის დონის დაქვეითებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ორსულთა დიაბეტი მშობიარობის შემდეგ ხშირად გაივლის, მისი არსებობა მომავალში დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების დიდ ალბათობაზე მიანიშნებს.
გახსოვდეთ, თუ ქალს ორსულობამდე უკვე აქვს დიაბეტი ტიპი 2, რისკები (მათ შორის ― თანდაყოლილი ანომალიებისა და პლაცენტის დისფუნქციისა) უფრო მაღალია, რაც ორსულობის წინასწარ დაგეგმვასა და სწორად მართვას მოითხოვს.
ნაყოფის განვითარება და ასაკობრივი ფაქტორი
მკვლევართა აზრით, გვიანი ორსულობის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სპონტანური (თვითნებური) აბორტის მაღალი რისკია. ის მჭიდროდ უკავშირდება კვერცხუჯრედების ხარისხის ბუნებრივ ცვლილებას, რაც ზოგჯერ ემბრიონის განვითარების შეფერხებას იწვევს. სტატისტიკურად, სპონტანური აბორტის ალბათობა ასაკის პროპორციულად იცვლება:
30 წლამდე ― საშუალოდ 10–15%;
35-დან 39 წლამდე ― დაახლოებით 20–25%;
40 წლიდან ― 35% და მეტი.
რა იწვევს რისკის მატებას?
* ქრომოსომული ანომალიები ― ასაკის მატებასთან ერთად იმატებს კვერცხუჯრედებში ანეუპლოიდიის (ქრომოსომების არასწორი რაოდენობის) ალბათობაც, რამაც შესაძლოა ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპზე ორსულობის შეწყვეტა გამოიწვიოს.
* საკვერცხეების რეზერვის შემცირება ― ოვარიული მარაგის შემცირებასთან ერთად იკლებს ჯანსაღი კვერცხუჯრედების რაოდენობაც, რაც გენეტიკური დარღვევების მქონე ემბრიონის ჩამოყალიბების ალბათობას ზრდის.
* ჰორმონული ფონი ― ორსულობისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჯანსაღი ემბრიონი, არამედ საშვილოსნოს მზაობაც მის მისაღებად. ასაკთან ერთად ჰორმონული ბალანსი ბუნებრივად იცვლება, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმპლანტაციაზე — საშვილოსნოს კედელზე ემბრიონის მიმაგრების პროცესზე. მაგალითად, პროგესტერონი ემბრიონის მისაღებად და გამოსაკვებად ამზადებს ენდომეტრიუმს ― საშვილოსნოს ლორწოვან გარსს. ამ ჰორმონის დონის ასაკობრივმა დაქვეითებამ შესაძლოა მიმღებლობის ფანჯარა შეამციროს. დღეს ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია ჰორმონული ფონის წინასწარ შემოწმებით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტური მკურნალობით, რაც მაქსიმალურად ხელსაყრელ პირობებს ქმნის ემბრიონის მიმაგრებისა და განვითარებისთვის.
პრენატალური სკრინინგი
35 წლიდან ორსულობის დაგეგმვა და მართვა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. იდეალურ შემთხვევაში, მომზადება დაორსულებამდე 1-3 თვით ადრე უნდა დაიწყოს, რათა მომავალი დედის ორგანიზმი ზედმიწევნით მომზადებული შეხვდეს ამ პროცესს და წინასწარ გამოირიცხოს ისეთი ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა გართულების მიზეზად იქცეს.
დაორსულების შემდეგ პრენატალური სკრინინგი ნაყოფის ჯანმრთელობის მონიტორინგის მთავარი პირობაა. ცნობილია, რომ ასაკთან ერთად იმატებს ისეთი ქრომოსომული დარღვევების ალბათობა, როგორიცაა დაუნის (ტრისომია 21), ედვარდსის (ტრისომია 18) და პატაუს (ტრისომია 13) სინდრომები. ეს ცვლილებები ხშირად იწვევს სპონტანურ აბორტს და განვითარების შეფერხებას, თუმცა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდების წყალობით ნაყოფის განვითარების ანომალიების აღმოჩენა დროულად ხერხდება. მთავარია, ვიცოდეთ, რა განსხვავებაა მათ შორის და როდის რომელი მეთოდია რეკომენდებული.
არაინვაზიური პრენატალური ტესტირება (NIPT) მაღალი სიზუსტის სკრინინგული მეთოდია, რომელიც დედის სისხლში არსებული ნაყოფის თავისუფალი დნმ-ს (cfDNA) ანალიზს ეფუძნება. NIPT-ს საშუალებით დაუნის სინდრომის (21-ე ქრომოსომის ტრისომიის) გამოვლენა 99%-ზე მაღალი სიზუსტით არის შესაძლებელი. ტრადიციული ინვაზიური მეთოდებისგან განსხვავებით, NIPT სრულიად უსაფრთხოა და არ შეიცავს ორსულობის შეწყვეტის რისკს. ამ კვლევის ჩატარება შესაძლებელია ორსულობის მე-10 კვირიდან და მისთვის საჭიროა მხოლოდ ორსულის ვენური სისხლი.
NIPT მაღალი სიზუსტის სკრინინგული მეთოდია — ის გამოავლენს პათოლოგიის რისკს, ხოლო მაღალი რისკის შემთხვევაში დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოიყენება ინვაზიური მეთოდები.
ქორიონის ხაოების ბიოფსია (CVS) პრენატალური დიაგნოსტიკის ინვაზიური მეთოდია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ორსულობის ადრეულ ეტაპზევე ზუსტად დავადგინოთ ნაყოფის გენეტიკური და ქრომოსომული მდგომარეობა. NIPT-სგან განსხვავებით, CVS სადიაგნოსტიკო პროცედურაა ― მისი პასუხი საბოლოო და გადამწყვეტია. პროცედურა ტარდება, თუ პირველადმა სკრინინგმა გამოავლინა მაღალი რისკი ან მშობლები გენეტიკური დარღვევის მატარებლები არიან.
კვლევა ტარდება ორსულობის მე-10-დან მე-13 კვირის ჩათვლით. ნაყოფის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას CVS გაცილებით ადრეულ ვადაზე გვაწვდის, ვიდრე ამნიოცენტეზი.
პროცედურას ახლავს თვითნებური აბორტის მინიმალური რისკი. კვლევების თანახმად, როდესაც მანიპულაციას გამოცდილი სპეციალისტი ატარებს, გართულების ალბათობა მხოლოდ 0.22-0.5 პროცენტია, ამიტომ მას მაღალი სანდოობისა და უსაფრთხოების მქონე პროცედურად მოიაზრებენ.
ამნიოცენტეზი პრენატალური დიაგნოსტიკის კიდევ ერთი ინვაზიური მეთოდია, რომელიც ორსულობის მე-15-დან მე-20 კვირამდე ტარდება. სანაყოფე პარკიდან იღებენ მცირე რაოდენობის ამნიონურ სითხეს ნაყოფის გენეტიკური და ქრომოსომული მდგომარეობის შესასწავლად. ვინაიდან ამნიოცენტეზს ორსულობის შეწყვეტის მინიმალური რისკი ახლავს თან, მას მხოლოდ ჩვენების საფუძველზე უნიშნავენ (მაგალითად, მაშინ, როცა NIPT-ს ან ბიოქიმიური სკრინინგის შედეგები მაღალ რისკზე მიუთითებს). ამნიოცენტეზი საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ პროცედურა ინვაზიურია, გართულების ალბათობა უკიდურესად მცირეა (0.1-0.3%).
გაითვალისწინეთ: პრენატალური არაინვაზიური სკრინინგი არ არის სავალდებულო, მაგრამ მკაცრად რეკომენდებულია 35 წელს გადაცილებულ ორსულთათვის. ინვაზიური მეთოდების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურია. იგი მიიღება მეან-გინეკოლოგსა და გენეტიკოსთან კონსულტაციის საფუძველზე, რისკისა და მოსალოდნელი სარგებლის შეფასების შემდეგ.
მარი მარღანია







