არსებობს თუ არა იდეალური ასაკობრივი სხვაობა და-ძმებს შორის

Поделитесь:

მოარული აზრი, რომ და-ძმებს შორის ასაკობრივ სხვაობას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, მთლად მითი არ არის. განვითარების ფსიქოლოგია და ოჯახური სიტუაციების კვლევები გარკვეულ ტენდენციებს ნამდვილად გვიჩვენებს, მაგრამ იმავე კვლევებზე დაყრდნობით ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ არ არსებობს იდეალური ასაკობრივი სხვაობა და-ძმებს შორის. სხვადასხვა შუალედისთვის სხვადასხვა ფსიქოლოგიური უპირატესობა და სირთულეებია დამახასიათებელი, ხოლო საბოლოო შედეგზე ოჯახური დინამიკა უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე წლების რაოდენობა.

და მაინც, მეცნიერებას სათქმელი აქვს. მოდი, ვნახოთ, რას ამბობს კვლევები მცირე, საშუალო და დიდი ასაკობრივი სხვაობის შესახებ და რა არის სინამდვილეში გადამწყვეტი ბავშვების ემოციური კეთილდღეობისთვის.

რა მნიშვნელობა აქვს ასაკობრივ სხვაობას ტვინის განვითარებისთვის?

ბავშვის ტვინი ეტაპობრივად ვითარდება. არა წრფივად, არამედ ნახტომებით. ასაკობრივი სხვაობა განსაზღვრავს, არიან თუ არა და-ძმები განვითარების ერთსა და იმავე ეტაპზე ერთდროულად და წარმოადგენენ თუ არა ერთმანეთის ქცევის მოდელებს თუ თითქმის სხვადასხვა ფსიქოლოგიურ სამყაროში ცხოვრობენ.

განვითარების ფსიქოლოგიის კვლევები აჩვენებს, რომ და-ძმის ურთიერთობა გავლენას ახდენს მათ სოციალურ უნარებზე, ემოციების რეგულაციაზე, ემპათიაზე, სტრესზე რეაგირებაზეც კი. დედმამიშვილთან ურთიერთობა ხშირად ბავშვის პირველი ხანგრძლივი ურთიერთობაა თანატოლთან და ამ ურთიერთობის დრო ნამდვილად მნიშვნელოვანია.

მცირე ასაკობრივი სხვაობა (2 წლამდე)

რას ამბობს მეცნიერება

მცირე შუალედით დაბადებული და-ძმები ხშირად განვითარების ერთსა და იმავე ეტაპზე არიან. კვლევები აჩვენებს, რომ ასეთი სხვაობისთვის დამახასიათებელია:

* უფრო დინამიკური ურთიერთობა;

* ადრეულ ასაკში კონფლიქტების სიხშირე;

* ზრდასრულ ასაკში უფრო მჭიდრო ემოციური კავშირი.

იმის გამო, რომ ორივე ბავშვი კოგნიტიური და ემოციური განვითარების მსგავს ეტაპებს გადის, ისინი ადრევე სწავლობენ მოლაპარაკებას, შეთანხმებად, შერიგებას, მიბაძვას და ემოციურ თანარეგულაციას.

ფსიქიკური ჯანმრთელობის უპირატესობები

* თანამეგობრობის ძლიერი განცდა

* ბავშვობაში ნაკლები მარტოობა

* საერთო გამოცდილება და ურთიერთგაგება

* ზრდასრულ ასაკში სიახლოვის მეტი ალბათობა

ზოგი კვლევა მიუთითებს, რომ მცირე ასაკობრივი სხვაობის მქონე და-ძმას ერთმანეთთან ყოველდღიური ურთიერთობის წყალობით უფრო ადრე უვითარდება სოციალური უნარები.

სირთულეები

* უფრო ძლიერი კონკურენცია, განსაკუთრებით – ადრეულ წლებში

* მშობლების ყურადღებისთვის ბრძოლა

* მშობლების სტრესი, რაც ირიბად ბავშვებზეც აისახება

კვლევები მოწმობს, რომ როდესაც მშობელი ემოციურად გადაღლილია, ბავშვების სტრესის დონეც იმატებს.

ვისთვის არის საუკეთესო მცირე სხვაობა?

* ოჯახებისთვის, სადაც ძლიერია მხარდაჭერის სისტემა;

* მშობლებისთვის, რომლებიც დანაშაულის განცდის გარეშე ახერხებენ ყურადღების განაწილებას;

* ბავშვებისთვის, რომლებსაც მოქნილი ან მშვიდი ტემპერამენტი აქვთ.

საშუალო ასაკობრივი სხვაობა (3-5 წელი)

განვითარების ბევრი ფსიქოლოგი ამ შუალედს შედარებით დაბალანსებულ ვარიანტად მიიჩნევს.

რას ამბობს მეცნიერება

3-5 წლის ასაკში უფროს ბავშვს, წესისამებრ, უკვე ჩამოყალიბებული აქვს:

* ემოციების საბაზისო რეგულაცია;

* მშობლებისგან დამოუკიდებლად საკუთარი "მე"-ს განცდა;

* ემპათიის საწყისი უნარები.

ეს საშუალებას აძლევს უფროს ბავშვს, იყოს არა კონკურენტი, არამედ მეგზური.

ფსიქიკური ჯანმრთელობის უპირატესობები

* მძაფრი დაპირისპირება უფრო იშვიათია.

* უფროს ბავშვებს უფრო მეტად ახასიათებთ სიამაყე და არა საფრთხის განცდა.

* უმცროსი იღებს სარგებლობას ქცევისა და ენის მოდელირებით.

კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც პირველ შვილს აქვს საკმარისი დრო უსაფრთხო მიჯაჭვულობის ჩამოსაყალიბებლად, უმცროსი დის ან ძმის დაბადება მისთვის ნაკლებად სტრესულია.

სირთულეები

* "ზედმეტად პასუხისმგებელი" უფროსი ბავშვის რისკი

* ძალაუფლების დისბალანსი

* უფროსი შვილის ემოციების ჩახშობა "დიდის" როლის გამო

რისკი იმატებს, როდესაც მშობლები დაუფიქრებლად აკისრებენ უფროს შვილს ემოციურ პასუხისმგებლობას.

დიდი ასაკობრივი სხვაობა (6 წელი და მეტი)

დიდი შუალედი ხშირად "ხელახლა დაწყებას" ჰგავს და ფსიქოლოგიურად ეს არც ისე შორსაა სიმართლისგან.

რას ამბობს მეცნიერება

დიდი ასაკობრივი სხვაობის შემთხვევაში და-ძმები ხშირად სხვადასხვა განვითარების გარემოში ცხოვრობენ. ისინი იშვიათად კონკურირებენ სათამაშოების, მეგობრების, მშობლებთან სიახლოვის გამო. ამ შემთხვევაში კვლევები აჩვენებს კონფლიქტების შედარებით დაბალ დონეს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის უპირატესობები

* ნაკლები კონკურენცია

* უფროსი ბავშვის უფრო განვითარებული ემპათია

* უმცროსისთვის მშვიდი და მზრუნველი გარემო

ზოგიერთი კვლევა მიუთითებს, რომ დიდი შუალედი უმცროსი ბავშვის უკეთესი ემოციური რეგულაციის საწინდარია.

სირთულეები

* ნაკლები "თანატოლური" კავშირი

* ემოციური დისტანციის რისკი

* უფროსი ბავშვის ზრდასრულობაში ნაადრევად გადასვლის რისკი

რომელია საუკეთესო?

ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ასაკობრივი სხვაობა ნაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე აღზრდის სტილი, ემოციური უსაფრთხოება და ფსიქოლოგიური ატმოსფერო ოჯახში.

კვლევები აჩვენებს, რომ მშობლის ემოციური ხელმისაწვდომობა და პრობლემებზე დროული რეაგირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასაკობრივი შუალედი.

ასაკობრივ სხვაობაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული, როგორი ურთიერთობა ექნებათ და-ძმებს ერთმანეთთან. აღზრდა განსაზღვრავს, იქნება თუ არა ეს ურთიერთობა ჯანსაღი.

რა იცავს და-ძმების ფსიქიკურ ჯანმრთელობას ნებისმიერი ასაკობრივი სხვაობის პირობებში?

1. ემოციური სამართლიანობა და არა თანაბრობა

თითოეული ბავშვი, განურჩევლად ასაკისა, ინდივიდია. ეცადეთ, დაინახოთ თითოეული მათგანის პირადი საჭიროებები და მათზე გქონდეთ რეაგირება, თუნდაც კონკრეტულ შემთხვევაში ერთს ძლიერი ფსიქოლოგიური თანადგომა სჭირდებოდეს, ხოლო მეორეს – უბრალოდ ჩახუტება.

2. ინდივიდუალური დრო

კვლევები აჩვენებს, რომ მშობელთან ერთად გატარებული პირადი დრო ამცირებს კონკურენციასა და შფოთვას.

3. ემოციური როლებისგან დაცვა

"პასუხისმგებელი", "ველური", "დაჯერე"... ნუ მიაკერებთ ბავშვებს იარლიყებს – თვითშეფასებაზე მათი გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

4. კონფლიქტის ნორმალიზება და მოგვარება

და-ძმებს შორის კონფლიქტი ნორმალურია, მთავარია, ის დროულად და ჯასაღად მოაგვაროთ.

5. მშობლების ზრუნვა საკუთარ თავზე

გახსოვდეთ, რომ მშობლის გადაღლა პირდაპირ აისახება ბავშვების ემოციურ მდგომარეობაზე.

გაითვალისწინეთ: ბავშვებს არ ახსოვთ წლების რაოდენობა. მათ ახსოვთ, იყო თუ არა სახლი ემოციურად უსაფრთხო, გვარდებოდა თუ არა კონფლიქტები ზრუნვითა და თანადგომით და იგრძნობოდა თუ არა საერთო სიყვარული, ამ ყველაფრის უზრუნველყოფა კი ნებისმიერი ასაკობრივი სხვაობის შემთხვევაში შესაძლებელია.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: