კაფსულური კონტრაქტურა – ძუძუს იმპლანტაციის გართულება

Поделитесь:

ნებისმიერი სახის იმპლანტის – სამედიცინოსა თუ კოსმეტიკურის – გარშემო ნაწიბუროვანი ქსოვილის, ე.წ. კაფსულის ჩამოყალიბება შეხორცების ნორმალური პროცესის ნაწილია. ორგანიზმი ავტომატურად რეაგირებს მასში ჩანერგილ უცხო სხეულზე და ცდილობს მის იზოლირებას მის გარშემო ნაწიბუროვანი ქსოვილის ბარიერის შექმნით.

ძუძუს იმპლანტის ჩანერგვის შემდეგ კაფსულის ფორმირება სასარგებლოც კია – ხელს უწყობს მის ფიქსირებას ჩანერგილ ადგილას. ცუდი ის არის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კაფსულა მკვრივდება და შეკუმშვას იწყებს, რამაც შესაძლოა ესთეტიკური ცვლილებები და ტკივილი გამოიწვიოს.

კვლევების თანახმად, ძუძუს აუგმენტაციის (გადიდების) ოპერაციის შემდეგ ექვსიდან ერთ პაციენტს ამა თუ იმ ხარისხის კაფსულური კონტრაქტურა უვითარდება:

I ხარისხი – უსიმპტომოა. იმპლანტის გარშემო წარმოქმნილი ნაწიბუროვანი ქსოვილი გავლენას არ ახდენს მკერდის ზომაზე, ფორმასა და ტექსტურაზე. მკერდი ბუნებრივად გამოიყურება და შეხებისას რბილია.

II ხარისხი – წესისამებრ, მსუბუქი კოსმეტიკური ნიშნებით ვლინდება. მკერდი გარეგნულად ნორმალური ფორმისაა, თუმცა შეხებისას შედარებით მკვრივია.

III ხარისხი – კოსმეტიკური ცვლილებები აშკარაა. მკერდი შეხებისას მკვრივია და ვიზუალურადაც შეცვლილია. შესაძლოა, ზედმეტად მრგვალი იყოს. ზოგჯერ შეინიშნება ძუძუსთავების დეფორმაციაც. ამ ხარისხის კონტრაქტურის დროს ტკივილი ყოველთვის არ არის გამოხატული.

IV ხარისხი – მკერდის გამკვრივებასა და დეფორმაციას თან ახლავს ტკივილი. შეხებისას მკერდი ხშირად მგრძნობიარე და მტკივნეულია.

კაფსულური კონტრაქტურების დაახლოებით 75% იმპლანტის ჩანერგვიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ვითარდება. იშვიათია, მაგრამ გვხვდება ოპერაციიდან მრავალი წლის შემდეგ გამოვლენილი კონტრაქტურაც, რომლის ჩამოყალიბების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმპლანტის მთლიანობის დარღვევა მიიჩნევა.

კაფსულური კონტრაქტურა, წესისამებრ, არ არის საშიში სიცოცხლისთვის. გამონაკლისია გელის შემცველი იმპლანტის გასკდომა, რაც შესაძლოა ინფექციის მიზეზად იქცეს.

რატომ ვითარდება

კაფსულური კონტრაქტურის განვითარების მიზეზების შესახებ საერთო აზრი არ არსებობს, თუმცა კლინიცისტები რამდენიმე წამყვან თეორიას განიხილავენ. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ გენეტიკურ ფაქტორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია იმაში, ვის განუვითარდება კონტრაქტურა და ვის – არა.

თუ პაციენტს აქვს ავტოიმუნური დაავადებების ისტორია ან ჰყავს ახლო ნათესავები, რომლებსაც ნაჭრილობევ ადგილას ხშირად უვითარდებათ სქელი ნაწიბუროვანი ქსოვილი (ან წარსულში გადაიტანეს სამედიცინო იმპლანტებთან დაკავშირებული გართულებები), შესაძლოა, ოდნავ მომატებული ჰქონდეს კაფსულური კონტრაქტურის განვითარების რისკი.

ზოგიერთ შემთხვევაში კაფსულური კონტრაქტურა გამოწვეულია არა უშუალოდ ორგანიზმის რეაქციით იმპლანტზე, არამედ ბიოაპკის (ბიოფილმ) არსებობით. ბიოაპკი წარმოადგენს ბაქტერიების თხელ ფენას, რომელიც შეიძლება იმპლანტის ირგვლივ ჩამოყალიბდეს, თუ პაციენტის კანზე მობინადრე ბაქტერიები ოპერაციის დროს მკერდის ღრუში მოხვდა. უმეტესად ეს ბაქტერიები სტაფილოკოკებია.

ბიოაპკი იწვევს დაბალი ინტენსივობის ქრონიკულ ინფექციურ პროცესს, რომელიც, წესისამებრ, არ ვლინდება კლასიკური სიმპტომებით (მაგალითად, ცხელებით ან ძლიერი საერთო სისუსტით), მაგრამ ორგანიზმი მაინც განუწყვეტლივ ებრძვის მას, რის შედეგადაც იმპლანტის გარშემო სულ უფრო მეტი ნაწიბუროვანი ქსოვილი წარმოიქმნება. დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა კაფსულურ კონტრაქტურამდე მიგვიყვანოს.

კაფსულური კონტრაქტურის განვითარების რისკს ზრდის ძუძუს გადიდების ოპერაციის იშვიათი გართულებები, მათ შორის – ჰემატომა და სერომა, შესაბამისად – სისხლისა და სითხის დაგროვება ნაოპერაციებ უბანში, რომელიც ზოგიერთ პაციენტს ინვაზიური ჩარევის შემდეგ უვითარდება.

პრევენცია

კაფსულური კონტრაქტურის სრულყოფილი პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მისი განვითარების რისკის შემცირება სხვადასხვა გზით:

* საფუძვლიანი სკრინინგით – ოპერაციამდე ხდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და იმ ფაქტორების ფიქსირება, რომლებსაც შეუძლია, გაზარდოს გართულებების, მათ შორის – ჰემატომისა და სერომის, განვითარების რისკი. რეკომენდებულია მოწევისთვის თავის დანებება, რადგან მოწევა ზრდის ჰემატომის წარმოქმნის ალბათობას და ანელებს შეხორცების პროცესს.

*შესაფერისი ზომისა და ტიპის იმპლანტის შერჩევით – იმპლანტის ზომა უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის ანატომიურ თავისებურებებს. ზედმეტად დიდი იმპლანტის გამოყენება იმ პაციენტებთან, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ბუნებრივი მკერდის ქსოვილი მის დასაფარად, ზრდის კაფსულური კონტრაქტურის განვითარების რისკს.

*მინიმალური მანიპულაცია იმპლანტზე – რაც უფრო ნაკლებად დამუშავდება იმპლანტი პაციენტის სხეულში ჩანერგვამდე, მით უფრო ნაკლებია ბაქტერიებით მისი დაბინძურების ალბათობა, ამიტომ თანამედროვე ქირურგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასეპტიკისა და ანტისეპტიკის მკაცრ დაცვას.

*ტექსტურირებული ზედაპირის მქონე იმპლანტების გამოყენება – ტექსტურირებული გელის იმპლანტების გამოყენება ზოგიერთ შემთხვევაში ამცირებს იმპლანტის გარშემო სქელი ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარების რისკს, თუმცა ასეთი იმპლანტი ყველა პაციენტს არ გამაოდგება, მისი არჩევა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.

*იმპლანტის განთავსება გულმკერდის კუნთის ქვეშ – იმპლანტის სუბპექტორალურად (გულმკერდის კუნთის ქვეშ) განთავსება დაკავშირებულია [ამ მიდამოში] კაფსულური კონტრაქტურის ჩამოყალიბების შედარებით დაბალ რისკთან.

*ოპერაციის შემდგომი მოვლა და მასაჟი – ძუძუს გადიდების ოპერაციის შემდეგ, შეხორცების პერიოდში, ზოგიერთი ექიმი ურჩევს მკერდის ნაზ მასაჟს კაფსულარული კონტრაქტურის რისკის შესამცირებლად, თუმცა ამ მეთოდის ეფექტიანობა მსხვილი კლინიკური კვლევებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებული არ არის. დაუშვებელია მასაჟის ჩატარება ქირურგის რეკომენდაციის გარეშე, რადგან არასწორმა მანიპულაციამ შესაძლოა ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს და კიდევ უფრო მაღალ ასწიოს გართულებების რისკი.

მკურნალობა

კაფსულარული კონტრაქტურის მკურნალობა შეიძლება როგორც ქირურგიულად, ისე არაქირურგიულადაც. არჩევანი დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმესა და სიმპტომებზე.

ქირურგიული მეთოდები

კაფსულექტომია – ქირურგი იღებს იმპლანტს კაფსულითურთ და საჭიროების შემთხვევაში ახალ იმპლანტს ნერგავს. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება დერმალური მატრიქსი, რომელიც დამატებით დამცავ ფენას ქმნის და შეუძლია, კონტრაქტურის განმეორების რისკი შეამციროს.

ღია კაფსულოტომია – ამ მეთოდის გამოყენებისას კაფსულა ქირურგიულად იხსნება ან ნაწილობრივ ამოიკვეთება, რათა იმპლანტს მეტი თავისუფალი სივრცე დარჩეს. ზოგჯერ ხდება იმპლანტის ჩანაცვლებაც.

ნაფლეთით რეკონსტრუქცია – იმპლანტის მოცილება და ძუძუს რეკონსტრუქცია პაციენტის საკუთარი ქსოვილის ნაფლეთით მნიშვნელოვნად ამცირებს კაფსულური კონტრაქტურის განმეორების რისკს, თუმცა ეს შედარებით რთული ოპერაციაა და ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვს.

არაქირურგიული მეთოდები

არაქირურგიულ მიდგომას უმთავრესად ადრეულ სტადიებზე და მსუბუქი სიმპტომების დროს იყენებენ.

ულტრაბგერითი თერაპია (მათ შორის Aspen სისტემა) გამოიყენება ნაწიბუროვანი ქსოვილის მოსადუნებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად.

მასაჟი, მედიკამენტები, დაბალინტენსიური (მცირედ დოზირებული) ლაზერული თერაპია და PRP (თრომბოციტებით მდიდარი პლაზმით თერაპია) ხელს უწყობს სიმპტომების შემსუბუქებას, თუმცა კაფსულური კონტრაქტურის დროს მათი ეფექტიანობა ერთმნიშვნელოვნად არ არის დადასტურებული.

არაქირურგიული მეთოდების შედეგები ინდივიდუალურ ფაქტორებზეც არის დამოკიდებული, ამიტომ ყოველთვის ერთნაირი არ არის. მათი გრძელვადიანი ეფექტურობის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო.

მარი აშუღაშვილი

Поделитесь: