ციგურებით მსოფლიოს გარშემო - ცნობილი ყინულის მოედნები
Поделитесь:
ზამთარი გუნდაობის, ციგაობის, ციგურაობისა და თხილამურებით სრიალის დროა.
ციგურებით სრიალი ყველას შეუძლია, განურჩევლად წონისა, სიმაღლისა და ასაკისა. ეს მხოლოდ სასიამოვნო კი არ არის, არამედ სასარგებლოცაა: აძლიერებს იმუნიტეტს (განსაკუთრებით – ღია ცის ქვეშ ციგურაობა); აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციონირებას; ამუშავებს კუნთების ყველა ჯგუფს; აძლიერებს კუნთებსა და სახსრებს; ხვეწს ტანდეგობას; ხელს უწყობს წონის კლებას; ავითარებს გამძლეობას; აუმჯობესებს წონასწორობასა და კოორდინაციას; ზრდის თავდაჯერების შეგრძნებას; უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებასა და პოზიტიურ განწყობას.
ყინულის მოედნები ორი ტიპისაა: ბუნებრივი და ხელოვნური. ბუნებრივი მოედნები ბუნებრივი წყალსაცავების გაყინვისას წარმოიქმნება და მათი უსაფრთხო ექსპლუატაცია ამინდსა და გარემოს ტემპერატურაზეა დამოკიდებული, ხელოვნური კი სპეციალური გაგრილების სისტემების მეშვეობით იქმნება და ყინულის უსაფრთხო საფარს ტემპერატურის ცვლილებისგან დამოუკიდებლად ინარჩუნებს.
ქვემოთ მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ საციგურაო მოედნებზე მოგიყვებით.
უოლმენ-რინკი
აშშ, ნიუ-იორკი
უოლმენ-რინკი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საციგურაო მოედანია. მისი ფართობი 2600 კვადრატული მეტრია. ეს ლამაზი და შთამბეჭდავი ადგილი არაერთი ჰოლივუდური ფილმის რომანტიკული სცენების გადასაღებ მოედნად ქცეულა.
უოლმენი ოქტომბრიდან აპრილამდე იღებს სტუმრებს. აქ საჭირო ინვენტარსაც მოგაქირავებენ, სრიალის გაკვეთილებსაც ჩაგიტარებენ, საჭიროების შემთხვევაში ციგურების პირებსაც გალესავენ და მსუბუქ სასუსნავსაც შემოგთავაზებენ.
უოლმენ-რინკი ცენტრალურ პარკში, 59-ე ქუჩისა და მეექვსე ავენიუს მახლობლად მდებარეობს. სრიალი აქ კვირის ნებისმიერ დღეს, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი. ციგურაობის მოყვარულებს სასიამოვნო ბონუსიც ელით – ჰოლივუდელ კინოვარსკვლავებთან შეხვედრის შანსი: უოლმენის მოედანი ჯიმ კერის, ქეით ჰადსონისა და ჰიუ ჯეკმენის საყვარელი ადგილია. ბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ.
სომერსეტ-ჰაუსი
დიდი ბრიტანეთი, ლონდონი
სომერსეტ-ჰაუსი კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. ხანგრძლივი და მდიდარი ისტორიის განმავლობაში ამ შენობას სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ: აქ განთავსებული იყო სამლოცველო, სამეფო აკადემია, ქიმიური ლაბორატორია, ლონდონის უნივერსიტეტი, გეოლოგთა საზოგადოება, ადმირალიტეტი... დღეს ის კულტურულ ღონისძიებებს მასპინძლობს, მათ შორის გამოფენებს, ფესტივალებსა და კინოჩვენებებს.
XVIII საუკუნის დასასრულის კლასიკური არქიტექტურის ეს დიდებული ნიმუში ლონდონის ცენტრალურ ქუჩა სტრენდსა და მდინარე ტემზას შორის მთელ კვარტალს იკავებს და თავისი დიდებულებით წლის ყოველ დროს იზიდავს დამთვალიერებლებს, მაგრამ ზამთარში განსაკუთრებით შთამბეჭდავია. დღესასწაულებზე შენობის წინ ყინულის მოედანი ეწყობა, სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი სპორტული ნიჭის დემონსტრირება.
სომერსეტ-ჰაუსის საციგურაო მოედანზე სპეციალურად მოწვეული დიჯეების მიერ შერჩეული თანამედროვე მუსიკა ჟღერს. მთავარია, ბილეთების წინასწარ დაჯავშნა არ დაგავიწყდეთ!
ეიფელის კოშკი
საფრანგეთი, პარიზი
ეიფელის კოშკის მოედანი მსოფლიოს ხუთი ყველაზე პოპულარული საშობაო საციგურაო მოედნიდან ერთ-ერთია. ის ეიფელის კოშკის ქვედა პლატფორმაზე, მიწიდან 58 მეტრის სიმაღლეზეა მოწყობილი. ამ უჩვეულო ადგილას მდებარე ატრაქციონის ფართობი 200 კვადრატულ მეტრამდეა, ამიტომ ყინულზე ერთდროულად მხოლოდ 80 ადამიანის გამოსვლაა ნებადართული. არ არის გამორიცხული, რიგში დგომაც მოგიწიოთ. ეიფელის კოშკის ბილეთების მფლობელთათვის მოედანზე შესვლა უფასოა. ოღონდ საკუთარი ციგურებით არ შეგიშვებენ, აღჭურვილობა აქვე უნდა იქირაოთ.
მოედანს აქვს უდავო უპირატესობებიც: აქედან ხელისგულივით იშლება საფრანგეთის დედაქალაქის ხედი, ინტერიერის ეფექტური განათება კი გარემოს უფრო ატმოსფერულს ხდის. სრიალსა და გართობასთან ერთად ფრანგული შანსონის ფონზე პარიზული ატმოსფეროს შეგრძნება დაუვიწყარ მოგონებად დაგრჩებათ.
გასათბობად იქვე მდებარე ბარებში ყავის, გლინტვეინისა და სხვა სასმელების დაგემოვნება შეიძლება.
ყინულის მოედანი 1969 წელს გაიხსნა, თუმცა ის ყოველ წელს არ ფუნქციონირებს და მხოლოდ 31 იანვრამდეა ღია.
რიდოს არხი
კანადა, ოტავა
მსოფლიოში ყველაზე გრძელი ყინულის მოედანი კანადის დედაქალაქ ოტავაში მდებარეობს. მისი ფართობი 1 620 000 კვადრატული მეტრია, რაც საკმარისია 90 ჰოკეის მოედნის განსათავსებლად. რიდოს არხზე იმართება ყოველწლიური ზამთრის ფესტივალი – ჭინტერლუდე: ყინულის ქანდაკებების კონკურსი, მოციგურავეთა წარმოდგენები და სახალხო გართობა.
ოტაველები არხს ზამთრობით სამსახურამდე მისასვლელად, უფრო სწორად, მისასრიალებლად იყენებენ. ქალაქის თვითმმართველობამ ციგურებით სრიალის მოყვარულთათვის სპეციალური შუქნიშნებიც კი დაამონტაჟა: მწვანე ფერი დაუბრკოლებელი მოძრაობის შესაძლებლობას ნიშნავს, წითელი კი – ტემპარატურის აწევას და ყინულის ლღობას.
რიდოდან შატო ლორიესა და პარლამენტის შენობის ულამაზესი ხედები იშლება.
ჟუს ტბა
შვეიცარია
მასშტაბურობის მოყვარულები კარგად იცნობენ ბუნებრივ საციგურაო მოედანს, რომელიც შვეიცარიის ალპებში, ჟუს ტბაზე, თითქმის 9,5 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ტბა ლოზანის მახლობლად მდებარეობს. ზამთარში ტბა მხოლოდ ორი კვირით იყინება და მსოფლიოში უდიდეს საციგურაო მოედნად იქცევა. ყინულის სისქე 40-58 სმ-ს აღწევს და მკაცრად კონტროლდება. მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოყვარული და პროფესიონალი მოციგურავეები ამ დროს აქ იყრიან თავს, რათა საკუთარი თავი გამოსცადონ და პროფესიონალების ოსტატობით დატკბნენ.
გირჩევთ, თვალი ადევნოთ ამინდის პროგნოზს, რათა საციგურაო სეზონი არ გამოგეპაროთ.
სასრიალო ფასიან და უფასო ზონებად არის დაყოფილი.
მედეო
ყაზახეთი
საციგურაო მოედანი “მედეო” ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმატის მახლობლად მდებარეობს. ის 1972 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ევროპისა თუ მსოფლიო ზამთრის სპორტის სახეობათა არაერთი ჩემპიონატისთვის უმასპინძლია. “მედეო” ზღვის დონიდან 1692 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. მისი ფართობი 10 500 კვადრატული მეტრია, რაც კომფორტულია ციგურებით ჩქაროსნულ სრიალში, ჰოკეისა და ფიგურულ ციგურაობაში შეჯიბრებისთვის.
მოედანს “რეკორდების ქარხანასაც” უწოდებენ. ჩქაროსნულ სრიალში აქ 200-ზე მეტი რეკორდია დამყარებული. მიზეზად მაღალმთიან კლიმატსა და ყინულის წარმოებისთვის გამოყენებულ კრისტალურად სუფთა მთის წყალს მიიჩნევენ.
“მედეო” ციგურების მოყვარულებს შორისაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
კინდერდეიკის არხები
ნიდერლანდები
თუ ზამთარში ნიდერლანდების სამეფოს ესტუმრებით, აუცილებლად მოინახულეთ უძველესი სოფელი კინდერდეიკი. ეს მყუდრო დასახლებული პუნქტი ზამთრობით პოპულარულ ტურისტულ და გასართობ ადგილად იქცევა.
კინდერდეიკის არხების ნაპირები მოფენილია ქარის წისქვილებით – ნიდერლანდების სავიზიტო ბარათით, სპეცტექნიკით გაპრიალებული ყინული კი ყველა დონის მოციგურავისთვის იდეალურია.
ბევრი რამ ამინდსა და ყინულის საფარის ხარისხზე კია დამოკიდებული, მაგრამ ოფიციალურად მოედანი ნოემბრიდან თებერვლამდე 24 საათის განმავლობაში მუშაობს. შესვლა უფასოა. სანამ წყალი უსაფრთხო სრიალისთვის საჭირო კონდიციამდე გაიყინება, შეგიძლიათ, წისქვილების თვალიერებით შეიქციოთ თავი.
პატერსვოლდსემეერი
ნიდერლანდები
გრონინგენის სამხრეთით მდებარე პატერსვოლდსემეერი წელიწადის უმეტეს დროს არაფრით გამოირჩევა სხვა ტბებისგან, მაგრამ გაიყინება თუ არა, გრონინგენის მაცხოვრებლები მას თოვლისგან წმენდენ, ასწორებენ და ღია ცის ქვეშ 10 კილომეტრამდე სიგრძის უზარმაზარი საციგურაო მოედანი იხსნება.
მოედანზე შესვლა, რა თქმა უნდა, უფასოა, თუმცა მის მიმდებარედ ციგურების გაქირავების პუნქტის პოვნა გაგიჭირდებათ, ამიტომ უმჯობესია, ციგურები ქალაქში იქირაოთ ან საკუთარი იქონიოთ. ბილიკის გასწვრივ ათობით კაფეა განლაგებული, სადაც ცხელი ჩაის, ყავის ან უფრო მაგარი სასმლის დალევას და წახემსებასაც შეძლებთ.
ფლევონისის ყინულის მოედანი
ნიდერლანდები
ეს უჩვეულო მოედანი სოფელ ბიდინგჰუიზენის მახლობლად მდებარეობს. რუკაზე ფლევონისი სარბოლო ტრასას უფრო ჰგავს, თითქოს საგანგებოდ სამანქანო რბოლებისთვის იყოს შექმნილი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მას უმთავრესად ჩქაროსნული სრიალის მოყვარულები სტუმრობენ. ტრასის გასწვრივ კაფეები და საშხაპეებია გაშენებული.
ფლევონისი ვიზიტორებს მთელი ზამთრის განმავლობაში მასპინძლობს.
“მადრიდი ყინულზე”
ესპანეთი, მადრიდი
მადრიდის ყინულის მოედანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე საფეხბურთო სტადიონის, Riyadh Air Metropolitano-ს, ტერიტორიაზე მდებარეობს. ის საფეხბურთო კლუბ “მადრიდის ატლეტიკოს” საშინაო საწვრთნელ არენას წარმოადგენს. მისი ფართობი 4200 კვადრატული მეტრია.
სიდიდით მოედანი ერთ-ერთი რეკორდსმენია ევროპაში. რიდოს არხისგან განსხვავებით, აქ ხელოვნურ ყინულს იყენებენ. მოედანზე ერთდროულად 1500 ადამიანს შეუძლია სრიალი. ზამთრის სეზონზე Madrid On Ice-ზე სპეციალური ილუმინაცია ირთვება და მოედანი დიდ გასართობ პარკად იქცევა, სადაც მუსიკალური შოუები და ფიგურული მოციგურავეების წარმოდგენები იმართება. დიდი მოთხოვნაა ციგურებით სრიალის საბავშვო მასტერკლასებსა და მრავალფეროვან კულინარიულ შეთავაზებებზე.
ფენტეზი სკეიტი
არგენტინა, ბუენოს-აირესი
“ფენტეზი სკეიტი” სამხრეთი ამერიკის ყველაზე დიდი დახურული ხელოვნური ყინულის მოედანია. ის ყოველმხრივ აკმაყოფილებს ჰოკეის მოედნის სტანდარტებს და იდეალური ადგილია ვარჯიშისა და შეჯიბრებისთვის. მოედანს ერთდროულად 100-ზე მეტი ვიზიტორის მიღება შეუძლია. “ფენტეზი სკეიტი” მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ყინულზე სრიალის ათასობით მოყვარულს მასპინძლობს.
კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გასახდელებით, საშხაპეებით, კაფეებითა და ჰამბურგერ-ბარებით აქტიური სრიალის შემდეგ კომფორტული დასვენების შესაძლებლობას იძლევა.
ბონდაი-ბიჩი
ავსტრალია
რა შეიძლება იყოს წყნარი ოკეანის პირას მდებარე ყინულის მოედანზე უფრო უჩვეულო? თანაც ავსტრალიაში, სიდნეიში, სადაც ჰაერის ტემპერატურა ზამთარშიც კი ნულს ქვემოთ არ ჩამოდის.
საციგურაო მოედანი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.
სიდნეი ყოველწლიურად მასპინძლობს დარლინგ ჰარბორის ზამთრის ფესტივალს. ბონდაი-ბიჩის ყინულის მოედანი, თოვლის სლაიდები და ზამთრის ბაზრობები, სადაც სტუმრებს გემრიელი კერძებითა და ეგზოტიკური კოქტეილებით უმასპინძლდებიან, დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ეს ორი დამოუკიდებელი თავია და სადმე ჩარჩოთი ან ფონით ჩასვი ძირითადი ტექსტისგან ცალკე, სადაც უფრო მოუხდება.
ციგურების ისტორიიდან
პირველი ციგურები ხისა და ძვლისგან მზადდებოდა. ამას გერმანიაში, ნიდერლანდებში, შვედეთში, ნორვეგიაში, დანიასა და ინგლისში მოპოვებული არქეოლოგიური ნიმუშები მოწმობს.
ისტორიული ცნობების თანახმად, კიმერიელები (ინდოევროპული ტომები) ცხოველის წვივის ძვლის ფრაგმენტებს ჯოხებზე ამაგრებდნენ და წყლის გაყინულ ზედაპირზე გადაადგილდებოდნენ. ძვ.წ. II ათასწლეულით დათარიღებული ციგურები დღემდეა შემორჩენილი და შვეიცარიაში, ბერნის მუზეუმში ინახება.
მოგვიანებით ადამიანმა არა მხოლოდ პრაქტიკული მიზნით, არამედ გასართობადაც დაიწყო ყინულზე სრიალი. ცნობები ამის შესახებ 1174 წლის ლონდონის ქრონიკაშიც მოიპოვება.
XIII საუკუნეში ჰოლანდიასა და ისლანდიაში ციგურების დამზადების ტექნოლოგიის განვითარებამ ძვლები ხის ღარებში ჩასმული ალესილი ლითონის ზოლებით ჩაანაცვლა, XVIII საუკუნის დასაწყისიდან კი ხემ ლითონის მილებს დაუთმო ასპარეზი. თანამედროვე ციგურების წარმოებაც ამ დროიდან იწყება.
რეკომენდაციები დამწყებთათვის
ციგურები რამდენიმე სახეობისაა: ფიგურული (დაკბილული) და ჩქაროსნული (გრძელპირიანი), ჰოკეისა და სასეირნო. ახალბედა მოციგურავეს, რა თქმა უნდა, ??? ციგურები შეეფერება.
დამცავი აღჭურვილობა – ჩაფხუტი, მუხლებისა და იდაყვების დამცავები, ციგურის პირის პლასტმასის ან ტყავის დამცავები (მათი ტრანსპორტირებისთვის) აუცილებელია! ტანსაცმელი უნდა იყოს თბილი, კომფორტული, არ უნდა ზღუდავდეს მოძრაობას. საუკეთესო ვარიანტია თერმოსამოსი ან სპორტული შარვალი და გამაშები. გრძელი ქურთუკი და ორმეტრიანი შარფი სრიალის დროს მხოლოდ ხელს შეგიშლით. აუცილებელია ქუდი და ხელთათმანებიც.
ინსტრუქტორი გასწავლით, როგორ უნდა დაამუხრუჭოთ, გადახვიდეთ ზოლიდან ზოლში, მოახდინოთ მანევრირება და აიცილოთ თავიდან შეჯახება და ტრავმა.
დიდი მნიშვნელობა აქვს თასმების სწორად შეკვრას. მეტისმეტად მჭიდროდ მოჭერილი თასმები ხელს შეუშლის მანევრირებას და ფეხებში სისხლის ცირკულირებას, რაც სწრაფ დაღლასა და ფეხების გაცივებას გამოიწვევს.
სრიალის დროს სწორად დაცემის ტექნიკასაც უნდა ფლობდეთ. მის ათვისებაშიც გამოცდილი ინსტრუქტორი დაგეხმარებათ.
დამცავი აღჭურვილობის გამოყენება და ინსტრუქტორის მითითებების გათვალისწინება ტრავმის მიღების რისკს ამცირებს.
ციგურების შესანახად დაგჭირდებათ სპეციალური ზეთი – მისი თხელი ფენა სასრიალო პირებს კოროზიისგან იცავს.
ყინულზე სრიალი კალორიების დაწვის არაჩვეულებრივი საშუალებაა, ცხელი ჩაი ან ყავა და პლედი კი შესვენებისას გაგათბობთ.
ირაკლი კარტოზია







