ემოციების ენა – რატომ ვდუმართ მაშინ, როცა სხეული მოქმედებას გვკარნახობს
Поделитесь:
ემოციების გამოხატვა, ერთი შეხედვით, ბუნებრივი რეაქციაა, მაგრამ სინამდვილეში ბევრს გვიჭირს იმის ამოცნობა და გამოთქმა, რა ხდება ჩვენს შინაგან სამყაროში. რატომ ვთრგუნავთ ბრაზს, სევდას ან სიხარულს და რა ფასს იხდის ჩვენი სხეული "ემოციური დუმილისთვის"? არის თუ არა ემოციების შეკავება გადარჩენის სტრატეგია და როგორ მოქმედებს ჩვენს გრძნობებზე კულტურული კოდები თუ ბავშვობის დროინდელი მიჯაჭვულობის სტილი?
რა მნიშვნელობა აქვს ემოციების ჯანსაღ გამოხატვას, როგორ ავიცილოთ თავიდან გრძნობების ჩახშობით გამოწვეული ფსიქოსომატური დაავადებები და როგორ განვივითაროთ ემოციური ინტელექტი – ამ და სხვა საკითხებზე ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და იუნგიანელი ანალიტიკოსი, ჯგუფური ფსიქოთერაპევტი, ამერიკის ჯგუფური თერაპიის ასოციაციის საპატიო წევრი, პროფესორი რევაზ კორინთელი გვესაუბრება.
– ბატონო რევაზ, დავიწყოთ იმით, რა არის ემოცია.
– ფსიქოლოგიაში მიღებული განმარტების თანახმად, ემოცია წარმოადგენს რთულ რეაქციას პიროვნებისთვის მნიშვნელოვან მოვლენაზე, რომელიც მოიცავს სუბიექტურ განცდებს, ფიზიოლოგიურ ცვლილებებს (მაგალითად, გულის რიტმის შეცვლას) და მოტორულ რეაქციებს (მაგალითად, სახის გამომეტყველების შეცვლას). ის ასახავს მოვლენების, სიტუაციების ან ობიექტების სუბიექტურ შეფასებას იმის მიხედვით, რამდენად ეხმიანებიან ისინი ინდივიდის მოთხოვნილებებს, ღირებულებებს, მიზნებს. ადამიანს ემოცია გარემოსთან ადაპტაციასა და ორიენტირებაში ეხმარება.
ფსიქოლოგიის სხვადასხვა სკოლა ემოციის ცნებას სხვადასხვანაირად განმარტავს.
კოგნიტიური ფსიქოლოგიის (რიჩარდ ლაზარუსი) მიხედვით, ემოცია არის სიტუაციის კოგნიტიური შეფასების შედეგი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სიტუაცია ადამიანის კეთილდღეობისთვის. ანუ ჯერ ხდება შეფასება, შემდეგ ჩნდება ემოცია.
ფსიქოანალიზის (ზიგმუნდ ფროიდი) თანახმად, ემოციები წარმოადგენს იმ არაცნობიერი ლტოლვებისა და შინაგანი კონფლიქტების განცდას, რომლებიც წარმოიშობა Iდd-ს, gგო-სა და Super-Ego-ს შორის. ემოციები ფსიქიკაში მიმდინარე შინაგან კონფლიქტზე მიუთითებს.
ბიჰევიორიზმის მიხედვით, ემოციები არის ერთობლიობა ქცევითი და ფიზიოლოგიური რეაქციებისა, რომლებიც გარემოს სტიმულების პასუხად წარმოიშობა. ეს მიდგომა შინაგან, სუბიექტურ განცდებს ანალიზის საგნად არ განიხილავს.
ჯეიმს-ლანგეს ფიზიოლოგიური თეორიის თანახმად, ემოცია არის გამოხატულება და გაცნობიერება ორგანიზმში მიმდინარე იმ ფიზიოლოგიური ცვლილებებისა, რომლებიც სტიმულის საპასუხოდ აღმოცენდება, ანუ ჯერ ვკანკალებთ და მერე გვიპყრობს შიში, გვეშინია იმიტომ, რომ ვკანკალებთ და არა პირიქით.
ემოციებს ახასიათებს:
- სუბიექტურობა – დამოკიდებულია ადამიანის პირად გამოცდილებასა და მდგომარეობაზე;
- შეფასება – დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სასარგებლო ან მავნეა მოვლენა ინდივიდისთვის;
- მოთხოვნილებებთან კავშირი – ემოცია წარმოიშობა მოთხოვნილების დაკმაყოფილების ან იმედგაცრუების მომენტში;
- ხანმოკლეობა – ემოცია, როგორც წესი, ხანმოკლეა;
- ექსპრესიულობა – ემოცია ვლინდება სახის გამომეტყველებით, ჟესტით, ინტონაციით.
განასხვავებენ ბაზისურ (მარტივ) და რთულ ემოციებს. ბაზისურ ემოციებად განიხილება სიხარული, შიში, ბრაზი, სევდა, გაოცება და ზიზღი.
– რას ნიშნავს ემოციების ჯანსაღი გამოხატვა?
– ემოციების ჯანსაღი გამოხატვა გულისხმობს მათ გაცნობიერებას, მიღებას და კონსტრუქციულად გადმოცემას. უფრო დეტალურად, ეს მოიცავს:
1. ემოციების გაცნობიერებას და სწორ სახელდებას, მაგალითად: "ვგრძნობ, რომ გადაღლილი ვარ", "ვგრძნობ, რომ მეწყინა", "ვგრძნობ, რომ აღელვებული ვარ";
2. ემოციების განცდას მათი უარყოფის ან კრიტიკის გარეშე – იმის გაცნობიერებას, რომ არცერთი ემოცია "ცუდი" არ არის; რომ საჭიროა ემოციების აღიარება`მიღება და არა მათი განდევნა ან უარყოფა;
3. ემოციების მკაფიო, პატივისცემით აღსავსე და კონსტრუქციული ფორმით გამოხატვას "მე“-ფორმების გამოყენებით, მაგალითად: "(მე) გავღიზიანდი, როცა..." ამ დროს ადამიანი ამჯობინებს საუბარს კივილის, საკუთარ თავში ჩაკეტვის ან იმპულსური ქცევის ნაცვლად;
4. ემოციების რეგულირებას, მაგალითად, ღრმა სუნთქვას, პაუზას, დამამშვიდებელ ვარჯიშებს, პასუხის გააზრებულად გაცემას, ნაცვლად მძაფრი ემოციური რეაქციისა;
5. ემოციების გამოხატვას ჯანსაღი ქცევით, მაგალითად, სანდო ადამიანთან საუბრით, შემოქმედებითი აქტივობით (ხატვით, წერით და სხვა), ფიზიკური აქტივობით დაძაბულობის მოსახსნელად, სიცილით, როცა გიხარია და ტირილით მწუხარებისას;
6. ემოციების უკან მდგომი მოთხოვნილებების გაცნობიერებას – ემოცია არის შეტყობინება, გზავნილი, მაგალითად, რისხვა შესაძლოა მიუთითებდეს დარღვეულ პირად საზღვრებზე, სევდა – დანაკარგზე ან დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებებზე, შფოთვა – გაურკვევლობაზე ან საფრთხის მოლოდინზე;
7. ისეთი პასუხის გაცემას, რომლითაც არც საკუთარ თავს და არც სხვას ტკივილს არ მივაყენებთ.
ემოციის ჯანსაღი გამოხატვა თავიდან გვაცილებს ძალადობას და აგრესიას, თვითდაზიანებას, სხვების დადანაშაულებას, ემოციურ განრიდებას.
განდევნილი ემოციები
– როგორ მოქმედებს ემოციების განდევნა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე?
– განდევნილი ემოციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა განდევნა მუდმივად ხდება, პირდაპირ მოქმედებს სხეულზე, რადგან ემოციური და ფიზიოლოგიური სისტემები მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. კვლევები მოწმობს, რომ ემოციების ხანგრძლივ, მუდმივ განდევნას უკავშირდება გრძელვადიანი პათოფიზიოლოგიური ცვლილებები:
* იმატებს კორტიზოლისა და ადრენალინის დონე (ქრონიკული დისტრესული რეაქცია), რაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოვლინდეს მაღალი არტერიული წნევით, ტაქიკარდიით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გადატვირთვით;
* სუსტდება იმუნური სისტემის ფუნქცია, რის შედეგადაც ადამიანი უფრო ადვილად ავადდება და უჭირს ინფექციებთან გამკლავება;
* იმატებს ანთებითი პროცესების განვითარების რისკი – ემოციების მუდმივი განდევნა იწვევს ანთების მარკერების (მაგალითად, ჩ რეაქტიული ცილის) მატებას – მარკერებისა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა და სხვა ქრონიკული დაავადებების განვითარებაში;
* ვითარდება კუნთოვანი დაძაბულობა და ქრონიკული ტკივილი – გამოუთქმელი ემოციები ხშირად სომატურად გამოვლინდება: თავის ტკივილით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევით, ზურგისა და კისრის კუნთების დაძაბულობით, – იმ პრინციპით, რომ რასაც გონება განდევნის, სხეული გამოხატავს;
* იმატებს შფოთვისა და დეპრესიის რისკი -– გამოუვლენელი ემოციების მავნე გავლენა თანდათან იმატებს და ამძიმებს ფსიქიკურ მდგომარეობას.
– რატომ უჭირს ადამიანს ემოციების გამოხატვა, თუნდაც ახლობლებთან?
– ეს სხვადასხვა მიზეზით ხდება. გამოყოფენ ფსიქოლოგიურ, ინტერპერსონალურ და ფსიქოსოციალურ ფაქტორებს.
ფსიქოლოგიური მიზეზებია:
* ფსიქოლოგიური გაშიშვლების შიში და უარყოფითი შეფასებისადმი მოწყვლადობა – ემოციების გამოხატვისას აშკარავდება ჩვენი მოთხოვნილებები, შიში და ტკივილი, რომელთა დამალვასაც ვცდილობთ. ადამიანი შიშობს, რომ ვერ გაუგებენ, გააკრიტიკებენ ან უარყოფენ.
* კონფლიქტის შიში – ზოგი ემოციებს მალავს იმ მიზნით, რომ კამათს ან კონფლიქტს თავი აარიდოს.
* ემოციური გაუნათლებლობა – ემოციების გაცნობიერებისა და მათი გამოხატვის უუნარობა. თუ ადამიანს ბავშვობაში არ ასწავლეს, როგორ ამოიცნოს და გამოხატოს ემოციები, ეს ზრდასრულ ასაკშიც გაუჭირდება და ურთიერთობაში სირთულეებს შეუქმნის.
ინტერპერსონალური მიზეზებია:
* წარსული გამოცდილება – თუ ადამიანს დასცინოდნენ, უგულებელყოფდნენ მის გრძნობებს ან სჯიდნენ ემოციების გამოხატვისთვის, ის სწავლობს ემოციების დათრგუნვას ან განდევნას. მისთვის ეს ერთგვარი უსაფრთხოების სტრატეგიაა.
* მიჯაჭვულობის სტილი – განრიდებული და შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანები (პირველები გაურბიან ემოციურ სიახლოვეს, მეორეებს აქვთ მიტოვების ძლიერი შიში) ემოციის გაზიარებას ხშირად საფრთხედ აღიქვამენ – განრიდებული მიჯაჭვულობის მქონეს ეშინია, რომ ემოცია დააუძლურებს, სხვისი გავლენის ქვეშ მოაქცევს, შფოთვითი მიჯაჭვულობის მქონე კი შიშობს, რომ მიატოვებენ.
შინაგანი რწმენა-შეხედულებები:
„ჩემი ემოციები სხვებს ტვირთად დააწვება“;
„ზრდასრულები არ ტირიან“;
„თუ გრძნობა გამოვხატე, სისუსტედ ჩამითვლიან და სიტუაციაზე კონტროლს დავკარგავ“.
ხშირად სირთულეს ქმნის არა თავად ემოცია, არამედ იმ საპასუხო რეაქციის მოლოდინი, რაც ემოციის გამოხატვას მოჰყვება.
– ხომ არ არის ემოციების შეკავება ბუნებრივი თავდაცვითი მექანიზმი?
– დიახ, ემოციების დათრგუნვა/განდევნა ხანმოკლე პერსპექტივაში შეიძლება ადაპტაციურ სტრატეგიად ჩაითვალოს. ევოლუციურად ისე ჩამოყალიბდა, რომ ზოგიერთ სიტუაციაში ემოციების დროებით დათრგუნვა გადარჩენას უწყობს ხელს. მაგალითად, ჯარისკაცი საბრძოლო მოქმედებების დროს დროებით თიშავს შიშს, რომ სწრაფად იმოქმედოს; მშობელი ახშობს პანიკას, რათა ბავშვი დაამშვიდოს; ადამიანები სამსახურში ხშირად თრგუნავენ ბრაზს, რათა თავი აარიდონ კონფლიქტს. მაგრამ როცა დათრგუნვა მთავარ და გრძელვადიან სტრატეგიად იქცევა, ის ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს წარმოშობს.
ჯანსაღი რეგულაცია გულისხმობს ემოციების არა დაბლოკვას, არამედ დამუშავებას, გამოხატვას და გამოვლენისას სწორ კალაპოტში მოქცევას.
კულტურული და ოჯახური ტრადიციები
– ემოციების დათრგუნვა ძირითადად კულტურული, ოჯახური და სოციალური ნორმების შედეგია.
კულტურა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ემოციების გამოხატვის, ინტერპრეტაციისა და შეფასების ფორმირებაში. ის ადამიანს ასწავლის, რომელი ემოციებია მისაღები და რომელი – არა. მრავალ კულტურაში ემოციების გამოხატვა, საზოგადოდ, ნებადართულია, მაგრამ სტიგმატიზებულია მამაკაცის მოწყვლადობა. მაგალითად, ინგლისურ კულტურულ ტრადიციაში ემოციური თავშეკავება ფასდება. ზოგიერთ კულტურაში ბრაზი ბუნებრივ რეაქციად აღიქმება, ზოგან კი – სირცხვილად ან სოციალური წესრიგის დარღვევად.
ტრადიციული ქართული კულტურული წარმოდგენების თანახმად, მამაკაცს ძალა, სიმტკიცე და ტკივილის უსიტყვოდ ატანის უნარი მოეთხოვებოდა. ტირილი სისუსტედ მიიჩნეოდა. ემოციის გამოხატვა დასაშვები იყო მხოლოდ უკიდურეს ვითარებაში (მაგალითად, გლოვის დროს).
ქალისთვის ტირილი ნორმალურად მიიჩნეოდა. სამაგიეროდ, უარყოფითად ფასდებოდა რისხვა, ბრაზი. ეს ნაწილობრივ შეიძლება აიხსნას იმით, რომ, ჩვენი კულტურული წარმოდგენების თანახმად, ქალი მოთმინების, შემწყნარებლობის სახე-ხატია (აქედან მოდის, მაგალითად, მანდილი როგორც შერიგებისა და ზავის სიმბოლო). ის უნდა იყოს მშვიდი, თბილი, მოკრძალებული, კონფლიქტისგან თავშეკავებული. მსგავსი დამოკიდებულება აქვს ჩინურ კულტურასაც, სადაც ქალური ენერგია, ინი, მოთმინებას, მიმღებლობასა და სიფაქიზეს განასახიერებს.
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახი და იქ ჩამოყალიბებული გენდერული მოლოდინები. ოჯახში ადამიანი სწავლობს არა მხოლოდ იმას, რომელი ემოციებია მისაღები, არამედ იმასაც, როგორ გაუმკლავდეს მათ. ხშირად გვესმის ფრაზები: "ნუ ტირი", "ძლიერი უნდა იყო", "წყენა დამალე", "ჩვენს ოჯახში გრძნობებზე არ საუბრობენ". ბიჭებს ხშირად აჩვევენ, არ გამოამჟღავნონ მოწყვლადობა, ხოლო გოგონებს – შეიკავონ რისხვა და აგრესია.
ემოციების დათრგუნვა ადამიანს უწევს ყოველდღიურ მიკროკულტურულ გარემოშიც – სკოლაში, სამსახურში, რელიგიურ სივრცეში. სამუშაო გარემოში ემოციების გამოხატვა შესაძლოა არაპროფესიონალიზმად აღიქმებოდეს. რელიგიური სწავლებებიც ხშირად მოუწოდებს ემოციური თავშეკავების, მიტევებისა და ნეგატიური ემოციების კონტროლისკენ. ნორმებს აყალიბებენ თანატოლებიც: რა მისაღებია და რა – მიუღებელი.
– რა ხდება, როდესაც ბავშვს ეუბნებიან: "სირცხვილია, ნუ ტირი"?
– როდესაც ბავშვის ემოციებს აკნინებენ, ის სწავლობს, რომ მისი განცდები არასასურველი ან მიუღებელია. ასეთი რამ განსაკუთრებით დამახასიათებელია იმ კულტურებისა და ოჯახებისთვის, სადაც ემოციების გამოხატვა სისუსტედ მიიჩნევა.
როცა ბავშვი ტირის, მნიშვნელოვანია, უფროსმა სწორად გაიაზროს, რას გამოხატავს მისი ცრემლები – ჭირვეულობას თუ ნამდვილ ტკივილს, სევდას ან შიშს. კაპრიზს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ნამდვილი ემოციური ტკივილი თანაგრძნობასა და მხარდაჭერას მოითხოვს. ასეთ დროს ბავშვს უნდა დავეხმაროთ, საკუთარი განცდები სიტყვებით გამოხატოს.
მნიშვნელოვანია, მშობელმა არ წაახალისოს ემოციების ზედაპირული დრამატიზაცია ან ისტერიული ქცევა, მაგრამ არც ემოციების ჩახშობაა მართებული გზა. ბავშვს უნდა განუვითარდეს ემოციური ინტელექტი – საკუთარი ემოციების ამოცნობის, სხვების განცდების გაგების, ემოციების მართვის უნარი. ეს უნარები ადაპტაციისთვის ხშირად გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგად განვითარებული ლოგიკურ-ანალიტიკური შესაძლებლობები.
ბავშვს არ უნდა რცხვენოდეს ემოციების გამოხატვის. არ უნდა ეგონოს, რომ სევდა, შიში ან გაღიზიანება ცუდია. ის უნდა აცნობიერებდეს ემოციების მნიშვნელობას და ამის სწავლის საუკეთესო გზა მშობლის პირადი მაგალითია.
ახალი თაობა
– როგორია ახალი თაობის დამოკიდებულება ემოციების მიმართ?
– საქართველოში ახალი თაობები, განსაკუთრებით Gen Z (1997-2012 წლებში დაბადებულები) და მილენიალები (იგივე Gen Y, 1981-1996 წლებში დაბადებულები), ემოციებს უფრო თამამად გამოხატავენ, ვიდრე წინა თაობები, თუმცა ზოგჯერ შეინიშნება ემოციურობის ზედაპირულობაც, რაც ცხოვრების სწრაფ ტემპთან არის დაკავშირებული.
ტექნოლოგიების განვითარებამ ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახადა სწრაფი ინფორმაციული მხარდაჭერის ახალი წყაროები და მივედით იქამდე, რომ ხელოვნურ ინტელექტს ზოგი პირადი გადაწყვეტილებების მიღების დროსაც კი იყენებს. თანამედროვე კულტურა აფასებს უფრო ვიზუალურ და სწრაფად აღსაქმელ ფორმებს, რის ფონზეც ემოციების დახვეწის ტრადიციულ საშუალებებს – მხატვრულ ლიტერატურას, ფილოსოფიას – ნაკლები დრო ეთმობა.
ახალგაზრდები თავისუფლად ლაპარაკობენ შფოთვაზე, დეპრესიასა და სტრესზე, მაგრამ ვერ სწვდებიან მათ ფსიქოლოგიურ მნიშვნელობას, დისტრესს რთული სოციალური პირობებით ხსნიან და ამ განცდების ღრმად გააზრება, ცხოვრების სტილთან მათი კავშირის დანახვა უჭირთ. სიტყვიერი მარაგის სიმწირის, ემოციური გაუნათლებლობის გამო ბევრი ვერ ახერხებს ემოციების გაცნობიერებას, მაგალითად, ვერ განასხვავებს შურს სურვილისგან.
თუმცა გვხვდება ღრმა, პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულებაც ემოციებისა და თვითშემეცნების მიმართ.
ემოციური ინტელექტი
– ემოციური ინტელექტი, ემოციური ცნობიერება არის უნარი, შევამჩნიოთ და ამოვიცნოთ საკუთარი გრძნობა, მივხვდეთ, რატომ ვგრძნობთ ამას და დავაკვირდეთ, როგორ მოქმედებს ეს გრძნობა ჩვენს აზრებზე, გადაწყვეტილებებსა და ქცევაზე.
ემოციური ცნობიერების განვითარებისთვის:
• დღის განმავლობაში რამდენიმე წუთით შეისვენეთ და ჰკითხეთ საკუთარ თავს: "რას ვგრძნობ ახლა?"
• ზუსტად დაასახელეთ ემოცია. ნაცვლად ზოგადი სიტყვებისა: "ცუდად ვარ“, – გამოიყენეთ კონკრეტული აღმნიშვნელები, მაგალითად: "იმედგაცრუებული", "მარტოსული", "განრისხებული", "შეშფოთებული", "სევდიანი“.
• დააკვირდით ფიზიკურ შეგრძნებებს, მაგალითად, დაძაბულობას მხრებში, მუცელში ან გულმკერდში, სითბოს ან სიცივის შეგრძნებას – ეს ემოციების იდენტიფიცირებას გაგიადვილებთ;
• აწარმოეთ დღიური – მოკლე რეფლექსიები გრძნობების უკეთ გააზრებასა და ორგანიზებაში დაგეხმარებათ;
• მღვიძარობა (Mindfulness) და მედიტაცია იმგვარად აძლიერებს ემოციებზე დაკვირვებისა და მათი მართვის უნარს, რომ ისინი ჩვენზე უარყოფით ზეგავლენას აღარ ახდენენ.
ფსიქოთერაპია
– როგორ ეხმარება ფსიქოთერაპია ადამიანს ემოციების გაგებასა და გამოხატვაში?
– რამდენიმე გზით:
უპირველეს ყოვლისა, ფსიქოთერაპია ქმნის უსაფრთხო ატმოსფეროს, სადაც შესაძლებელია გრძნობების გაცნობიერება კრიტიკის შიშის გარეშე. თერაპევტი პაციენტს ეხმარება იმ ემოციების იდენტიფიცირებაში, რომლებსაც ის თავად შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს ან არ იღებდეს; დაანახებს ემოციების წარმოშობის მიზეზებს (ბავშვობის პატერნები, ურთიერთობები, ტრავმა), ასწავლის მათ რეგულირებას, დამიწებას, თვითდამშვიდებას. თერაპევტისადმი ნდობა ადამიანს ეხმარება ადრეული ემოციური ჭრილობების მოშუშებასა და გრძნობების თავისუფლად გამოხატვაში.
პრაქტიკული რჩევები:
• დახვეწეთ და გააფართოეთ ემოციური ლექსიკონი: ისწავლეთ გრძნობების (მაგალითად, ბრაზისა და გაღიზიანების, შურისა და სურვილის) ერთმანეთისგან გარჩევა.
• ემოციების გამოხატვისას გამოიყენეთ "მე" ნაცვალსახელი ` ზმნის პირველი პირის ფორმა: "(მე) ვგრძნობ... (მე) მჭირდება...".
• მძაფრი ემოცია გამოხატვამდე დაარეგულირეთ ღრმა სუნთქვით და სხვა სარელაქსაციო სავარჯიშოებით.
• დააკვირდით ემოციების პატერნებს, აღნუსხეთ გამშვები ფაქტორები, მაგალითად, განმეორებადი კონფლიქტები ან ფიზიკური სიგნალები.
• გულახდილად, მაგრამ პატივისცემით უთხარით პარტნიორს, მეგობარს თუ კოლეგას, რას გრძნობთ. ემოციების გამოხატვა ნიშნავს გრძნობების გამოხატვას გულახდილად, მაგრამ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ.
– როგორ დავეხმაროთ ბავშვებს გრძნობების გამოხატვაში?
– ბავშვი ემოციების გამოხატვას უფროსებისგან სწავლობს, ამიტომ საჭიროა ემოციური გამოხატვის მოდელირება. მაგალითად, ფრაზა "ახლა იმედგაცრუებული ვარ და ერთი წუთი მაცადე, დავმშვიდდები" ემოციურ ლექსიკასა და რეგულირებას ასწავლის ბავშვს. ეცადეთ, თავადაც სწორად დაასახელოთ ბავშვის გრძნობები: "ალბათ, იმედგაცრუებული ხარ, რადგან თამაშის დრო დასრულდა".
გამოიყენეთ შემოქმედებითი ინსტრუმენტები: ხატვა, ზღაპრები, თოჯინები და თამაში. ეს საშუალებას მისცემს ბავშვებს, გამოხატონ ის, რისი ვერბალიზაციაც არ შეუძლიათ. მნიშვნელოვანია ემოციების ვალიდაცია: "გაბრაზება ნორმალურია – ხანდახან ყველა ბრაზდება".
ასწავლეთ ემოციების უსაფრთხო გამოხატვა: აჩვენეთ უფრო ჯანსაღი ალტერნატივა ("შესაძლოა, ბრაზობდე, მაგრამ არავის დაარტყა. ჯობია, ფეხები დააბაკუნო ან ხელები ბალიშს მოუჭირო").
– რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ გაიზარდოს საზოგადოების მიმღებლობა ემოციების გამოხატვის მიმართ?
– ამისთვის რეკომენდებულია:
• ემოციური საუბრის ნორმალიზება – ღიად ისაუბრეთ გრძნობებზე სამსახურში, სკოლაში, მედიაში.
• სტერეოტიპების შეცვლა – წინააღმდეგობა გაუწიეთ ასეთ შეხედულებებს: "ბრაზი ცუდია".
• ემოციური წიგნიერების ხელშეწყობა – სკოლებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ, ორგანიზება გაუწიონ სემინარებს და ტრენინგებს ემოციური ინტელექტის უნარების სწავლებისთვის.
• ლიდერების მაგალითი – როდესაც საზოგადო მოღვაწეები, მენეჯერები, მასწავლებლები, მშობლები და სხვა ავტორიტეტები ამჟღავნებენ გულწრფელ, ნამდვილ ემოციებს, ეს სხვებისთვის ნებართვის მიცემას ნიშნავს.
• მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა – თანატოლთა ჯგუფები, დახმარების ჯგუფები, ფსიქიკური ჯანმრთელობის საინიციატივო ჯგუფები ეხმარება წევრებს, თავი უსაფრთხოდ იგრძნონ ემოციების გამოხატვისას.
ემოციების გააზრება და გამოხატვა ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური ცხოვრების ერთ-ერთი საფუძველია. რაც უფრო უკეთ ვახერხებთ ამას, მით უფრო ჯანსაღ და ემპათიურ საზოგადოებას ვქმნით.
მარი აშუღაშვილი







