დიაბეტი და შარდსასქესო სისტემა

Поделитесь:

ნებაზე მიშვებული შაქრიანი დიაბეტის გართულებების შესახებ, ალბათ, ყველას გაგიგონიათ. ამ გართულებებს ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანება უდევს საფუძვლად. მართალია, შარდსასქესო სისტემის პრობლემები ასაკთან ერთად ისედაც იმატებს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიაბეტი მათი განვითარების ალბათობას ზრდის.

თირკმელი

დიაბეტი თირკმლის დაზიანების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. რაც უფრო ხანდაზმულია დიაბეტი, მით უფრო დიდია მის ფონზე თირკმლის დაავადების, დიაბეტური ნეფროპათიის, ჩამოყალიბების შანსი. დიაბეტი თირკმელებს ნელა აზიანებს და ეს პროცესი წლობით გრძელდება. დაზიანებული წყვილი ორგანო სათანადოდ ვეღარ ფილტრავს სისხლს, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები გროვდება, რაც ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს.

თირკმელების მსუბუქი დაზიანება, წესისამებრ, შეუმჩნეველია. სიმპტომები მხოლოდ მდგომარეობის დამძიმებისას იჩენს თავს. თავდაპირველად შესაძლოა მხოლოდ ცილამ (ალბუმინმა) მოიმატოს შარდში, რაც კოჭების შეშუპებით, წონის მატებით, ღამღამობით გახშირებული შარდვით, წნევის აწევით გამოვლინდება. მოგვიანებით, როდესაც სისხლში აზოტის შემცველობაც (კრეატინინი) აიწევს, ამ სიმპტომებს დაერთვის ღებინება, გულისრევა, უმადობა, სისუსტე, მზარდი დაღლილობა, ქავილი, ფეხის კუნთების კრამპი (მტკივნეული კუმშვა), ანემია. თუ დიაბეტიან ადამიანს ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი გაუჩნდა, აუცილებლად უნდა აცნობოს ექიმს.

გახსოვდეთ: ყველამ, ვისაც დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, ყოველწლიურად უნდა შეიმოწმოს თირკმელების მდგომარეობა. ტიპი 2-ის დროს სასურველია, პირველი გამოკვლევა დიაგნოზის დასმის დღესვე ჩატარდეს, ხოლო ტიპი 1-ის დროს – დაავადების დადასტურებიდან არა უგვიანეს მეხუთე წლისა.

დიაბეტის დროს თირკმელების ფუნქციის შესანარჩუნებლად აუცილებელია გლუკოზის ყოველდღიური კონტროლი და რეგულირება. სწორი ცხოვრების წესითა და რეკომენდაციების შესრულებით თირკმელი დიდხანს ინარჩუნებს ფუნქციას. დიაბეტის მართვა ყოველთვის ადვილი არ არის, მაგრამ აუცილებელია, პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის მითითებები, მიიღოს მის მიერ დანიშნული ყველა წამალი, ხოლო ნებისმიერი ახალი პრეპარატის მიღებამდე, თუნდაც ეს ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტი, ვიტამინოვანი დანამატი ან მცენარეული საშუალება იყოს, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

სამწუხაროდ, უკვე ჩამოყალიბებული დიაბეტური ნეფროპათია არ იკურნება. მკურნალობის მიზანი დაზიანების ტემპის შემცირებაა. გლუკოზის დონის რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესი: პაციენტმა თავი უნდა დაანებოს თამბაქოს წევას, შეზღუდოს მარილის – და, საზოგადოდ, ნატრიუმის – მიღება, იყოს ფიზიკურად აქტიური, შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა, იძინოს ღამეში, სულ მცირე, 7-8 საათი.

შარდის ბუშტი

დიაბეტით დაავადებულთა ნაწილს დარღვეული აქვს შარდის ბუშტის ფუნქცია, რაც მათი ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად აქვეითებს. ფუნქციის დარღვევა ვლინდება:

* შარდის ბუშტის ჰიპერაქტიურობით – ამ დროს დაზიანებული ნერვები მოულოდნელად, გაუფრთხილებლად იწვევს შარდის ბუშტის შეკუმშვას. ბუშტი იკუმშება, განურჩევლად იმისა, სავსეა თუ არა. მისი ჰიპერაქტიურობის ნიშნებია:

  • დღის განმავლობაში 8-ზე მეტჯერ ან ღამის განმავლობაში 2-ზე მეტჯერ მოშარდვა;
  • მოშარდვის უეცარი ძლიერი მოთხოვნილება;
  • ჩასველება, რაც მოშარდვის ძლიერ სურვილს მოჰყვება.

* სფინქტერის დისფუნქციით – როდესაც შარდსადენი მილის სფინქტერი შეკუმშულია, შარდი ბუშტში რჩება. სფინქტერის მაკონტროლებელი ნერვის დაზიანებისას კუნთი ეშვება და შარდის ნაკადი გარეთ გამოდის ან, პირიქით, შეკუმშული რჩება და ადამიანი ვერ შარდავს, როცა სურს.

* შარდის შეკავებით – ზოგ შემთხვევაში ადამიანი დროულად ვერ იღებს სიგნალს სავსე ბუშტიდან, ბუშტი ივსება, იბერება, შარდი შიგ ვეღარ ეტევა და უკან, შარდსაწვეთში ადის. ამის შედეგად მომატებული წნევა თირკმელებს აზიანებს. როცა კუნთები ზედმეტად მოდუნებულია, ადამიანი ვერ ახერხებს შარდის ბუშტის მთლიანად დაცლას, ბუშტში დიდხანს დარჩენილი შარდი კი ინფექციის მიზეზად იქცევა.

ამ პრობლემების დიაგნოსტირებისთვის საჭიროა შარდის ბუშტის შიგნიდან დათვალიერება და მისი ფუნქციის შეფასება. ამისთვის მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, უროდინამიკურ ტესტს, ცისტოსკოპიას.

შარდის შეკავებისას ინიშნება წამლები, რომლებიც ბუშტის უკეთ დაცლას უწყობს ხელს. ეფექტურია მოშარდვის გრაფიკის შედგენაც. შარდის ბუშტის პრობლემების მოსაგვარებლად ზოგჯერ საჭიროა მისი ბოლომდე დაცლა, რისთვისაც შარდსადენში პერიოდულად წვრილ მილს, კათეტერს, დგამენ. თერაპიის ნაწილია სავსე ბუშტის აღქმის სწავლება და მუცლის ქვედა ნაწილის მასაჟიც. შარდის შეუკავებლობისას ეფექტიანია კუნთების გამაძლიერებელი წამლები კეგელის ვარჯიშთან ერთად ან ქირურგიული ჩარევა.

ინფექცია

როდესაც შარდი დიდხანს რჩება ბუშტში, იქ ბაქტერიების გამრავლებისთვის იდეალური გარემო იქმნება. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ დიაბეტით დაავადებულებს საშარდე გზების ინფექცია უფრო ხშირად ემართებათ. მეორე ის გახლავთ, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე ორგანიზმის ბაქტერიებთან ბრძოლის უნარს ასუსტებს. გარდა ამისა, შარდში მოხვედრილი გლუკოზა კვებავს ბაქტერიებს და ხელს უწყობს მათ სწრაფ გამრავლებას. ჩამოთვლილ მიზეზთა გამო დიაბეტით დაავადებული ქალებიც და მამაკაცებიც საშარდე გზების ინფექციების მიმართ უფრო მოწყვლადნი არიან. დიაბეტით დაავადებული ქალები სოკოვანი ინფექციების სიხშირესაც უჩივიან, რაც იმავე ფაქტორებით არის გამოწვეული.

საშარდე გზების ინფექციის ნიშნებია:

* მოშარდვის ხშირი სურვილი;

* ტკივილი ან წვა მოშარდვის დროს;

* შემღვრეული ან წითელი შარდი;

* ბოქვენის ძვალზე ზეწოლის შეგრძნება (ქალებთან);

* სწორ ნაწლავში სისავსის შეგრძნება (მამაკაცებთან).

თირკმელების ინფექციას ახასიათებს გულისრევის შეგრძნება, ზურგის ან გვერდის ტკივილი, ცხელება.

ხშირი შარდვა შესაძლოა სისხლში გლუკოზის მომატების ნიშანი იყოს, ამიტომ აუცილებელია მისი შემოწმება და მონაცემების შეფასება.

ინფექციის დროს შარდში ნახულობენ ბაქტერიებს და ჩირქს. დიაგნოსტიკისთვის ზოგჯერ ატარებენ ულტრაბგერით გამოკვლევას, ინტრავენურ პიელოგრაფიას, ცისტოსკოპიას.

საშარდე გზების ინფექციის დროული დიაგნოსტიკითა და მკურნალობით შესაძლებელია უფრო სერიოზული პრობლემების თავიდან აცილება. ანტიბიოტიკი გამომწვევი ბაქტერიის მიხედვით ირჩევა. თირკმლის ინფექციას უფრო ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდება. საშარდე გზების ინფექციის დროს რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება.

ქალების პრობლემები

სტატისტიკური მონაცემებით, სქესობრივი პრობლემები აქვს ტიპი 1 დიაბეტის მქონე ქალთა 18-27%-ს და ტიპი 2 დიაბეტის მქონეთა 42%-ს.

სქესობრივ დისფუნქციაზე მიუთითებს:

  • ვაგინალური ლუბრიკანტის (საშოს საცხისმაგვარი გამონაყოფის) შემცირება, რასაც საშოს სიმშრალემდე მივყავართ;
  • ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
  • სქესობრივი აქტიურობის შემცირება ან ლიბიდოს (სექსუალური სურვილის) გაქრობა;
  • სქესობრივი პასუხის შემცირება ან უქონლობა.

უკანასკნელი პუნქტი რამდენიმე მდგომარეობას გულისხმობს: აგზნების ან მისი შენარჩუნების შეუძლებლობას; გენიტალიების არეში მგრძნობელობის შემცირებას; ორგაზმის გაიშვიათებას ან მისი მიღწევის უუნარობას. მიზეზი ამ დროს ნერვების დაზიანება, გენიტალიებში სისხლის ნაკადის შემცირება და ჰორმონული ცვლილებებია.

სხვა მიზეზების ჩამონათვალი მოიცავს ზოგიერთი მედიკამენტის გვერდით ეფექტს, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, მწეველობას, ფსიქოლოგიურ პრობლემებს – შფოთვას, დეპრესიას, გინეკოლოგიურ ინფექციებს, ზოგიერთ სხვა დაავადებას, ორსულობას, მენოპაუზას.

სქესობრივი პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ხელოვნური ლუბრიკანტის (საცხის) გამოყენებით საშოს სიმშრალის დროს, პოზიციისა და სტიმულაციის სახის შეცვლით სქესობრივი პასუხის შემცირებისას. ეფექტურია ფსიქოლოგიური კონსულტაციაც. კეგელის ვარჯიში მენჯის კუნთებს აძლიერებს და სექსუალურ პასუხს აუმჯობესებს.

კაცების პრობლემები

დიაბეტიან მამაკაცებს შორის ერექციული დისფუნქცია დიაბეტის არმქონეებზე ორ-სამჯერ ხშირად აღირიცხება და 10-15 წლით ადრე ვლინდება. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ის შესაძლოა დიაბეტის ადრეული მარკერიც იყოს, განსაკუთრებით – 45 წლამდე.

ტერმინი “ერექციული დისფუნქცია” გულისხმობს მდგომარეობას, როცა ერექცია (სისხლის ნაკადის მიწოლის გამო ასოს გადიდება და გამაგრება) არ არის საკმარისი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად – ის ან საერთოდ ვერ ხორციელდება, ან საჭიროზე ნაკლებ ხანს გრძელდება.

არსებობს ფაქტორები, რომლებიც სასქესო სისტემაზე დიაბეტის დამაზიანებელ ზემოქმედებას აძლიერებს: მაღალი წნევა, თირკმლის დაავადებები, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სისხლძარღვთა დაავადებები, ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი, სტრესი, თამბაქოს წევა, ჰორმონული დარღვევები.

ერექციული დისფუნქციის მიზეზის გასარკვევად მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის შეფასება, ჰორმონული ბალანსისა თუ დისბალანსის განსაზღვრა, ფსიქოლოგიური ფაქტორის გამორიცხვა. სხვა გამოკვლევებთან ერთად შესაძლოა ჩატარდეს ერექციის მონიტორინგიც სპეციალური ხელსაწყოთი.

ნეიროპათიით ანუ ნერვების დაზიანებით გამოწვეული დისფუნქციის სამკურნალოდ იყენებენ ტაბლეტებს, ვაკუუმის ტუმბოს, ასოში ინექციებს. თუ თერაპია უშედეგო აღმოჩნდა, მიმართავენ ქირურგიულ გზას: ასოში იმპლანტის ჩანერგვას ან არტერიის აღდგენას.

მარი მარღანია

Поделитесь: