როგორ ირჩევენ პატარები მეგობრებს

Поделитесь:

პატარები სპონტანურად ამყარებენ ურთიერთობას. უფროსებისთვის ეს პროცესი ზოგჯერ ქაოსურად გამოიყურება: ორმა ბავშვმა ერთმანეთს გადახედა, ერთმა მეორეს უყვირა, მეორემ პირველს სათამაშო წაართვა და მეგობრობაც დაიწყო.

როგორ ირჩევენ პატარები მეგობრებს

ზრდასრული ადამიანები მეგობრებს ინტერესებისა და ღირებულებების მიხედვით ირჩევენ. პატარა ბავშვებისთვის ყველაფერი ინსტინქტურ დონეზე ხდება.

1. ნაცნობი გარემო და განმეორებითი შეხვედრები

პატარები მეგობრებს იქ იძენენ, სადაც ყველაზე ხშირად ატარებენ დროს. როცა ბავშვი ბაღში, ეზოში ან სტუმრად ხშირად ხედავს ერთსა და იმავე თანატოლს, თანდათან მას უსაფრთხო ადამიანად აღიქვამს, უსაფრთხოების განცდა კი იწვევს სითბოს, რომელიც მეგობრობის საწინდარია.

2. მსგავსი ენერგიების ურთიერთმიზიდულობა

მშვიდი ბავშვი უმეტესად ასეთივე მშვიდ პატარას ირჩევს, აქტიური კი მასავით ენერგიულს უმეგობრდება. ეს არჩევანი ბუნებრივია, რადგან ენერგიების თანხვედრა ურთიერთობას აადვილებს.

3. ემოციური თანხვედრა

პატარები შესანიშნავად გრძნობენ ემოციებს. ისინი ირჩევენ ბავშვებს, რომლებიც:

* იმავე ხუმრობებზე იცინიან;

* მათი ტემპით თამაშობენ;

* არ აშინებენ და არ ახშობენ მათ ენერგიას.

ეს ემოციური სინქრონი საფუძველს უყრის ნამდვილ მეგობრობას მაშინაც კი, როცა პატარებს ჯერ არ შეუძლიათ სიტყვების წარმოთქმა.

უსიტყვო საუბარი

სამ წლამდე პატარებს მეგობრობისთვის საუბარი არ სჭირდებათ. ცხადია, თუ ორივე ბავშვი გამართულად მეტყველებს, ურთიერთობა გაუადვილდებათ, მაგრამ ამ ასაკში პატარები უმთავრესად მაინც აურისა და ქცევის, თამაშის სტილის მიხედვით ირჩევენ ერთმანეთს.

1. მოქმედება სიტყვებზე მეტია

პატარებს შორის კავშირი შედგა, თუ:

  • ერთმანეთს სათამაშოებს უზიარებენ;
  • ერთმანეთს ბაძავენ;
  • გვერდიგვერდ სხდებიან;
  • ერთმანეთს დასდევენ და ცდილობენ, თვალთახედვის არიდან არ დაკარგონ;
  • უბრალოდ სიამოვნებთ ერთად ყოფნა.

2. მიბაძვა მეგობრობის ენაა

თუ ერთი ბავშვი კუბებისგან კოშკს აშენებს, მეორე კი ზუსტად იმეორებს იმავეს, ესეც ურთიერთობის ერთგვარი ფორმაა. თუ ერთი ცეკვავს და მეორეს სთავაზობს ეცეკვოს, ეს უკვე თამაშის შეთავაზებაა.

3. საუბარი ემოციებით

პატარებს არაჩვეულებრივად ესმით სხეულის ენა. ისინი კომუნიკაციისთვის იყენებენ:

  • მიმიკებს;
  • ინტონაციას;
  • მოძრაობებს;
  • მარტივ ჟესტებს.

საინტერესო ფაქტები პატარების მეგობრობაზე

1. ზოგ ბავშვს უკვე 12-18 თვიდან ჰყავს “საყვარელი” მეგობარი

კვლევები აჩვენებს, რომ პატარები ზოგიერთ თანატოლზე უფრო ძლიერი დადებითი ემოციით რეაგირებენ.

2. კონფლიქტი და მეგობრობა თავსებადია

ბავშვებს შეუძლიათ, სათამაშოს გამო სერიოზულად იჩხუბონ, მეორე წუთს კი ერთმანეთს ჩაეხუტონ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ასაკში ბავშვები კონფლიქტს ურთიერთობის გაწყვეტის საფუძვლად არ აღიქვამენ. ისინი აწმყოში, აქ და ახლა ცხოვრობენ, ამიტომ უთანხმოებაც მალე ავიწყდებათ და ისევ დადებითად განეწყობიან ერთმანეთის მიმართ.

3. ერთად სიცილი მეგობრობის მამოძრავებელი ძალაა

გულიანი სიცილის დროს ბედნიერების ჰორმონები გამოიყოფა, რომლებიც ბავშვებს ერთმანეთთან აახლოებს.

4. როლური მეგობრობა

ხან ერთი ბავშვია ინიციატორი და მეორე – დამკვირვებელი, ხან პირიქით. ხან ერთი იწვევს თამაშში და მეორე ჰყვება, ხან პირიქით. როლები სიტუაციისა და ბავშვების ხასიათის მიხედვით იცვლება.

5. მეგობრობა ემპათიას ავითარებს

როცა ერთი ბავშვი ტირის, მეორე კი გვერდით მიუჯდება და მოეფერება ან დასამშვიდებლად სათამაშოს ათხოვებს, ეს უკვე ადრეული ემოციური ინტელექტის გამოხატულებაა.

როგორ დავეხმაროთ პატარებს მეგობრების შეძენაში

ამ ურთიერთობებში მშობელს რეჟისორის როლი ეკისრება – მან უნდა შექმნას გარემო, სადაც მისი შვილის სოციალურ ცხოვრებას ჩაეყრება საფუძველი.

1. მიეცით ერთსა და იმავე ბავშვთან რეგულარულად შეხვედრის საშუალება.

თანმიმდევრული ურთიერთობა ბავშვებს უსაფრთხოების შეგრძნებას უჩენს. როცა პატარები თვეში ორჯერ მაინც ხვდებიან ერთმანეთს, მათ შორის კავშირი გაცილებით სწრაფად მყარდება.

2. არ დააჩქაროთ ორმხრივი თამაში

ზოგ ბავშვს დრო სჭირდება პირველი ნაბიჯის გადასადგმელად. ნუ დააძალებთ ურთიერთობას, აცადეთ, მოშინაურდეს. უბრალოდ ჯდომა და სიტუაციაზე დაკვირვებაც სოციალური უნარია.

3. ჩართეთ თამაშებში, რომლებიც საერთო ძალისხმევას მოითხოვს

ასეთია:

  • დიდი რბილი კუბებით სახლების აშენება;
  • ბუშტით თამაში. მაგალითად, ერთმანეთს ისე გადაუგდონ და დაიჭირონ, რომ იატაკს არ შეეხოს;
  • ბურთით თამაში;
  • მაგნიტური კონსტრუქტორების აწყობა;
  • მანქანებით თამაში;
  • ფანქრებით ხატვა.

4. გახდით ემოციური მედიატორი

კონფლიქტის დროს მშობელი ემოციური მედიატორია. მაგალითად:

"მესმის, რომ ორივეს გინდათ მანქანაში ჩაჯდომა. მოდი, დრო დავინიშნოთ: ჯერ ერთი გაისეირნებს; როდესაც ტაიმერი დარეკავს, მეორის ჯერი დადგება".

"ეს პატარა იმიტომ გექაჩება სახელოზე, რომ შენი გაცნობა და შენთან თამაში უნდა. მოდი, ერთად ვეთამაშოთ".

5. კომუნიკაციის მხარდაჭერა

სანამ პატარა ენას ამოიდგამს, მისი დამხმარე ინსტრუმენტებია ჟესტები:

  • სასურველი ნივთის თითით ჩვენება;
  • იმ სათამაშოს ჩვენება, რომელიც სურს ათხოვონ;
  • ხელის მოკიდება და სასურველ ადგილას წაყვანა.

6. პატარა წარმატებები

აიყოლიეთ ბავშვები მარტივ ერთობლივ თამაშებში:

  • გადაუგდეთ ბურთი ერთმანეთს;
  • ჰაერში აყარეთ ფოთლები;
  • მუსიკას აჰყევით და ერთად იცეკვეთ.

ეს თამაშები ბავშვებს შორის ემოციურ კავშირს ამყარებს.

რისი არ უნდა გეშინოდეთ

1. იმისა, რომ ბავშვები თამაშის დროს ძალიან ცოტას ლაპარაკობენ.

ეს ნორმალურია. ამ ასაკში სიჩუმეც სოციალური ურთიერთობის ფორმაა.

2. იმისა, რომ ბავშვები უბრალოდ გვერდიგვერდ სხედან და ერთმანეთს არ ეკონტაქტებიან.

ამ ფენომენს პარალელური თამაში ჰქვია. 3-4 წლამდე ის სავსებით ბუნებრივია.

3. პატარ-პატარა კონფლიქტების -

ეს სოციალური უნარების დასწავლის ნაწილია.

4. იმისა, რომ ბავშვი პერიოდულად “იცვლის” საყვარელ მეგობარს.

ეს არ არის არასტაბილურობა – ეს ძიებაა, რაც ასევე სავსებით ნორმალურია ამ ასაკისთვის.

ის, რაც თქვენ ქვიშის მოედანზე უბრალო თამაშად გეჩვენებათ, შესაძლოა, ბავშვის სოციალური სამყაროს ჩამოყალიბების საფუძველი იყოს. ამ დროს პატარები არკვევენ:

* ვის გვერდით გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და კომფორტულად;

* ვისთან სიამოვნებთ თამაში და ვისთან – არა;

* ვინ იზიარებს მათ ემოციებს.

ასე რომ, შესაძლოა, სიტყვებით ვერ გამოხატავდნენ, მაგრამ მშობლები მაინც იგრძნობთ, რომ თქვენმა პატარამ თავისი ადამიანი იპოვა.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: