ფერთა შეხამების ხელოვნება - ჰარმონიული სტილის გზამკვლევი
Поделитесь:
ფერი ის არის, რასაც ჩვენი ტვინი აღიქვამს, ვიდრე სამოსის დიზაინს, ბრენდს ან ფაქტურას შევამჩნევდეთ, ამიტომ ფერთა შეხამების ხელოვნება ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია მოდის სამყაროში – მას შეუძლია, უბრალო ჩაცმულობა დახვეწილ, თვალში საცემ ლუქად აქციოს ან, პირიქით, ვიზუალური ბალანსი დაარღვიოს და სამოსის ღირსებები გააუფერულოს.
ბევრს ჰგონია, რომ ფერების შეხამება მხოლოდ თანდაყოლილ გემოვნებასა და ალღოზეა დამოკიდებული, მაგრამ სტილის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჰარმონიული ლუქის შექმნა განსაზღვრულ პრინციპებსა და ოპტიკურ კანონზომიერებებს ემყარება. ეს პრინციპები არ ზღუდავს ინდივიდუალობას, პირიქით, ფერების უფრო გააზრებულად და ეფექტურად გამოყენებაში გვეხმარება.
ფერთა იერარქია
ფერთა შეხამება შემთხვევითობაზე არ არის დაფუძნებული – მისი ამოსავალი პრინციპებია ფერთა წრე, ტონალური ბალანსი, კონტრასტისა და ჰარმონიის სწორი თანაფარდობა, თუმცა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდუალური და ცვლადი ფაქტორებიც: კანის, თმისა და თვალის ფერი, წელიწადის დრო, დღე-ღამის მონაკვეთი და ის განწყობა, რომლის გამოხატვაც გვინდა ჩვენი ჩაცმულობით.
იდეალური კომბინაციების შესარჩევად საუკეთესო ორიენტირია კლასიკური ფერთა ბორბალი. ის გვეხმარება, არა ინტუიციაზე დაყრდნობით, არამედ გააზრებულად ვიპოვოთ ფერთა ურთიერთკავშირი. ბორბლის საფუძველს წარმოადგენს სამი ფერი: წითელი, ლურჯი და ყვითელი, რომლებსაც ძირითად ფერებს უწოდებენ, რადგან ისინი სხვა ფერების შერევით არ მიიღება. ძირითადი ფერების შერევით ვიღებთ მეორეულ ფერებს: ნარინჯისფერს (წითელს + ყვითელი), მწვანეს (ყვითელს + ლურჯი) და იისფერს (ლურჯს + წითელი). მესამეული ფერები კი ძირითადი და მეორეული ფერების შერევით მიღებული ტონებია, – მაგალითად, მოწითალო-ნარინჯისფერი, მოლურჯო-მწვანე ან მოყვითალო-მწვანე, – რომელთა სიმრავლე ფერთა უსასრულო არჩევანს გვიშლის თვალწინ.
გარდა ამისა, ფერთა გამა რამდენიმე ოჯახად იყოფა:
თბილი და ცივი ფერები
თბილი ფერები (წითლი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მათი თბილი ელფერები) ენერგიასა და სიცოცხლეს ასხივებს, ხოლო ცივი (ლურჯი, მწვანე, იისფერი, მათი ცივი ელფერები) სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდას აღძრავს. სპეციალისტების შეფასებით, ლუქი განსაკუთრებით ჰარმონიულია, როდესაც მასში მხოლოდ თბილ ან მხოლოდ ცივ ფერთა პალიტრაა გამოყენებული, რაც ვიზუალურად დაბალანსებულ და დასრულებულ სლუეტს ქმნის, თუმცა სწორად შერჩეული აქცენტებით შესაძლებელია თბილი და ცივი ფერების კომბინაციაც, მაგალითად, თუ ერთი მათგანი დომინანტია.
ნეიტრალური ფერები
თეთრი, შავი, ნაცრისფერი, ბეჟი, მუქი ლურჯი (Navy Blue) და შოკოლადისფერი ნებისმიერი გარდერობის საფუძველია. ეს ფერები ადვილად ერწყმის თითქმის ყოველგვარ ტონს, ვიზუალურად აბალანსებს როგორც მკვეთრ, ისე პასტელურ ფერებს, იშვიათად ემორჩილება დროებით ტრენდებს და იდეალურია როგორც ყოველდღიური, ისე ოფიციალური ჩაცმულობისთვის.
პასტელური ფერები
ბაცი ვარდისფერი, ბაცი მწვანე, ბაცი ცისფერი, ბაცი ყვითელი, ლავანდისფერი, ატმისფერი სიმსუბუქეს და სინაზეს სძენს ჩაცმულობას. ეს ფერები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის მშვიდ და ჰარმონიულ ვიზუალურ ბალანსს.
ფერთა ძირითადი კომბინაციები
სტილის ექსპერტები ფერთა კომბინირებისას რამდენიმე კლასიკურ მოდელს იყენებენ, რომლებიც ფერთა ბორბლის პრინციპებს ეფუძნება და მარტივად რეალიზდება პრაქტიკაში.
ანალოგიური
ფერთა ბორბალზე თითოეულ ფერს ორი ან მეტი ანალოგიური ფერი აქვს. ეს სქემა სწორედ ერთმანეთის მეზობლად მდებარე 2-3 ფერის გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც ბუნებრივად გადადის ერთმანეთში. ასეთებია, მაგალითად, ლურჯი, მოლურჯო-მომწვანო და მწვანე, წითელი, მოწითალო-ნარინჯისფერი და ნარინჯისფერი.
მეზობელი ფერების კომბინაცია ქმნის დაბალანსებულ და ჰარმონიულ ეფექტს, რადგან ეს ფერები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ფერთა ასეთი პალიტრა ხშირად ასოცირდება სიმშვიდესთან, ელეგანტურობასთან, დახვეწილ მინიმალიზმთან, იდეალურია როგორც ყოველდღიური, ისე საქმიანი, როგორც მინიმალისტური, ისე რომანტიკული სტილის ჩაცმულობისთვის.
მონოქრომული
მონოქრომული ლუქი მხოლოდ ერთი ფერის გამოყენებას ან ერთი ფერის სხვადასხვა ტონალობის ჰარმონიულ შერწყმას გულისხმობს. მაგალითად, მუქი ლურჯის, ცისფრისა და ფოლადისფერი ლურჯის.
ასეთი კომბინაცია ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს და დახვეწილობას, ელეგანტურობას, ჰარმონიულობას ანიჭებს იმიჯს.
საუკეთესოა ოფიციალური და საქმიანი შეხვედრებისთვის, მოეწონებათ მინიმალისტური ესთეტიკის მოყვარულებს.
ერთფეროვანმა პალიტრამ ლუქი მოსაწყენი რომ არ გახადოს, სტილისტები სხვადასხვა ფაქტურის – გლუვი, პრიალა, ნაქსოვი, აბრეშუმის – ქსოვილების გამოყენებას გვირჩევენ.
კომპლემენტარული
კომპლემენტარული კომბინაცია ეფუძნება ფერთა წრეზე ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარე, განსხვავებული ფერების შერწყმას. კლასიკური წყვილებია: ლურჯი და ნარინჯისფერი, წითელი და მწვანე, იისფერი და ყვითელი.
ამგვარი შეხამება ქმნის მკვეთრ ვიზუალურ კონტრასტს, რის გამოც ლუქი უფრო ენერგიული და კაშკაშა ხდება. სწორად გამოყენების შემთხვევაში საპირისპირო ფერები აძლიერებს ერთმანეთის ინტენსივობას და გამოკვეთილ ინდივიდუალობას სძენს ჩაცმულობას.
სტილის სპეციალისტები გვირჩევენ, ამგვარ კომბინაციაში ერთი ფერი იყოს დომინანტი (მაგალითად, ლურჯი პიჯაკი), ხოლო მეორე – აქცენტური (მაგალითად, ნარინჯისფერი ჩანთა, შარფი ან ფეხსაცმელი).
კომპლემენტარული პალიტრა საუკეთესო არჩევანია: თანამედროვე, თამამი და ექსპრესიული იმიჯის შესაქმნელად; განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როცა ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურთ; შემოქმედებითი განწყობის გამოსახატავად.
ტრიადული
ტრიადული კომბინაცია ფერთა ბორბალზე ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული სამი ტონის ერთობლიობაა (მაგალითად: წითელი, ლურჯი, ყვითელი; მწვანე, ნარინჯისფერი, იისფერი).
ეს კომბინაცია ერთსა და იმავე დროს ბალანსსაც უზრუნველყოფს და კონტრასტსაც. შედეგად ვიღებთ ცოცხალ, ენერგიულ და თანამედროვე იმიჯს. თუმცა ასეთი შეხამება ზომიერებას მოითხოვს, რადგან ფერების სიჭარბემ შესაძლოა ვიზუალური ქაოსი შექმნას.
სტილის ექსპერტები გვირჩევენ, ტრიადული ლუქის აწყობისას ერთი ფერი დომინანტად გამოვიყენოთ, დანარჩენი ორი კი აქცენტური დეტალის სახით.
ეს კომბინაცია განსაკუთრებით შესაფერისია კრეატიული, ახალგაზრდული და სეზონური ლუქებისთვის, განსაკუთრებით – გაზაფხულისა და ზაფხულის ჩაცმულობაში.
აქსესუარი – ფერთა დამაკავშირებელი ხიდი
ჩანთა, ფეხსაცმელი, სამკაული და შარფი ხშირად სხვადასხვა ფერის დამაკავშირებელი ელემენტის როლს ასრულებს. აქსეუსუარის ფერს შეუძლია, დააბალანსოს ჩაცმულობა ან, პირიქით, ახალი ენერგია და ხასიათი შესძინოს მას.
მაგალითად, ყავისფერი ქამარი ჰარმონიულად აკავშირებს ლურჯ კაბასა და ყავისფერ ფეხსაცმელს. თუ ლურჯი შარვალი და ყავისფერი პალტო გაცვიათ, აბრეშუმის შარფი, რომლის პრინტშიც ორივე ფერია გამოყენებული, ერთიანობას შესძენს თქვენს იმიჯს. თუ ფეხსაცმელზე მწვანე დეტალია, მწვანე საყურე ან ჩანთა ამ ფერს მთელ სილუეტზე გაანაწილებს და ლუქს უფრო დასრულებულ იერს მისცემს.
თანამედროვე მოდაში აღარ არის აუცილებელი, ჩანთა და ფეხსაცმელი ზუსტად ერთი ფერისა იყოს. პირიქით, უფრო მოდურად მიიჩნევა, როდესაც ისინი ერთმანეთს ტონალობით, ტექსტურით ან პრინტის დეტალებით ეხამებიან.
თუ გსურთ, თქვენი სამოსი უფრო ელეგანტურად აღიქმებოდეს, გამოიყენეთ მის ფერზე ერთი ტონით მუქი ან ბაცი აქსესუარები (მონოქრომული მოდელი). ეს სიღრმეს შესძენს ტანსაცმლის ფერებს, ვიზუალურად ჰარმონიული და დახვეწილი სტილის შთაბეჭდილებას შექმნის.
პროპორციის ხელოვნება: 60\30\10 წესი
ფერთა თეორიის, ფერთა ოჯახებისა და საკუთარი ფერის ტიპის ცოდნა იდეალურ საფუძველს ქმნის ვიზუალურად დაბალანსებული და ჰარმონიული ლუქის შესარჩევად, თუმცა დახვეწილი იმიჯის საიდუმლოს გასაღები არა ტონების შერჩევა, არამედ მათი პროპორციული განაწილებაა. სტილის ექსპერტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ეფექტური პრინციპია 60\30\10:
* 60% – დომინანტი ფერი. ის ლუქის საფუძველია, ყველაზე დიდ ვიზუალურ სივრცეს იკავებს და საერთო განწყობას განსაზღვრავს. დომინანტი შეიძლება იყოს როგორც ნეიტრალური (ბეჟი, ნაცრისფერი, მუქი ლურჯი), ისე თამამი და თვალში საცემი ფერიც (მაგალითად, წითელი, მწვანე ან ლურჯი). მთავარია, დანარჩენი ფერები მას ჰარმონიულად აბალანსებდეს. დომინანტი ფერისა შეიძლება იყოს პალტო, პიჯაკი და შარვალი, კაბა.
* 30% – მეორეული ფერი. ეს ფერი ავსებს დომინანტს და სიღრმესა და დინამიკას სძენს ლუქს. ამ ფერის შეიძლება იყოს პერანგი, ფეხსაცმელი ან ქვედაკაბა. თუ დომინანტი ფერი მკვეთრია, მეორეული ფერით შეიძლება მისი დაბალანსება, ხოლო თუ ნეიტრალურია, მეორეული ფერი იდეალურად გამოაცოცხლებს ლუქს.
* 10% – აქცენტური ფერი: აქ შეგიძლიათ, სრული თავისუფლება გამოამჟღავნოთ. კონტრასტის მცირე დოზა ლუქს სრულყოფს და ხაზს გაუსვამს თქვენს ინდივიდუალობას. აქცენტის როლს შესანიშნავად ასრულებს ჩანთა, შარფი, სამკაული, თუნდაც ტუჩსაცხი.
ფერთა შეხამების წესები არა მკაცრი სახელმძღვანელო, არამედ ერთგვარი გზამკვლევია თქვენი შემოქმედებითი ნიჭისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოდის ტენდენციები შთაგონების მუდმივი წყაროა, უმთავრესი მაინც ფერთა ინდივიდუალური პალიტრის შექმნაა. ჩაცმულობა მაშინ არის ეფექტური, როდესაც ფერები არა მხოლოდ ერთმანეთს ავსებს, არამედ იდეალურად ერგება თქვენს პერსონალურ ტიპაჟს და ქმნის ზუსტად იმ განწყობას, რომლის გადმოცემაც გსურთ.
ჯილდა გაჩეჩილაძე







