გულის ოპერაციები

Поделитесь:

გული სხეულის უწყვეტი ენერგიის წყაროა. მისი დაუღალავი მუშაობის წყალობით სისხლის მიმოქცევის სისტემა სხეულის თითოეულ უჯრედის ამარაგებს სასიცოცხლო ნივთიერებებით და, იმავდროულად, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენებისგან ათავისუფლებს. ამიტომ გულის ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა. ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც მის მუშაობას აფერხებს, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

თანამედროვე მედიცინა ყველა შესაძლო რესურსს იყენებს გულის ფუნქციის შესანარჩუნებლად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის გადასარჩენად ქირურგიული ჩარევა გარდაუვალი და გადამწყვეტია.

ორგანიზმის მთავარი ტუმბო

გული მუშტისოდენა კუნთოვანი ორგანოა. ის გულმკერდის შუა ნაწილში, ოდნავ მარცხნივ მდებარეობს. გულის სასიცოცხლო ფუნქციებია:

* სხეულის ჟანგბადით მომარაგება — გული სისხლს ფილტვებისკენ გზავნის, სადაც ის ჟანგბადით მდიდრდება, მერე კი, ჟანგბადით გაჯერებულს, მთელ სხეულში ანაწილებს;

* საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირება — სისხლის მიმოქცევის მეშვეობით უჯრედებამდე მიდის ყველა საჭირო ვიტამინი, მინერალი თუ სხვა საკვები ნივთიერება, რომელიც ორგანიზმის ენერგეტიკული ბალანსისთვის არის აუცილებელი;

* ნივთიერებათა ცვლის პროდუქტების მოცილება — სისხლს ქსოვილებიდან გამოაქვს ნახშირორჟანგი (CO2) და ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები, რომელთა ორგანიზმიდან გამოდევნას შემდგომ ფილტვები და თირკმელები უზრუნველყოფს;

* არტერიული წნევის რეგულირება — გული მუდმივად აკონტროლებს წნევას, რაც სისხლის ნაკადის სტაბილურობისა და ორგანოების შეუფერხებელი მუშაობის გარანტიაა.

გულის ანატომია

გული რთული და მრავალშრიანი სტრუქტურაა, რომლის ყოველი დეტალი უზუსტესად არის მორგებული მის მთავარ ფუნქციას. ის სამი ძირითადი შრისგან შედგება. გარეთა გარსია ეპიკარდიუმი, ენდოკარდიუმი — შიგნითა თხელი გარსი — საკნებსა და სარქველებს ფარავს, მათ შორის კი მდებარეობს ყველაზე სქელი, კუნთოვანი შრე — მიოკარდიუმი. სწორედ მიოკარდიუმია ის ძრავა, რომელიც სისხლის გადატუმბვაზეა პასუხისმგებელი. მთელ ამ სისტემას გარს აკრავს პერიკარდიუმი — დამცავი ტომარა, რომელიც გულს თავის ადგილზე აფიქსირებს და ხახუნისგან იცავს.

გული ოთხი საკნად არის გაყოფილი. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის მიმოქცევა უწყვეტი პროცესია, ციკლის სიმბოლურ დასაწყისად შეგვიძლია მივიჩნიოთ მომენტი, როდესაც მთელ ორგანიზმში გამოვლილი ჟანგბადით ღარიბი სისხლი გულს უბრუნდება. თავდაპირველად ის მარჯვენა წინაგულში შედის, იქიდან კი მარჯვენა პარკუჭში გადადის, საიდანაც ფილტვებისკენ მიემართება. ფილტვებიდან დაბრუნებული ჟანგბადით მდიდარი სისხლი ჩადის მარცხენა წინაგულში, იქიდან გადადის ყველაზე ძლიერ საკანში — მარცხენა პარკუჭში, რომელიც მას მთელ სხეულში გადაისვრის.

მიმოქცევას არეგულირებს გულის სარქველები, რომლებიც ერთგვარი კარიბჭეების როლს ასრულებს. სარქველები მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, რაც სისხლის უკუდენას გამორიცხავს. წინაგულებსა და პარკუჭებს შორის მარჯვენა მხარეს ტრიკუსპიდული (სამკარიანი) სარქველი მდებარეობს, მარცხენა მხარეს კი — მიტრალური (ორკარიანი). პარკუჭებიდან გამომავალ სისხლის ნაკადს მარჯვენა მხარეს ფილტვის არტერიის, ხოლო მარცხენაში — აორტის სარქველი ხვდება.

ეს რთული პროცესი წარმოუდგენელი იქნებოდა უმნიშვნელოვანესი სისხლძარღვების გარეშე. აორტა, ადამიანის უდიდესი არტერია, სისხლს მთელ სხეულში ანაწილებს, ხოლო ზედა და ქვედა ღრუ ვენები მის უკან დაბრუნებას უზრუნველყოფს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კორონარული არტერიები — სისხლძარღვები, რომლებიც უშუალოდ გულის კუნთს კვებავს. სწორედ მათ გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული თავად გულის სიცოცხლისუნარიანობა.

გულის ელექტრული სისტემა

გული ავტონომიურად მუშაობს, რადგან ელექტრული იმპულსების საკუთარი გენერატორი აქვს. სწორედ ეს შინაგანი "ელექტროსადგური" უზრუნველყოფს წინაგულებისა და პარკუჭების ზუსტ, სინქრონულ მუშაობას:

* სინუსური კვანძი (SA Node) გულის ბუნებრივი კარდიოსტიმულატორია. ის წუთში 60-დან 100-მდე იმპულსს წარმოქმნის, რაც წინაგულების შეკუმშვასა და სისხლის გადატუმბვას იწვევს.

* ატრიოვენტრიკულური კვანძი (AV Node) წინაგულებსა და პარკუჭებს შორის მდებარე ერთგვარი ელექტრული კარიბჭეა. აქ იმპულსი ცოტა ხანს ყოვნდება, რათა პარკუჭებმა სისხლით ავსება მოასწროს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სინუსური კვანძის მუშაობის შეფერხებისას ატრიოვენტრიკულურ კვანძს შეუძლია, თავად გახდეს იმპულსის წყარო.

* ჰისის კონისა და პურკინიეს ბოჭკოების მეშვეობით იმპულსი ატრიოვენტრიკულური კვანძიდან ელვის სისწრაფით ვრცელდება პარკუჭების კედლებზე, რაც მათ ძლიერ და ეფექტურ შეკუმშვას განაპირობებს.

ოპერაციული მეთოდები

როდის არის აუცილებელი ქირურგიული ჩარევა?

თანამედროვე კარდიოქირურგია ფლობს მრავალ მეთოდს, რომლებიც სხვადასხვა დაავადების მართვასა და სიცოცხლის გახანგრძლივებაში გვეხმარება. ოპერაციულ ჩარევას, წესისამებრ, მოითხოვს:

* კორონარული არტერიების დაავადება (CAD) — როდესაც ათეროსკლეროზული ფოლაქები სისხლძარღვებს ავიწროებს, ტარდება კორონარული არტერიის შუნტირება (CABG). ამ დროს იქმნება სისხლის მიმოქცევის ახალი გზა დაბლოკილი ნაწილის გვერდის ავლით.

* სარქვლოვანი პათოლოგიები — ფუნქციადაკარგულ სარქველებს აღადგენენ ან პროთეზით ცვლიან. პროთეზი შეიძლება იყოს როგორც მექანიკური, ისე ბიოლოგიური — დამზადებული ცხოველის ან ადამიანის ქსოვილისგან.

* არითმიები და გულის უკმარისობა — გულის რიტმის დარღვევისას და კუმშვადობის შესუსტებისას გამოიყენება იმპლანტირებადი მოწყობილობები: კარდიოსტიმულატორი, დეფიბრილატორი (ICD) ან პარკუჭის დამხმარე მოწყობილობა (VAD), ხოლო რთული არითმიების, კერძოდ, წინაგულების ფიბრილაციის დროს — მაზის პროცედურა, რომელიც ნაწიბუროვანი ქსოვილის მეშვეობით ელექტრული სიგნალების სწორ გავრცელებას უზრუნველყოფს.

* ანევრიზმა და თანდაყოლილი მანკები — არტერიის კედლის გამობერილობისას სისხლძარღვის სუსტ მონაკვეთს სპეციალური საკერებლით ამაგრებენ ან მთლიანად ცვლიან ხელოვნური სისხლძარღვით (სინთეზური გრაფტით). თანდაყოლილი დეფექტების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა მიმართულია გულისა და მსხვილი სისხლძარღვების სტრუქტურული ანომალიების კორექციისკენ.

* ტრანსპლანტაცია — როდესაც გულის უკმარისობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს და სხვაგვარი მკურნალობა უშედეგოა, დღის წესრიგში დგება დონორის ჯანსაღი ორგანოთი მისი ჩანაცვლების საკითხი. როდესაც ტრანსპლანტაცია დაუყოვნებლივ ვერ ხერხდება, ინერგება ხელოვნური გული — მაღალტექნოლოგიური მექანიკური მოწყობილობა, რომელიც დროებით ითავსებს ორგანოს ფუნქციას და პაციენტს სიცოცხლეს უნარჩუნებს.

* ალტერნატიული მეთოდები — როდესაც ტრადიციული ოპერაციები სისხლის მიმოქცევას ვერ აღადგენს, მიმართავენ ტრანსმიოკარდიულ ლაზერულ რევასკულარიზაციას. ლაზერის სხივით გულის კუნთში იქმნება მიკროარხები, რაც სტიმულს აძლევს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნას და ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას.

როგორ ტარდება გულის ოპერაცია

ქირურგიული მიდგომა ინდივიდუალურად ირჩევა. ექიმი გადაწყვეტილებას იღებს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, გულის კონკრეტული პათოლოგიისა და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით. თანამედროვე მედიცინა რამდენიმე ძირითად გზას გვთავაზობს:

* ღია ოპერაცია (ტრადიციული მეთოდი) — ეს ყველაზე ნაცადი გზაა. ქირურგი გულმკერდის არეში აკეთებს განაკვეთს, რათა უშუალოდ მიუდგეს ორგანოს. ვინაიდან მომუშავე, მოძრავ გულზე ოპერირება უაღრესად რთულია, სპეციალური მედიკამენტებით მას დროებით აჩერებენ. იმისთვის, რომ ორგანიზმმა ამ დროს სიცოცხლისუნარიანობა შეინარჩუნოს, ირთვება ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი, რომელიც ფილტვებისა და გულის ფუნქციას ითავსებს და ჟანგბადით მდიდარ სისხლს მთელ სხეულში ატარებს.

* ოპერაცია მომუშავე გულზე (Off-pump) — ეს ოპერაციაც ღია წესით სრულდება, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატი ამ დროს არ გამოიყენება. ქირურგი სპეციალური საფიქსაციო მოწყობილობით აჩერებს გულის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელზეც ჩარევაა საჭირო, დანარჩენი ორგანო კი აგრძელებს მუშაობას. ამ მიდგომას ხშირად მიმართავენ შუნტირების დროს, თუმცა ის ყველა პაციენტისთვის არ არის რეკომენდებული.

* მინიინვაზიური ქირურგია — ეს მეთოდი გაცილებით ნაკლებტრავმულია. ერთი დიდის ნაცვლად ქირურგი აკეთებს რამდენიმე მცირე (დაახლოებით 5-7 სმ სიგრძის) განაკვეთს ნეკნებს შორის. სწორედ იქიდან შეჰყავთ სპეციალური ინსტრუმენტები გულმკერდის ღრუში. ასეთი ოპერაციების დროს ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენება ყოველთვის არ არის აუცილებელი, რაც რეაბილიტაციის პროცესს აჩქარებს.

* რობოტასისტირებული ქირურგია — ეს მაღალტექნოლოგიური მეთოდი მინიინვაზიური მიდგომის მწვერვალია. ქირურგი კომპიუტერული კონსოლის საშუალებით მართავს რობოტის მანიპულატორებს. მათი მოძრაობის თავისუფლება და სიზუსტე ადამიანის ხელებისას აღემატება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს, ყველაზე რთული და ნატიფი მანიპულაციებიც კი უშეცდომოდ შეასრულოს.

რისკის შეფასება

მიუხედავად იმისა, რომ გულის ოპერაციები დღეს უმეტესად წარმატებით სრულდება, ყოველგვარ ქირურგიულ ჩარევას ახლავს განსაზღვრული რისკი. პაციენტმა და მისმა ოჯახმა უნდა იცოდნენ, რომ არსებობს ისეთი გართულებების ალბათობა, როგორიცაა:

  • სისხლდენა და ინფექცია;
  • ანესთეზიასთან დაკავშირებული ინდივიდუალური რეაქციები;
  • გულის რიტმის დარღვევა (არითმია);
  • იშვიათად — ინსულტი ან სხვა სასიცოცხლო ორგანოების (თირკმელების, ფილტვების) ფუნქციური დაზიანება.

გართულების ალბათობა იმატებს, როცა ოპერაცია გადაუდებელია (ურგენტულია) ან პაციენტს აქვს შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ან ფილტვის ქრონიკული პათოლოგია, პერიფერიული არტერიების დაზიანება. სწორედ ამიტომ წინასაოპერაციო მომზადება და რისკის შეფასება წარმატებული მკურნალობის განუყოფელი ნაწილია.

***

გულის შეტევა: პროცედურები და ოპერაცია

გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რამდენად სწრაფად მოხდება სამედიცინო ჩარევა. პირველივე წუთებიდან ექიმების მთავარი მიზანია სიცოცხლის შენარჩუნება და იმის გარკვევა, რა დაზიანება მიიღო ორგანომ.

ინფარქტის შემდგომი პირველი საათები ხშირად შიშითა და გაურკვევლობით არის სავსე. ამ დროს სამედიცინო გუნდი მთლიანად მობილიზებულია და შესაძლოა, არ ჰქონდეთ დრო, დეტალურად აუხსნან პაციენტს ყველა ნაბიჯი. მათი მთავარი ამოცანაა, სწრაფად დაადგინონ ინფარქტის ტიპი და შეარჩიონ მკურნალობის საუკეთესო გზა.

ინფარქტის ტიპები

ინფარქტი ვითარდება, როდესაც კორონარული არტერიების დახშობის გამო ფერხდება ან სრულიად წყდება გულისთვის სისხლის მიწოდება, რაც გულის კუნთის ჟანგბადოვან შიმშილს იწვევს.

სისხლძარღვის დახშობა შეიძლება იყოს სრულიც და ნაწილობრივიც, რის მიხედვითაც განასხვავებენ ინფარქტის ორ ძირითად ტიპს:

1. STEMI (ST-სეგმენტის ელევაციით მიმდინარე ინფარქტი). ეს არის ინფარქტის ყველაზე მძიმე ფორმა, რომელიც გამოწვეულია არტერიის სრული დახშობით. ამ დროს ნიტროგლიცერინი ტკივილს ვერ აყუჩებს. სისხლის ანალიზი აჩვენებს სპეციფიკური ფერმენტების ― ტროპონინისა და კრეატინკინაზის დონის მკვეთრ მომატებას.

2. N STEMI (ST-სეგმენტის ელევაციის გარეშე მიმდინარე ინფარქტი). ამ დროს არტერია ნაწილობრივ არის დახშული და სისხლის ნაკადი მკვეთრად მცირდება. ტროპონინის დონე ამ შემთხვევაშიც იმატებს, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა განსხვავებულია.

როგორ ხდება დიაგნოსტიკა

დიაგნოსტიკური ტესტები პასუხს სცემს სამ მთავარ კითხვას:

  • ნამდვილად მოხდა თუ არა ინფარქტი;
  • რამდენად ძლიერად დაზიანდა გულის კუნთი;
  • რამდენად შორს არის წასული კორონარული არტერიების დაავადება (CAD).

ამ პასუხებზეა დამოკიდებული გადაუდებელი ჩარევის ტიპი და ის რეკომენდაციები ცხოვრების წესის თაობაზე, რომლებსაც მისცემს ექიმი პაციენტს რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

არსებობს დიაგნოსტიკის ორი მთავარი გზა:

* სისხლის ანალიზი ― მოწმდება ტროპონინისა და კრეატინკინაზის დონე ― ფერმენტებისა, რომლებიც სისხლში მხოლოდ გულის კუნთის დაზიანებისას გამოიყოფა;

* აპარატული კვლევები -

  • ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) ― გულის ელექტრული აქტივობის პირველადი გამოკვლევა;
  • ექოკარდიოგრაფია ― გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა მისი სტრუქტურის სანახავად;
  • კორონარული ანგიოგრაფია ― სისხლძარღვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტით;
  • CT და MRI, რომლებიც გულისა და მიმდებარე ქსოვილების მაღალი სიზუსტის გამოსახულებას იძლევა;
  • დატვირთვის ტესტი (Stress-test) ― გულის მუშაობის შემოწმება ფიზიკური აქტიურობის დროს;
  • პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET) -მაღალტექნოლოგიური კვლევა, რომლის მეშვეობითაც ფასდება გულის კუნთის დაზიანებული უბნების სიცოცხლისუნარიანობა და მეტაბოლური აქტივობა.

მკურნალობის მეთოდები

თრომბოლიზისი

მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია თრომბოლიზისი ― პაციენტის ორგანიზმში სპეციალური მედიკამენტების (ე.წ. თრომბის გამხსნელების) შეყვანა. ამ მედიკამენტების დანიშნულებაა სისხლძარღვში არსებული კოლტის (თრომბის) დაშლა და გულის კუნთისკენ მიმავალი სისხლის ნაკადის აღდგენა.

სამედიცინო პროტოკოლის მიხედვით, საუკეთესო შედეგისთვის ეს პროცედურა პაციენტის საავადმყოფოში მიყვანიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. რაც უფრო მალე აღდება სისხლის მიმოქცევა, მით უფრო ნაკლებია გულის კუნთის სიკვდილის (ნეკროზის) რისკი.

თუ თრომბოლიზისმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო ან მდგომარეობა უფრო კომპლექსურია, მიმართავენ ინტერვენციულ მეთოდებს ― კორონარულ ანგიოპლასტიკასა და სტენტირებას ან, თუ მათი ჩატარება შეუძლებელია, ქირურგიულ ოპერაციას ― კორონარული არტერიის შუნტირებას (GABG).

კორონარული ანგიოპლასტიკა (PCI)

ეს მეთოდი ბალონური ანგიოპლასტიკის სახელითაც არის ცნობილი. სისხლძარღვში შეჰყავთ სპეციალური წვრილი მილი (კათეტერი), რომლის ბოლოზეც მოთავსებულია პატარა ბალონი. დაზიანებულ უბანთან ბალონი იბერება, აფართოებს შევიწროებულ არტერიას და აღადგენს სისხლის ნაკადს.

სტენტირება

გაფართოებულ უბანში იდგმება სტენტი ― ლითონის პატარა, ბადისებრი მილი. სტენტი მოთავსებულია იმავე კათეტერზე, რომლითაც ბალონი შეჰყავთ. ბალონის გაბერვისას სტენტი იშლება, არტერიის კედლებს ებჯინება და კარკასივით აფიქსირებს მათ. ბალონს ჩუტავენ და გარეთ გამოაქვთ, ხოლო სტენტი არტერიაში სამუდამოდ რჩება.

პროცედურა 30 წუთიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება. ის მკვეთრად ამცირებს სტენოკარდიულ ტკივილს და ზრდის პაციენტის ფიზიკურ გამძლეობას. ოპერაციის შემდეგ აუცილებლად ინიშნება ანტიაგრეგანტები (სისხლის გამათხელებლები). მათი მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა თავად სტენტზე არ ჩამოყალიბდეს თრომბი, სანამ ის მთლიანად არ ჩაიზრდება სისხლძარღვში.

იშვიათად შესაძლოა განვითარდეს რესტენოზი ― სტენტის შიგნით სისხლძარღვის ხელახალი შევიწროება. მას იწვევს სტენტის შიგნით ქსოვილის ჭარბი ზრდა, რის შედეგადაც სისხლის სავალი გზა ისევ ვიწროვდება. თანამედროვე მედიცინა ამ პრობლემას ებრძვის წამლით დაფარული სტენტების (Drug-eluting stents) საშუალებით, რომლებიც ნელ-ნელა გამოყოფენ ნივთიერებას და ხელს უშლიან ზედმეტი ქსოვილის ფორმირებას.

ლაზერული ანგიოპლასტიკა

ეს მეთოდი ანგიოპლასტიკის უფრო მაღალტექნოლოგიური ნაირსახეობაა. ბალონის ნაცვლად კათეტერის წვერზე მოთავსებულია ლაზერის წყარო. ლაზერის იმპულსები მიმართულია უშუალოდ ათეროსკლეროზული ფოლაქისკენ. მაღალი ენერგია ანადგურებს დაგროვილ ნადებს და სისხლძარღვის სანათურს ათავისუფლებს.

ამ მეთოდს იყენებენ, როდესაც ნადებით დაფარული სისხლძარღვის კედელი მეტისმეტად მკვრივია იმისთვის, რომ ბალონით გაფართოვდეს.

ათერექტომია

თუ ანგიოპლასტიკა ფოლაქს სისხლძარღვის კედელზე მიაჭყლეტს, ათერექტომიის დროს მისი ფიზიკური მოცილება ხდება: კათეტერის წვერზე დამაგრებულია მბრუნავი საფხეკი მოწყობილობა, რომელიც ფრთხილად აშორებს ნადებს არტერიის კედელს.

ათერექტომია ხშირად ტარდება საძილე არტერიებზეც (კისრის არეში), რაც საგრძნობლად ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს.

კორონარული არტერიის შუნტირება (CABG)

როდესაც სისხლძარღვების დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ ანგიოპლასტიკა და სტენტირება საკმარის შედეგს ვერ უზრუნველყოფს, მიმართავენ კორონარული არტერიის შუნტირებას: ქირურგი ქმნის სისხლის მიმოქცევის ახალ გზას, რომელიც გვერდს აუვლის დაზიანებულ, დახშულ მონაკვეთს.

შუნტად გამოიყენება თავად პაციენტის სხეულის სხვა ნაწილებიდან აღებული ჯანსაღი სისხლძარღვები (ფეხიდან აღებული ვენა, მკლავიდან ან გულმკერდიდან აღებული არტერია). ქირურგი ჯანსაღ სისხლძარღვს ერთი ბოლოთი აორტასთან აერთებს, მეორით კი დაზიანებულ არტერიასთან დახშული ადგილის ქვემოთ. ამ შემოვლითი გზით სისხლი თავისუფლად მიედინება გულის კუნთისკენ. ბლოკირებული არტერიების რაოდენობის მიხედვით, შეიძლება გაკეთდეს ერთი, ორი, სამი ან მეტი შუნტი.

ვისთვის არის ეს ოპერაცია რეკომენდებული?

შუნტირება ხშირად ყველაზე საიმედო გადაწყვეტილებაა, რომელსაც ხანგრძლივი შედეგი აქვს. ის საუკეთესო გამოსავალია:

  • ერთდროულად რამდენიმე კორონარული არტერიის დახშობის დროს (როდესაც სტენტირება ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვან რეკონსტრუქციას);
  • შაქრიანი დიაბეტის დროს ― კვლევები აჩვენებს, რომ დიაბეტიან პაციენტებთან შუნტირება ხშირად უფრო მდგრად შედეგს იძლევა, ვიდრე სტენტირება;
  • გულის უკმარისობის დროს და მძიმე ინფარქტის შემდეგ, როდესაც გულის კუნთს სასწრაფოდ სჭირდება სისხლის მიწოდების სტაბილური და მძლავრი წყარო ფუნქციის აღსადგენად;
  • ძლიერი სტენოკარდიის დროს, როდესაც გულმკერდის ტკივილი ზღუდავს ყოველდღიურ აქტივობას და მედიკამენტური თერაპია მას ვეღარ უმკლავდება.

შუნტირება სერიოზული ქირურგიული ჩარევაა და ოპერაციის შემდეგ პაციენტს რამდენიმე დღით ტოვებენ საავადმყოფოში, თუმცა ოპერაცია მკურნალობის მხოლოდ ნაწილია. გამოჯანმრთელებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია გამოწერილი წამლების მიღება. ეს წამლებია:

  • ანტიაგრეგანტები და ანტიკოაგულანტები სისხლის სიბლანტის დასარეგულირებლად, რათა შუნტებში თრომბი არ წარმოიქმნას;
  • სტატინები ქოლესტეროლის დონის კონტროლისთვის, რათა ახალი სისხლძარღვებიც არ დანაგვიანდეს;
  • წნევის მარეგულირებლები გულის დატვირთვის შესამცირებლად.

მინიინვაზიური შუნტირება

ტრადიციული შუნტირებისგან განსხვავებით, მინიინვაზიური მიდგომა (მათ შორის ― რობოტასისტირებული ქირურგიული ჩარევა) ნამდვილი ტექნოლოგიური რევოლუციაა. მას ხშირად გასაღების ჭუჭრუტანის ქირურგიასაც (Keyhole surgery) უწოდებენ.

გულმკერდის გახსნის ნაცვლად ქირურგი აკეთებს რამდენიმე მცირე განაკვეთს ნეკნებს შორის. ამ განაკვეთებიდან ის აღწევს გულამდე, პოულობს ჯანსაღ არტერიას გულმკერდის კედელზე და მას დაზიანებულ კორონარულ არტერიასთან აერთებს.

მიდგომის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ოპერაცია სრულდება მომუშავე გულზე, მისი გაჩერებისა და ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის გამოყენების გარეშე. შედეგად:

* საგრძნობლად მცირდება სისხლის დანაკარგი და ინფექციის რისკი;

* ოპერაციის შემდეგ ტკივილი გაცილებით ნაკლებია;

* რეაბილიტაციისთვის საკმარისია რამდენიმე კვირა, ნაცვლად თვეებისა.

სისხლის ნაკადის აღდგენის შედეგად მცირდება ინფარქტის რისკი, ქრება სტენოკარდიული ტკივილი და პაციენტს ნორმალური ფიზიკური აქტიურობის საშუალება ეძლევა.

ტრანსმიოკარდიული ლაზერული რევასკულარიზაცია (TMR)

არსებობენ პაციენტები, რომლებიც ძლიერ სტენოკარდიას უჩივიან, მაგრამ მათი სისხლძარღვოვანი დაზიანებები იმდენად რთული ან მცირე კალიბრისაა, რომ შუნტირების ან ანგიოპლასტიკის ჩატარება ტექნიკურად შეუძლებელია. სწორედ ასეთ დროს გამოიყენება TMR თერაპია.

ეს მეთოდი ლაზერულ ტექნოლოგიას ეფუძნება. გულმკერდის მარცხენა მხარეს ქირურგი აკეთებს მცირე განაკვეთს, საიდანაც უდგება გულს, მერე კი მაღალი სიზუსტის ლაზერის სხივით გულის კუნთის გარეთა ზედაპირიდან პარკუჭამდე მცირე ზომის ხვრელები (არხები) გაჰყავთ. ზოგჯერ TMR ტარდება ტრადიციულ შუნტირებასთან ერთად. ამ შემთხვევაში ქირურგი მკერდის ძვლის გაკვეთით აღწევს ორგანომდე და ერთდროულად ორ სხვადასხვა მანიპულაციას ახორციელებს.

TMR-ის მთავარი ამოცანაა გულის კუნთისთვის ჟანგბადის მიწოდების ალტერნატიული გზების შექმნა:

* მიკროარხები საშუალებას აძლევს ჟანგბადით მდიდარ სისხლს, პირდაპირ გულის საკნიდან შეაღწიოს კუნთოვან ქსოვილში;

* ლაზერის ზემოქმედება აღვიძებს ორგანიზმის ბუნებრივ რესურსებს და სტიმულს აძლევს ახალი, წვრილი სისხლძარღვების წარმოქმნისთვის.

ამასთან, პროცედურა მკვეთრად ამცირებს სტენოკარდიულ ტკივილს იმ პაციენტებთან, რომლებსაც ინფარქტის მაღალი რისკი აქვთ.

ვინაიდან პროცედურა უშუალოდ გულის კუნთზე ჩარევას გულისხმობს, პაციენტს რამდენიმე ხანს საავადმყოფოში ტოვებენ სამედიცინო მეთვალყურეობისთვის.

გულის გადანერგვა

როდესაც გული ისეა დაზიანებული, რომ ვეღარც ქირურგიული ჩარევა, ვეღარც მედიკამენტური თერაპია ვეღარ უზრუნველყოფს მის ფუნქციობას, მიმართავენ უკიდურეს, მაგრამ ნაცად მეთოდს ― გულის ტრანსპლანტაციას.

ამ გადაწყვეტილებას იღებენ ისეთი მძიმე მდგომარეობების დროს, როგორიცაა გულის ტერმინალური უკმარისობა, კორონარული არტერიების შორს წასული დაავადება ან გულის მძიმე თანდაყოლილი მანკი.

ტრანსპლანტაციის დროს მთლიანად ამოკვეთენ დაზიანებულ ორგანოს და მას დონორის ჯანსაღი გულით ცვლიან. პროცედურა უდიდეს სიზუსტეს მოითხოვს: ქირურგი ერთმანეთთან აერთებს რეციპიენტისა და დონორის მსხვილ სისხლძარღვებს ― ზედა და ქვედა ღრუ ვენებს, აორტას, ფილტვის არტერიასა და მარცხენა წინაგულს. რთული თანდაყოლილი პათოლოგიების შემთხვევაში გულთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს ფილტვის გადანერგვაც.

ცხოვრება ტრანსპლანტაციის შემდეგ

გადანერგილი გული საშუალებას აძლევს პაციენტს, აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ მისი ორგანიზმი მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვს:

* იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ ახალი ორგანო არ უარყოს, პაციენტი მთელი სიცოცხლე იღებს იმუნოსუპრესანტებს (იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს).

* საჭიროა პერიოდული კვლევა ― ექოკარდიოგრაფია, ეკგ, ხშირად ― ენდომიოკარდიული ბიოფსიაც (გულის კუნთის მცირე ნიმუშის აღება და მიკროსკოპის ქვეშ შესწავლა), რათა დროულად შეამჩნიონ ორგანოს მოცილების ნიშნები.

საინტერესოა, რომ ტრანსპლანტაცია სპეციფიკურ შეზღუდვებს არ მოითხოვს ― მრავალი პაციენტი სრულფასოვან და ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას უბრუნდება.

მცირე ასაკში გადანერგილი გული საოცარი თვისებით გამოირჩევა ― ის ბავშვთან ერთად იზრდება და ზრდასრული ადამიანის გულის ზომას აღწევს. მოზარდ ასაკში პაციენტის მართვა პედიატრიული გუნდისგან მოზრდილთა ტრანსპლანტოლოგიის პასუხისმგებლობის სფეროში გადადის.

***

“ჭკვიანი” საკეტები

გულის ოთხი სარქველი ― მიტრალური, ტრიკუსპიდული (სამკარიანი), აორტისა და ფილტვის არტერიის ― სისხლის ნაკადს მხოლოდ ერთი მიმართულებით ატარებს და ხელს უშლის მის უკუდენას. როცა რომელიმე მათგანი ჯეროვნად არ იხურება და სისხლის ნაწილს უკან აბრუნებს (რეგურგიტაცია) ან ზედმეტად ვიწროა და სისხლს სათანადოდ ვერ ატარებს (სტენოზი), გულს გაორმაგებული დატვირთვით უწევს მუშაობა, რათა სისხლი მთელ სხეულში გადაქაჩოს. ამიტომ ისეთი სიმპტომების დროულად შემჩნევა, როგორიცაა სუნთქვის უკმარისობა, დაღლილობა ან გულის ფრიალი, კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

მედიკამენტები

სარქვლოვანი დაავადების მკურნალობის გეგმა შეიძლება საკმაოდ კომპლექსური იყოს. ექიმები მრავალ ფაქტორს ითვალისწინებენ, სანამ გადაწყვეტენ, რომელი გზაა საუკეთესო პაციენტისთვის. აქვე უნდა ითქვას, რომ ბევრი წლობით ცხოვრობს სარქვლის მსუბუქი პათოლოგიით და ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.

მედიკამენტური თერაპია გამოიყენება:

* სიმპტომების შესამსუბუქებლად - დაავადების მსუბუქი ფორმის დროს წამლები დისკომფორტს ხსნის;

* გულის რიტმის შესანარჩუნებლად - როცა სარქვლოვან პრობლემას თან ახლავს არითმია, გულისცემას მედიკამენტებით არეგულირებენ;

* გართულებების პრევენციისთვის - სისხლის გამათხელებლები ინიშნება თრომბის წარმოქმნისა და ინსულტის რისკის შესამცირებლად.

სარქვლოვანი დაავადება, როგორც წესი, პროგრესირებს. როდესაც დეფექტი უკვე მნიშვნელოვნად არღვევს გულის ფუნქციას, დღის წესრიგში დგება სარქვლის პლასტიკის (აღდგენის) ან ჩანაცვლების საკითხი.

სარქვლის პლასტიკა

ექიმი ყოველთვის ცდილობს, მაქსიმალურად შეუნარჩუნოს პაციენტს საკუთარი ქსოვილი. სარქვლის პლასტიკა სარქვლისა და მისი კარედების აღდგენას გულისხმობს. საკუთარი სარქვლის შენარჩუნება ამცირებს ინფექციის რისკს და აქრობს სისხლის გამათხელებლების ხანგრძლივი მიღების აუცილებლობას.

ყველაზე ხშირად პლასტიკური ოპერაცია ტარდება მიტრალური და ტრიკუსპიდული სარქველების რეგურგიტაციის დროს. ჩარევა შეიძლება იყოს მცირეც და მასშტაბურიც - გააჩნია დაზიანების ხარისხს.

ბალონური ვალვულოპლასტიკა

ეს არის მინიმალურად ინვაზიური პროცედურა, რომელიც გულის კათეტერიზაციის დახმარებით ტარდება. ის განსაკუთრებით ეფექტურია მიტრალური და აორტის სარქველთა სტენოზის დროს. სისხლძარღვიდან გულში შეჰყავთ სპეციალური კათეტერი, რომლის წვერზეც მოთავსებულია გასაბერი ბალონი. კათეტერი შევიწროებულ სარქველში თავსდება. ბალონის გაბერვისას სარქვლის კარედები ერთმანეთს სცილდება და ფართოვდება, რაც საგრძნობლად ზრდის სისხლის ნაკადს და სარქვლის სრული ჩანაცვლების გადავადების საშუალებას იძლევა. ზოგჯერ სარქველი იმდენად მკვრივია, რომ ბალონით მისი გაფართოება ვერ ხერხდება. ასეთ დროს სხვა ტიპის ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

ანულოპლასტიკა

სარქველს გარს აკრავს სპეციალური რგოლი (ანულუსი), რომელიც მას ფორმას უნარჩუნებს. დაავადების დროს ეს რგოლი ზოგჯერ ფართოვდება და კარედები ერთმანეთს ვეღარ სწვდება. ქირურგი სარქვლის გარშემო აკერებს ხელოვნურ (ლითონის, პლასტმასის ან ქსოვილის) რგოლს, რომელიც ავიწროებს სარქვლის ფუძეს და აიძულებს კარედებს, ისევ მჭიდროდ მიებჯინონ ერთმანეთს.

კარედების რეკონსტრუქცია

თუ რომელიმე კარედი დაზიანებულია, ზედმეტად გრძელია ან აქვს ხვრელი, შესაძლებელია მისი აღდგენა ქირურგიული გზით.

ქორდოპლასტიკა

გულის სარქვლის კარედები გულის კუნთზე მიმაგრებულია სპეციალური ძაფებით - ქორდებით, რომლებიც მათ ამოვარდნისგან იცავს. თუ ეს ძაფები გაწყდა ან გაიწელა, სარქველი ვეღარ იხურება. ქირურგი დაზიანებულ ქორდებს ცვლის მაღალი გამძლეობის სინთეტიკური ძაფებით, რომლებიც სარქვლის სტაბილურობას აღადგენს.

კომისუროტომია

ეს მეთოდი ბალონური ვალვულოპლასტიკის ქირურგიული ალტერნატივაა. გამოიყენება მაშინ, როდესაც სარქვლის კარედები ერთმანეთზეა შეწებებული და ვეღარ იხსნება. ქირურგი ფრთხილად კვეთს შეწებებულ ადგილებს, რათა სარქველი კვლავ სრულად გაიხსნას.

სარქვლის ჩანაცვლება

თუ სარქველი იმდენად არის დაზიანებული (მაგალითად, ძლიერი კალცინოზის გამო), რომ მისი აღდგენა შეუძლებელია, ხდება მისი ჩანაცვლება ხელოვნური (მექანიკური ან ბიოლოგიური) სარქვლით. ეს შეიძლება განხორციელდეს როგორც ტრადიციული ღია ოპერაციით, ისე მინიმალურად ინვაზიური გზით.

იდეალური პროთეზი უნდა იყოს გამძლე და მთელ სისხლის მიმოქცევის სისტემასთან ჰარმონიულად მუშაობდეს. მას სამი ძირითადი კრიტერიუმით ირჩევენ: გამძლეობით, ფუნქციური მაჩვენებლებით და მედიკამენტების პარალელური გამოყენების საჭიროებით.

მექანიკური სარქველი მაღალი გამძლეობის სინთეტიკური მასალებისგან მზადდება და ექსპლუატაციის ყველაზე ხანგრძლივი ვადა აქვს. წესისამებრ, მექანიკური სარქველი ადამიანს სიცოცხლის ბოლომდე ჰყოფნის, თუმცა ასეთი სარქვლის მქონე პაციენტებმა მთელი სიცოცხლე უნდა მიიღონ სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), რათა სარქვლის მექანიზმზე არ წარმოიქმნას თრომბი, რომელმაც შეიძლება გაჭედოს ის ან გამოიწვიოს ისეთი მძიმე გართულებები, როგორიც ინსულტი ან ინფარქტია.

ბიოლოგიური (ქსოვილოვანი) სარქველი მზადდება ცხოველური წარმოშობის (მაგალითად, ღორის ან ხარის) ქსოვილებისგან, რომლებიც სიმტკიცით და მოქნილობით გამოირჩევა. მათი ჩანერგვისას სისხლის გამათხელებლების ხანგრძლივი მიღება არ არის საჭირო, თუმცა მათი ექსპლუატაციის ვადა არ აღემატება 10-20 წელს. ახალგაზრდა პაციენტისთვის ბიოლოგიური სარქვლის ჩადგმა ნიშნავს, რომ მომავალში მას, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდება.

დონორული სარქველი სხვა ადამიანისგან მიღებული სარქველია. მსოფლიო სამედიცინო პრაქტიკაში მას ხშირად იყენებენ ინფექციური ენდოკარდიტის დროს, რადგან დონორული ქსოვილი ინფექციის მიმართ უფრო შეუვალია. მისი გამძლეობა, ბიოლოგიური სარქვლის მსგავსად, 10-20 წელია.

არჩევანი ყოველთვის ინდივიდუალურია და პაციენტისა და სამედიცინო გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილებით მიიღება. ექიმები ითვალისწინებენ პაციენტის ასაკს, ცხოვრების წესს, თანმხლებ დაავადებებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასეთი ოპერაციები ჩატარდეს სპეციალიზებულ კლინიკებში, რომლებიც აკმაყოფილებენ მკურნალობისა და მოვლის უმაღლეს სტანდარტებს.

ტრანსკათეტერული მეთოდები

თანამედროვე მედიცინა სულ უფრო ხშირად გვთავაზობს მეთოდებს, რომლებიც გულმკერდის გახსნას არ საჭიროებს. ამ დროს გამოიყენება კათეტერი - წვრილი მილი, რომელიც სისხლძარღვის მეშვეობით აღწევს გულამდე. ამ ჯგუფში ორი წამყვანი ტექნოლოგია გამოიყოფა:

1. აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული ჩანაცვლება (TAVR an TAVI)

ეს აორტის სარქვლის სტენოზის (შევიწროების) მკურნალობის რევოლუციური მეთოდია. კათეტერის საშუალებით ახალი, ხელოვნური სარქველი პირდაპირ დაზიანებული სარქვლის შიგნით თავსდება. ის იშლება, ებჯინება ძველ სარქველს და მაშინვე იწყებს ფუნქციონირებას. ამ ტიპის ჩარევა იდეალურია პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ღია ოპერაცია სარისკოა.

2. მიტრალური სარქვლის კლიპირება (Mitral Valve Clip)

ეს მეთოდი გამოიყენება მიტრალური სარქვლის პლასტიკისთვის, როდესაც ის მჭიდროდ არ იხურება. ექიმს კათეტერით გულში შეაქვს პატარა მომჭერი (კლიპი), რომელსაც სარქვლის კარედებზე ათავსებს. კლიპი ერთმანეთთან აერთებს კარედებს, რაც აღმოფხვრის სისხლის უკუდენას. კლიპირება რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ მძიმე მიტრალური რეგურგიტაცია, მაგრამ მათი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ღია ქირურგიული ჩარევის საშუალებას არ იძლევა.

რა მოხდება, თუ მკურნალობაზე უარი ვთქვით?

სარქვლოვანი დაავადება ის მდგომარეობა არ არის, რომლის იგნორირებაც შეიძლება. შესაძლოა, წლების განმავლობაში თავს კარგად გრძნობდეთ, მაგრამ როგორც კი თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში), სინკოპე (გონების დაკარგვა) და დისპნოე (სუნთქვის გაძნელება), სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხარისხი მკვეთრად იკლებს.

სწორი და დროული მკურნალობა ადამიანების უმეტესობისთვის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის საგრძნობ გაუმჯობესებას ნიშნავს.

სტომატოლოგიური რისკები

ერთ-ერთი სპეციფიკური საფრთხე, რომელიც დაზიანებული, აღდგენილი ან ჩანაცვლებული სარქვლის მქონე ადამიანებს ემუქრებათ, არის ინფექციური ენდოკარდიტი - გულის შიგნითა გარსისა და სარქველების მძიმე ინფექციური დაავადება.

ბევრ პაციენტს უკვირს, რატომ ეკითხება კარდიოლოგი კბილების მდგომარეობის შესახებ. მიზეზი სწორედ ინფექციური ენდოკარდიტია: ჩვენს პირის ღრუში უამრავი ბაქტერია ბინადრობს; სტომატოლოგიური მანიპულაციების (მაგალითად, კბილის ამოღების ან ღრძილის გაკვეთის) დროს ბაქტერიები შესაძლოა სისხლში მოხვდნენ. ჯანმრთელი გული მათ ადვილად უმკლავდება, მაგრამ როცა სარქველი დაზიანებულია ან ხელოვნურით არის შეცვლილი, ბაქტერიები შეიძლება მასზე დასახლდნენ და ანთება გამოიწვიონ. ამ მიზეზით არსებობს ანტიბიოტიკების პროფილაქტიკური მიღების პრაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებისთვის:

1. მათთვის, ვისაც უკვე აქვს ხელოვნური (მექანიკური ან ბიოლოგიური) სარქველი;

2. მათთვის, ვინც ინფექციური ენდოკარდიტი უკვე გადაიტანა;

3. მათთვის, ვისაც გადატანილი აქვს სარქვლის აღდგენის ოპერაცია ხელოვნური მასალით.

როდესაც სარქვლის პლასტიკა მხოლოდ საკუთარი ქსოვილებით ტარდება, ანტიბიოტიკის საჭიროება ინდივიდუალურია.

ნებისმიერი სტომატოლოგიური პროცედურის წინ აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომ გაქვთ სარქვლოვანი პათოლოგია ან გადატანილი გაქვთ ოპერაცია გულზე. თქვენმა სტომატოლოგმა და კარდიოლოგმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, გჭირდებათ თუ არა პრევენცია ანტიბიოტიკით.

არითმიის მართვა

იმპლანტირებადი მოწყობილობები

როდესაც გულის ელექტრული სისტემა მწყობრიდან გამოდის და მედიკამენტური თერაპია არ არის საკმარისი, მედიცინა იყენებს მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებს, რომლებიც გულის რიტმის მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს.

კარდიოსტიმულატორი (Pacemaker)

ეს არის პატარა, ელემენტზე მომუშავე მოწყობილობა, რომელიც კანქვეშ (ჩვეულებრივ, ლავიწის ძვლის ქვემოთ) ინერგება. მისი მთავარი დანიშნულებაა, დაეხმაროს გულს, როდესაც ის ზედმეტად ნელა ცემს (ბრადიკარდია).

როგორ მუშაობს: მოწყობილობა მავთულების (ელექტროდების) მეშვეობით უერთდება გულს. ის მუდმივად აკონტროლებს გულისცემას და როგორც კი პაუზას ან შენელებას დააფიქსირებს, გზავნის მცირე ელექტრულ იმპულსს, რომელიც გულს შეკუმშვას აიძულებს.

ვის სჭირდება: მას, ვისაც აქვს გულის ბლოკადა, სინუსური კვანძის სისუსტე ან სხვა ისეთი მდგომარეობა, რომელიც იწვევს თავბრუხვევას, დაღლილობას და გულის წასვლას გულისცემის შენელების გამო.

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (ICD)

ICD გარეგნულად კარდიოსტიმულატორს ჰგავს, თუმცა გაცილებით "ჭკვიანი" და მძლავრია. ის შექმნილია სიცოცხლისთვის საშიში, ზედმეტად სწრაფი რიტმის (ტაქიკარდიის) შესაჩერებლად.

* როგორ მუშაობს: ICD მუდმივად აკვირდება გულის რიტმს. თუ აღმოაჩინა პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან ფიბრილაცია (რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გულის გაჩერება), ახორციელებს ძლიერ ელექტრულ დარტყმას (შოკს), რათა გული გადატვირთოს და ნორმალური რიტმი დაუბრუნოს.

ვის სჭირდება: მას, ვისაც აქვს გულის უეცარი გაჩერების მაღალი რისკი, გადატანილი აქვს მძიმე ინფარქტი ან აწუხებს გულის უკმარისობა.

ICD-ს იმპლანტაცია ღია ოპერაციას უმეტესად არ მოითხოვს, რაც საგრძნობლად აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს. ამჟამად მისი ჩანერგვისთვის უმთავრესად ორი გზა გამოიყენება:

1. სისხლძარღვოვანი (ტრანსვენური) - ექიმი ლავიწის ძვლის ქვემოთ აკეთებს მცირე განაკვეთს, პოულობს ვენას და მისი გავლით ელექტროდები პირდაპირ გულში შეჰყავს. თავად გენერატორი, რომელიც დაახლოებით ჯიბის საათისოდენაა, კანქვეშა ჯიბეში თავსდება;

2. კანქვეშა (S-IC D ) - ეს IC D -ს იმპლანტაციის შედარებით ახალი და ნაკლებად ინვაზიური მეთოდია. გამოიყენება მაშინ, როდესაც სისხლძარღვოვანი გზა პრობლემურია ან ამას პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, მოწყობილობაც და ელექტროდიც კანქვეშ თავსდება. ელექტროდი გადის გულმკერდის ძვლის გასწვრივ, რაც გამორიცხავს სისხლძარღვებზე ჩარევას და ამცირებს გულთან დაკავშირებული გართულებების რისკს.

გულის რესინქრონიზაციული თერაპია (CRT)

გენერატორს, რომელსაც CRT-სთვის იყენებენ, ხშირად სამკამერიან სტიმულატორს უწოდებენ. მოწყობილობა დაახლოებით ჯიბის საათისოდენაა. გამოიყენება მაშინ, როდესაც გულის უკმარისობის გამო მარჯვენა და მარცხენა პარკუჭები სინქრონულად (ერთდროულად) აღარ მუშაობს.

როგორ მუშაობს: ჩღთ მოწყობილობას აქვს სამი ელექტროდი, რომლებიც გულის ორივე პარკუჭს ერთდროულად შეკუმშვას აიძულებს. ეს აუმჯობესებს გულის ტუმბოს ფუნქციას და ამცირებს ქოშინს.

ვის სჭირდება: პაციენტებს, რომლებსაც აქვთ გულის მძიმე უკმარისობა და რიტმის სპეციფიკური დარღვევები.

ცხოვრება იმპლანტით

იმპლანტის ჩანერგვის შემდეგ პაციენტები აგრძელებენ სრულფასოვან ცხოვრებას, თუმცა მცირე შეზღუდვებით. კერძოდ, უნდა ერიდოთ:

* ძლიერ მაგნიტურ ველებს, მაგალითად, MRI-ს (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) აპარატს, თუ მოწყობილობა სპეციალურად არ არის ამისთვის ადაპტირებული;

* უსაფრთხოების კონტროლის სისტემებს, აეროპორტებსა თუ მაღაზიებში დეტექტორთან დიდხანს ნუ გაჩერდებით. ყოველი შემთხვევისთვის თან იქონიეთ პაციენტის საიდენტიფიკაციო ბარათი.

* მობილური ტელეფონის გულთან ახლოს მიტანას. რეკომენდებულია მისი დაჭერა მოწყობილობის საპირისპირო მხარეს.

მოწყობილობის ელემენტი, როგორც წესი, 5-დან 15 წლამდე ძლებს, რის შემდეგაც ტარდება მცირე ქირურგიული პროცედურა მის შესაცვლელად.

***

შინ დაბრუნება - გზამკვლევი ოპერაციის შემდგომი პერიოდისთვის

საავადმყოფოდან გაწერა დიდი შვებაა, თუმცა პირველი კვირები შინ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. გამოჯანმრთელების პროცესი გაურთულებლად რომ წარიმართოს, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

1. ჭრილობის მოვლა

ჭრილობა ყოველდღე უნდა შემოწმდეს. სუსტი ქავილი ან მგრძნობელობის მომატება ნორმალურია, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ შეამჩნიეთ:

  • ჭრილობის კიდეების დაცილება;
  • გაძლიერებული სიწითლე ან სიმხურვალე;
  • ჭრილობიდან გამონადენი.

შხაპის მიღება, წესისამებრ, ნებადართულია (თუ ექიმმა რაიმე მოსაზრებით არ აგიკრძალათ), მაგრამ მოერიდეთ ძალიან ცხელ წყალს. აბაზანას ჭრილობის სრულ შეხორცებამდე ნუ მიიღებთ. გამოიყენეთ მხოლოდ რბილი საპონი და წყალი ― ნურც სხეულის მოვლის საშუალებებს, ნურც მალამოს ექიმის ნებართვის გარეშე ნუ წაისვამთ.

2. ფიზიკური აქტიურობა

ოპერაციის შემდეგ გული და მასთან ერთად მთელი ორგანიზმი თანდათან უნდა დაუბრუნდნენ ადრინდელ დატვირთვას.

* თუ ჩაგიტარდათ ღია ოპერაცია მკერდის ძვლის გაკვეთით, პირველი 6-8 კვირის განმავლობაში ნუ ასწევთ 4-5 კგ-ზე მძიმე ტვირთს. ერიდეთ მიწოლას და მკლავების მკვეთრ მოძრაობებს. მინიინვაზიური ჩარევის შემდეგ რეაბილიტაცია უფრო სწრაფად მიმდინარეობს, მაგრამ ინდივიდუალური რეკომენდაციები მკურნალი ქირურგისგან მაინც უნდა მიიღოთ.

* სიარული საუკეთესო წამალია. დაიწყეთ მოკლე მანძილზე გადაადგილებით სახლშივე და ნელ-ნელა გაზარდეთ დისტანცია. მიზანია ყოველდღიური ზომიერი აქტივობა დაღლილობის გარეშე.

* კიბეზე ასვლა ნებადართულია, ოღონდ ადით ნელა და საჭიროების შემთხვევაში შეისვენეთ.

3. ძილი და დასვენება

ბევრ პაციენტს ოპერაციის შემდეგ უძილობა აწუხებს. ეს ნორმალურია.

  • თუ გულმკერდის არეში დისკომფორტს გრძნობთ, სცადეთ ზურგზე ძილი ან გამოიყენეთ დამატებითი ბალიშები.
  • ერიდეთ დღისით დიდხანს ძილს, რათა ღამის რეჟიმი არ დაგერღვეთ.

4. კვება და მედიკამენტები

ოპერაციის შემდგომ პერიოდში ორგანიზმი დამატებით ხარჯავს ენერგიას შეხორცებისა და აღდგენისთვის, ამიტომ სრულფასოვანი კვება აუცილებელია.

  • მიიღეთ მეტი ცილა, ბოსტნეული და ხილი.
  • თუ მადა არ გაქვთ, ჭამეთ მცირე ულუფებით, მაგრამ ხშირად.
  • არ შეცვალოთ მედიკამენტის დოზა და, მით უმეტეს, არ შეწყვიტოთ წამლის მიღება თვითნებურად. გამოიყენეთ სპეციალური აბების კონტეინერი, რათა არცერთი მიღება არ გამოგრჩეთ.

5. ემოციური მდგომარეობა

ოპერაციის შემდეგ ხშირია განწყობის ცვალებადობა, მოწყენილობა ან შფოთვა. ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ეს ემოციური რყევები გამოჯანმრთელების პროცესის ბუნებრივი ნაწილია და თანდათან გაივლის.

როდის უნდა დაურეკოთ ექიმს დაუყოვნებლივ?

მაშინ, როდესაც:

  • ტემპერატურა აღემატება 38°C-ს;
  • მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი შესამჩნევად ქოშინებთ;
  • გულმკერდის არეში ტკივილი იმატებს და ის ჭრილობის ტკივილს არ ჰგავს;
  • ამჩნევთ წონის სწრაფ მატებას (1-2 კგ ორ დღეში) ― ეს შესაძლოა ორგანიზმში სითხის შეკავებაზე მიანიშნებდეს.

კარდიორეაბილიტაცია

კარდიორეაბილიტაცია არის სპეციალურად შემუშავებული, სამედიცინო მეთვალყურეობით მიმდინარე პროგრამა. მისი მიზანია გულის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება ინფარქტის ან გულის ოპერაციის შემდეგ, ასევე ― გულის ქრონიკული დაავადების დროს.

რეაბილიტაციის პროგრამა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურად დგება. მის შედგენაში მონაწილეობენ კარდიოლოგი, რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტი, ნუტრიციოლოგი, ფსიქოკონსულტანტი. პროგრამა, სულ მცირე, სამთვიანია.

რეაბილიტაციის პროცესი ეტაპებად იყოფა:

I (სტაციონარული) ეტაპი ჯერ კიდევ საავადმყოფოში ყოფნისას იწყება. აქცენტი დაისმის მსუბუქ მობილობასა და პაციენტის განათლებაზე.

II (ადრეული ამბულატორიული) ეტაპი იწყება საავადმყოფოდან გაწერიდან მცირე ხნის შემდეგ. ეს არის სპეციალისტის მეთვალყურეობით მიმდინარე აქტიური ვარჯიშის ეტაპი.

III (ხანგრძლივი ამბულატორიული/შენარჩუნების) ეტაპი დამოუკიდებელი ვარჯიშის ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს მიღწეული შედეგების მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენარჩუნებას.

მიზნები

რეაბილიტაციის მთავარი მიზნებია:

* გართულებების პრევენცია ― ამცირებს გულის განმეორებითი პრობლემებისა და ჰოსპიტალიზაციის რისკს;

* სიმპტომების შემსუბუქება ― ამცირებს ტკივილსა და ქოშინს;

* ცხოვრების ხარისხის ამაღლება ― საშუალებას აძლევს პაციენტს, დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას, ზრდის მის ფიზიკურ გამძლეობას, ამაღლებს განწყობას;

* სიკვდილიანობის შემცირება ― კვლევები აჩვენებს, რომ რეაბილიტაციის პროგრამის გავლის შემდეგ მნიშვნელოვნად იზრდება გადარჩენის შანსი ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ინდივიდუალური პროგრამის შედგენამდე რეაბილიტაციის ცენტრის სპეციალისტები გამოკვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებენ მკურნალობის გეგმას, განსაზღვრავენ ფიზიკური დატვირთვის უსაფრთხო ზონებს და დასახავენ მოკლე― და გრძელვადიან მიზნებს გულის ჯანმრთელობისთვის.

რეაბილიტაციის პროცესის განმავლობაში პერსონალი მუდმივად მეთვალყურეობს თითოეულ პაციენტს. ვარჯიში იწყება ნელი ტემპით, ინსტრუქციების მკაცრი დაცვით. თანდათან პაციენტს გამძლეობა და თავდაჯერება ემატება. დატვირთვის ინტენსივობა და ხანგრძლივობაც ეტაპობრივად იმატებს. უსაფრთხოების მიზნით ვარჯიშის დროს სპეციალისტები რეგულარულად ამოწმებენ პულსსა და არტერიულ წნევას.

მთავარი მიმართულებები

ვარჯიშები ირჩევა ინდივიდუალურად და მოიცავს:

* აერობულ დატვირთვას ― სიარულს, სტაციონარულ ველოსიპედზე ან ელიფსურ ტრენაჟორზე მუშაობას;

* კუნთების გასაძლიერებელ ვარჯიშებს მცირე სიმძიმეებით, ელასტიკური ლენტებით;

* გაწელვებს ან იოგას მოქნილობის გასაუმჯობესებლად.

გარდა ფიზიკური აქტიურობისა, კარდიორეაბილიტაცია გულისხმობს გულისათვის სასარგებლო კვებას, სტრესის მართვას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას, მავნე ჩვევებზე (თამბაქოსა და სხვა ნივთიერებების მოხმარებაზე) უარის თქმას, მედიკამენტების სწორ გამოყენებას, წნევის, ქოლესტეროლისა და შაქრის კონტროლს.

რისკები

ისევე როგორც ყოველგვარ ფიზიკურ აქტიურობას, რეაბილიტაციასაც ახლავს მინიმალური რისკი. ძალიან იშვიათად ვარჯიში იწვევს ტრავმას ან გულის რიტმის დარღვევას, მაგრამ ვინაიდან სარეაბილიტაციო ღონისძიებები პროფესიონალების მეთვალყურეობით ტარდება, ნებისმიერი გართულების შემთხვევაში დახმარება მყისიერია. სპეციალისტები მუდმივად აკონტროლებენ პაციენტის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში აკორექტირებენ დატვირთვას.

სარგებელი

კვლევები მოწმობს, რომ კარდიორეაბილიტაციის პროგრამის გავლა დაახლოებით 5 წლით ახანგრძლივებს სიცოცხლეს და მნიშვნელოვნად ამცირებს რისკებს. კარდიორეაბილიტაციის შემდეგ:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობა იკლებს 58%-ით;
  • განმეორებითი ინფარქტის ალბათობა ― 30%-ით;
  • ინსულტის ალბათობა ― 60%-ით;
  • დეპრესიის სიმპტომები ― 63%-ით.

გახსოვდეთ, რეაბილიტაცია არ არის მხოლოდ ფიზიკური ვარჯიში ― ეს არის უფრო გაცნობიერებული და ჯანსაღი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა. ოპერაციის შემდგომი პერიოდის სწორად მართვით თქვენი გული ახალ შესაძლებლობებს იღებს.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Поделитесь: