ჯანდაცვის სფეროს ინოვაციები
Поделитесь:
ჯანდაცვის ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას საგრძნობლად ზრდის. ხელოვნური ინტელექტი, ტელემედიცინა, სატარებელი მოწყობილობები და მონაცემთა ანალიტიკა ერთიორად აადვილებს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგს და მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევას, რაც პერსონალიზებული, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვას უწყობს ხელს.
ჭკვიანი ქირურგიული ინსტრუმენტები
2001 წლის 7 სექტემბერს ნიუ-იორკში მყოფმა ქირურგმა ჟაკ მარესკომ რობოტული სისტემის დახმარებით სტრასბურგში მყოფ პაციენტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარა. მართალია, ამ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და პაციენტი მეორე დღესვე გაეწერა კლინიკიდან, მაგრამ დისტანციური ოპერაციები ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სიგნალის დაყოვნებაა, რასაც შეუძლია, ფატალური შედეგი გამოიწვიოს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 5G ტექნოლოგიის განვითარების კვალდაკვალ შესაძლებელი გახდება დისტანციური ოპერაციების ჩატარება ჭკვიანი ქირურგიული ინსტრუმენტების დახმარებით, რომლებიც აღჭურვილია სენსორებით, ხელოვნური ინტელექტით და რობოტექნიკით, რათა ოპერაციის მსვლელობისას რეალურ დროში ქირურგს ყველა საჭირო ინფორმაცია მიეწოდოს. ეს ინსტრუმენტები (ჭკვიანი სკალპელი და რობოტი მკლავები) სიზუსტით გამოირჩევა და უკეთესად შეუძლია ქსოვილების ამოცნობა, რის შედეგადაც ქირურგიული ჩარევით გამოწვეული ტრავმის ალბათობა იკლებს, ყოველივე ეს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს.
1. “ჭკვიანი” ლაპაროსკოპიული პინცეტები. სენსორებით აღჭურვილი ლაპაროსკოპიული პინცეტები ქირურგს ტაქტილური უკუკავშირის შესაძლებლობას აძლევს, რაც ტრადიციულ ლაპარასკოპიულ ინსტრუმენტებს არ შეუძლია. აღნიშნული ტექნოლოგია მნიშვნელოვნად ზრდის ქსოვილების მექანიკური თვისებების, მათ შორის – სიხისტისა და პათოლოგიური ცვლილებების (მაგალითად, სიმსივნური წარმონაქმნების), ამოცნობის სიზუსტეს. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა ჭკვიანი პინცეტების ეფექტიანობა მინიმალურად ინვაზიური ქირურგიული ჩარევების დროს, რაც გამოიხატება ქსოვილის სიმტკიცის რეალურ დროში შეფასებით და სიმსივნეების უფრო ზუსტი იდენტიფიცირებით.
2. სატარებელი ტექნოლოგიები. ქირურგის სამუშაო ერგონომიკის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება სატარებელი ტექნოლოგიები, მათ შორის – “ჭკვიანი” ხელთათმანები და სხეულის მოძრაობის მეთვალყურეობის სისტემები. ეს მოწყობილობები უზრუნველყოფს კუნთების აქტივობისა და სხეულის პოზის მონიტორინგს, რის შედეგადაც ოპერაციის დროს პერსონალი ნაკლებად იღლება და იმატებს ქირურგიული მანიპულაციების სიზუსტე. კვლევების თანახმად, ჩყბერGლოვე-ის ტიპის სატარებელი სისტემები უზრუნველყოფს ხელის მოძრაობების დეტალურ კინემატიკურ ანალიზს, რაც მომავალში ხელს შეუწყობს ქირურგიული ინსტრუმენტების უფრო ერგონომიული და ოპტიმიზებული დიზაინის განვითარებას.
3. მოქნილი ქირურგიული რობოტები. ხელოვნური ინტელექტისა და სხვადასხვა ალგორითმის ინტეგრაცია საშუალებას იძლევა, რობოტულმა სისტემებმა რეალურ დროში შეძლონ გადაწყვეტილების მიღება, პროგნოზირება და ანალიზი. რობოტული ქირურგიის ინოვაციები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქირურგიული მკურნალობის შედეგებს, ამცირებს ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის ხანგრძლივობას და მინიმუმამდე დაჰყავს ქირურგიული ტრავმის რისკი. რობოტი სახელად და ვინჩი ოპერაციებს ატარებს “ოსტატი-შემსრულებელი” ტიპის პროგრამით, რაც ნიშნავს, რომ რობოტი მხოლოდ ქირურგის მოძრაობებს იმეორებს და დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს. მას ექიმი ადგილზე მართავს. თუ მომავალში დისტანციურად დაიწყო მისი მართვა, შესაძლოა, სიგნალის შეფერხებამ ექიმს ხელი შეუშალოს ოპერაციის ჩატარებაში, ამიტომ ადგილზე აუცილებლად უნდა იყოს ქირურგი, რომელიც საქმეს გააგრძელებს.
გამოწვევები და პერსპექტივა
ჭკვიანი ქირურგიული ინსტრუმენტებისა და რობოტული სისტემების დანერგვა მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, ამიტომ ჯანდაცვის მრავალი დაწესებულებისთვის არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და წარმოების მასშტაბების ზრდა დროთა განმავლობაში შეამცირებს ხარჯებს და ხელს შეუწყობს ინოვაციების უფრო ფართოდ დანერგვას კლინიკურ პრაქტიკაში.
ქირურგებს სჭირდებათ ინტენსიური და სტრუქტურირებული ტრენინგი ჭკვიანი ქირურგიული ინსტრუმენტებისა და რობოტული სისტემების ეფექტიანი გამოყენებისთვის. აღნიშნული ტექნოლოგიების კლინიკურ პრაქტიკაში წარმატებული ინტეგრაცია დამოკიდებულია უწყვეტ პროფესიულ განათლებასა და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვებაზე, რაც უზრუნველყოფს როგორც პაციენტის უსაფრთხოებას, ისე ოპტიმალურ ქირურგიულ შედეგებს.
***
ხელოვნური ინტელექტი ონკოქირურგიაში
ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მანქანური სწავლების (ML) წყალობით ონკოქირურგიული მიმართულება სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ოპერაციული მიდგომის სიზუსტესა და მის გამოსავალზე დადებითად აისახება. აღნიშნულ ტექნოლოგიებს აქვს პოტენციალი, ფუნდამენტურად შეცვალოს ონკოლოგიური დაავადებების ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკა, რაც პროცედურებს მეტად უსაფრთხოს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის.
ლაპაროსკოპიული და რობოტული ოპერაციების დროს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მნიშვნელოვანი ანატომიური სტრუქტურების (სისხლძარღვების, ნერვების, მყესების) იდენტიფიცირება და ოპტიმალური ქირურგიული ტაქტიკის შეთავაზება. აღნიშნული სისტემები ხელს უწყობს ქირურგიული შეცდომების პრევენციას და თავიდან გვაცილებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სტრუქტურების უნებლიე დაზიანებას, რასაც ოპერაციის მსვლელობის დროს გამაფრთხილებელი სიგნალით ახორციელებს. მეცნიერებს სჯერათ, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მნიშვნელოვნად აამაღლებს ქირურგიული ჩარევის უსაფრთხოების დონეს.
რობოტულ ქირურგიაში ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის ინტეგრაციის შემდეგ შესაძლებელი გახდება, მრავალი რთული პროცედურა ადამიანის უშუალო ჩარევის გარეშე შესრულდეს. და ვინჩის მუშაობის ოპტიმიზაციისთვის იგეგმება AI-ს გამოყენება, რაც რობოტს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად ჩაატაროს ისეთი მცირეინვაზიური პროცედურები, როგორიცაა, მაგალითად, ნაკერების დადება და მოხსნა. აღნიშნული პროცედურები ჯერჯერობით მხოლოდ საექსპერიმენტო ლაბორატორიებში ხორციელდება.
მიუხედავად მრავალი უპირატესობისა, ონკოქირურგიაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია წარმოშობს მნიშვნელოვანი ეთიკური და სამართლებრივი რეგულაციების დანერგვის აუცილებლობას. საინტერესოა, მაგალითად, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა ხელოვნური ინტელექტის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ან შეამცირებს თუ არა რობოტულ ქირურგიაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია ადამიანური რესურსის საჭიროებას.
***
ტელემედიცინა
ტელემედიცინას ანუ პაციენტის დისტანციურ მართვას ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად ჩაეყარა საფუძველი. ის უბრალო ტელეფონითაც შეიძლება განხორციელდეს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ ექიმს სახლიდან გაუსვლელად შეუძლია, ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ კლინიკაში მართოს რობოტი, რომელიც მისი ბრძანებით მიგორდება პაციენტთან, ექიმი კი მასში ჩამონტაჟებული ეკრანიდან გაუწევს კონსულტაციას პაციენტს. მეტიც: საჭიროების შემთხვევაში ექიმს შეუძლია პაციენტის თვალის ფსკერის დათვალიერება, გულისა და ფილტვების ხმიანობის მოსმენა.
რაც დრო გადის, ტელემედიცინა მით უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს. მისი დანერგვა შესაძლებელია მედიცინის ფაქტობრივად ყველა დარგში, განსაკუთრებით იქ, სადაც უმთავრესად კონსულტაციებია საჭირო და არა პროცედურები. ასეთია ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნევროლოგის, ფსიქიატრის სამუშაო. ტელემედიცინის გამოყენების სიხშირით პირველ და მეორე ადგილებს სწორედ ნევროლოგია და ფსიქიატრია იყოფენ, მესამე კი ქრონიკული დაავადებების დისტანციურ მონიტორინგს უკავია. ტელემედიცინის მეშვეობით ექიმები დისტანციურად ეწევიან კონსულტირებას, ძირითადი დატვირთვა კი დამხმარე პერსონალზე მოდის. ოპერაციის წინა პერიოდში ქირურგსაც შეუძლია ტელემედიცინის გამოყენება ინფორმაციის შესაკრებად თუ კონსულტაციისთვის.
ტელემედიცინის განვითარება მთელ მსოფლიოში გარდაუვალია. დღეს ტექნოლოგიებს იმდენად დიდი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში, რომ დისტანციურ რეჟიმში სამედიცინო მომსახურების უფრო დიდი სეგმენტის გადატანა ლოგიკური იქნება.
მარი მარღანია







