კვების როლი წყლულოვანი დაავადებების მართვის პროცესში
Поделитесь:
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება განსაკუთრებით მგრძნობიარეა კვების მიმართ. არასწორად შერჩეულმა რაციონმა შესაძლოა გააძლიეროს ტკივილი და დისკომფორტი, სწორად დაგეგმილმა კი შეამსუბუქოს სიმპტომები და ხელი შეუწყოს ლორწოვანის სწრაფ აღდგენას.
თანამედროვე მიდგომით, წყლულოვანი დაავადების დროს აქცენტი დაისმის არა მკაცრ დიეტაზე, არამედ დაბალანსებულ რაციონზე, რომელიც არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს და, იმავდროულად, აუცილებელი საკვები ნივთიერებებითაც უზრუნველყოფს ორგანიზმს.
როგორ შევარჩიოთ პროდუქტები? რა სიხშირით ვიკვებოთ? როგორ ავიცილოთ თავიდან სიმპტომების გამწვავება და შევუწყოთ ხელი ლორწოვანის აღდგენას? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ექიმ გასტროენტეროლოგ-ენდოსკოპისტს, ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციისა და ევროპის კრონისა და წყლულოვანი კოლიტის ასოციაციის წევრ ნათია რაზმაძეს მივმართეთ.
– რა არის და როგორ ვითარდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული?
– კუჭი გამოიმუშავებს მარილმჟავას, რომელიც აუცილებელია საჭმლის მოსანელებლად და პათოგენური მიკროორგანიზმების გასანადგურებლად. იმისთვის, რომ მჟავამ თავად კუჭის კედელი არ დააზიანოს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტი დაფარულია ლორწოვანი გარსით. ლორწოვანის დაცვით თვისებებს უზრუნველყოფს ლორწოსა და ბიკარბონატის ფენა, სისხლის ადეკვატური მიმოქცევა და ეპითელური რეგენერაციის უნარი.
წყლულოვანი დაავადება ვითარდება, როდესაც ირღვევა ბალანსი კუჭის აგრესიულ ფაქტორებსა და ლორწოვანი გარსის დამცავ მექანიზმებს შორის. მაგალითად, როცა ამა თუ იმ მიზეზით (ბაქტერია, მედიკამენტები, სტრესი) დამცავი ბარიერი სუსტდება (ლორწოს ფენა თხელდება), მარილმჟავა და ფერმენტი პეპსინი აღწევს დაუცველ უბნებში და აზიანებს ქსოვილს, რაც იწვევს ეპითელიუმის მთლიანობის დარღვევას და წყლულის ფორმირებას.
თავდაპირველად შესაძლოა განვითარდეს ლორწოვანის ზედაპირული დაზიანება – ეროზია. პროცესის პროგრესირების შემთხვევაში ყალიბდება ღრმა დეფექტი – წყლული.
წყლულოვანი დაავადების შემთხვევათა 70-90%-ში ბრალი მიუძღვის ორ ძირითად ფაქტორს:
* Helicobacter pylori-თ ინფიცირებას. ეს მიკროორგანიზმი შესაძლოა ათეულობით წლის განმავლობაში ცხოვრობდეს კუჭის ლორწოვან გარსში კლინიკური სიმპტომების გარეშე. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ბაქტერია იწყებს ლორწოვანის აქტიურ დაზიანებას და ქრონიკულ ანთებას, რომელსაც იმუნური სისტემა ვეღარ უმკლავდება.
* ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (NSAIDs) ხანგრძლივი გამოყენება. აცეტილსალიცილის მჟავას, იბუპროფენის, დიკლოფენაკისა და მსგავსი პრეპარატების ხშირი და ხანგრძლივი გამოყენებისას იბლოკება იმ ნივთიერებების სინთეზი, რომლებიც აუცილებლია კუჭის ლორწოვანი გარსის აღსადგენად. მათი დეფიციტი ამცირებს ლორწოვანის დაცვით შესაძლებლობებს და ზრდის წყლულის განვითარების რისკს.
ძლიერი ფსიქოემოციური სტრესი, მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დამოუკიდებელ მიზეზებად არ მიიჩნევა, თუმცა ამ ფაქტორების გავლენა ზრდის კუჭის მჟავიანობას, აძლიერებს ანთებით პროცესს, ამწვავებს კლინიკურ სიმპტომებს და აფერხებს დაზიანებული ლორწოვანის შეხორცებას.
– რა მნიშვნელობა აქვს კვების სწორ ჩვევებს?
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს უშუალო კონტაქტი აქვს საკვებთან, რის გამოც კვებითი ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კუჭის სეკრეციულ აქტივობასა და ლორწოვანის გაღიზიანების ხარისხზე.
წყლულოვანი დაავადების დროს კვება ერთდროულად სამ ფუნქციას ასრულებს: დამცავს, თერაპიულს და მაპროვოცირებელს. სწორად დაგეგმილი დიეტა არეგულირებს მჟავიანობას, ამცირებს ლორწოვანის ქიმიურ და მექანიკურ გაღიზიანებას, ხელს უწყობს დაზიანებული უბნების შეხორცებას და რეგენერაციას. ამასთან, დაბალანსებულ კვებას პირდაპირი კავშირი აქვს ორგანიზმში საერთო ანთებითი ფონის შემცირებასთან, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების სტაბილიზაციასა და რემისიის შენარჩუნებაში.
ამრიგად, წყლულოვანი დაავადების მართვა ყოველთვის კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს: მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად ინდივიდუალურად მორგებულ კვებით სტრატეგიას.
– შესაძლოა თუ არა, საკვებმა ხელი შეუწყოს წყლულის ფორმირებას?
– საკვები დამოუკიდებლად არ განიხილება წყლულის ეტიოლოგიურ ფაქტორად, მაგრამ არასწორ კვებას შეუძლია დაავადების მიმდინარეობის დამძიმება, გამწვავების პროვოცირება, სიმპტომების გაძლიერება.
მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული უმეტესად ვლინდება ეპიგასტრიუმის არეში (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანატომიური საპროექციო ზონა მუცლის ზედა ნაწილში) წვისებრი ან მჭრელი ტკივილით, რომელიც ხშირად დაკავშირებულია კვებასთან: ძლიერდება შიმშილის დროს ან საკვების მიღების შემდეგ.
წყლულს ხშირად თან ახლავს გულძმარვა, შებერილობის შეგრძნება, ადრეული დანაყრება, ზოგიერთ შემთხვევაში – გულისრევა და ცალკეული პროდუქტების აუტანლობა. აღსანიშნავია, რომ სიმპტომების სიმძიმე და სიხშირე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კვების რეჟიმსა და მიღებული საკვების ტიპზე.
– წყლულის მართვის პროცესში რომელი საკვები ასრულებს დამცავ როლს და რომელი – მაპროვოცირებელს?
– წყლულოვანი დაავადების დროს კვებითი სტრატეგიის მთავარი მიზანია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის მაქსიმალური დაცვა როგორც ქიმიური, ისე მექანიკური გაღიზიანებისგან.
სიმპტომებს ამსუბუქებს
– დამზოგავად მოქმედებს საკვები, რომელიც არ ასტიმულირებს მჟავას ჭარბ სეკრეციას და ადვილი მოსანელებელია. ასეთია:
* თერმულად დამუშავებული ბოსტნეული;
* ფაფისებური ან ნახევრად თხევადი კერძები (შვრიის ფაფა, ბრინჯის ნახარში);
* დაბალცხიმიანი ცილოვანი პროდუქტები – მოხარშული ქათამი, ინდაური, თევზი;
* არამჟავე რძის პროდუქტები (მათ მიმართ ინდივიდუალური ტოლერანტობის გათვალისწინებით);
* ზომიერი რაოდენობით – მარცვლეული და ბოჭკო, განსაკუთრებით – რემისიის პერიოდში.
უჯრედთა აღდგენისა და ქსოვილთა რეგენერაციისთვის აუცილებელია ორგანიზმის საკმარისი ცილით, ვიტამინებითა და მინერალებით უზრუნველყოფა.
ანტიოქსიდანტებით, სხვა ბიოაქტიური ნაერთებით (ფლავონოიდებით, ომეგა-3-ით) და ბოჭკოთი (თერმულად დამუშავებული ბოსტნეულის სახით) მდიდარი რაციონი უზრუნველყოფს ოქსიდაციური სტრესის შემცირებას და ანთებითი პროცესის რეგულირებას, რითაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ლორწოვანი გარსის ფუნქციური და სტრუქტურული აღდგენისთვის.
სიმპტომებს ამწვავებს
– კუჭის მჟავას სეკრეციას განსაკუთრებით აძლიერებს და ლორწოვანი გარსის დამცავი მექანიზმების ეფექტიანობას ამცირებს:
* ცხარე, ძლიერ შესუნელებული კერძები;
* ძალიან ცხიმიანი (მათ შორის – ცხიმში შემწვარი) საკვები;
* ალკოჰოლური სასმელები;
* მაგარი ყავა;
* გაზიანი სასმელები;
* მჟავე და ძალიან მარილიანი საკვები;
* უხეში, დაუმუშავებელი ბოჭკო (განსაკუთრებით – დაავადების მწვავე ფაზაში);
* მაღალპროცესირებული საკვები, მათ შორის – შებოლილი ხორცპროდუქტები და სწრაფი კვების პროდუქტები.
ჩამოთვლილი საკვების მიღება წყლულოვანი დაავადების ფონზე ხშირად იწვევს ტკივილს, წვას და გამოხატულ დისკომფორტს.
თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ რეაქცია ინდივიდუალურია: საკვები, რომელიც ერთ პაციენტს უმძიმებს სიმპტომებს, მეორემ შესაძლოა კარგად გადაიტანოს. შესაბამისად, კვებითი რეკომენდაციები უნდა იყოს პერსონალიზებული, მორგებული დაავადების ფაზას (მწვავე პერიოდია თუ რემისია) და პაციენტის ინდივიდუალურ ტოლერანტობას.
კვების რეჟიმი
– წყლულოვანი დაავადების დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვჭამთ, არამედ ისიც, როგორ ვჭამთ და რა ინტერვალებით. კვების სიხშირე პირდაპირ გავლენას ახდენს კუჭის მჟავას სეკრეციაზე, მოტორულ აქტივობასა და ლორწოვანი გარსის ფუნქციურ დატვირთვაზე.
ჭამიდან ჭამამდე ხანგრძლივი ინტერვალები ზრდის კუჭში მჟავას კონცენტრაციას, რის გამოც დაზიანებული ლორწოვანი კიდევ უფრო აგრესიულ ზემოქმედებას განიცდის და ტკივილი ძლიერდება.
ეს მექანიზმი განსაკუთრებით აქტუალურია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. ამიტომ არის, რომ ტკივილი ხშირად იჩენს თავს მშიერ კუჭზე. ამისგან თავის დასაზღვევად რეკომენდებულია ფრაქციული კვება – რეგულარული კვება ხანმოკლე ინტერვალებით, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ასეთი რეჟიმი უზრუნველყოფს მჟავიანობის შედარებით სტაბილურ დონეს, ამცირებს ლორწოვანის გაღიზიანებას და ხელს უწყობს მისი რეგენერაციის გააქტიურებას.
ულუფები, უმჯობესია, მცირე მოცულობისა იყოს (დაახლოებით 200-250 მლ-ის ეკვივალენტი), რათა კუჭი ზედმეტად არ გაიბეროს. გაბერვისას კედლები იჭიმება, რის გამოც ტკივილი იმატებს და ხელი ეშლება წყლულოვანი დეფექტის შეხორცებას. რეკომენდებული ინტერვალი 3 საათია.
საყურადღებოა საკვებისა და სასმლის ტემპერატურაც. ლორწოვანი გარსის ოპტიმალური სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად და ფუნქციური სტაბილურობისთვის საკვები უნდა იყოს თბილი, ოთახის ტემპერატურასთან ახლოს. არ არის რეკომენდებული მეტისმეტად ცხელი ან ცივი (60°C-ზე მაღალი და 15°C-ზე დაბალი ტემპერატურის) საკვების მიღება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესია საკვების დაქუცმაცება. საფუძვლიანად დაღეჭილი ლუკმა ამცირებს კუჭის მექანიკურ დატვირთვას. გამწვავების პერიოდში მიზანშეწონილია პიურესებრი ან ნახევრად თხევადი კონსისტენციის საკვების მიღება.
ნუ გამოტოვებთ საუზმეს და ნუ შეჭამთ დაძინებამდე 2-3 საათის განმავლობაში – გვიანი კვება ზრდის ღამით მჟავას სეკრეციას, რამაც შესაძლოა ტკივილისა და დისკომფორტის გაძლიერება გამოიწვიოს.
მიირთვით მშვიდად, ნელა – დინჯი ტრაპეზი ხელს უწყობს საჭმლის მონელების ფიზიოლოგიურ პროცესებს და ამცირებს სიმპტომების პროვოცირების რისკს.
ინდივიდუალური ტოლერანტობა
– პაციენტი უნდა დააკვირდეს, რას როგორ იტანს და საკვები ამის მიხედვით შეარჩიოს.
პროდუქტების ჯგუფები
***
რძე და მისი ნაწარმი
– რძეს შეუძლია, მოკლე პერიოდში გაანეიტრალოს კუჭის მარილმჟავა, ამიტომ მისი დალევის შემდეგ პაციენტები ხშირად გრძნობენ ტკივილის მყისიერ შემსუბუქებას, მაგრამ ეფექტი დროებითია. რძე შეიცავს ცილებს და კალციუმს, რომლებმაც მოგვიანებით შესაძლოა სტიმულირებაც კი გაუწიოს მჟავას სეკრეციას. თუ პაციენტი რძეს კარგად იტანს და მისი მიღების შემდეგ ტკივილისა და დისკომფორტის გაძლიერებას არ უჩივის, შეუძლია, მცირე ოდენობით ჩართოს ისინი რაციონში.
რაც შეეხება რძის ნაწარმს:
* უცხიმო და დაბალცხიმიან იოგურტს (ბუნებრივს, დანამატების გარეშე), გაწურულ მაწონს, კეფირს, ხაჭოს წყლულით დაავადებული ხშირად უკეთესად იტანს (თუ ლაქტოზის აუტანლობა არ აქვს), მაგრამ გამწვავების პერიოდში უმჯობესია შეიზღუდოს ის პროდუქტები, რომელთა მჟავიანობაც მაღალია.
* ნებადართულია ნაკლებცხიმიანი და უმარილო ყველი. არ არის რეკომენდებული მარილიანი, შებოლილი და ცხარედ შეკაზმული ყველის სახეობები.
***
ხილი და ბოსტნეული
– საზოგადოდ, ხილი და ბოსტნეული ჯანსაღი კვების მნიშვნელოვანი ელემენტებია, მაგრამ წყლულის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მათ შერჩევასა და მომზადების ფორმას.
სასურველია, მივირთვათ მოხარშული, ჩაშუშული ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული: სტაფილო, კარტოფილი, ყაბაყი, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი.
კარგია გამომცხვარი ვაშლი და მსხალი, ბანანი და სხვა კარგად დამწიფებული და დარბილებული ხილი.
ეს რეკომენდაციები ვრცელდება მხოლოდ იმ პაციენტებზე, რომლებსაც არ აღენიშნებათ თანმხლები მეტაბოლური დარღვევები, კერძოდ, შაქრიანი დიაბეტი, და ჩამოთვლილი პროდუქტების მიღება აკრძალული არ აქვთ ენდოკრინოლოგის მიერ.
უმ ბოსტნეულს უხეში ბოჭკოვანი სტრუქტურა აქვს, ამიტომ მწვავე ფაზაში უმჯობესია ვერიდოთ, თორემ ისედაც გაღიზიანებულ ლორწოვანს კიდევ უფრო გავიღიზიანებთ.
უნდა შევზღუდოთ ან რაციონიდან ამოვიღოთ:
* ციტრუსები (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი);
* თესლიანი კენკრა (ჟოლო, მარწყვი, მოცხარი);
* საზამთრო, ყურძენი, ბროწეული, შინდი, ქლიავი;
* პომიდორი, კომბოსტო, უმი ხახვი, ნიორი, ბოლოკი, ისპანახი, მჟაუნა;
* მწნილი და ფერმენტირებული პროდუქტები.
ყველა ეს პროდუქტი ასოცირდება მჟავას სეკრეციის გაძლიერებასა და სიმპტომების გამწვავებასთან.
რემისიის პერიოდში, ინდივიდუალური ტოლერანტობის გათვალისწინებით, რაციონი შეიძლება ეტაპობრივად გაფართოვდეს.
რჩევები:
* ხილი და ბოსტნეული გაფქცვენით/გათალეთ – კანში ყველაზე მეტი უხეში უჯრედისია.
* უპირატესობა მიანიჭეთ პიურეს კონსისტენციას. რაც უფრო ერთგვაროვანია მასა, მით უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავს კუჭი მის მოსანელებლად.
* არ არის რეკომენდებული კონცენტრირებული წვენები. თუ მაინც სვამთ, აუცილებლად გააზავეთ წყალში (პროპორციით 1:1).
***
ხორცი, თევზი, კვერცხი
– წყლულოვანი დაავადების დროს ცილოვანი საკვები აუცილებელია კვებითი ბალანსის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით – ლორწოვანი გარსის აღდგენის პროცესში, თუმცა გადამწყვეტ როლს აქაც სწორი არჩევანი და მომზადების მეთოდი ასრულებს.
რეკომენდებულია:
* ქათმის (კანგაცლილი), ინდაურის (კანგაცლილი), ხბოს, კურდღლის მჭლე ხორცი, უმჯობესია, ფარშირებული;
* უცხიმო თევზი და რბილად მოხარშული (თოხლო) კვერცხი ან ორთქლზე მომზადებული ომლეტი.
არ არის რეკომენდებული შემწვარი (თუნდაც გრილზე) ხორცი – მაღალ ტემპერატურაზე წვის დროს საკვების ზედაპირზე წარმოიქმნება მკვრივი შრე, რომელიც კუჭში მოხვედრისას მოქმედებს როგორც ქიმიური და მექანიკური გამღიზიანებელი.
არასასურველია: შებოლილი ხორცპროდუქტები (ძეხვი, ლორი), შებოლილი და დამარილებული თევზი, ზეთსა და ტომატში ჩაწყობილი თევზის კონსერვები, ცხიმიანი და მძიმედ მოსანელებელი ხორცი (ღორის, ცხვრის, იხვის), მაგრად მოხარშული და შემწვარი კვერცხი.
რჩევა: ერიდეთ ხორცის კონცენტრირებულ ბულიონს. მასში შემავალი ნივთიერები მძლავრად ასტიმულირებს მჟავას გამოყოფას. მის ნაცვლად გამოიყენეთ ბოსტნეულის ნახარში.
***
სასმელები
– წყლულოვანი დაავადების მართვისას სასმლის შერჩევა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საჭმლის. სასმელთა განსაზღვრული ჯგუფები პირდაპირ უშლის ხელს წყლულის შეხორცებას. ესენია:
* კოფეინიანი სასმელები (ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო და ენერგეტიკული სასმელები) – ასტიმულირებს მარილმჟავას ჭარბ გამოყოფას და ზრდის ლორწოვანი გარსის მგრძნობელობას, რის გამოც ხშირად იწვევს ტკივილსა და დისპეფსიურ სიმპტომებს – გულძმარვას, გულისრევას, ღებინებას და ბოყინს).
* ალკოჰოლი – პირდაპირ აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, ამცირებს ლორწოვანი ბარიერის ეფექტიანობას და აუარესებს რეგენერაციულ პროცესებს. ამ ფონზე იმატებს როგორც სიმპტომების გამწვავების, ისე გართულებების განვითარების რისკი.
* გაზიანი და ტკბილი სასმელები – ზრდის კუჭშიგა წნევას და იწვევს მუცლის შებერილობას, რაც წყლულოვანი პროცესების დროს განსაკუთრებით მტკივნეულია.
წყლულოვანი დაავადების დროს რეკომენდებულია ჩამოთვლილი სასმელების მაქსიმალური შეზღუდვა. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნეიტრალურ, არაგაზიან და არაკოფეინიან სასმელებს.
რჩევა: მიიღეთ სითხე მცირე ულუფებით და ხშირად, მაგრამ არა ერთბაშად და დიდი რაოდენობით. ერიდეთ სასმლის მიღებას ძალიან მშიერ კუჭზე.
–უწყობს თუ არა ხელს გამოჯანმრთელებას პრებიოტიკები და საკვები დანამატები?
– პრობიოტიკებსა და საკვებ დანამატებს დამოუკიდებელი სამკურნალო ეფექტი არ აქვთ. მათ შესაძლოა განიხილავდნენ დამხმარე საშუალებებად, განსაკუთრებით – Hელიცობაცტერ პყლორი-ს ერადიკაციის (ანტიბიოტიკოთერაპიის) დროს, ვინაიდან ისინი ხელს უწყობენ ნაწლავის მიკრობიოტის ბალანსის შენარჩუნებას და ამცირებენ ანტიბიოტიკების არასასურველ თანმხლებ ეფექტებს. საკვები დანამატები აძლიერებენ ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას და სარგებლობა მოაქვთ აღდგენითი პროცესებისთვის.
საკვები დანამატების მიღების საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, პაციენტის კლინიკური მდგომარეობის, დიაგნოზისა და მიმდინარე მკურნალობის გათვალისწინებით, ექიმის კონსულტაციის საფუძველზე. თვითნებურად მიღებულმა დანამატებმა, განსაკუთრებით – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს, შესაძლოა გააღიზიანოს ლორწოვანი გარსი ან გამოიწვიოს არასასურველი მედიკამენტური ურთიერთქმედება.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ დიეტოთერაპია ვერ ცვლის დაავადების ეტიოლოგიურ და მედიკამენტურ მკურნალობას – ის კომპლექსური მართვის მხოლოდ დამხმარე კომპონენტია. ამასთან, კვებითი რეკომენდაციები აუცილებლად უნდა თანხმდებოდეს მკურნალ ექიმთან და ითვალისწინებდეს დაავადების ფაზას, თანმხლებ პათოლოგიებს და ინდივიდუალურ ტოლერანტობას.
ჯილდა გაჩეჩილაძე







